რა გეგმები აქვს ტრამპს?
ტრამპმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ძველი გზით განავითარებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს აშშ-ის კონტროლს პანამის არხზე, თუ საჭირო შეიქნა, სამხედრო საშუალებებითაც. ასევე სურს კანადა აშშ-ის 52-ე შტატი იყოს, ხოლო სასურველია გრენლანდიის ანექსია "ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის". ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი სერიოზულად განიხილავდა გრენლანდიის ყიდვას დანიისგან. ტრამპმა ეს დაადასტურა და გრენლანდიას "სტრატეგიულად საინტერესო” ტერიტორია" უწოდა. დანიისა და გრენლანდიის მთავრობებმა მაშინ კატეგორიულად უარყვეს ეს წინადადება და ითქვა, რომ "გრენლანდია არ იყიდება"... მაშინ ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის შეძენა იქნებოდა "დიდი უძრავი ქონების ყიდვაზე გარიგება". გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა მას მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო მნიშვნელობას ანიჭებს. ის ბუნებრივი კარიბჭეა არქტიკის რეგიონში. სამხედრო ბაზა გრენლანდიაში აშშ-ს უკვე აქვს, მაგრამ ტერიტორიის სრული კონტროლი გააძლიერებდა აშშ-ის სამხედრო პოზიციას, მით უმეტეს, არქტიკა თანამედროვე გეოპოლიტიკური შეჯიბრების ფოკუსია, სადაც რუსეთი და ჩინეთი აძლიერებენ თავიანთ გავლენას. ახალი საზღვაო მარშრუტები არქტიკაში ამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს, რაც გრენლანდიას მომგებიან რეგიონად აქცევს. გარდა ამისა, გრენლანდია მდიდარია მინერალებით, ნავთობითა და გაზით, კლიმატის ცვლილებამ და ყინულის დნობამ კი ეს რესურსები უფრო ხელმისაწვდომი გახადა... ტრამპის განცხადებამ გააფუჭა აშშ-დანიის ურთიერთობა - ნატოს მოკავშირეებს შორის მკვეთრი განხეთქილება გაჩნდა. მიუხედავად შეთავაზების უარყოფისა, ტრამპის ადმინისტრაცია განაგრძობდა არქტიკაში გავლენის გაფართოებას. 2020 წელს აშშ-მა გრენლანდიას 12-მილიონიანი დახმარება შესთავაზა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ამასთან, დაიწყო უფრო აქტიური მონაწილეობა არქტიკის საბჭოს მუშაობაში. თუმცა მაშინ ტრამპის ადმინისტრაცია ამაზე შორს ვერ წავიდა, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩაითვალა, რომ ტრამპის ამ ინიციატივამ არქტიკის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართ ყურადღება გაზარდა და ამ რეგიონის გეოპოლიტიკური დღის წესრიგი უფრო აქტუალური გახადა.
პანამის არხი კი, რომელიც აშშ-ის აშენებულია, ყოველთვის იყო ამერიკის პოლიტიკის დღის წესრიგში. პანამის არხი 1914 წელს გაიხსნა და ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის კონტროლს ექვემდებარებოდა. 1977 წელს კარტერისა და ტორიხოსის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით 1999 წელს არხის კონტროლი პანამას გადაეცა. არხი მნიშვნელოვანია როგორც კომერციული, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
ამ საკითხის გრენლანდიის გვერდით დასახელება მიდის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიული ფესვებისკენ. მკვლევრები ამბობენ, რომ „ტრამპის გადაწყვეტილება, მოეპყროს დასავლეთ ნახევარსფეროს როგორც აშშ-ის გავლენის სფეროს, მიანიშნებს "მონროს დოქტრინის" აღორძინებაზე.
ცნობისთვის: "მონროს დოქტრინა" არის სტრატეგია, რომელიც პრეზიდენტმა ჯეიმზ მონრომ შემოიღო 1823 წელს, და რომელმაც ჩამოაყალიბა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მეოცე საუკუნის დამდეგს - გულისხმობდა, რომ ევროპული ძალები არ უნდა ჩარეულიყვნენ დასავლეთ ნახევარსფეროს საქმეებში, რაც შემდეგ აშშ-ის იზოლაციონიზმის პოლიტიკად მოინათლა. აშშ ამ პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომამდე იყენებდა როგორც ფარის, ასევე მახვილის ფუნქციით.
