„ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების პროტესტი გარედან ზეწოლის გარეშე შედეგს ვერ მოიტანს“ - კვირის პალიტრა

„ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების პროტესტი გარედან ზეწოლის გარეშე შედეგს ვერ მოიტანს“

"მამათა და შვილთა ბრძოლა უპირველესად შვილთა გამარჯვებით, ალბათ, იმიტომ მთავრდება ხოლმე, რომ მამები შვილებს უთმობენ", - ასეთი ფეისბუკსტატუსით გამოეხმაურა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, პროცესი ჯერ არ გადაზრდილა მამებისა და შვილების სრულფასოვან ბრძოლაში, მაგრამ თუ ეს მოხდება, მამებს აუცილებლად მოუწევთ დათმობა. "სტუდენტების უმრავლესობა ნამდვილად საპროტესტოდ არის განწყობილი, ქუჩაში ბევრი ხალხია, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც "ოცნება" არ არის ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ პოზიცია დათმოს", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე და ვერსიებს გვთავაზობს იმის შესახებ, რა არის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ყველაზე დიდი გამოწვევა, რა უმყარებს პოზიციას მმართველ გუნდს, რა გავლენას იქონიებს "ოცნების" ლიდერებზე დაწესებული სანქციები და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი 20 იანვრის შემდგომ.

- უკვე ცხადად გამოიკვეთა, რომ სტუდენტების უმრავლესობას არც ქვეყანაში არსებული ვითარება მოსწონს და არც ხელისუფლება, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ ალტერნატივას. ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ვიღაცამ ხომ უნდა ჩაანაცვლოს, დღეს არსებული ჩამნაცვლებლები კი ძალიან სუსტები არიან. არის კიდევ ერთი ფაქტორი - არცთუ ცოტა ახალგაზრდა აპათიურია ყველაფრის მიმართ, ამასთან, არიან სტუდენტები იმ ოჯახებიდან, რომლებიც კარგად ცხოვრობენ ამ მთავრობის ხელში.

- ხომ არ ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ამ პროცესში გამოიკვეთონ ახალი პოლიტიკოსები, ან თუნდაც დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზოს ახალი პოლიტიკური ჯგუფი?

- ედუარდ შევარდნაძე დაახლოებით 11 წელი მართავდა ქვეყანას. სწორედ მის ფრთებქვეშ ამოიზარდნენ სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე, რომლებმაც მერე თავიანთი გამზრდელი ჩაანაცვლეს. მართალია, სააკაშვილის ოპოზიციაში 90-იანი წლების პოლიტიკოსებიც იყვნენ, მაგრამ მისი გუნდიდანაც ბევრი გადავიდა, მაგალითად, ალასანია, ზურაბიშვილი, ბესელია და ა.შ. ეს ხალხი ივანიშვილის ფულის გარშემო შეიკრიბა და ისე დაამარცხეს სააკაშვილი. ახლა სხვაგვარი ვითარებაა, ბოლო 10 წელია საქართველოში ახალი პოლიტიკური ფიგურა არ გაზრდილა. ამიტომაც არის მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ხალხს მოჰბეზრდა 90-იანებიდან და 2000-იანებიდან მოსული პოლიტიკური დაჯგუფებები.

- პარტია "ლელო" ხომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალაა? სალომე ზურაბიშვილიც ანგარიშგასაწევი ფიგურაა.

- მამუკა ხაზარაძე პოლიტიკოსი არ არის, ის ბანკირია, ბიზნესიდან მოვიდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თითქოს ის იკვეთება ახალ პოლიტიკურ ლიდერად, მაგრამ ის არ აღმოჩნდა გუნდური მოთამაშე, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ოპოზიციურ მოძრაობაში იყო ჩართული. მასთან მუშაობა მანამდეც რთული იყო, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, და შემდგომ პერიოდშიც. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც შეიძლება შემოიკრიბოს. მესამე ფაქტორიც არის - რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ, ახალ პოლიტიკურ გუნდს სჭირდება ფული. ფული ვის აქვს საქართველოში? მმართველ პოლიტიკურ ძალას, კეზერაშვილსა და ხაზარაძეს. ზურაბიშვილმა საიდან უნდა მოიტანოს ფული? კისინჯერის სტიპენდიით პარტიას ნამდვილად ვერ დააფინანსებს. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის პერსპექტივას, არსებული კი ისევ "ქართულ ოცნებას" უხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას.

როდესაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში სულ რამდენიმე ასეული კაცი გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ხალხის უმეტესობამ ოპოზიციასაც შეაქცია ზურგი. ბევრმა მიიჩნია, რომ ოპოზიციამ წინასაარჩევნო პერიოდი კარგად ვერ წარმართა, ბევრს ჰქონდა კრიტიკული პოზიცია იმისა გამო, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა აქცენტი არ გააკეთეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ხალხი მასობრივად მხოლოდ მაშინ გამოვიდა ქუჩაში, როდესაც პრემიერმა კობახიძემ უცნაური განცხადება გააკეთა ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე გადადების შესახებ. ესე იგი, ხალხი გამოვიდა ქუჩაში მთავრობის წინააღმდეგ და არა ოპოზიციის მხარდასაჭერად ან დასაცავად. ეს მოცემულობა ხელისუფლებას კრიზისის გადაგორების შანსს აძლევს, თუ დასავლელი პარტნიორების სანქციები უფრო მასშტაბური არ გახდება.

- რა შანსი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ სანქციები კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, როდესაც ჯო უილსონი ამბობს, ივანიშვილის რეჟიმი დიდი საფრთხეა შეერთებული შტატებისა და საზოგადოდ, მსოფლიოს თავისუფლებისთვის?

- როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა საფრთხე შეუქმნას ამერიკას და მით უფრო მსოფლიოსა და მის თავისუფლებას? გასაგებია, რომ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები "ქართული ოცნების" გუნდისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს მაინც არ არის ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან დაკავშირებული სტრატეგია.

- ცოტა ხნის წინ ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი", რომელიც კრძალავს შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას. არც ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია?

- აქტი ჯერ მხოლოდ დარეგისტრირდა, ვნახოთ, რა მოხდება 20 იანვარს. ვერსია ორია - ტრამპი დაარტყამს ბიძინა ივანიშვილს და ის ამას ვერ გაუძლებს, არ დაარტყამს და, "ქართული ოცნება" კრიზისს გადააგორებს. არავინ იცის, ექსცენტრიკული ტრამპი რას იზამს.

- სხვათა შორის, ჯო უილსონმა ისიც თქვა, რომ ის ტრამპთან ერთად იმუშავებს თეთრ სახლში საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მისაღწევად.

- არ არის გამორიცხული, ტრამპმა მართლა გვერდით დაიყენოს ეს კონგრესმენი. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, ნამდვილად სახიფათოა "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ ღმერთის გარდა, არავინ იცის, ტრამპი საბოლოოდ რას იზამს. ისე, უნდა ითქვას, ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური განცხადებები მოვისმინეთ "ქართული ოცნების" ლიდერებისგან დიფ-სთეითთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს განცხადება ტრამპის გულის მოსაგებად გააკეთეს, ცდილობენ გააგებინონ, რომ მისიანები არიან. ხაზს უსვამენ, რომ ტრამპმა ილაპარაკა დიფ-სთეითზე და თავადაც ასე ფიქრობენ. კიდევ ერთი ფაქტორით შეეცდებიან ახალი პრეზიდენტის გულის მოგებას, არ გამოვრიცხავ, რომ ანტილგბტ პროპაგანდის კანონზე საუბარი გაააქტიურონ.

მე მაინც მგონია, "ქართული ოცნების" ნებისმიერი ნაბიჯი ჩინეთის ან სხვა ქვეყნის მიმართულებით იყო ბაიდენისთვის ნაჩვენები დემონსტრაციული ჟესტი - თუ მათ ამერიკელები ისეთებად არ მიიღებენ, როგორიც არიან, სხვაგანაც აქვთ წასასვლელი, მაგალითად, ჩინეთთან. პირველი დასანქცირების დროს კობახიძე და გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდნენ, მეორედ დასანქცირების დროს კობახიძე შეხვდა. ესე იგი, ამერიკას ეუბნებიან, ნუ გგონიათ, რომ თქვენ ხართ სამყაროს ბატონ-პატრონი, ჩინეთიც არის და ის გვიპატრონებსო. გამორიცხული არაფერია, ჩინეთი უკვე გახდა ამერიკის სრულფასოვანი მეტოქე. რისკზე მიდიან. ივანიშვილსა და მის მთავრობას აქვს ასეთი ფორმულა - გვაღიარეთ და ვითანამშრომლებთო. იციან, რომ ამერიკას აქვს ინტერესები საქართველოში და ისინიც ცდილობენ ეს მოცემულობა სათავისოდ გამოიყენონ.

