XXI საუკუნის პროექტი - "გზავნილი მომავალში" - როდის გაიხსნება სკივრი? - კვირის პალიტრა

XXI საუკუნის პროექტი - "გზავნილი მომავალში" - როდის გაიხსნება სკივრი?

რას შეიძლება გრძნობდნენ ადამიანები მათ მიმართ, ვისაც 5, 10, 25, 50, 100 წლის შემდეგ წასაკითხ სიყვარულით სავსე წერილს სწერენ?! მგონი, საოცარი განცდაა, როცა ადამიანი ამ წერილს წაიკითხავს... აი, ამიტომაც იყო, რომ 25 წლის წინ, 2000 წლის დამდეგს, "კვირის პალიტრის" უნიკალურ პროექტს "გზავნილი მომავალში" უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით მკითხველმა დაწერა მომავალში გასაგზავნი წერილები, მათ შორის ჯერდაუბადებელი შთამომავლობისთვის, რომელსაც ისინი წლების შემდეგ გახსნიან, და რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც - სამშობლო ჩვენთვის ხომ უმთავრესია! შემდეგ წერილები, როგორც წინა თაობების ანდერძი, სკივრში დაილუქა და ეროვნულ არქივს მიებარა შესანახად. დიდი მადლობა ეროვნული არქივის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, რომლებიც უკვე 25 წელია სათუთად ინახავენ და უფრთხილდებიან ამ წერილებს, ანუ ათასობით ადამიანის სურვილს, მოლოდინს, ტკივილს თუ სიხარულს... სკივრი ორჯერ გაიხსნა: დალუქვიდან 5 და 10 წლის შემდეგ და ყველა მათგანი ადრესატს ჩაბარდა. ბევრი რამ როდია იმაზე ემოციური სანახავი, როგორი აღელვებით იღებდნენ ადრესატები საყვარელი ადამიანების წერილს, როგორი აღელვებით იცვლებოდა მათი ემოციები წერილების კითხვისას - ამ ყველაფერმა ჩვენ თვალწინ გაიარა.

ახლა კი დადგა 2025 წელი, წერილების სკივრის კიდევ ერთხელ გახსნის წელიწადი და ახალი მღელვარების ხანა - რაც, ჩვენი აზრით, ამჯერად მეტი იქნება. ვინაიდან მეტი იქნება ადრესატიც (3000-ზე მეტი).

იმასაც გეტყვით, რომ 2025 წლის წერილების სკივრი იანვარში უნდა გახსნილიყო, მაგრამ ეს დღეს ქვეყანაში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ გადადო: წერილების სკივრი ამჯერად თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გაიხსნება.

dscn9689-1736693817.jpg

ახლა კი შევეცადოთ და გულით დავინახოთ ეს სკივრიც, ეს წერილებიც და თითების თრთოლა თითოეული მათგანის გახსნისას. ამ წუთებმა ჩვენ თვალწინ ჩაიარა თავისი სიხარულით, ზოგჯერ კი სევდით დასამახსოვრებელი მომენტებით, მშვენიერი ახალგაზრდა ქალით, რომელმაც ჩვენთან გარდაცვლილი მეუღლის მის სახელზე გაგზავნილი წერილი აღმოაჩინა. მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გახსნა და ცოტა ხნის შემდეგ აღელვებული გავაცილეთ... თუმცა მალევე დაგვიბრუნდა და მადლობა გვითხრა, ვერ წარმოიდგენთ, მისმა წერილმა რამხელა ძალა მომცა, თითქოს მეუღლე ცოცხალი მყოლოდეს, ხელი შემაშველა და გული გამიმაგრაო.

და ლაღი გოგონათი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, სანამ გარდაცვლილი ბებოს წერილს წაიკითხავდა. ამიტომ ჩვენ თვალწინ ჩაიკითხა და იმწამს სულ სხვა გოგონა გახდა, სხვა სითბოთი და სხვა ნატვრით - აი, რა კარგი ბებო მყავდა, თბილი და კეთილი, არავის რომ არ ჰყავს ისეთი, როგორ მჭირდება და მენატრებაო.

dscn9871-1736693817.jpg

არის სხვაგვარი წერილებიც: წლების წინ გაუმხელელი სიყვარულის გამხელის, ადრესატები დაბნეული რომ ატრიალებენ ხელში... მერე კონვერტი მიაქვთ და იქვე, რედაქციის ეზოში, სკამზე კითხულობენ. მერე რას შვრებიან? - ეგ უკვე აღარ ვიცით. თუმცა ისეთი წერილებიც არის, წერილიდან ოჯახად რომ გადაქცეულა და მეუღლეები სათუთად ინახავენ, ეს ჩვენმა შვილებმა უნდა წაიკითხონო!

"კვირის პალიტრის" 2025 წლის წერილების სკივრი სულ ცოტა ხანში გაიხსნება. 2050, 2100 წლით დათარიღებული წერილებიც აუცილებლად ჩაბარდება ადრესატებს - მაშინ სულ სხვანაირი საქართველო იქნება, ფეხზე მყარად დამდგარი და მხარგაშლილი, მე მჯერა ამის! მანამდე კი მოგვწერეთ, ვინ გაგზავნეთ 2025 წლის წერილი "კვირის პალიტრის" ფოსტაზე: contact@kvirispalitra.ge. ეს "მომავლის გზავნილის" ადრესატების მოძებნაში ძალიან დაგვეხმარება და წერილებთან ერთად, რა თქმა უნდა, ბედნიერი ემოციებიც გელოდებათ!

TOP.GE