ბრძოლა გელათის გადასარჩენად!!!
„"რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა, რომელი-ცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილისა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელთა შინა ვითარცა მეორე ცაი გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმინდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღვთისა, რაბამ რამე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა". ("ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი").
მეხუთე წელი დაიწყო, რაც სრულიად საქართველოს ყურადღება ერთი ძეგლისკენ არის მიპყრობილი. ერის თუ ბერის ფიქრი და სადარდებელიც სწორედ მას უკავშირდება. გელათის მონასტერი, რომელიც 900 წელი ქართველთა დაცემის თუ ამაღლების არაერთგზის მომსწრე გამხდარა, დღეს კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. თითქოს ეს ხუთი წელი ყველა მის გადარჩენაზე ზრუნავს, იცვლებიან "მოთამაშეები" და შესაბამისად, იცვლება ექსპერტთა გემოვნებაც და ძეგლის გადარჩენისთვის ერთხმად მოწონებული პროექტები, ასევე ერთხმად უარყოფილი ხდება, (?!) ამასობაში კი გადის დრო. თითქოს ამჟამად გელათი საიმედო ხელშია და სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ უკვე პერიოდულად ჩნდება მინიშნებები, რომ ექსპერტთა მიერ ორი წლის წინ ზარ-ზეიმით მიღებული გელათის გადარჩენის ბოლო გეგმაც არაეფექტურია... ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე მხარისკენ თითის გაშვერა (ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა), ჩვენ გვინდა საზოგადოებას გელათის მაგალითზე მოვუთხროთ, თუ როგორი დამღუპველია "ადამიანური ფაქტორები" ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობისთვის, როცა, თუ დიმიტრი თუმანიშვილს დავესესხებით, "არ არსებობს სივრცე, სადაც არა დაპირისპირებით (ხანგრძლივი გადაჭარბება-წატყუილებით), არამედ სხვადასხვა მოსაზრების საერთო, ურთიერთმისაღებ ენაზე გამოთქმით და კამათის შედეგად დადგინდება ჭეშმარიტება".
"დიდი შფოთვის ქარი"
900-წლიანმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ 1106-1125 წლებში აგებული გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისთვის მისივე ადგილი, "ყოვლად შუენიერი და ყოვლითურთ უნაკლულო", ყველაზე ვერაგი მტერი აღმოჩნდა. ამიტომ იყო, რომ ჯერ საქართველოს და შემდეგ უკვე იმერეთის მეფეებს, უცხოელი დამპყრობლების გარდა, გელათის გადარჩენისთვის ბრძოლა მძიმე კლიმატურ პირობებთანაც უწევდათ, განსაკუთრებით ქარებთან (გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძლიერი ქარები ტაძარს წრეში აქცევს და გვარიანად ატორტმანებს).
თავიდან ტაძარი თხელი ქვის ფილებით ყოფილა გადახურული, რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი სახურავი კრამიტით შეიცვალა. სოლომონ I-მა (1752-1784) რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოიტანა რკინის ფურცლები (ერთი ვერსიით, ეს იყო საეკლესიო დედაზარები, რომლებიც გადაადნეს) და ტაძრის სახურავი თუნუქით გადახურა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო კედლის მხატვრობა. საუკუნეების განმავლობაში სახურავიდან ჩამავალი წყალი რეცხავდა ტაძრის კედლებს, რომლებიც აღდგენითი სამუშაოების დროს თავიდან იხატებოდა. წყლის ჩადინების შესამცირებლად XVI საუკუნეში ტაძრის დასავლეთ მხარეს ხუთი სარკმელიც კი ამოქოლეს (ჩვენი ინფორმაციით, სამეცნიერო წრეებში დღესაც მიმდინარეობს პოლემიკა, გაიხსნას თუ არა ისინი). იმავე პერიოდში მოზაიკის გადასარჩენად ქვედა ნაწილის მოზაიკური კუბები ზემოდან შეულესავთ და ფრესკული ტექნიკით შეუქმნიათ მისი იმიტაცია.
