თურქეთ-ისრაელის შესაძლო ომი სირიაში ფანტასტიკა აღარ არის... - კვირის პალიტრა

თურქეთ-ისრაელის შესაძლო ომი სირიაში ფანტასტიკა აღარ არის...

თანამედროვე მსოფლიოს ხომ ომები არ აკლია - ჩვენს პლანეტაზე შეიარაღებული დაპირისპირების 110-მდე კერაა, რომლებიდანაც 55-ში მაინც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. და ამ „ომების კლუბს“ მალე შეიძლება კიდევ ერთიც, თურქეთ-ისრაელის შეიარაღებული დაპირისპირებაც დაემატოს.

ეს აღარ არის ფანტასტიკის სფერო, რადგან ასადის რეჟიმისგან განთავისუფლებული სირიის თავისებურად გადანაწილება სურთ მის მეზობლებს - ჩრდილოეთიდან თურქეთს, ხოლო დასავლეთიდან ისრაელს - სირიის ტერიტორიაზე უკვე არიან როგორც თურქეთის, ისე ისრაელის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფები მძიმე ჯავშანტექნიკით, მოსალოდნელია მათი საცეცხლე კონტაქტიც. არადა, იყო დრო, როდესაც თურქეთსა და ისრაელს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ამ რეგიონში. წარმოიდგინეთ, გასული საუკუნის ბოლოს თურქები თავიანთ საჰაერო სივრცესაც კი უთმობდნენ ისრაელელ სამხედრო მფრინავებს სავარჯიშო ფრენებისთვის და პოლიგონების გამოსაყენებლად. დღეს ეს ყველაფერი წარსულშია და თელ-ავივი შეიძლება ანკარას არანაკლებ მტრად მიიჩნევს, ვიდრე თეირანს.

ამაში კი წვლილი შეიტანა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მკვეთრმა კრიტიკამ, როდესაც მან დაგმო 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის"“ისრაელის კიბუცებზე თავდასხმის საპასუხოდ „ცახალის“ მიერ ჯერ ღაზის სექტორის, შემდეგ სამხრეთ ლიბანის მართლაც დაუნდობლად დაბომბვა.

თელ-ავივში მიაჩნიათ, რომ ამით ანკარამ აშკარად დაუჭირა მხარი "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ტერორისტულ ორგანიზაციებს, შესაბამისად, ისრაელისთვის თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება თუ აშკარა მტერი არა, არამეგობრული მხარე მაინც არის, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება გადაიქცეს მთავარ მოწინააღმდეგედაც და აი, რატომ... თავად ისრაელის მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ ბაშარ ასადის რეჟიმის დროს ნეთანიაჰუს მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა სირიის სამ ნაწილად დაყოფისთვის ხელშეწყობა, რათა შეეწყვიტა ირანიდან სირიის გავლით რაკეტებისა და სხვა შეიარაღების გადატანა ლიბანში "ჰეზბოლასთვის".

ამისთვის თელ-ავივს დაგეგმილი ჰქონდა სამხედრო დახმარება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედი ქურთების შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რომლებიც გზას ჩაუკეტავდნენ ირანელ სამხედროებს სირიის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იარაღის ტრანსპორტირებაში. ამასთან, თელ-ავივი თანახმა იყო ბაშარ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაზე, ოღონდ არაბთა გაერთიანებული საამიროების პატრონაჟით. სირია-ისრაელის საზღვართან მცხოვრებ დრუზებს თელ-ავივი ასევე ერთგვარ ბუფერულ ზონას ჩააბარებდა.

2-erd-1736695550.png
სირიელ ქურთებს აშშ-ის არმიის დახმარების იმედი აქვთ, რადგან იციან, რომ პროთურქული ძალები მათ წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ...

სირიის მესამე, ოღონდ პატარა ნაწილი კი იდლიბის რაიონში თურქეთის გავლენაში დარჩებოდა, მაგრამ თურქეთის სპეცსამსახურებმა ისრაელის ჩანაფიქრი ჩაშალეს, რადგან სწორედ თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის"“მებრძოლებმა იდლიბიდან დამასკომდე ათიოდე დღეში ტყვიამფრქვევიანი პიკაპებით ჩააღწიეს და დაამხეს ათი წლის განმავლობაში ირანისა და რუსეთის „ნალოლიავები“ ბაშარ ასადის რეჟიმი.