ტრამპის ბოლო განცხადება მიანიშნებს, რომ ეს იქნება "ამერიკა პირველ რიგში" მიდგომა "მონროს დოქტრინის" ორი მოტივით - გარე ძალების ჩარევის თავიდან აცილება და რეგიონში ქაოსის შერბილება. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელია შესრულება და რას მოუტანს როგორც თავად ამერიკას, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგს, რაზეც ჩვენ ამერიკათმცოდნე გიორგი ლაბაძეს ვესაუბრეთ:
- როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა, რამდენიმე რესპუბლიკურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ერთგვარი "მონროს დოქტრინის" აღდგენის ცდა, დაკავშირებული სამხრეთ ამერიკის კონტროლთან. რისთვის იყო საჭირო? საერთოდ, როდესაც საუბარია აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, მას ხშირად განიხილავენ ვიწრო გადმოსახედიდან, გუშინდელი დღიდან. ეს შეცდომაა, რადგან რასაც ახლა ტრამპისგან ვისმენთ, მათი პოლიტიკის საუკუნოვანი ტრადიციაა. მაგალითად, ჯორჯ ვუდსი, რომელიც აშშ-ის ცნობილი სახელმწიფო მდივანი იყო, ამბობდა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა იწყება ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიო, უახლოესი სამეზობლო კი არის ამერიკის კონტინენტი. "მონროს დოქტრინიდან" გამომდინარე, აშშ-ს უპირველესად სურდა ევროპის ქვეყნები არ ჩარეულიყვნენ და არ ჰქონოდათ იმპერიული ამბიციები ამერიკის კონტინენტზე. ეს "მონროს დოქტრინის" პირდაპირი გაგრძელებაა, რამდენადაც უკვე ამერიკის გლობალური მოწინააღმდეგეები ბრიტანეთი და საფრანგეთი აღარ არიან. ხომ გვახსოვს "ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირის ცდა, მოეხდინა გავლენა კუბაზე, ნიკარაგუაზე, ვენესუელაზე. პრინციპში ამ ქვეყნებში დღემდეა კომუნისტური რეჟიმის გადმონაშთები. ამდენად, ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონცენტრირდა "მონროს დოქტრინაზე", ვუდსის გამონათქვამზე, საგარეო ფრონტი დაიწყება ახლო სამეზობლოშიო, გასაკვირია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინელებს დიდი გავლენა აქვთ პანამის არხზე. ჩინეთი ცდილობს ასეთი სტრატეგიული ობიექტების ათვისებას სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში თუ აზიის სხვადასხვა ნაწილსა და თვით ევროპაშიც. ევროკავშირის ქვეყნები მიხვდნენ, რომ ჩინეთთან არ ღირს ასეთი ახლო ურთიერთობა და შედარებით შეიცვალა მიდგომები, მაგრამ სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მაგალითად, გერმანული და იტალიური პორტები დაკავშირებული იყო ჩინეთის ფინანსებთან...
სწორედ ამ კონტექსტში ამბობს ტრამპი, რომ პანამის არხი, რომელიც ამერიკამ ააშენა, პანამას იმ პირობით გადასცეს, რომ პანამელები გააკონტროლებდნენ და არა ჩინელები. როდესაც დღეს უკვე ჩინეთი მიისწრაფვის სამხრეთ ამერიკის კონტროლისკენ, გასაგები ხდება, მაინცდამაინც პანამის არხზე რატომ დაიწყო ლაპარაკი და არა, მაგალითად, ვენესუელაზე, რომელზეც გავლენა ჩინეთს დღესაც აქვს. იმიტომ, რომ პანამის არხი მნიშვნელოვანია სამხედრო და სავაჭრო გადაადგილებისთვის. ამიტომაც დაადგა თვალი ტრამპმა.
