„სახლიდან არ გავალ, სანამ „ჩიხტიკოპს“ არ დავიდგამ“
გზად მიკროავტობუსი თუ შეგხვდებათ, გრძელი წამწამებით, იცოდეთ, რომ მას 46 წლის მანანა მოსულიშვილი მართავს. ავტომობილის არა მხოლოდ გარეგნული მხარეა საინტერესო, არამედ სალონიც, რომელიც ისეა გაფორმებული, როგორც ჭეშმარიტ ქალს შეჰფერის. ყვავილებმა, მძივებმა, სხვადასხვა ნივთმა და უსაზღვრო ფანტაზიამ მიკროავტობუსის სალონი უჩვეულო სივრცედ გადააქცია. მანანა ყვარლის რაიონიდანაა, წლებია, თბილისში ცხოვრობს. "მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ვაჟი" - უყვება ის "კვირის პალიტრას".
- მყავს მიკროავტობუსი და ვთანამშრომლობ ტურისტულ კომპანიებთან, ტურისტები გადამყავს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს საქმე არის სეზონური და როცა იქ საქმე არ არის, ვმუშაობ ხაზზე - თბილისი-ყვარელი. მინდა გითხრათ, რომ ამას დიდი ხალისით ვაკეთებ, არავინ მაიძულებს. ადამიანებს ჩემს დანახვაზე დადებითი ემოციები ეუფლებათ. ტურისტები ფოტოს გადაღებას მთხოვენ ხოლმე, ზოგი მაქებს და კომპლიმენტებს მეუბნება. ასაკთან და გარეგნობასთან დაკავშირებით კომპლიმენტებს უკვე ისე მივეჩვიე, ყურადღებას აღარც ვაქცევ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი ჩვევა მაქვს - როგორც უნდა მაგვიანდებოდეს, სახლიდან მანამ არ გავალ, სანამ "ჩიხტიკოპს" არ დავიდგამ და არ გავიპრანჭები.
რაც შეეხება მანქანის სალონს, წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ეს მანქანა ვიყიდე, მინდოდა, რომ ყოფილიყო გამორჩეული და როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, ეტყობოდეს, რომ მანქანა გოგოსია. თავიდან მისი გაფორმება რომ დავიწყე, მეუღლე, მაზლები, მეგობარი მძღოლები მირჩევდნენ, რომ არ მომერთო სალონი. მართალია, თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდი მათ ნათქვამს, მაგრამ მაინც, გინდა თუ არა, მოქმედებს განწყობაზე ასეთი რჩევები. მძივები და ყვავილები რომ დაინახეს სალონში, საერთოდ გაგიჟდნენ, მაგრამ მერე დაინახეს მგზავრების რეაქციები და გაჩუმდნენ. ამათი სიჩუმით ვისარგებლე, გავთამამდი და გავშალე ფრთები, მივეცი ფანტაზიას გასაქანი და რაც მინდოდა, ყველაფერი გავაკეთე...
ჩვენი რესპონდენტი 17 წელია, მძღოლია. მოსწონს დიდი მანქანები და როგორ თვითონ ამბობს, "გოგოშკური", პატარა მანქანები არ იზიდავს.
- რამდენი მანქანაც მყავდა, ყველა უზარმაზარი იყო. ბოლოს მოვედი აქამდე, რომ მიკროავტობუსი შევიძინე. სიმართლე გითხრათ, ავტობუსის ყიდვა მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მსურდა, ისეთი ტრანსპორტი მყოლოდა, რომელიც გამომადგებოდა როგორც სამუშაოდ და ფულის გამოსამუშავებლად, ასევე ოჯახში მოსახმარად. მაგალითად, ქორწილში ავტობუსით ხომ ვერ წავალ? ან ბაზარში? ჩემი მიკროავტობუსით კი ყველგან დავდივარ.
ჩემი მეუღლე და შვილებიც მძღოლები არიან, ყველას თავისი მანქანა ჰყავს და მუშაობს.
ჩემი არჩევანი, მძღოლი ვყოფილიყავი, მიზანმიმართულად არ მომხდარა. ამ პროფესიამდე მიმიყვანა დიდი მანქანების სიყვარულმა. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია ისეთ სამსახურში, სადაც ერთ ადგილას ვიჯდები. ასე მგონია, ჩაკეტილ სივრცეში ნელ-ნელა მოვკვდები. ჰოდა, ამაზე კარგი გადაწყვეტილება რა უნდა მიმეღო? დავდივარ, დავსეირნობ, დავფარფატებ, ფულსაც ვშოულობ და ძალიან ბედნიერი ვარ. როცა ხაზზე ვმუშაობ, მგზავრები ყოველთვის იწერენ ჩემს ტელეფონის ნომერს, ინტერესდებიან, შემდეგი რეისი როდის მექნება. ცდილობენ, რომ მე დამემგზავრონ. ცოტა ამბიციურად კი ჟღერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველდღე რომ ვმუშაობდე ხაზზე, სხვა მანქანებს კონკურენციას აუცილებლად გავუწევდი. საქართველოში ხაზზე მომუშავე გოგო არ არსებობს. კი იცით, რომ ზოგადად, ქალი მძღოლების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, თუმცა, მგზავრობის დასრულების შემდეგ უთქვამთ, თავიდან დაძაბული ვიჯექი, მაგრამ რა კარგი გოგო ყოფილხარ, როგორ კარგად გვამგზავრეო. მეც ვხვდები, რომ თავიდან აქვთ ხოლმე შიში და გასუსულები სხედან, მაგრამ ცოტა ხანში მოდუნდებიან, ახმაურდებიან, საუბარს იწყებენ, კონტაქტში შემოდიან. ამასწინათ არაბი ტურისტები ისხდნენ მანქანაში და თბილისში რომ ჩამოვედით, ტაში დამიკრეს, "გუდ დრაივერო" - იძახდნენ.
ჩემს პროფესიას სიამოვნებასთან ერთად შემოსავალიც მოაქვს. მთავარია, სამუშაო იყოს. დღეში 200-250 ლარს, ხანდახან მეტსაც გამოვიმუშავებ. არ არის ეს ძალიან დიდი თანხა, აქედან ნაწილს მანქანასაც ვახმარ, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. მე საქართველოს ვერ შემოვივლიდი, პროფესიის გამო კი თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი.
მარიამ როინიშვილი