ამბავი, რომელიც ზღაპარს ჰგავს - „ადვილი ნამდვილად არ იყო ქორწილის შემდეგ ბარგის ჩალაგება და ომში წამოსვლა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო“
ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, ზღაპარს ჰგავს, თუმცა სინამდვილეა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისელმა ახალგაზრდა ქალმა ერთ სუსხიან ზამთრის დღეს ბარგი ჩაალაგა, ჩაჯდა მატარებელში, შემდეგ თვითმფრინავში, ავტობუსითაც იარა, ფეხითაც, მინდვრები, მდინარეები, ბლოკპოსტები გადალახა და შეყვარებულს პირდაპირ ფრონტის ხაზზე ჩააკითხა, უკრაინაში. ეს ქალი იაკო ფრანგიშვილი იყო, მისი შეყვარებული კი ნიკა ჭურაძე. მოგვიანებით წყვილი თბილისში დაბრუნდა და იქორწინა. თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც ნიკას მშობლებმა გული დაიმშვიდეს, რომ მათი ვაჟი ოჯახს მოეკიდა და ომში აღარ წავიდოდა, ნიკამ და იაკომ ოჯახის წევრებს ერთობლივი გადაწყვეტილება ამცნეს, ამჯერად ორივემ ერთად გადაწყვიტა უკრაინაში დაბრუნება. დღეს ორივე ფრონტისპირა ქალაქ ზაპოროჟიეში ცხოვრობს.
იაკო:
- ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ - მე და ნიკას ერთნაირი იდეალები და მსოფლმხედველობა გვაქვს. სამშობლო ორივესთვის უპირველესია და ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის დამარცხების ერთადერთ გზას ორივე უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, უკრაინაში ორივეს ბევრი მეგობარი გვყავს, როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები. ჩვენ ვერასდროს აღვიქვამთ მეგობრებად რუსებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების ხოცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებით იმპერიალისტები არიან და მუდმივად სხვის მიწებზე უჭირავთ თვალი. მოკლედ, ორივემ გადავწყვიტეთ უკრაინაში გვეკეთებინა ის, რასაც აქ ვერ გავაკეთებდით, გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ქართველებსა და უკრაინელებს ერთი მტერი და ერთი ომი გვაქვს.
ნიკა უკრაინულ შეიარაღებულ ძალებშია, მე ლოჯისტიკის საკითხებში ვეხმარები. ჩემი დახმარება განსაკუთრებით მოხალისეებს სჭირდებათ, ბევრმა უკრაინული არ იცის და მათ გამო მხოლოდ უკრაინულად საუბარი კი არა, წერა-კითხვაც ვისწავლე. ასე რომ, ხშირად თარჯიმნის ფუნქციასაც ვასრულებ.
- ნიკა მხატვარია, საბრძოლო გამოცდილება კი უკრაინაში მიიღო, თქვენ თუ ფლობთ სამხედრო უნარ-ჩვევებს?
- ძალიან კარგად ვისვრი მიზანში, თეორიასაც ვსწავლობ. როდესაც ბიჭები მეცადინეობენ, მეც მათ გვერდით ვზივარ და ვმეცადინეობ. ვფიქრობ, ფრონტის ხაზზე გასვლა შემიძლია, მაგრამ ნიკა ჯერ უფლებას არ მაძლევს.
ნიკა:
- მე მხატვარი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მშვიდად ვცხოვრობდი. მერე ვნახე, რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, როგორ მოექცნენ რუსი სამხედროები ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს და მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. ომში გაბრაზებული ან შურისძიებით აღვსილი არ წავსულვარ, უბრალოდ, არ მინდა ასეთი საშინელების წინაშე ჩემი ქვეყანაც დადგეს. სხვათა შორის, დღემდე მახსოვს იაკოს სახე, თვალები, როდესაც პირველად, ჯერ კიდევ შეყვარებულობის დროს, ომში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს და ია უსიტყვოდ მიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი.
