„კორეელმა მეცნიერებმა მიაგნეს მოლეკულებს, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს უჯრედები გამოჯანმრთელებაზე „გადართონ“ - კვირის პალიტრა

„კორეელმა მეცნიერებმა მიაგნეს მოლეკულებს, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს უჯრედები გამოჯანმრთელებაზე „გადართონ“

მართალია, გასული წელი მსოფლიოში პოლიტიკური მღელვარების წელი იყო, მაგრამ არც სამეცნიერო აღმოჩენები შეჩერებულა. მათგან მნიშვნელოვანი სამედიცინო დარგშია. გენურმა ინჟინერიამ ანუ ცოცხალი­ ორგანიზმების გენების მუშაობაში ჩარევის შესაძლებლობამ, მერე კი მათმა­ რედაქტირებამ, დაავადებული გენების ჯანმრთელით შეცვლის პროცესმა უდიდესი პერსპექტივები შექმნა მძიმე დაავადებების განკურნებისათვის. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი უკვე ფიქრობს, რომ გენების კომბინაციებში ჩარევა,­ განკურნების პარალელურად, სახიფათოცაა, რის გამოც ამ პროცესებზე მუდმივი კონტროლია დასაწესებელი. მაგრამ ეს თემა არ ეხება მძიმედ დაავადებულებს, რომელთა გამოჯანმრთელება თანამედროვე მედიცინის უნიკალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მოუთმენლად ელიან როდის დამთავრდება სხვადასხვა დაავადების განსაკურნებლად დაწყებული ბიოლოგების ცდები... რა პერსპექტივა შეუქმნა გასული წლის სამედიცინო აღმოჩენებმა მძიმე დაავადებების დამარცხებას, რა მიმართულებები გაჩნდება სამკურნალო მედიცინაში, ამ საინტერესო საკითხებზე ბიოლოგი მერაბ ლომაძე­ გვესაუბრება:

- ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკის­ გაცნობიერება, რედაქტირება და დაავადებული­ გენების განცალკევება ბიოლოგიური მეცნიერების დამსახურებაა. თაგვებიდან სიბერის გენის "ამოჭრისა" და მათი გაახალგაზრდავების ექსპერიმენტების შემდეგ ადამიანიც­ იმავეს ელის... თუმცა 2024 წელი უფრო სიმსივნესთან ბრძოლით გამოდგა წარმატებული.

- უკვე არაერთი მეცნიერი ამბობს, რომ გენური რედაქტირება შეიძლება დაავადებების განკურნებაში დაგვეხმაროს, მაგრამ ადამიანის შექმნილმა ახალმა კომბინაციებმა მომავალში სირთულეები შექმნას. როდესაც გენური ჯაჭვიდან განკურნების მიზნით ვჭრით დაავადებულ გენებს და მის ნაცვლად ჯანმრთელს ვსვამთ, იქმნება ახალი გენეტიკური კომბინაციები, რომლებიც არავინ იცის, წინ რა სირთულეს დაგვახვედრებს. დიახ, არიან მეცნიერები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კომერციასთან მედიცინის დაკავშირებას და მოუწოდებენ არც ერთი სიახლე არ დაინერგოს პოტენციური რისკების გამოვლენის პერიოდის გასვლამდე, მათ შორის არც აცრები. გრძელვადიანი გამოცდის პერიოდად კი მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ 12 წელი დააწესა მოხალისე პაციენტებზე წარმატებით გამოცდიდან.

- თუმცა, როდესაც სიმსივნით დაავადებული ადამიანი წუთებს ითვლის, ის მზად არის ახალ ვაქცინას პირველმა გაუწოდოს მკლავი ინიექციისათვის.

- მსგავსი ექსპერიმენტები გასულ წელს მედიცინის არაერთ მიმართულებაში­ ჩატარდა პაციენტებში, რომლებმაც გამოთქვეს ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი, და შედეგიც კარგი იყო. მკურნალობის მსგავს მეთოდებს მხოლოდ მაშინ იყენებენ პაციენტებში, როდესაც ისინი სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე, მაგალითად, მღრღნელებზე წლობით არის გამოცდილი. ახლა ადამიანების მკურნალობის დადებითმა შედეგებმა კლასიკურ მედიცინაში უნდა გადმოინაცვლოს და არა მხოლოდ სიმსივნის მკურნალობაში.

