"ნარცისი თავის მსხვერპლს ხშირად დასცინის და ამცირებს. როდესაც წყვილში ერთ-ერთი ნარცისია, მას სხვისი შეყვარება არ შეუძლია" - როგორ ყალიბდება ტოქსიკური - კვირის პალიტრა

"ნარცისი თავის მსხვერპლს ხშირად დასცინის და ამცირებს. როდესაც წყვილში ერთ-ერთი ნარცისია, მას სხვისი შეყვარება არ შეუძლია" - როგორ ყალიბდება ტოქსიკური ურთიერთობა და როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანებისგან?

ტოქსიკური ურთიერთობა ადამიანის ფსიქიკას ანგრევს და აზიანებს, მაგრამ მისი გაწყვეტა მაინც რთულია. როგორ დავიცვათ თავი ამგვარი ურთიერთობისგან? - ამ შეკითხვაზე ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი გვიპასუხებს:

- ტოქსიკური ურთიერთობის განსაზღვრა და ამოცნობა მარტივია - როცა ადამიანები ერთმანეთზე უარყოფითად მოქმედებენ და მათ ურთიერთობაში ნეგატიური ემოციები ჭარბობს, ეს ტოქსიკური ურთიერთობაა. საერთოდ, მეორე ადამიანთან ურთიერთობა უნდა გვზრდიდეს, თუმცა, ტოქსიკურ ადამიანთან პიროვნულად კი არ ვიზრდებით, არამედ, ვზიანდებით. ამ დროს, ადამიანი ერთ წერტილზე იყინება, ან პირიქით, რეგრესს განიცდის. საყურადღებოა, რომ ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა ორივე მხარეს აზიანებს.

- ქალბატონო მანანა, როდის და როგორ ყალიბდება ასეთი ურთიერთობა?

- რამდენიმე შემთხვევის გამოყოფა შეიძლება, მაგალითად: როდესაც წყვილში ერთ-ერთი ნარცისია, რადგან ნარცისს სხვისი შეყვარება არ შეუძლია, მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს. ასეთი ადამიანი ეგოცენტრულია და სასიყვარულო ურთიერთობაშიც თამაშობს.

საერთოდ, ნარცისები მუდმივად მოითხოვენ სხვებისგან ზრუნვას და თუ ნარცისი მამაკაცია, მისმა პარტნიორმა დედის როლი უნდა მოირგოს, რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან. აქვე გეტყვით, რომ ტოქსიკური ურთიერთობა უსიყვარულობას სულაც არ ნიშნავს, პირიქით, ასეთ წყვილს ხშირად ერთმანეთი უყვარს, მაგრამ ეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობაა, რომლის საფუძველზე სიყვარულის არაჯანსაღი გაგება ყალიბდება.

ცნობილია, რომ მარტო სიყვარული მეწყვილეებს შორის საკმარისი არ არის, ეს შეიძლება დასაწყისში საკმარისი იყოს, მაგრამ თუ ამ გრძნობას ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა არ ახლავს, ასეთი სიყვარული მალე ქრება, ან ტოქსიკური ხდება. როგორც ყვავილი ჭკნება, როცა არ მოვრწყავთ, ასევე სჭირდება სიყვარულს ყურადღება და მოფრთხილება.

დასაწყისში შეიძლება ყველაფერი კარგად აეწყოს: ურთიერთლტოლვამ და ვნებამ წყვილის ურთიერთობა რომანტიკულად აქციოს, მაგრამ თუ ერთი მათგანი ნარცისია, ადრე თუ გვიან, მათი კავშირი დაიშლება, ან საშინელი დეპრესიით და იმედგაცრუებით დასრულდება. ასეთი ურთიერთობა ადამიანში მარტოსულობას, ბრაზს და გაღიზიანებას იწვევს.

- საინტერესოა, როგორ ექცევა მეწყვილეს ტიპური ნარცისი?

- ნარცისი თავის მსხვერპლს ხშირად დასცინის და ამცირებს, მაგრამ თუ მსხვერპლი მისგან გაქცევას და თავის დახსნას მოინდომებს, ნარცისს ძალიან ცუდი რეაქციები აქვს. ტოქსიკური ურთიერთობა ყალიბდება მაშინაც თუ ერთ-ერთი, ან ორივე მეწყვილე ურთიერთობისთვის მზად არ არის, დიდ როლს ასრულებს ბავშვობის ტრავმებიც. ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი მეწყვილე უსიყვარულო გარემოშია გაზრდილი. ასეთი პარტნიორები ხშირად ქმნიან ტოქსიკურ გარემოს, მათ ჰგონიათ, რომ არავინ შეიყვარებს, რადგან მეტისმეტად დაბალი თვითშეფასება აქვთ, შედეგად, არც პარტნიორს სცემენ პატივს. ტოქსიკური ურთიერთობის კიდევ ერთი ნიშანი არასტაბილურობაა: ტოქსიკური ადამიანი მეწყვილეს ხან ამცირებს, ზოგჯერ კი, უჩვეულოდ თბილად ექცევა და უმტკიცებს, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს. სიბრაზის დროს კი, ფსიქოლოგიურ და ზოგჯერ, ფიზიკურ ძალადობაზეც გადადის. არის პერიოდები, როცა სიყვარულს ეფიცება, მაგრამ არის პერიოდები, როცა მიწასთან ასწორებს.

