რისთვის ემზადება „ქართული ოცნება“?! - კვირის პალიტრა

რისთვის ემზადება „ქართული ოცნება“?!

თბილისში უწყვეტი პროევროპული აქციები გრძელდება და იმართება მსვლელობები ორი მოთხოვნით - ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ლაპარაკია მათზე, ვინც პროტესტში მონაწილეობისთვის "ჯგუფური ძალადობის" ბრალდებით არიან დაკავებული, არადა, ერთმანეთი ციხეში გაიცნეს. მიუხედავად­ იმისა, რომ მათ ბრალს პროკურატურა ვერ ამტკიცებს და მათი საქმის განხილვა გადაიდო, 11-ვე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა... ამასობაში კი "ოცნებამ" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს გამოიძიებს. რას ნიშნავს ეს და რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.

- რომ გითხრათ, "ქართულ ოცნებას"­ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს-მეთქი, მთლად ასე არ არის და ცდილობენ ძველი ნარატივები გააცოცხლონ. ამ 12 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ გაიძახოდნენ, აი, "ნაციონალები" ბრუნდებიან ხელისუფლებაშიო და აშინებდნენ არა მარტო თავიანთ მხარდამჭერებს, ნეიტრალურ ამომრჩეველსაც, რომლისთვისაც "ნაცმოძრაობა" ისევე მიუღებელია, როგორც "ქართული­ ოცნება". დღეს ძალზე რთული ვითარებაა და ეს მშვენივრად იციან "ოცნებაში" და ამიტომ დაიწყეს "ნაციონალების" ნარატივის თავიდან გამოყენება. ვფიქრობ, სწორედ ამას უკავშირდება კომისიის შექმნა, აი, "ნაციონალები" არიან დამნაშავეებიო და რაკი "ნაცმოძრაობას" მხარს უჭერენ­ ჩვენი პარტნიორები, მათაც დამნაშავეებად­ აცხადებენ და ამით ცდილობენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ იწყება­ უკვე ახალი ანტინაცების პროპაგანდა და, თუ ამან ნაყოფი გამოიღო, ალბათ, დაიწყება რეპრესიები - ჩაატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს და დარწმუნებული ვარ, უკვე ატარებენ კიდეც, გაამართლებს თუ არა კომისიის შექმნა, პროპაგანდა კი მაინც რეპრესიებისკენ იქნება მიმართული. არ გამოვრიცხავ, სჭირდებოდეთ საზოგადოების შემზადება იმისთვისაც, რომ ახალი არჩევნების წინ იცოდნენ, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს რეალურად "ქართულ ოცნებას". თუ "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ იძულებული იქნებიან არჩევნები ხელმეორედ ჩაატარონ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

- რეალურად ფიქრობენ არჩევნებზე? ყველაფერზე უარს ამბობენ, 11 ახალგაზრდის ციხეში დატოვებაც­ ხომ იმის ნიშანია, რომ არაფრის დათმობა არ უნდათ.

- ამ პროპაგანდას "ოცნება" შეინარჩუნებს მაშინაც, თუ, დავუშვათ,­ გადაწყვეტილი აქვს არჩევნების ჩატარება. ერთი საათით ადრეც იგივე პროპაგანდა იქნება, ხოლო ერთი საათის შემდეგ კი შეიძლება არჩევნები დანიშნონ. ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაცნაირად შეარბილონ სიტუაცია.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რეალურია, რეალურია ასეთი ვარიანტი: ან ინიშნება ახალი არჩევნები, ან სანქციები­ გრძელდება, ხოლო სანქცირება რასაც ნიშნავს, კარგად ვიცით. ვიდრე დასასანქცირებელთა სია მაგიდაზე დევს და მსვლელობა არ მისცემია, ალბათ, რაღაც უნდა იღონონ, თორემ თუ ეს მიმართულება აქტიურად ამუშავდა, მერე ძალიან გაუჭირდება­ ივანიშვილს გუნდის შენარჩუნება... არის მეორე ვარიანტიც - ბოლომდე ასე წავიდნენ და მაშინ მიდიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რასაც არ გამოვრიცხავ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ივანიშვილი მთლად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, რბილად რომ ვთქვათ.

01000000-c0a8-0242-2f2d-08dcbec8be3a-w1597-n-r1-st-s-1736695195.jpg

- რუსეთიდან იღებს მითითებებს?

- დიახ. შესაძლოა არა პირდაპირ ტელეფონით, მაგრამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკით რუსეთი აღფრთოვანებულია, მგონი, ამის უარყოფა არავის შეუძლია. არა მარტო რუსეთს, საზოგადოდ ავტორიტარულ სამყაროს ეშინია დემოკრატიის და ამიტომ ავტორიტარიზმი ყოველთვის ებრძვის დემოკრატიას, შესაძლოა აშკარად არა, მაგრამ რაღაც ფორმით. ასეთია დღევანდელი რეალობა. მართალია, ამას მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები არ უშველის, მაგრამ აუცილებელია, რომ შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა. ეს თუ შევძელით, დიდი გარღვევა იქნება არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი უშუალო და ცოტა შორეული მეზობლებისთვისაც. ამიტომაც რუსეთსაც და სხვებსაც ურჩევნიათ საქართველოში ავტოკრატია იყოს...