იაკო:
- როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მშვიდობიანი ხალხის ხოცვა დაიწყო და პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთელ სამყაროს მიმართა, დაგვეხმარეთო, ვიფიქრე, რომ ნიკა აუცილებლად წავიდოდა, იმიტომ, რომ მას კარგად ვიცნობდი და თანაც მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი.
- ჯერ კიდევ შეყვარებული ნიკას სანახავად ომში მყოფ ქვეყანაში წასვლა როგორ გარისკეთ?
- ძალიან მენატრებოდა და ნებისმიერი სირთულის გადასალახავად ვიყავი მზად, ოღონდ კი ნიკას ჩავხუტებოდი.
- როგორც მახსოვს, მარტო წახვედი.
- დიახ, მარტო. გზად უამრავი დაბრკოლება შემხვდა, ხან ტრანსპორტი არ იყო, ხან გზა... ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ყინავდა, სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ორი უზარმაზარი ჩანთა მქონდა, სხვა რაღაცებთან ერთად საახალწლო ნუგბარიც მიმქონდა. 7 საათი ვიდექი პოლონეთის საზღვარზე. ძალიან ბევრჯერ სიმწრით ვიტირე, ისეთი მომენტიც მქონდა, რომ ვიფიქრე, გზას ვეღარ გავაგრძელებდი, თუმცა სიყვარულმა ყველაფრის ატანის ძალა მომცა. სხვათა შორის, ვინც კი გზაში შემხვდა, ყველა მეხმარებოდა. როცა იგებდნენ, სად მივდიოდი და რატომ, მგულშემატკივრობდნენ. უკრაინის საზღვართან რომ მივედი, უკუნი სიბნელე იდგა. მივდიოდი უკუნ სიბნელეში ფეხით, დაღლილი, მძიმე ჩანთებით და თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა. ბოლოს ნიკუშა რომ დავინახე, დაღლილობაც უკვალოდ გაქრა და შიშიც. ეს ყველაფერი ღირდა იმისთვის, რომ ჩავხუტებოდი და მისთვის თვალებში ჩამეხედა.
- როგორია თქვენი და ნიკას ერთი ჩვეულებრივი დღე ფრონტისპირა ქალაქში?
- ნიკა ფრონტის ხაზზეა, მე ლოჯისტიკურ საკითხებს ვაგვარებ. დილა იწყება განგაშის სიგნალით, შუადღეც ასევე გრძელდება, გამონაკლისი არც საღამოა. ფაქტობრივად, მთელი დღე ქალაქის თავზე რაკეტები დაფრინავენ.
ყოველდღიურობაა იმის გაგება, რომ ადამიანი, რომელსაც გუშინ ესაუბრე, დღეს ცოცხალი აღარ არის. ყოველდღიურობაა, შენგან 250 მეტრში ბომბის ჩამოვარდნა, გაქცევა, რომ იქნებ ვინმეს ცოცხალს მიუსწრო და ნანგრევებიდან ამოიყვანო. დადიხარ ქუჩაში და გახსენდება, რომ უკვე მერამდენე დღეა ის ფეხმძიმე გოგონა აღარ შეგხვედრია, პატარა ბავშვთან ერთად რომ დადიოდა, და აანალიზებ, რომ დაბომბვაში მოყვა და ცოცხალი აღარ არის... ყოველდღე აცილებ საყვარელ მეუღლეს და ძმებივით ბიჭებს ფრონტის ხაზზე და არ იცი, დაბრუნდებიან თუ არა.
