ქართული პოლიტიკური კრიზისების ისტორია ანუ ვსწავლობთ თუ არა რამეს?! - გამსახურდიას შეცდომა, შევარდნაძის მანევრები, არშემდგარი "პინოჩეტი" და "ოცნების" დილემა
თითქოს მივეჩვიეთ განგრძობად პოლიტიკურ კრიზისში ცხოვრებას. აქციის მონაწილეებმაც ყოველდღიურ საქმედ აქციეს პარლამენტის წინ შეკრება და ამას თითქოს ხელისუფლებაც მიეჩვია. გამოსავალი კი კვლავ არ ჩანს. დასავლეთი ხელისუფლებას სანქციებს უწესებს, ხელისუფლება კი ყველაფერს "დიფ სთეითს" აბრალებს. ფაქტია, ასეთ ტურბულენტურ რეჟიმში ცხოვრება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
როდესაც მძიმე ვითარებაა, უახლოეს თუ შორეულ ისტორიას გადახედავენ ხოლმე - იქნებ იქ იპოვონ კითხვებზე პასუხი. ჩვენც გავიხსენოთ ყველა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს გადაუტანია და ვნახოთ, რა მოიტანა კომპრომისმა და რა დიალოგის არარსებობამ.
ომით დამთავრებული პოლიტიკური დაპირისპირება
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას პოლიტიკური პრობლემები უკვე დახვდა. კერძოდ, მაშინდელი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი არ ცნობდა უზენაეს საბჭოს და პარალელური სტრუქტურა ჰქონდა შექმნილი ეროვნული კონგრესის სახით. დღევანდელობისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის იყო, რომ სუსტი სამართალდამცავი სტრუქტურების ფონზე, თითქმის ყველა პარტიას ჰყავდა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 1991 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც გამსახურდიამ ეროვნული გვარდია შსს-ს დაუქვემდებარა. რატომ გააკეთა ეს პირველმა პრეზიდენტმა, სხვა ისტორიაა. 1991 წლის აგვისტოს შემდეგ ეროვნული გვარდიის ნაწილმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა ოფიციალურ ხელისუფლებას და ცალკე გავიდა. სექტემბრიდან გაძლიერდა საპროტესტო აქციები. კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც 1991 წლის სექტემბერში პოლიციამ ოპოზიციის ერთ-ერთი მიტინგი დაარბია. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მხარეებმა ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდები სპეციალურად დაწვეს. ოპოზიცია გამსახურდიას "ჩაუშესკუსა" და "დიქტატორს" უწოდებდა, გამსახურდია ოპოზიციას "კრემლის აგენტებს".
იყო თუ არა დიალოგის მცდელობა?! მხოლოდ ეპიზოდური და ფორმალური. ერთ-ერთი ვერსიით, სიტუაციის გამწვავების პიკზე ზვიად გამსახურდია გადადგომას აპირებდა, თუმცა გარემოცვამ დაარწმუნდა, რომ "ეს ქვეყნის ღალატი" იქნებოდა. რამდენად სიმართლეა ეს, ვერ გეტყვით, თუმცა გამსახურდიას ზოგიერთი თანამებრძოლი ირწმუნება - დიახ, პირველი პრეზიდენტი მზად იყო კომპრომისზე წასასვლელადო. მათივე მტკიცებით, ეს ხდებოდა 1991 წლის 20 დეკემბრამდე, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომის აჩრდილი დადიოდა.
ისტორიას არ უყვარს ალბათობის თეორიები. თუმცა ლოგიკურად, გამსახურდიას გადადგომას სიტუაციის განმუხტვა უნდა მოჰყოლოდა და იქნებ იმ საზარელ სცენარსაც ავცილებოდით, რასაც ბნელი, მშიერი და კრიმინალური 90-იანები ერქვა. ზვიად გამსახურდიას ისეთი რეიტინგი ჰქონდა, რომ შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნებულიყო.
სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა. 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისის ომი დაიწყო. იყო დანგრეული რუსთაველი, მარცხი აფხაზეთში, სამოქალაქო ომი, პარალიზებული ქვეყანა.