სირიაში არეულობით კარგად ისარგებლა ისრაელმაც, რომლის ავიაცია ორი კვირა შეუსვენებლივ ბომბავდა სირიის გაქცეული არმიის შეიარაღების საწყობებს, რათა სირიის ხელისუფლებაში მოსულ პროთურქულ "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" ნაკლები შეიარაღება დარჩენოდა. ამასთან, თელ-ავივმა „ცახალი“ შეუშვა გოლანის სიმაღლეებზე, რომელსაც ნახევარი საუკუნეა სირია და ისრაელი ერთმანეთს ეცილებიან და ორმოციოდე კმ-ზე მიუახლოვდა სირიის დედაქალაქ დამასკოს.

უახლოეს მომავალში თურქეთი და ისრაელი თავიანთი სტრატეგიული გეგმის შესრულებას დაიწყებენ სირიის ტერიტორიაზე.

ანკარას სურს თურქეთ-სირიის საზღვრის მთელ გაყოლებაზე სრული კონტროლი მოიპოვოს და იქიდან გააძევოს ქურთების მუშათა პარტიის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დანაყოფები, მაგრამ ეს არცთუ ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ სირიის ხელისუფლებაში პროთურქული "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი"“ მოვიდა.

საქმე ის არის, რომ ქურთების სამხედრო ფორმირებებს არა მარტო აიარაღებს აშშ, არამედ პენტაგონს ორიათასიანი სამხედრო კონტინგენტიც კი ჰყავს გაგზავნილი სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის სამხედრო ინსტრუქტორების ქურთების რაზმებში.

ათიოდე წლის წინ ამერიკელები ასე ეხმარებოდნენ ქურთებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული დაჯგუფებების თავდასხმების მოსაგერიებლად, მაგრამ დღეს ქურთებს დიდმა ომმა შეიძლება უკვე თურქეთის რეგულარულ არმიასთან მოუწიოს, რომელიც პროთურქული „სირიის ნაციონალური არმიის“ უკან დგას.

რა გამოვა - ნატოს ორი წევრი ქვეყანა, თურქეთი და აშშ სირიაში ერთმანეთს დაუპირისპირდება? შეიძლება უშუალო შეტაკებამდე საქმე არ მივიდეს, მაგრამ ის, რომ ქურთების მუშათა პარტიის დანაყოფებისა და „სირიის ნაციონალური არმიის“ ზურგს უკან ამერიკელები და თურქები დგანან, დიდი ხანია ფაქტია. გარდა ამისა, ანკარაში უშვებენ, რომ ისრაელი ფარულად უკვე ცდილობს შეაიარაღოს ქურთების დანაყოფები, მათ შორის საზენიტო საშუალებებით, რაზეც მეტყველებს ქურთების მიერ უკვე ზედიზედ მესამე თურქული სადაზვერვო „ბაირაქტარის“ ჩამოგდებაც.

თავის მხრივ, თელ-ავივში ეშინიათ, რომ "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის"“ სირიის ხელისუფლებაში მოსვლას ანკარა გამოიყენებს არა მარტო ამ ქვეყანაში გასაძლიერებლად, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რაც აუცილებლად შეეწინააღმდეგება ისრაელის სტრატეგიულ გეგმებს.

პირველი - სირიაში თურქეთის გაძლიერება ისრაელს მოუსპობს საშუალებას სწორედ სირიის საჰაერო სივრცის გავლით საჰაერო დარტყმები მიაყენოს ირანის სარაკეტო და ბირთვულ ობიექტებს, რისი იმედიც თელ-ავივს გაუჩნდა ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობისა და სირიაში მოქმედი რადიოლოკატორებისა და საზენიტო რაკეტების მიზანმიმართული განადგურების შემდეგ.

გასაგებია, რომ სირიაში თურქული საზენიტო საშუალებების განთავსებისთანავე ისრაელს მოესპობა საშუალება დაუსჯელად გადაკვეთოს სირიის ცა.

მეორე - მართალია, ისრაელი არ აღიარებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ქონას (ებრაელი პოლიტიკოსების საყვარელი გამონათქვამია, ატომური იარაღი არა გვაქვს, მაგრამ თუ დაგვჭირდა, გამოვიყენებთო), მაგრამ მთელი მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბირთვულ იარაღს მხოლოდ ისრაელი ფლობს.