ცოტა ხნის წინ ჩემი და ნიკას ძალიან კარგი მეგობარი, უკრაინელი ბიჭი ვეღარ დაბრუნდა. მისი მეუღლეც ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლია. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ჩვენ აღარასდროს ვიქნებით ადრინდელივით ლაღები და ბედნიერები. აქ ძალიან ბევრი ქართველი გავიცანი, რომელთა სახელები საქართველოში არავინ იცის, მაგრამ აქ ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის. საქართველოს სახელით სიცოცხლეს სასწორზე დებენ. ერთია, როდესაც ამ ამბებს გაზეთებიდან ან სოციალური ქსელების საშუალებით იგებ, და მეორე, როდესაც საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ამოდის კვამლი იმ ადგილიდან, სადაც ადრე სახლი იდგა, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა... ყოფილა შემთხვევა, დაბომბვის შემდეგ მაშველებთან ერთად ხალხიც გაქცეულა დასახმარებლად და უცებ რუსებს მეორე ბომბიც მიუყოლებიათ. როდესაც ქალაქში მორიგი ბომბი ვარდება, ყველა დაუფიქრებლად გავრბივართ იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს მაინც მივუსწროთ ცოცხალს. ხალხი მუშაობს, სწავლობს, შვილები სკოლებსა და ბაღებში დაჰყავს, საღამოს შინ ბრუნდებიან და უცებ მათ სახლს ბომბი ეცემა... ეს დიდი უსამართლობა და ბოროტებაა, რომელსაც რუსი ხალხი ვერასდროს ჩამოირეცხავს. ამ „ერთმორწმუნეებმა“ შობის დღეც არ შეარგეს უკრაინელებს, ყველაფერი გვესროლეს, რისი სროლაც შეეძლოთ.
ნიკა:
- ფრონტის ხაზზე გასასვლელად ვემზადებოდით. ისეთი დავალება იყო, მინიმუმ ერთი კვირა მაინც ვერ დავბრუნდებოდით უკან. ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სადაც უნდა შევსულიყავით, დიდი ტალახი იქნებოდა, ჩვენ კი ამინდის შესაბამისი საბურავები არ გვქონდა, თან რუსები ტალახში პატარა ნაღმებს ყრიან, რომლებიც არ ჩანს. ერთი სიტყვით განვიხილავდით, როგორ მოვახერხებდით დავალების ადგილამდე მისვლას. უცებ იაკოს შევხედე და დავინახე, რომ შეშფოთებული სახე ჰქონდა. ვიფიქრე, ყურადღებას სხვა რამეზე გადავატანინებ-მეთქი და ვუთხარი, ფორმა კარგად გამიწმინდე-მეთქი. რად გინდა, მაინც ტალახში მიდიხარო, და ვუთხარი, იქ რომ მოვკვდე და მალევე გამომიტანონ, ჭუჭყიანი ფორმით რომ მნახავენ, შენზე რას იტყვიან-მეთქი. ცდილობდა გაეცინა, მაგრამ ტირილი აუტყდა.
იაკო:
- ისე, სხვა ბიჭებსაც შავი იუმორი აქვთ, ისეთ რაღაცებზე იცინიან, რომ მოუსმინო, გული გაგისკდება. თავიდან ვგიჟდებოდი, მაგრამ ბოლოს შევეჩვიე. ეგ კი არა, რამდენიმე დღის წინ ისიც კი ვთქვი, რა კარგი ამინდია, ნეტავ დღეს არ დამეცემოდეს ბომბი და ჯანდაბას, ხვალ თუ იქნება-მეთქი.
- ნიკა, ახალმოყვანილი მეუღლე ომში წასაყვანად როგორ გაიმეტეთ?
- აბა, მარტო ხომ არ წავიდოდი? ეს ხუმრობით, ისე კი იაკოს ეს თავად უნდოდა. ჩვენ ერთნაირი ადამიანები ვართ, ორივე ვფიქრობთ, რომ რუსეთი ქართველებისა და უკრაინელების საერთო მტერია და ეს მონსტრი აქ უნდა გადატყდეს წელში, რომ საქართველომ მშვიდად ამოისუნთქოს. ადვილი ნამდვილად არ იყო ქორწილის შემდეგ ბარგის ჩალაგება და ომში წამოსვლა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვამ უნდა მოუტანოს უკეთესი ცხოვრება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ჯობს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბოროტების დამარცხებაში. მე და იაკოს ასეთი თამაში გვაქვს, როდესაც მარტო ვართ, ვსვამთ კითხვას, რა არ გააკეთე სწორად, რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი, რას გაიმეორებდი ან რას ნანობ. პასუხებს ფურცელზე ვწერთ და ერთმანეთს ვუცვლით. რამდენჯერმე დაემთხვა, რომ კითხვაზე, ნანობ თუ არა უკრაინაში წამოსვლას, ორივეს მტკიცე უარი გვეწერა.