- აქამდე სულ იმაზე იყო ლაპარაკი, "ოცნება" ამომრჩეველს "ნაცი" მოდის" ძახილით ინარჩუნებსო. თუ ახლა "ნაცმოძრაობას" გაასამართლებენ და აკრძალავენ, ამით რას მიაღწევენ? აღარ სჭირდებათ "საფრთხობელა" თუ ახალი არჩევნებისთვის ფონის შექმნა სურთ?

- შეიძლება რამდენიმე კაციც დაიჭირონ­ და "ნაცმოძრაობა" აღარ იყოს ამ ფორმით, აკრძალონ და ა.შ., მაგრამ ელექტორატს ხომ ვერ წაართმევენ? "ნაცმოძრაობას"­ ჯამურად 400 ათასი ამომრჩეველი­ ჰყავს. ვგულისხმობ მელიას ფრთასაც­ და თვითონ "ნაცმოძრაობას". ამ ხალხს რა უნდა უყონ? ამიტომ გამოჩნდება­ ახალი ძალა, რომლისკენაც ის 400 ათასი კაცი გადავა, მას დაუჭერს მხარს და არა "ქართულ ოცნებას". ასე რომ, ამით "ოცნება" ბევრს ვერაფერს მოიგებს. რეპრესიები რამდენიმე პირზე პროპაგანდისტული იქნება და არა ის, რომ აკრძალავენ პარტიას. როგორც გითხარით, ავტორიტარიზმს "ნაცმოძრაობის" კი არა, დემოკრატიის ეშინია, თორემ გულწრფელად რომ ვთქვათ, მართლა სუფთა არჩევნები რომ ჩაატარონ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარეც კი პარტიებს შორის "ქართული ოცნება" მაინც პირველ ადგილს აიღებს. ეს განცხადებები თუ ქმედებები, ჩემი აზრით, მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება, რათა შუაშისტური ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დააშინონ და ამით შექმნან ვაკუუმი ოპოზიციაში. წარმოიდგინეთ, ახალი არჩევნები თუ დაინიშნა, რა უნდა უთხრას ახალი "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას? ერთადერთი თემაა, "ნაციონალებს" გავასამართლებთო და ა.შ.

untitled-design-36-1736695195.jpg

- მედიაში გამოჩნდა აშშ-ის მიერ დასასა­ნქცირებელთა ახალი სია, სადაც ნიკა გილაურის ძმაც არის და ის არჩევნებამდე ოპოზიციის პრემიერმინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატადაც კი განიხილებოდა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვევლობას ხომ არ შექმნის?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი, ალბათ, რაიმე­ საფუძველი აქვთ... კი ბატონო, შეიძლება ამ სიაში არის გილაურის ძმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საკუთარი ინტერესები­ არა აქვს - ჩვენი საზოგადოება მერყევია როგორც იდეოლოგიურად, ისე ფინანსურად და თუ მას აქვს კავშირი "ოცნებასთან", და ალბათ, აქვს, მაშინ დაასანქცირებდნენ. ჩემი აზრით, გილაურის ძმობა არაფერ შუაშია.

- ამ კვირაში სალომე ზურაბიშვილი მედიასთან ახალ ოფისში გამოჩნდა. იყო მოლოდინი, რომ გეგმას გაგვაცნობდა, მაგრამ ახალი­ არაფერი უთქვამს. ვიცით მხოლოდ ის, რომ მიდის ტრამპის ინაუგურაციაზე და ლეგიტიმური პრეზიდენტის სტატუსით აგრძელებს ჩვენs პარტნიორებთან ურთიერთობას...

- მოსალოდნელი იყო, რომ ამ მიმართულებით წავიდოდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილი სწორად მოქმედებს. ის მუშაობს ორი მიმართულებით - საპროტესტო აქციებს მხარში უდგას, და მეორე­ - მუშაობს საგარეო ასპარეზზე.

ვიზიტები ჩვენს პარტნიორებთან აუცილებელია, რადგან მას ძალიან ენდობიან ჩვენი პარტნიორები. ზურაბიშვილის საგარეო კავშირები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა რასაც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო ორი წელია ხაზი გადაუსვა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და დავუბრუნდეთ ჩვენი განვითარების ვექტორს.

ასე რომ, ეს ორი აპრიორი სწორი მიმართულებაა. რაც შეეხება მოლოდინს, თუ რა იქნება, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ. ის, რომ ზურაბიშვილი ჯერ არაფერს ამბობს, ძალიან სწორია, რომც ფიქრობდეს პოლიტიკაში პარტიულ ჩართვას, საკუთარი პარტიის შექმნას თუ სხვა, დღეს ამაზე საუბარი წამგებიანია მისთვისაც და საერთოდ ოპოზიციური ფლანგისთვისაც.

რუსა მაჩაიძე