გასულ წელს ამერიკელმა ექიმებმა პაციენტს გულის ნაცვლად გადაუნერგეს ტიტანის იმპლანტი, რომელსაც გულის ფუნქციები მანამდე უნდა ეტვირთა, სანამ დონორი გამოჩნდებოდა. იმპლანტი ზუსტად 8 დღის განმავლობაში მუშაობდა ორგანიზმის სისხლის გატარებაზე. წარმოიდგინეთ, 8 დღეს აცოცხლა ადამიანი, ვიდრე ნამდვილი გულის დონორი გამოჩნდებოდა. ჩინელმა მეცნიერებმა უფრო დიდი სასწაული ჩაიდინეს - ერთი საათის გარდაცვლილი ცხოველის ტვინი გააცოცხლეს. ეს ექსპერიმენტი ღორზე ჩაატარეს - როდესაც მას გული გაუჩერდა, მეცნიერებმა მისი სისხლძარღვები ღვიძლზე მიაერთეს და გული ასე "ჩაანაცვლეს". როდესაც ორგანიზმში სისხლის მოძრაობა დაიწყო, ცხადია, ტვინმაც დაიწყო ფუნქციების დაბრუნება. მართალია, ეს მხოლოდ 3 საათს გაგრძელდა, თუმცა გასაგებია, რამხელა პოტენციაა ამ მომენტში.

- შეგვიძლია გასულ წელს ტვინში ჩადგმული ილონ მასკის ჩიპიც გავიხსენოთ, რამაც უამრავი ადამიანი შეზარა ტვინში ჩადგმული ჩიპების უნარების გაცნობიერებით...

- სწორედ ამიტომ გითხარით, რომ მეცნიერებაში უკონტროლობის გამო თავდაცვითი მექანიზმის ამუშავება იწყება, რისთვისაც უამრავი მეცნიერი იბრძვის.

თუმცა ადამიანის ტვინში ჩადგმული ჩიპი ნამდვილად სიკეთეს ემსახურებოდა - პარალიზებულმა პაციენტმა ნოლანდ არბომ ჩიპის ამუშავება ფიქრით დაიწყო. მას მხოლოდ გაფიქრებით შეეძლო კომპიუტერის კურსორის ამოძრავება და ჭადრაკის თამაში. მეორე პაციენტიც პარალიზებული იყო, ის ვერც ლაპარაკობდა, ახლა კი მის სათქმელს კომპიუტერი გადმოსცემს.

იაპონელ მეცნიერებსაც დიდი სამედიცინო მიღწევა ჰქონდათ - მათ პაციენტებს ჩამოშლილი თვალის ბადურები ღეროვანი უჯრედების გადანერგვით აღუდგინეს. ორი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ თვალში ღეროვანი უჯრედების უკონტროლო გამრავლებას და სიმსივნური პროცესების წარმოქმნას, რაც არ მომხდარა. არადა, ღეროვანების გამოყენების დროს სწორედ ამის ეშინიათ მეცნიერებს და უამრავი ქვეყანა თავს იკავებს ოპერაციებისგან.

თვალის ბადურის ჩამოშლა მძიმე დაავადებაა და მხედველობას მხოლოდ ბადურის გადანერგვა აღადგენს. როგორ მიაღწიეს ამას იაპონელებმა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ექსპერიმენტის კლასიკურ მედიცინაში გადმონაცვლების დროც მალე დადგება.

- ალბათ, რამდენი უნუგეშო ადამიანი ოცნებობს მსგავს ოპერაციაზე. თუმცა, ალბათ, კაცობრიობას არ ჰყოლია იმაზე დიდი მტერი, ვიდრე სიმსივნეა. სწორედ სიმსივნესთან ბრძოლის დიდი შედეგებით აღინიშნა გასული წელიწადი.