გელათი XIX საუკუნის პირველ ნახევარში უკვე დაქცევის პირას იყო. მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი, 1829 წელს იმერეთის ეპისკოპოსს სწერდა: "არის სრულიად დარღვევისა და დაქცევასა შინა. [წლებია] არცა ჯაგნარი და არც ზეთი არა წასმია სახურავს მონასტრისას და წვიმისგან არს ერთიანად დახვრეტილი და შიგ ეკლესიაშიც ჩასდის წყალი და აგრეთვე სამწირველოებშიც და ერთიანად არს უკანასკნელ დაოხრებაშიდ".
სამწუხაროდ, იმხანად ეკლესიამ ვერაფერი გააწყო და გელათში საფრთხის შემცველი პროცესები უფრო შეუქცევადი გახდა.
1843 წლის 9 ივნისს მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ექვთიმეს წერილიდან ირკვევა, რომ "სახურავი ხსენებული მონასტრისა (დიდი ტაძრის) ოთხივე კერძო აგლეჯილ არს ქარისგან და თითქმის სრულიად შერყეულ არს ისრეთ ზომამდე, რომ წვიმის დროს ხშირად მრავლის ადგილიდამ ჩამოდის შიგნით მონასტერში წვიმა" (საუბარია სოლომონ I-ის გადახურულ სახურავზე).
1843 წელს გელათის სახურავი შეაკეთეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ წყალი ჩავიდა და მდგომარეობა კვლავ უნუგეშო გახდა. ვინაიდან იმერეთის გუბერნიაში თუნუქის ოსტატი ვერ გამონახეს, 1846 წლის სექტემბერში რუსეთიდან ჩამოიყვანეს ვინმე ივან კრასოვი და ორი თვის შემდეგ ღვთისმშობლის შობის ტაძარს ახალი, მწვანედ შეღებილი სახურავი ჰქონდა.
1852 წელს "დიდმა შფოთვის ქარმა" (ეს მოვლენა შეიძლება შევადაროთ 2023 წლის 6 თებერვლის ქარბორბალას) ისე დააზიანა სახურავი და ფანჯრები, რომ "ფრესკებს აწვიმდათ და ღრიჭოებში ჩიტები დადიოდნენ".
1854-1856 წლებში დაზიანებული სახურავი ისევ გადაღებეს და გელათიც ამის შემდეგ კარგა ხნით უყურადღებოდ დარჩა, საუკუნის შემდეგ კი მონასტერს უფრო მზაკვარი მტერი გამოუჩნდა...
როცა ქუხს...
გასული საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს მოწამეთაში ღია კარიერული წესით ქვის მოპოვება დაიწყო და მძლავრმა აფეთქებებმა დაამძიმა ტაძრის მდგომარეობა. რომ არა სამეცნიერო წრეების განგაში და ძეგლთა დაცვის სამმართველოს მტკიცე პოზიცია, შესაძლოა გელათის XII საუკუნის უნიკალური მოზაიკა დაგვეკარგა. სამუშაოები სასწრაფოდ შეაჩერეს და საგანგებოდ შექმნილმა სპეციალისტების ჯგუფმა (ხელმძღვანელი კარლო ბაკურაძე) მოზაიკის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. გაირკვა, რომ მთელი ზედაპირის 15%-ის გარდა, თითქმის ყველა მოცილებული იყო კედელს. დარღვეული იყო შელესვათა შორის კავშირი, მოზაიკის კენჭებს ტაძრის იატაკზეც მრავლად შეხვდებოდით.
კლამერები
1984 წელს საქართველოში მოიწვიეს უცხოელი ექსპერტი მილოროდ მედიჩი, რომელსაც ბაკურაძის ჯგუფთან ერთად გელათის მოზაიკის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. იმხანად ევროპაში დაზიანებული მოზაიკის ჩამოხსნა და შემდეგ თავიდან გაკეთება უკვე აპრობირებული მეთოდი იყო. თუმცა ქართველ რესტავრატორებს ჰქონდათ სულ სხვა იდეა, რომელიც იმ დროის ტექნოლოგიისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ნამდვილად ნოუ-ჰაუ იყო - კლამერები, თითბრის სარჭები, რომლებიც კედელს მოცილებულ მოზაიკას დააკავებდა. მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი არც მოწვეულ ექსპერტს შეჰპარვია. იქ, სადაც მოზაიკის გადარჩენა კლამერებით ვერ მოხერხდა, ჩამოიხსნა და თავიდან გაკეთდა.