- როგორც წესი, მსხვერპლი ხშირად თმობს და ცდილობს სიყვარული შეინარჩუნოს, როგორ ფიქრობთ, ღირს ასეთი ურთიერთობის შენარჩუნება?

- ტოქსიკური ურთიერთობის მსხვერპლს ხშირად იმედი აქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება, რადგან მოძალადეს სიბრაზე რომ გადაუვლის, მას საჩუქრებით და ტკბილი სიტყვებით ავსებს. ხშირად მსხვერპლები მრავალშვილიანები არიან, რადგან ჰგონიათ, ბავშვის გაჩენით ოჯახს შეინარჩუნებენ, რაც სერიოზული შეცდომაა. ამიტომ, ტოქსიკური ურთიერთობის მსხვერპლს ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ, რომ უმჯობესია, ამ ურთიერთობაზე უარი თქვას. ამგვარი ურთიერთობის გაგრძელება მხოლოდ მაშინ არის სასურველი, როცა ორივე პარტნიორი ცდილობს სიტუაცია გამოასწოროს. საერთოდ, ტოქსიკური ურთიერთობა ისეთ შედეგებს იწვევს, რომ ამ დროს ურთიერთობის გადარჩენა ძნელია. როგორც გითხარით, ეს ორივე მხარეს უნდა სურდეს. მე მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა ორივე მხარესთან მიმუშავია და ოჯახურ თერაპიას ძალიან კარგი შედეგი მოჰყოლია. ასეთი ოჯახის გადარჩენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ ორივე ძალისხმევას არ დაიშურებს. ბევრნაირი ტექნიკა არსებობს თუ როგორ მართონ ადამიანებმა თავიანთი ემოციები და თავიანთი ქცევა როგორ გაანალიზონ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ტოქსიკური ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში განშორებით სრულდება და ეს ურთულესი პროცესია, რატომ? - ხშირად, ასეთ წყვილს პათოლოგიური მიჯაჭვულობა აქვს ერთმანეთთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტოქსიკური პიროვნებები ჩვენთან, საქართველოში, უფრო ხშირად მამაკაცები არიან, თუმცა მათ შორის, ქალებიც გვხვდებიან.

- ქ-ნო მანანა, ალბათ, ჩვენს მკითხველს ურჩევთ, როგორ უნდა დაიცვან თავი ტოქსიკური ადამიანებისგან.

- ასეთი ხალხის ამოცნობა რთულია, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდები წლობით არიან შეყვარებულები და ერთმანეთს თითქოს, კარგად იცნობენ. სამწუხაროდ, უარყოფითი თვისებები მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც ისინი თანაცხოვრებას იწყებენ. ტოქსიკური ადამიანები ხშირად, მანიპულატორებიც არიან - ძალაუფლება, კონტროლი და მანიპულაცია - ეს ტოქსიკური ურთიერთობის მთავარი მექანიზმია. იმისათვის, რომ ეს თვისებები დაძლიოს, მოძალადეს და მის მსხვერპლს ჯერ კერძო კონსულტაცია სჭირდება, მერე კი - ჯგუფური თერაპია, რომელიც ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, ოღონდ ეს ორივე პარტნიორს უნდა უნდოდეს, ორივემ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოს ურთიერთობის გადასარჩენად.

რაც შეეხება შეკითხვას თუ როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ადამიანები, - პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ გულწრფელები. ბოლოსდაბოლოს, საკუთარ ინტუიციას უნდა მივენდოთ და მივხვდეთ, რომ ეს ადამიანი ჩვენზე ცუდად მოქმედებს. გონიერმა ადამიანმა უპირველესად საკუთარ გულს და გონებას უნდა მოუსმინოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ემოციური გამოფიტვის ზღვარზე მყოფ, დეპრესიულ და სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი აღარა აქვს. ასეთი რამ ხშირად ქალებს ემართებათ: ისინი ყველასთან წყვეტენ კავშირს და მარტოობას ამჯობინებენ. ამ დროს, მხარდაჭერის მისაღებად, სასურველია პროფესიონალებს მიმართოთ, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაზე ლამაზი დღეები წინ არის.

- და ბოლოს, რამდენად ხშირია ტოქსიკური ურთიერთობა დედმამიშვილებს და სისხლით ნათესავებს შორის?

- ტოქსიკური ურთიერთობა შეიძლება ყველასთან გვქონდეს. როდესაც ურთიერთობა დამაზიანებელია, მნიშვნელობა არა აქვს, ეს წყვილს შორის ხდება, ახლო ნათესავებს თუ დედმამიშვილებს შორის. მსგავსი ურთიერთობა შეიძლება მეგობრებს შორისაც იყოს. ტოქსიკური ურთიერთობა ხშირია დებსა და ძმებს შორის, რადგან ფსიქოლოგიაში მიჩნეულია, რომ ყველაზე დიდი კონკურენტები სწორედ დედმამიშვილები არიან. თუ მათ შორის ერთ-ერთი უფრო წარმატებული და იღბლიანია, ეს მეორის ფარულ უკმაყოფილებას იწვევს. უარყოფითი დამოკიდებულება მათ შორის ტოქსიკურ ურთიერთობას აყალიბებს. ამიტომ, მშობლებმა თავიდანვე ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვებს ასეთი ურთიერთობა არ ჩამოუყალიბდეთ და ერთმანეთს ცხოვრება არ დაუმახინჯონ.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)