ახლა ჩნდება იმის რეალობა, რომ ბირთვული იარაღის კიდევ ერთ მფლობელად თურქეთი მოგვევლინოს, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესები ამოძრავებს როგორც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ისე ახლო აღმოსავლეთშიც.

თურქეთის არმიის შეიარაღებაში უკვე არის შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტები და ის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის მიტანა ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყნამდე, მათ შორის ისრაელამდეც შეუძლიათ.

რჩება მთავარი, თავად ბირYვული ქობინები, რომელთა დამზადება შეიძლება თურქეთს დღეს არ ძალუძს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა სწრაფი ტემპით აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს თავის ტერიტორიაზე (მათ შორის რუსეთის დახმარებით), ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის სტრატეგიულ გეგმაში ნამდვილად შედის, რომ თურქეთი რაც შეიძლება მალე გაწევრდეს მსოფლიოს „ბირთვულ კლუბში.

მესამე - ანკარას ძალზე აღიზიანებს თელ-ავივის აქტიურობა ათენთან სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაში.

ოსმალეთსა და საბერძნეთს შორის არაერთი ომი ყოფილა, მაგრამ როდესაც 1974 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორი წევრი, თურქეთი და საბერძნეთი, ერთმანეთს კვიპროსის კუნძულზე დაუპირისპირდნენ, ეს სულ სხვა რამ გახლდათ. მას შემდეგ კვიპროსი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ანკარა ყოველთვის მტკივნეულად განიცდის, როდესაც კვიპროსის ბერძნულ ნაწილში უცხო ქვეყნების ინტერესები ჩნდება. ასე მოხდა ცოტა ხნის წინაც, როდესაც გაირკვა, რომ კვიპროსელმა ბერძნებმა ისრაელისგან თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ბარაკი"“შეიძინეს.

საბერძნეთ-ისრაელის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც საკამათო კვიპროსის კუნძულსაც შეეხება, ანკარაში არ აწყობთ, რაც თურქეთ-ისრაელის პოლიტიკურ დაპირისპირებას კიდევ უფრო აღვივებს.

ყოველივე ამის ფონზე კი ერთგვარი ნონსენსია ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მდგომარეობა, რადგან, ერთი მხრივ, აზერბაიჯანელები და თურქები მოძმე ერები არიან, მაგრამ ამასთანავე ბაქოსა და თელ-ავივს საუკეთესო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებთ (ჩვენი, საქართველოს მეოხებითაც, რადგან ჩვენ საჰაერო და სახმელეთო დერეფნებს ვუთმობთ მათ აზერბაიჯანული ნავთობის ისრაელში გადასატანად, ხოლო ისრაელში - ნაყიდი შეიარაღების აზერბაიჯანში მოსახვედრად) და სწორედ ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის მიყიდულმა თანამედროვე შეიარაღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა აზერბაიჯანის არმიის ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებასა და ბაქოს მიერ 30 წლის შემდეგ ქვეყნის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

პრეზიდენტ ალიევს უხდება როგორც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის, ისე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პოზიციების გათვალისწინება, თუმცა თუკი ეს ორი ქვეყანა მართლაც იარაღით დაუპირისპირდა ერთმანეთს, მაშინ მოუწევს კონკრეტული მხარის არჩევა, რომელიც, დიდი ალბათობით, მაინც თურქეთი იქნება.

სირიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემორჩენილი ორი რუსული ბაზის ბედი გადაწყვეტილი არ არის, რადგან პუტინსა და ერდოღანს შორის ეტყობა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს. ის, რომ რუს სამხედროებს ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო ბაზებიდან თავქუდმოგლეჯით გამოქცევამ არ მოუწიათ ასადის რეჟიმის დამხობისთანავე, უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ანკარამ მოსკოვს დრო მისცა, მაგრამ საბოლოოდ რაზე „ივაჭრებენ“ ერდოღანი და პუტინი, მალე გამოჩნდება, ისე კი არც თურქეთისა და არც ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს სირიაში რუსული სამხედრო ძალის დატოვება.