„დიდი კვანძი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე უნდა გაიხსნას“
ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა სულ უფრო და უფრო კონფრონტაციული ხდება. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კონგრესის განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული "მეგობარი აქტის" ხელახლა დაინიცირების შემდეგ, რაც სანქციებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს, ასევე დარეგისტრირდა "ქართული კოშმარის არაღიარების" აქტი. პროექტის თანახმად, აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკრძალება ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელისუფლების აღიარება. ამასთანავე, "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სახელზე გაიგზავნა კონგრესიდან წერილი, რომლითაც მას "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" შესახებ ატყობინებენ. ამის პარალელურად ქვეყანაში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს "ქართულ ოცნებაში" მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ქვეყანაში აშკარად პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ხელისუფლებას ამის აღიარება არ სურს. შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი მირიან მირიანაშვილი:
- თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ უნდა ვილაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ნებაზე, რადგან სხვა აქტორები "ქართული ოცნების" ე.წ. ლიდერები თუ ხელისუფლების უმაღლეს პოსტებზე მყოფი პირები არაფერს წყვეტენ. ამიტომ მათ პოზიციაზე საუბარში დროის დაკარგვა არ ღირს.
დაახლოებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ივანიშვილი ატარებს ანტიდასავლურ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ამ ეტაპზე გამოჩნდა. თუმცა მას პოლიტიკური კურსიც არ ჰქვია, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ანტიდასავლური ნარატივების ერთობლიობა, რომელიც თანდათან უფრო მასშტაბური ხდებოდა და ასე მოვედით დღემდე. ამის ამოცანა კი, ვფიქრობ, არის ის, რომ ივანიშვილი ცდილობს ამერიკულ-რუსული მოლაპარაკების ნაწილში გარკვეული რეალობის ბენეფიციარი გახდეს. ის, როგორც რუსეთის პრივილეგირებული ქვეშევრდომი, ცდილობს დასავლეთის წინაშე საქართველოში არსებული რეალობა ისე წარმოადგინოს, თითქოს პოლიტიკური თუ ბიზნესელიტა მის მხარეს არის, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეპაექრება. ჩემი აზრით, ივანიშვილი ელოდება რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გადალაგებას და სამხრეთ კავკასიაში იმგვარი ვითარების ჩამოყალიბებას, რომელშიც ამერიკა საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებს და ამის სჯერა. მას სურს მისი გრძელვადიანი პოლიტიკური უფლებები, როგორც რუსეთის პარტნიორისა, დასავლეთმა აღიაროს და ელის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს მოხდება. ვიდრე ეს სჯერა, კურსის ცვლილების იმედი არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არავის არ უნდა ჰქონდეს.
- ბოლო დროს "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკას თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე ცოტა ეჭვი შეეპარა, რომ ტრამპი მის იმედს გაამართლებს...
- ამ განცხადებებით თავის დაზღვევას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს გულის სიღრმეში მართლა სჯერა, რომ აშშ რუსეთს დაუთმობს სამხრეთ კავკასიას თუ ახლო მომავალში არა, შორეულში მაინც. ვიდრე საბოლოოდ არ გაცამტვერდება ამის იმედი, ის იმავე პოლიტიკას გააგრძელებს. რას გააკეთებს, როდესაც დარწმუნდება, რომ აშშ საქართველოზე რუსეთის უფლებებს არ აღიარებს, ეს არის ყველაზე საინტერესო.
- თუ გავითვალისწინებთ იმ ნაბიჯებს, რასაც აშშ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით დგამს და ეს არ არის მხოლოდ დემოკრატების პოზიცია, ჩვენ ვისმენთ უმკაცრეს შეფასებებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებისგანაც, რა აძლევს იმედს ივანიშვილს, რომ აშშ საქართველოს და საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიას რუსეთს დაუთმობს?
- აბსურდული აზრი, რომ თითქოს აშშ ტოვებს კავკასიას და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს, ფეხმოკიდებული ილუზიაა რუსულ სამხედრო, პოლიტიკურ და უშიშროების წრეებში. ამ საინფორმაციო ნარატივის მოსმენა სურთ მათ ქვეყანაში და აფინანსებენ ამის გავრცელებას ქვეყნის გარეთაც, მათ შორის საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს ამ ნარატივების გავლენაში, მისი წარსულიდან, ბიზნესურთიერთობებიდან და კავშირებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გასაკვირი. გადახედეთ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს, ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ რუსეთის გამარჯვებაზე და ავითარებენ მოსაზრებებს, რისი მოსმენაც ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებს და სურს. არადა, რეალობა სრულიად სხვაა და პროპაგანდა კიდევ 180 გრადუსით განსხვავებული. ამიტომ ამ სიტუაციაში ნებისმიერი რუსეთუმე არის აპრიორი ფუნდამენტური ილუზიების ტყვეობაში. შესაბამისად, ამ ნარატივების ზეგავლენაში რომ იყოს ბიძინა ივანიშვილიც, გასაკვირი არ არის. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები რეალობასთან ფუნდამენტურ დისონანსში გვაქვს, ანუ საქართველოს ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად აღიქვამს რეალობას.