რაც შეეხება გრენლანდიას, მისი საკითხიც პრინციპში იმის გაგრძელებაა, რაც ზემოთ ვთქვით, მაგრამ მეორე მომენტია - აშშ-ის ერთგვარი საგარეო ამოცანა, მტრები რაც შეიძლება მოშორებით ჰყავდეს და მართლაც, თუ შევხედავთ, გრენლანდია აშშ-სთან უფრო ახლოა, ვიდრე დანიასთან, რომელიც მისი კანონიერი მესაკუთრეა. ეს ნიშნავს, რომ თუ გრენლანდიაზე გავლენის დამყარებას შეეცდებიან რუსეთი და ჩინეთი, აშშ-სთვის მტრული სახელმწიფოები, ეს აშშ-ის შეუქმნის ძალიან მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ ამოცანას. როგორც ირკვევა, გრენლანდიასა და ისლანდიას შორის ხშირია რუსული წყალქვეშა ნავების მიმოსვლა. ჩინეთი კი ცდილობს იქ აეროპორტების აშენებას, ყოველ შემთხვევაში, სცადა, რაც უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ამ სახელმწიფოებს სურთ კონტროლის დამყარება გრენლანდიაზე... 2019 წელს ტრაპმა ხუმრობით დაწერა, გრენლანდიის ყიდვას ვაპირებო, მაგრამ როგორც ირკვევა, აღარ ყოფილა ხუმრობა და მგონია, დღეს ყიდვაზე იქნება საუბარი. მეეჭვება, ანექსიაზე ან საზღვრების უკანონო ხელყოფაზე წავიდნენ, სავარაუდოდ, ყველაფერი შეთანხმებებს დაეფუძნება. დიდი ალბათობით, იქნება ზეწოლა დანიაზე, უპირველესად ფინანსური, მაგრამ როგორც გრენლანდიასა და დანიას შორის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, გრენლანდიას დანიის გარეშეც შეუძლია გამოყოფა და არ სჭირდება ცენტრალური მთავრობის თანხმობა. ასეთი პრაქტიკა ყოფილა ისტორიაში - როდესაც ტეხასი გამოეყო მექსიკას, მერე კონგრესმა იმსჯელა და შეიერთა. სავარაუდოდ, რაღაც მსგავსთან გვექნება საქმე... თუ ადგილობრივი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, სად სურს იცხოვროს, თუ გრენლანდიელები მოისურვებენ გამოეყონ დანიას და აშშ-ს შეუერთდნენ, დარღვევად ვერ ჩაითვლება.
- გრენლანდიამ უკვე განაცხადა, რომ ამას არ აპირებს, მაგრამ, მეორე მხრივ, პანამასთან დაკავშირებით ხომ იყო ნახსენები სამხედრო ძალის გამოყენება?
- ეს ცოტა ტრამპისეული გადაჭარბების მომენტია. მან შედარებით რბილად თქვა, არ გამოვრიცხავ სამხედრო ინტერვენციასაცო, არ უთქვამს, პირდაპირ ჯარს შევიყვანო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინელების გავლენა პანამის არხზე ძალიან დიდია, ვფიქრობ, რესპუბლიკელების ადმინისტრაცია ყველანაირად ეცდება დააბალანსოს ჩინეთის გავლენა პანამაში, რადგან ამაზე ლაპარაკი დაიწყეს.
აქვე დავამატებ, მიუხედავად კანადის ხსენებისა, ახალი შტატიო და ა.შ., რაც, ჩემი აზრით, მაინცდამაინც რეალობასთან ახლოს ვერ არის, ვფიქრობ, კანადის არა, მაგრამ პანამის და გრენლანდიის საკითხს მაინც მიიყვანენ ბოლომდე. რესპუბლიკელებს არ სურთ სუსტად გამოჩნდნენ საზოგადოების, შიდა ოპოზიციის, დემოკრატებისა და მედიის თვალში. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ მიმდინარე წელს ამ ორი მიმართულებით იქნება მოქმედება.
- ამ თვალსაზრისით ჩვენთვის რა პერსპექტივაა აშშ-თან ურთიერთობაში "ოცნების" პროჩინური პოლიტიკიდან გამომდინარე?
- ჩემი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" მთავარი შეცდომა იმაში დაუშვა, რომ ჩინეთთან დაახლოვდა. ალბათ, გახსოვთ, როდესაც ივანიშვილი დაასანქცირეს, კობახიძე ლამის მეორე დღესვე შეხვდა ჩინეთის ელჩს, ამ კვირაში უკვე მეორედ. ეს არის განაცხადი, რომ თუ აშშ ასეთი თვალით უყურებს "ქართულ ოცნებას", მაშინ ისინი აირჩევენ სხვა პარტნიორს - ჩინეთს. ჯერ რთული სათქმელია, რა ნაწილში გადაიკვეთება აშშ-ისა და ჩინეთის საკითხები საქართველოს წერტილზე - შავი ზღვა იქნება თუ სხვა, მაგრამ ამერიკელები არაფერს დაიშურებენ, პროჩინურმა ძალებმა მაქსიმალურად დაკარგონ გავლენა საქართველოზე. აღმოჩნდა, რომ რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე აშშ-ში ჯერ კიდევ ძალიან სერიოზულია შეხედულება საქართველოს მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ეს მომენტი საქართველოსთანაც მოვა. ვგულისხმობ ტრამპის გადმოსახედიდან... ჯერ პრიორიტეტი უკრაინის საკითხია, ასევე, გრენლანდიისა და ტაივანის თემა.
რუსა მაჩაიძე