შევარდნაძის მანევრები
მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა, მან მიმართა ასეთ მეთოდს - 1992 წლის პარლამენტში მაქსიმალურად გაამარტივა პარტიების მოხვედრა. შევარდნაძის გათვლებით, პოლიტიკური ვნებები პარლამენტში იდუღებდა და ქუჩისთვის ადგილი არ დარჩებოდა. თუმცა ამ პარლამენტმაც ქვეყნის პირველ პირს საკმარისზე მეტი პრობლემები შეუქმნა. ზოგადად, ქვეყანა მოშლილი იყო და ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ კრიზისს შეიძლებოდა დომინოს ეფექტი გამოეწვია. მაგალითად, მაშინ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, რომ პოლიცია გაიფიცა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. საკანონმდებლო ორგანოს კი "მხედრიონი" იცავდა. 1993 წელს კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, რაც ქვეყნისთვის შეიძლებოდა კატასტროფით დამთავრებულიყო. ჯაბა იოსელიანი გრძნობდა, რომ შევარდნაძე მის ჩამოშორებას აპირებდა. უშიშროების საბჭოზე მას პირდაპირ უთხრეს (პირადად შევარდნაძემ არა, მაგრამ ჯაბა იოსელიანი მიიჩნევდა, რომ შევარდნაძის დავალებით), რომ დროა, თოფიანი კაცი წასულიყო ქართული პოლიტიკიდან. განაწყენებულმა ჯაბა იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე შევარდნაძეს უთხრა, რომ ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავდა. შევარდნაძე გაცოფდა და გადადგომის შესახებ განაცხადა. შემდეგ მოხდა არცთუ სასიამოვნო რამ - პარლამენტთან (მაშინ საკანონმდებლო ორგანო "იმელის" შენობაში იყო, რადგან სამოქალაქო ომისგან დანგრეულ პარლამენტის შენობას არემონტებდნენ) იმპროვიზირებულმა აქციამ შევარდნაძეს დაუჩოქა და სთხოვა, არ წასულიყო. მანაც "დიდსულოვნად" გაითვალისწინა ეს თხოვნა. ხუმრობა იქით იყოს და, შევარდნაძე მაშინ რომ წასულიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხალხს დარჩებოდა ქვეყანა?! ალბათ, საქართველოში "მეორე სომალი" გარანტირებული გვქონდა.
ამის შემდეგ ქუჩიდან შევარდნაძეს პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ უქმნიდა. მისი პარტია "მოქალაქეთა კავშირი" არაპოპულარული იყო, თუმცა შევარდნაძე მშვენივრად მანიპულირებდა - მე და ჩემი პარტია რომ არა, ქვეყნის ხელისუფლებაში პრორუსი ასლან აბაშიძე მოვაო.
თუმცა დადგა 2001 წელი - ნოემბერში მაშინდელ "რუსთავი 2"-ში უშიშროების სამსახურის თანამშრომლების შესვლას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. შევარდნაძემ იგრძნო რყევების საშიშროება და თანამდებობიდან გაათავისუფლა ყველაზე არაპოპულარული ფიგურები და ამავე დროს, მისი მთავარი საყრდენები - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები. ამ დათმობამ პროტესტი ჩააცხრო.
თუმცა შემდეგ იყო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები და ახალი მასობრივი პროტესტი. შევარდნაძე არ აპირებდა დათმობას და ახალი არჩევნების ჩატარებას. მიტინგს კონტრმიტინგი დაუპირისპირა. მეტიც, 2003 წლის 22 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით, საგანგებო ვითარების გამოცხადებას აპირებდა და დღეიდან ყველა უწყება თავდაცვის სამინისტროს ემორჩილებოდა. თბილისისკენ უკვე დაძრული იყვნენ ჯავშანტრანსპორტიორები. ქვეყანაში 1991 წლის შემდეგ, მეორედ გაჩნდა სამოქალაქო ომის აჩრდილი.
შევარდნაძის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ მისი ხელისუფლება უკვე ჩამოშლილი იყო და არც არაფრის ძალა არ ჰქონდა. თუმცა კომპეტენტური ხალხი აცხადებს, რომ შევარდნაძემ კარგად გააანალიზა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ძალისმიერ ქმედებებს და საით შეიძლებოდა წასულიყო ქვეყანა. ამიტომ მეორე დღესვე გააუქმა საგანგებო მდგომარეობა და პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. რა თქმა უნდა, სიტუაცია მომენტალურად განიმუხტა.
როგორ უნდოდა სააკაშვილს პინოჩეტობა
პოლიტიკური კრიზისი კარგა ხნის განმავლობაში არც მიხეილ სააკაშვილს ემუქრებოდა. სუსტი ოპოზიცია და პროტესტის არარსებობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საკუთარ ხელში ძალაუფლების აბსოლუტური კონცენტრაცია მოახდინა. პირველ კრიზისს ის 2007 წლის შემოდგომაზე შეეჯახა და შედეგიც ცნობილია - 7 ნოემბრის დარბევა, ტელევიზიაში შეჭრა და ა.შ.