- 8 იანვარს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა... ძალიან საინტერესოა წერილის ბოლო ნაწილი, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ ტრამპი დიფ-სთეითსა და "გლობალური ომის პარტიას" ამერიკაშიც და ევროპაშიც დაამარცხებს და საქართველო ევროპისკენ გზას გააგრძელებს. როგორ შეაფასებთ "ქართული ოცნების" ამ განცხადებას?
- ეს არის რუსული იმპერიების პროპაგანდის ქართული ვერსია. ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ტრამპმა უნდა გაანადგუროს აშშ-ის მმართველი ელიტა, რომლის პროდუქტიც თვითონ არის, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. როგორც ჩანს, ივანიშვილი დროდადრო რუსეთის წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს და ამით კრემლი დაამშვიდოს, ამ გადამწყვეტ ვითარებაში ჩვენ არსად წავალთ, არ გიღალატებთო. ამ ტიპის განცხადებების ერთადერთი არსი რუსეთისთვის ლოიალურობის დამტკიცებაა, მას სხვა ადრესატი არა ჰყავს. დღეს რუსეთის ელიტას ფუნდამენტური აუცილებლობა უდგას, რომ დასავლეთთან დაპირისპირება წარმოაჩინოს როგორც რუსეთის გამარჯვება. რუსეთი დაპყრობილი ერების ციხეა და ნებისმიერი საგარეო მარცხი დაპყრობილი და დაჩაგრული ერების აჯანყებით მთავრდება ხოლმე. შესაბამისად, რუსეთის ელიტას პროპაგანდაში დამარცხების აღიარების უფლება არა აქვს.
ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის მოტივაცია კი ასეთია: შეაერთოს პროპაგანდისტულ ნარატივში ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ - ქართველი ერის ევროინტეგრაციის სურვილი და "ქართული ოცნების" ცდა, რუსულ ელიტას გაუგოროს კოჭი. ეს წერილიც ამის ნიმუშია. არადა, ეს ორი თეზა ერთმანეთის გამომრიცხავია, მხოლოდ ქაღალდზე შეიძლება თანაარსებობდნენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე სჭირდება, მაგრამ რეალურად პოლიტიკაში პროდასავლური კურსის რეალიზებაც და რუსეთის ხელისუფლების ქვეშევრდომობაც ვერ მოხერხდება. ამიტომაც "ქართულ ოცნებას"ძალიან მალე დაუდგება პერიოდი, როდესაც მოუწევს არჩევანის გაკეთება - მან ან უნდა გააგრძელოს კრემლის პოლიტიკური მაამებლობა, ან მიუბრუნდეს ქართველი ერის პროდასავლური მისწრაფებების რეალიზების პოლიტიკას. ამ მხრივ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაიმართება, ბიძინა ივანიშვილისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება.
რაც შეეხება რუბიოსთვის გაგზავნილ წერილს და "ქართული კოშმარის არაღიარების" აქტს, ჯერ ერთი, რუბიო ჯერ არ ჩამჯდარა სახელმწიფო მდივნის სავარძელში, მეორეც, ამერიკულ სასანქციო პოლიტიკას არ ახასიათებს ერთბაშად ყველას დასანქცირება. კი, ცდილობს ხოლმე იზოლაციაში მოაქციოს ის სახელისუფლებო წრეები, რომლებიც ანტიამერიკული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან ბიძინა ივანიშვილს მოწინააღმდეგეები გაუმრავლონ და არა პირიქით... უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე მოსკოვიდან არის ძლიერი ზეწოლაც. ქართველი ხალხის მისწრაფებებზე მეტად, ის ამ ზეწოლის ფაქტორს ითვალისწინებს. თუ მან არ დაინახა, რომ მას დასავლეთი გაცილებით სერიოზულად ელაპარაკება, არ დაინახა სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ანტიდასავლურ კურსს გაატარებს.
- ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო ტალღა. ყოველდღიურად არის აქციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მოიტანს ეს პროტესტი?
- ამ პროტესტმა უკვე ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება აიძულა უარი ეთქვათ უფრო რადიკალურ ანტიდასავლურ ნაბიჯებზე. პროცესების ლოგიკით, დასავლეთთან დაპირისპირება კიდევ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ პროტესტმა ბიძინა ივანიშვილი შეაკავა და, ჩემი აზრით, ის გადაარჩინა კიდეც. როგორც უკვე ვთქვი, ამ პროცესმა ის აიძულა რადიკალურ ზომებზე ეთქვა უარი, შესაბამისად, მნიშვნელოვანწილად გადარჩა ამგვარ ნაბიჯებზე დასავლეთისგან ადეკვატურ პასუხსაც. მოკლედ, ამ პროტესტის ერთ-ერთი ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილიც არის.
