ახალი ომის საფრთხე?!
ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთს "ფაშისტური სახელმწიფო" უწოდა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ესკალაციის შესაძლო მუქარად აღიქვა. იგეგმება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა და შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირება ვიხილოთ, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- სომხეთის ხელისუფლება არანაირი ფაშისტური რეჟიმი არ არის. მოლაპარაკება და მშვიდობის მიღწევა, რომელიც სურთ სომხებს, რთული იქნება. დოკუმენტში, რომელსაც თავის დროზე ხელი მოაწერეს, წერია, რომ ზანგეზურის კორიდორი გარეშე ძალამ უნდა გააკონტროლოს, ეს კი ახლა სომხებს აღარ აწყობთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ასე ვერ გადაწყდება, მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული. ზოგიერთ სახელმწიფოს არ აწყობს ზანგეზურის იმ პრინციპით ამუშავება, როგორც დოკუმენტშია, უპირველესად რუსეთსა და ირანს. ამიტომ ალიევის განცხადება, რომ "სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა" და ის "საფრთხეა რეგიონისთვის" იმას უკავშირდება, რომ მას სურდა, ერთი მხრივ, რუსეთისთვის ესიამოვნებინა, ხოლო მეორე მხრივ, გაეფრთხილებინა დასავლეთი, რომ არ შეურიგდება შექმნილ ვითარებას და აუცილებლად გააგრძელებს ზეწოლას, რათა მიიღოს ზანგეზურის კორიდორი.
ალიევი იმ კატეგორიის პოლიტიკოსია, რომელიც კარგად იყენებს აღმოსავლური დიპლომატიის ინსტრუმენტებს - რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად თამაშობს. ეს ერდოღანის დამახასიათებელი თვისებაა, ალიევიც ცდილობს იგივე მეთოდები გამოიყენოს და გამოსდის კიდეც. ალიევი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის, ასწრებს გეოპოლიტიკური გამოწვევის გაჩენას. 2022 წელს შეარჩია ისეთი მომენტი, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომის გამო არ ეცალა. ამასთან, მოსკოვი უაღრესად გაბრაზებული იყო ფაშინიანის პოლიტიკურ ნარატივზე. შემდეგ პერიოდებშიც ის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომ ნაწყენი რუსეთი აზერბაიჯანისკენ მიბრუნებულიყო. მაგალითად, პუტინის ბაქოში ბოლო ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო რუსული ენერგომატარებლების გატარება თავის მილებში როგორც აზერბაიჯანული ენერგომატარებლებისა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც ენერგოტრასებში. თუმცა ორ ქვეყანას შორის კულუარული თანამშრომლობა არ არის მთლად სანდო.
რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც პეტერბურგიდან ინდოეთში, დელიში მიდის. ეს გზა რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანის, რის გამოც, რაც დრო გადის, აზერბაიჯანი თავს სიტუაციის მაკონტროლებლად გრძნობს. ამ გზის ფართომასშტაბიანი ამუშავება უახლოესი მომავლის საკითხია, რადგან ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ინდოეთს ხანგრძლივი პერიოდით გადაეცა ერთ-ერთი ირანული პორტი, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის ბოლო წერტილი იქნება ირანის ტერიტორიაზე, საიდანაც საზღვაო მარშრუტით ტვირთი ინდოეთში უნდა წავიდეს.
რაც შეეხება ფაშინიანს, ის იმ "რომანტიკულ" ორმოშია ჩავარდნილი, რომელშიც თავის დროზე იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთზე და პრაქტიკულად მიტოვებული ჰქონდა რეგიონული პოლიტიკა. როდესაც ფაშინიანმა პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, მაშინვე ჩანდა, რომ მოსკოვს ზურგს შეაქცევდა. ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ დაემარცხებინა სარგსიანის მთავრობა და თვითონ მოსულიყო იმ პერსპექტივით, რომ რამდენიმე წელიწადში დაიწყებდა დასავლეთისკენ სვლას.
ამერიკის სპეცსამსახურები და პოლიტიკური გუნდი ერევანში ყოველთვის აქტიურად მუშაობდნენ. სომხეთში ამერიკელებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი საელჩო აქვთ, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სამხრეთი კავკასია, მათ შორის თბილისი და ერევანი, დასავლეთის განსაკუთრებულ საყრდენად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი მაშინ რუსეთის უახლოესი მოკავშირე იყო და დასავლეთს არ ჰყოფნიდა რესურსები, რომ ეს ვითარება შეეცვალა. მაგრამ წლების განმავლობაში დასავლეთმა მაინც მოახერხა ამ მიდგომის შეცვლა. ეს არის გეოპოლიტიკური თამაში, რომელშიც უფრო ძლიერი და ჭკვიანი გაიმარჯვებს.
რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის დაფუძნებული იყო ძალაზე და არა ჭკუაზე. კრემლისთვის მთავარი იყო, მოკავშირე ქვეყნებში ჰყოლოდა მისი მთავრობა, თუნდაც კაცისმკვლელი და კორუფციაში ჩაძირული. ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ჯერ გადაიმტერა ქართველები, მერე სომხები, დიდი ბზარი გააჩინა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში და ბოლოს მიიღეს ის, რომ ფეხი ამოიკვეთეს სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან.