- ტრამპის ინტერესები საქართველოსთან დაკავშირებით, ალბათ, მაინც მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც პუტინს შეხვდება უკრაინის საკითხის გამო. ჩვენ ვიცით, რომ პირველ ჯერზე პუტინმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და რომ ამ შეხვედრისთვის ემზადებიან.

- ჩემი აზრით, ტრამპი და პუტინი საქართველოს ისევ იმ მოცემულობაში დატოვებენ, როგორშიც 2008 წლის ომიდან დღემდე ვართ. ესე იგი, რაღაც დონეზე რუსები შეინარჩუნებენ საქართველოზე კონტროლს, მაგრამ საქართველო მაინც ორიენტირებული იქნება დასავლეთზე. ჩვენ გვინდა თუ არა, მაინც მოგვიწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება. ახლა ამერიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია უკრაინასა და ირანთან დაკავშირებული საკითხები.

- საქართველოში არსებული ვითარების უცვლელად დატოვებას რამდენად შეეგუება ის ხალხი, რომელიც უკვე თვეზე მეტია ქუჩაში დგას?

- ქუჩაში გამოსული ახალგაზრდებისადმი ჩემი სიმპათიის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ გარედან ზეწოლის გარეშე მათი პროტესტი შედეგს ვერ მოიტანს.

- ვერც იმ შემთხვევაში, თუ პროცესი დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა?

- დაუმორჩილებლობასა და გაფიცვას შედეგის მოტანა შეეძლო პირველ დღეებში, მაშინ, როდესაც კობახიძეზე გულწრფელად გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მაშინ მართლა ლამის "მაიდანი" მივიღეთ, ახლა რა უნდა ქნან? "როცა თონე ცხელია, პური მაშინ უნდა ჩააკრა", ახლა თონე ნელ-თბილია, პურს ვეღარ გამოაცხობს. პროტესტმა შედეგი იმიტომ ვერ მოიტანა, რომ პოლიტიკური ლიდერშიფი არ ჰყავდა. საჭირო იყო პოლიტიკური ძალა, რომელიც გაბრაზებული ახალგაზრდების მუხტს შესაბამის გზას უჩვენებდა.

- მაგრამ სად წავა ეს პროტესტი, მით უფრო მაშინ, თუ დასავლური დახმარების შეწყვეტისა და განსაკუთრებით დასანქცირების შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი შეიქნება?

- ეკონომიკური კრიზისი აუცილებლად გაართულებს "ქართული ოცნების" საქმეს, მაგრამ ეს კრიზისი დადგება მაშინ, თუ სანქციები გაგრძელდება. გასაგებია, რომ ინვესტორი არ დააბანდებს ფულს იმ ქვეყანაში, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრი დასანქცირებულია, მაგრამ ამ ვითარებას ყველა შეეჩვევა, მათ შორის უცხოელი ინვესტორიც და შეიძლება დროთა განმავლობაში აღარც ინვესტიციის ჩადებაზე თქვას უარი.

- რა სიურპრიზი შეიძლება ჰქონდეს ექსცენტრიკულ ტრამპს, რას უმზადებს ის პუტინს, რომელმაც მისი პირველი ინიციატივა უარყო?

- ტრამპი რომ ასეთი არაპროგნოზირებადი პერსონა არ იყოს, დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ პუტინს ამჯერად კორეულ სცენარს შესთავაზებდა, იმიტომ, რომ ყველაზე რეალური ახლა სწორედ ცეცხლის შეწყვეტაა, სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე. თუმცა ტრამპის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით რთულია - გიჟურ განცხადებებს აკეთებს, დაბნეულობა შეაქვს ყველგან - რუსებთანაც, ჩინელებთანაც და ევროპელებთანაც. ეს მისი სტილია, დააბნევს ოპონენტებს, შტურმს მიიტანს მათზე და მერე მიდის კონკრეტული წინადადებებით. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ტრამპის შტურმი პუტინზე. მოკლედ, ახლა მსოფლიოში ის პროცესი მიდის, როდესაც ეშმაკიც პირჯვარს იწერს.

ხათუნა ბახტურიძე