- კიბოს განკურნების იმედი სწორედ გენურმა ინჟინერიამ ანუ დაავადებულ გენეტიკურ ჯაჭვზე მუშაობამ მოგვცა.E ეს იგივე გენების რედაქტირებაა, რისთვისაც იქმნება ხელოვნური გენეტიკური კონსტრუქციები, მედიკამენტები, მათ შორის ინიექციები, რომლებიც ორგანიზმში კიბოს დაავადებულ უჯრედებს ეძებენ და მათ განადგურებას იწყებენ.

ამ მეთოდის გამოყენებაზე ცდები მრავალი წელია მიმდინარეობს და მხოლოდ გასულ წელს შეიქნა ცნობილი, რომ ამ მიზნით შექმნილმა ვაქცინამ ადამიანებშიც წარმატებით გადალახა გამოცდის პირველი ფაზა. ინიექციამ მრავალ დაავადებულში სიმსივნე ქიმიოთერაპიის გარეშე დათრგუნა და დააპატარავა. ამას ინგლისელ მეცნიერებს უნდა ვუმადლოდეთ. სხვათა შორის, შიდსის სამკურნალო ვაქცინამაც სრულყოფილად გაიარა ყველა ექსპერიმენტი და მალე, ალბათ, წარმოებაშიც ჩაეშვება. ამიერიდან აივ-ინფექციით დაავადებული პაციენტები უამრავი აბის ყოველდღიურად მიღების ნაცვლად ვაქცინას წელიწადში ორჯერ გაიკეთებენ, რაც საკმარისი იქნება სიცოცხლისათვის.

- გავრცელებული ინფორმაციით, საშველი გამოჩნდა პანკრეასის კიბოს განკურნებაშიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგია სიმსივნეთა შორის.

- ეს ინგლისელ-ამერიკელ მეცნიერთა­ ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა.

გენეტიკურ ჯაჭვში აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს გამომწვევი მოლეკულები. ეს ნიშნავს, რომ მალე დაიწყება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ორგანიზმში პანკრეასის გამომწვევ მოლეკულებს იპოვის და გაანადგურებს. სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უკვე შექმნილია კიბოს ნაადრევი დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდები. მაგალითად, ფილტვის კიბოსი. ამ მიღწევამ ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა ექვსი წლით ადრე უნდა განსაზღვროს. უკვე იმაზეც შეიძლება საუბარი, სიმსივნე კონკრეტულად რომელ ფილტვში განვითარდება ექვსი წლის შემდეგ. ეს ამ ვერაგ დაავადებას განვითარების საშუალებას არ მისცემს. მსგავსი მეთოდებით ალცჰაიმერის დაავადების წინასწარ დიაგნოსტირება და მასთან ბრძოლა გახდა შესაძლებელი.

- მადლობა უნდა გითხრათ ამ საიმედო საუბრისთვის. იმედია, ეს მეთოდები ჩვენთანაც მალე დაინერგება.

- იმედია. თუმცა სიმსივნის მკურნალობაში სხვა სენსაციაზე ჯერ არ მითქვამს. მაგალითად, იმის შესახებ, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ გასულ წელს ოფიციალურად დაარეგისტრირა პრეპარატი, რომელიც კურნავს სწორი ნაწლავის კიბოს კონკრეტულ ტიპს. სასწაულია, მაგრამ ასეა: პრეპარატის კვლევაში მონაწილე 42 პაციენტიდან კიბო არც ერთს აღარ აღმოაჩნდა არც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, არც ენდოსკოპიისა და სხვა გამოკვლევების შემდეგ.

სრულიად ახალი უნიკალური მეთოდია სიმსივნის მკურნალობაში, რის შესახებაც შარშან კორეელმა მეცნიერებმა განაცხადეს და რაც მსგავსი კვლევებისაგან ფუნდამენტურად განსხვავდება. კორეელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს ტექნოლოგია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ უჯრედებს აჯანმრთელებს. ეს მეთოდი დაინდობს ორგანიზმს იმ გვერდითი მძიმე მოვლენებისგან, რასაც კიბოს არსებული კლასიკური მკურნალობა იწვევს. კორეელმა მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში მიაგნეს მოლეკულებს, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს უჯრედები გამოჯანმრთელებაზე "გადართონ". ეს დიდი მიღწევაა ამ ურთულესი დაავადების განკურნებისთვის.