ახლა რუსეთი გააფთრებული ცდილობს კვლავ დაბრუნდეს სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში. მიმდინარეობს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო - ეს არის შავი ზღვა, სავაჭრო კორიდორები და ის რესურსები, რომლებიც ცენტრალურ აზიაშია. რუსეთი არ შეეგუება იმას, რომ სამხრეთი კავკასია თურქეთმა გააკონტროლოს. რაც არ უნდა აქტიური იყოს დღეს ერევანში დასავლეთი, ეს მაინც ვერ შეაკავებს რუსეთს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდეს დიპლომატიურად თუ სამხედრო ძალით.
როგორც საერთაშორისო ექსპერტები აფასებენ, ტრამპის პოლიტიკას შეიძლება ორი განსაკუთრებულობა ჰქონდეს - ერთია ორიენტირება შიდა პოლიტიკაზე, ისეთი საკითხების გარკვევაზე, როგორიცა კანადის მიერთება, გრენლანდიის საკითხის მოგვარება, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ძველი ფასეულობების აღდგენასთან არის დაკავშირებული და ასევე გულისხმობს ბრძოლას ბიუროკრატიულ აპარატთან; იმ ძალებთან, რომელთაც თვითონაც დეეპ სტატე-ს უწოდებს, სავაჭრო ომი ჩინეთთან. თუ ამ საკითხებით იქნება დაკავებული, რუსეთს მიეცემა სამხრეთ კავკასიაში გააქტიურების საშუალება.
თუ ტრამპმა მოინდომა გრენლანდიისა და კანადის მიერთება, რუსეთს რა შეუშლის ხელს, რომ იგივე სურვილები ჰქონდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? მით უმეტეს, გავიხსენოთ, რომ რუსეთს ხელი გაუხსნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კოსოვოს მაგალითმა, თანაც მსოფლიო წესრიგი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ბალანსი დარღვეულია.
- როგორც ფაშინიანმა თქვა, ალიევს სურს, აზერბაიჯანის შესაძლო ესკალაციის "ლეგიტიმაცია". რამდენად რეალურია, რომ ახლა ამ ორ ქვეყანას შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს?
- არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც სამხედრო ოპერაციას. სომხეთი აქტიურად მარაგდება იარაღით, ამაში საფრანგეთია ჩართული. საქმე იქამდე მივიდა, რომ სომხეთში საფრანგეთის ელჩი მოლაპარაკებას აწარმოებს ირანის ელჩთან იმისთვის, რომ ირანის ტერიტორიიდან შევიდეს შეიარაღება სომხეთში. სასაცილო ფაქტია - ირანი ევროკავშირმა დაასანქცირა, თავის მხრივ, საფრანგეთმაც. ასე რომ, იმდენად მოშლილია მსოფლიო წესრიგის პრინციპები, რომ მსხვილი მოთამაშეები არც დათქმების გადათქმას ერიდებიან. ყველა ცდილობს სწრაფად მოიპოვოს, რაც შეიძლება "უკეთესი ადგილი მზის ქვეშ".
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისთვის მზადებაა.
- ტრამპს ძალიან სერიოზული მეტოქე ჰყავს უპირველესად თავად ქვეყანაში. ეს არის როგორც ქვეყნის ბიუროკრატიული ნაწილი, ისე სამხედრო სამრეწველო და ფინანსური წრეების ნაწილი, რომელსაც ის კრებსით დეეპ სტატე-ს უწოდებს. ამ ძალებთან საბრძოლველადაა შემართული ტრამპი. ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. დღეს ეს ძალები შესუსტებულია, თან ტრამპი იმდენად პოპულარულია, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. მან სწორი ნაბიჯები გადადგა, ის შეცდომები არ დაუშვა, რაც პირველი პრეზიდენტობისას. უპირველესად ჯერ საკუთარ რესპუბლიკურ პარტიას "მოუგრიხა კისერი", იმ პირებს, ვინც საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. ამერიკის უზენაეს სასამართლოში პრაქტიკულად ტრამპის გუნდია, ეს ინსტიტუტი კი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია მთელ ქვეყანაში კონსტიტუციითაც და თავისი მდგომარეობითაც.