- თითქმის სამი წელია ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, ხალხის განწყობა როგორია, ხომ არ ფიქრობენ, ოღონდ კი ომი დასრულდეს და მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის.
იაკო:
- არა, ძალიან მამაცი და მებრძოლი ხალხი ყოფილა. ფრონტის ხაზთან არის სოფლები, იქ განგაშის ზარიც კი არ ირთვება, არადა გამუდმებით იბომბება... ქალაქებშიც კი, სადაც განგაში ცხადდება, ზოგი აღარც ჩადის თავშესაფარში. რაც უფრო ბოროტდება რუსი, მით უფრო მეტად ბრაზდება უკრაინელი ხალხი, არ აპირებენ დანებებას. ჯერ არავისგან მსმენია, ოღონდ ომი დამთავრდეს და წაიღონ ის ტერიტორიები, რაც უნდათო. პირიქით, ამბობენ, რომ უკვე იმდენი მსხვერპლია გაღებული თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომ უკან დახევა გამორიცხულია. ზაპოროჟიე საზღვრისპირა ქალაქია და ბევრი რუსით იყო დასახლებული, ისინი ახლა ჩვენს მხარეს იბრძვიან, თუმცა უკრაინელების შემდეგ აქ ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის.
- უკრაინელები ქართველების ბრძოლას მხარდაჭერად აღიქვამენ თუ ფიქრობენ, რომ ამას ფულის გამო აკეთებენ?
- ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ომში, ის არ იტყვის, რომ ვინმე იქ ფულის გამო მიდის. ჩვენ წარმოუდგენლად გვეჩვენება და სხვა ვინმე თუ იწყობს ბომბების წვიმაში ცხოვრებას, არ ვიცი. რაც შეეხება უკრაინელების დამოკიდებულებას ქართველებისადმი, არანორმალური პატივისცემა, მოწიწება და მადლიერებაა... ინტონაციაც კი ეცვლებათ ჩვენთან საუბრისას. რამდენიმე დღის წინ ერთ ადგილას მივედით და იქ დამხვდურმა უკრაინელებმა რომ დაგვინახეს, ერთხმად შესძახეს, საქართველოს გაუმარჯოსო! ცრემლები ძლივს შევიკავე... უკრაინელები არასდროს იტყვიან "გრუზიას" ან თუნდაც "ჯორჯიას". მათთვის ჩვენს ქვეყანას საქართველო ჰქვია. კიდევ ერთი ქართული სიტყვა ისწავლეს, რომელსაც ხშირად გვეუბნებიან - მადლობა! იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანს შენს დანახვაზე ან ქართველის ხსენებაზე თვალები ენთება.
ნიკა:
- რაც არ უნდა შორეული ჩანდეს მიზანი, ის ძალიან ახლოს არის. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და საქართველოს ბედიც შეიცვლება.
იაკო:
- ზოგჯერ ქართულ მუსიკას ჩავრთავთ და გავირინდებით ხოლმე, მერე ორივე ვხედავთ ერთმანეთის თვალზე ჩამოგორებულ ცრემლს. ყველაზე მეტად მთები გვენატრება. იქ სადაც გაიხედავ, ყველგან მთებია, აქ არსად არ არის... ასე მგონია, სიხარულისგან გული გამისკდება, რუსეთისგან გათავისუფლებულ საქართველოში რომ დავბრუნდებით.
ხათუნა ბახტურიძე