მთავარი ფუნდამენტური მონაპოვარი კი გახლავთ ის, რომ ქართველმა ერმა დასავლეთს დაანახა, ის რუსული გავლენის სამყაროში დარჩენას არა გეგმავს და მზად არის ამისთვის იბრძოლოს. ყველას, ვისაც დასავლეთში აქვს სურვილი საქართველოზე დადოს ფსონი, მის ევროინტეგრაციას შეუწყოს ხელი, სერიოზული არგუმენტები მიეცათ ამის გასაკეთებლად თავ-თავიანთ ქვეყნებში.
დღეს დასავლურმა პროპაგანდამ ისე დაამუშავა დასავლელი ობივატელი, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ძნელად თუ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველო ევროპა არ არის და მისი ევროინტეგრაცია დაუშვებელია, რადგან ასე საკუთარ პოლიტიკურ კარიერას შეუქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროინტეგრაცია უალტერნატივოა. ეს ერთსულოვნება არ ჩამოყალიბებულა ერთ დღეში, ის დიდი შრომისა და ინვესტიციების შედეგია და გამორიცხულია რამე შეიცვალოს. ეს საზოგადოებრივი აზრი დასავლელ პოლიტელიტას საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური პაუზის გაკეთების საშუალებას არ მისცემს. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი - დასავლელი საზოგადოების ინტერესი, მათი ელიტები და ქართველი ხალხის ენერგეტიკა, რისი განულების საფრთხეც არც ერთი მხრიდან არ ჩანს.
იმის იმედი, რომ ტრამპი ევროპელების აზრს ფეხებზე დაიკიდებს და პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთს აჩუქებს, სრულიად საფუძველმოკლებული და განუხორციელებელი რამ არის. თუ ამერიკა ევროპას რუსეთთან კონფლიქტში ჩაეხსნება, მაშინ ევროპა ჩაეხსნება ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში. ამიტომ ტრამპის მიმართ ივანიშვილის იმედი სრულიად ილუზიურია. სტრატეგიული დაპირისპირების ფრონტის ხაზი დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის საქართველოზეც გადის და უკან არავინ დაიხევს. ამის ნათელი ილუსტრაციაა ევროპის ახალი მმართველობითი ინსტიტუტების რუსოფობებით დაკომპლექტება. ვერავინ წარმოიდგენდა კალასსა და კუბილიუსს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე. ევროპელებმა რადიკალური რუსოფობები წინა პლანზე რომ წამოსწიეს, ეს მნიშვნელოვანწილად საქართველოს ფაქტორის გათვალისწინებითაც მოხდა.
მოკლედ, დიდი კვანძი უნდა გაიხსნას ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე. ივანიშვილისთვის ეს იქნება ზღვარი დასავლეთთან აღმავალი დაპირისპირების კურსში. ჩემი აზრით, ამის ზევით ის თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვეღარ წავა. ველი, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას ვეღარ გაბედავს. ბაიდენის რბილი ძალის პოლიტიკის ნაცვლად, ტრამპი, ფაქტობრივად, ძალიან ხისტი პოლიტიკისთვის არის მოსული. დიახ, მისი ხელისუფლებაში მოყვანა არის პოლიტიკური ელიტის შეგნებული ნაბიჯი საგარეო ასპარეზზე ხისტი პოლიტიკის გასატარებლად. ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება იმდენად ირაციონალური მგონია, ივანიშვილისგან ამ ნაბიჯს აღარ ველი. ასეთ შემთხვევაში რისკები კვადრატსა და კუბში ავა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვისაც.
- ორიოდე სიტყვით მინდა შევეხოთ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც აპირებს ტრამპის ინაუგურაციაზე წასვლას და როგორც განაცხადა, აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გეგმავს. ის ქვეყანაში პროტესტის ლიდერად გადაიქცა. როგორ გესახებათ მისი როლი უახლოეს პოლიტიკურ პროცესებში?
- პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის და რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების რა გზასაც აირჩევს ტრამპის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის როლიც იმ დისკურსის შესაბამისი იქნება.
სალომე ზურაბიშვილი ავანტიურისტი არ არის, ის არასდროს ყოფილა შემჩნეული ისეთ ნაბიჯებში, რაც დასავლეთსა და სერიოზულ მოთამაშეებთან არ იყო ხოლმე შეთანხმებული. ის სწორად მოიქცა, როდესაც პრეზიდენტის სასახლე დატოვა. კარგად გათვალა, რომ მისი იქ დარჩენა ამ ეტაპზე შედეგის მისაღებად საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ მომავალშიც, ვფიქრობ, შეეცდება ფრთხილად იმოქმედოს და ზედმეტი პასუხისმგებლობა თავზე არ აიღოს, რაც დამოკიდებული იქნება ტრამპის პოზიციაზე რუსეთთან. სწორედ ამის შემდგომ გახდება მკაფიო რუბიოს გადაწყვეტილება და არ გამოვრიცხავ, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თემა ძალიან გააქტიურდეს. არჩევნები რომც არ დაინიშნოს, ვფიქრობ, "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო შეიძლება გახდეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მართლაც ქვეყნის მომავლის გადამწყვეტ რეფერენდუმად იქცევა.