ვფიქრობ, პირველივე შეხვედრაზე პუტინთან საკითხს ისეთი ფორმით დააყენებს, რომ რუსეთმა, ერთი მხრივ, იგრძნოს ძალაც და მეორე მხრივ, მისაღები იყოს წინადადება, რომელსაც შესთავაზებენ. არა მგონია, ტრამპმა პირდაპირ მოსთხოვოს უკრაინიდან გასვლა. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე ჩინეთზეც ისაუბრებენ. რაც დიდხანს იომებს რუსეთი უკრაინაში, მით უკეთესია აშშ-სთვის, იმიტომ, რომ მით უფრო შეიზღუდება რუსეთის რესურსები. ამას მოსკოვშიც კარგად ხვდებიან. დიალოგის ხელშემშლელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩინეთია, რომელსაც ტრამპი უკვე დაემუქრა ტარიფების გაზრდით. წარმოიდგინეთ, მოსკოვისთვის როგორი მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამერიკა შესთავაზებს ისეთ წინადადებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მსოფლიოს სხვაგვარად გადანაწილებაზე, ჩინეთის გავლენის შევიწროებასა და პლუს სხვა დივიდენდებზე, ომსაც გააჩერებს და ხმასაც აღარ ამოიღებს, ისედაც წართმეული აქვს აღმოსავლეთი უკრაინა და ყირიმი. თუ შეხვედრაზე ლაპარაკი მივა მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, რუსეთი მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კონტროლს. რაზე შეთანხმდებიან, პროგნოზირება შეუძლებელია.
- უკრაინაში ომის დასრულება ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა.
- ომი აუცილებლად შეჩერდება. ტრამპი მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით იმოქმედებს - ისეთ წინადადებას მისცემს პუტინს, რომელიც მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება... ვიდრე ომი დაიწყებოდა, ჩინეთი და რუსეთი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ, ზოგჯერ პოლიტიკური პარტნიორებიც. ომის განმავლობაში რუსეთი ჩინეთისთვის უმცროს ეკონომიკურ სავაჭრო პარტნიორად იქცა, ახლა კი უმცროს ძმადაც. თუ ომის დასაწყისში ჩინეთის პოლიტიკურ აზრს არავინ უწევდა დიდ ანგარიშს, ახლა უკვე პეკინის აზრმა მნიშვნელობა შეიძინა როგორც რუსეთში, ისე ბრიუსელში. პარალელურად ჩინეთმა რუსეთი ეკონომიკურად გადათელა - დღეს ინდოეთისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი ჩინეთია, თუმცა ის ამ ენერგიას, განსაკუთრებით ბუნებრივ აირს, რუსეთისგან ყიდულობს თვითღირებულების ფასით. რუსეთი საერთაშორისო სანქციების გამო იძულებულია ამას დათანხმდეს, რათა ობიექტები შეინარჩუნოს. რუსეთს უზარმაზარი ზარალი მიადგა იმის გამო, რომ ჩინური ტვირთები აღარ გადის მის ტერიტორიაზე. ჩინეთმა მაქსიმალურად შეუზღუდა რუსეთს საბანკო მომსახურებებიც და აიძულა ნაწილობრივ ჩინური ფულის ერთეულზე, იუანზე გადაეყვანა. ბრიკსში დღეს ჩინეთია დომინანტი და არა რუსეთი. რუსეთის მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დღეს ჩინეთი აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პრეტენზია არ გამოუთქვამს.
17 იანვარს პუტინი ჩავა ირანში, სადაც ხელი უნდა მოეწეროს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას. მე ეს უფრო საჩვენებელი თემა მგონია, რათა უფრო მეტი სავაჭრო ჰქონდეს პუტინს ტრამპთან. დღეს უაღრესად არაპოპულარულია ირანის ხელისუფლება, ქვეყანა გზაგასაყარზეა, თუმცა სხვადასხვა ექსპერტთა შეფასებით, ირანს შეუძლია დაახლოებით 6 თვეში, დაიწყოს გამდიდრებული ურანის წარმოება და 1 წელიწადში მიუახლოვდეს ბირთვული იარაღის შექმნას. აქედან გამომდინარე, დასავლეთი ყველაფერს იღონებს, რომ ირანს ეს ვერ გამოუვიდეს, ამისთვის კი საჭიროა რუსეთ-ირანის ურთიერთობის შეჩერება. ვიზიტი და სამხედრო თანამშრომლობაზე ხელის მოწერა გზავნილია დასავლეთისთვის, ჩვენ ვემზადებითო. თუმცა, თუ საჭირო გახდა, რუსეთი მარტივად გაწირავს ირანს. მისთვის მთავარია პოსტსაბჭოთა სივრცე თვითონ აკონტროლოს.
საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მაღალი დონის აქტივობა და მოქნილობა მართებს, რომ ამ დიდ თამაშში ქვეყანა არ გაიჭყლიტოს. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას, ეს ეხება მთლიანად პოლიტელიტას. ისე არ მოხდეს, სასოებით ნაშენები თავზე ჩამოგვექცეს. მსოფლიო პოლიტიკა გარკვეულწილად კულუარებში კეთდება - ვიცი, რომ ტრამპის ფლორიდის აგარაკზე საქართველოს ამბები განიხილება. ამაზე ლაპარაკობს პატარა ჯგუფი, რომელსაც ქვეყნისთვის გული შესტკივა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ერი ვართ, ჩვენდა სასიკეთოდ, ისე აღმოჩნდა, რომ შეძლებული ემიგრაციის ნაწილი გვყოლია, რომელთაც სიტყვა ეთქმით ძალიან მაღალ კაბინეტებში და რაც მთავარია, მათ უსმენენ.
სოფო კაჭარავა