სააკაშვილიც ჯერ შევარდნაძის სცენარით წავიდა - 2007 წლის 7 ნოემბერსვე მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თუმცა პროტესტი კი არ ჩაცხრა, გაათმაგდა. მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამან პოლიტიკური კრიზისი განმუხტა, თუმცა ახალი ძალით იფეთქა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა ამჯერად პროტესტის ხელმძღვანელების გაურკვეველი მანევრების გამო, მან შედეგი არ გამოიღო. სამაგიეროდ, სააკაშვილმა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა საკუთარ ხელში და ყველა წამყვანი ტელევიზია საკუთარი პროპაგანდის მსახურად აქცია. სააკაშვილის პროპაგანდისტებს ისეთი სასათბურე პირობები ჰქონდათ, მინისტრებსაც შეშურდებოდათ.
შემდეგ იყო 2009 წლის დიდი აქციები და "საკნების ქალაქად" ქცეული რუსთაველი. მაშინ სააკაშვილმა ასეთი ტაქტიკა აირჩია - აქცია ნებაზე მიუშვა ანუ დაშლა-დარბევა არ უცდია, სამაგიეროდ, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე აქტივისტებს დაუნდობლად სცემდნენ ხან სამართალდამცველები, ხან გაურკვეველი ნიღბიანი პირები. სააკაშვილის კიდევ ერთი ტაქტიკა იყო "ჯიბის ოპოზიციის" შექმნა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ცნობდა და მათმა დიდმა ნაწილმა მანდატები დაჭრა. ეს "ჯიბის ოპოზიცია" კი სრულფასოვანი საპარლამენტო ცხოვრების იმიტაციას ქმნიდა.
2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ხდებოდა საპარლამენტო რესპუბლიკა სიმბოლური პრეზიდენტით და რეალური ძალაუფლებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრით. ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი? რა თქმა უნდა, სააკაშვილი (კონსტიტუციით მას არ შეეძლო მესამე ვადით პრეზიდენტი გამხდარიყო). თუმცა მისთვის 2011 წელს ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა...
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კიდევ ერთხელ გაჩნდა სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილი. დღეს სააკაშვილი აყვედრის საზოგადოებას, რომ "ოცნებას" ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, მაგრამ თვითონ ხომ მაინც კარგად იცის, რომ ასე არ იყო. მისი ყოფილი თანაგუნდელები იხსენებენ, როგორ ამბობდა სააკაშვილი, რომ მზად იყო ქართველი პინოჩეტი გამხდარიყო. თუმცა ჩაერივნენ ამერიკელები კონკრეტული სენატორების სახით. რიშმა და შაჰინმა სააკაშვილს გადასცეს ვაშინგტონის კონკრეტული დანაბარები და დაარწმუნ-აიძულეს, რომ პინოჩეტობა არ ეცადა. რა მოხდებოდა მაშინ, რომ დასავლეთი ამერიკელების სახით პროცესებში არ ჩარეულიყო? კარგი არაფერი.
"ოცნების" კრიზისი
"ქართულ ოცნებასაც" კარგა ხნის განმავლობაში მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდა. პირველი კრიზისი ქვეყანაში 2018 წელს გაჩნდა, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო აქციები დაიწყო. მაშინ გადადგა გენპროკურორი, რამაც უსაფრთხოების ბალიშის როლი შეასრულა.
შემდეგ დადგა 2019 წლის 20 ივნისი. მაშინ თანამდებობის დატოვებამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოუწია, რამაც პროტესტი ბოლომდე თუ არ ჩააცხრო, ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია გარკვეულწილად გაანეიტრალა.
შემდეგ იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი 5-თვიანი პოლიტიკური კრიზისი. ამჯერად უკვე მხარეებს შორის შუამავლად ერთი მხრივ შარლ მიშელი გამოვიდა, მეორე მხრივ ამერიკელები. რა ბედი ეწია "შარლ მიშელის" დოკუმენტს, ეს სხვა თემაა. მთავარია, რომ კრიზისი განიმუხტა და ქვეყანა დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს... როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ 2024 წლის ნოემბრამდე.
გიორგი კვიტაშვილი