მუშაობისას გამოვლინდა ერთი საინტერესო ფაქტი - XVI საუკუნის ნალესობის მოხსნის შემდეგ (რასაც ზემოთაც აღვნიშნავდით) მოზაიკის კუბები უვნებელი აღმოჩნდა.(?!) ვის მოუვიდა აზრად XVI საუკუნეში საღ-სალამათი მოზაიკის კუბების გადალესვა და ზედ ფრესკული ტექნიკით მისი იმიტაციის გაკეთება, რა თქმა უნდა, უცნობია. საბოლოოდ მოზაიკა ისე იქნა რესტავრირებული, რომ 30 წელი შეუიარაღებელი თვალით ვერავინ ამჩნევდა, რომ მისი დიდი ნაწილი კედელს იყო მოცილებული და მას მხოლოდ სარჭები აკავებდა.
გადამწყვეტი 1994
1991 წელს დამოუკიდებელი საქართველო გაეროს წევრი ქვეყანა გახდა, ხოლო 1992 წელს იუნესკოს კონვენციასაც მიუერთდა და უკვე 1994 წელს ქართული მხარის წარდგენილი სამი ძეგლიდან ორი - მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი საკათედრო ტაძარ ბაგრატთან ერთად ერთიანი ნომინაციის ფორმატში მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. იმის გამო, რომ შემფასებელი მისია დროულად ვერ ჩამოვიდა საქართველოში (სახელმწიფოს წარდგენის მიუხედავად, შემფასებელი მისიის გარეშე ძეგლი არ განიხილება), უშგულმა ნუსხაში საპატიო ადგილი უფრო მოგვიანებით, 1996 წელს დაიმკვიდრა (პარალელურად წინასწარ ნუსხაში უკვე წარდგენილი იყო ძველი თბილისი, ვარძია და დავითგარეჯი). მას შემდეგ იუნესკო მუდმივად ითხოვდა გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეუსრულებელი მისიები
2003 წელს იუნესკო მცხეთის ისტორიული ძეგლების რეაქტიული მონიტორინგის მისიის შემდგომ შეშფოთებით მიუთითებდა გელათის ტაძრის საკონსერვაციო პრობლემებზე და სახელმწიფოს მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით რეაგირებისკენ მოუწოდებდა. გაცილებით კატეგორიული იყო იუნესკო 2008 წლის რეაქტიული მონიტორინგის მისიის დროს - "დაფიქსირდა გადახურვებისა და ქვის ელემენტების დაზიანება და ტენიანობის აკუმულირება ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტაძრის ექსტერიერს ესაჭიროება გადაუდებელი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები". ორგანიზაციამ მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოები ბაგრატის საკათედრო ტაძარსა და გელათზე, ასევე იუნესკოს რეკომენდაციებით შემუშავებულიყო კედლის მხატვრობისა და მოზაიკის გრძელვადიანი საკონსერვაციო პროგრამა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
აქ იკვეთება ერთი საინტერესო დეტალი - იუნესკო იმხანად გელათის მოზაიკაზე დიდად ყურადღებას არ ამახვილებდა იმ მიზეზით, რომ ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარეგნულად დაცული ჩანდა, იმდროინდელ ანგარიშებში ვერ შეხვდებით მოზაიკის მდგომარეობის შეფასებას და აქცენტი მხოლოდ მის მხატვრულ ღირებულებებზეა გადატანილი. მხოლოდ სპეციალისტს თუ შეეძლო შეენიშნა, რომ კლამერების მიუხედავად, მოზაიკა უფრო დასცილდა კედელს, განსხვავებით მხატვრობისა, სადაც ცხადად ჩანდა მასშტაბური დანაკარგი.
იმავე წელს კულტურის სამინისტროს დაკვეთით ა(ა)იპ "საქართველოს მემკვიდრეობამ" კვლევების ჩატარების შემდეგ მოამზადა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი. იმ დროისთვის პროექტზე მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტი უკვე შეიარაღებული უნდა ყოფილიყო გელათის პრობლემების ლამის 800-წლიანი ისტორიული გამოცდილებით. ასევე, სავარაუდოდ, კარგად უნდა სცოდნოდათ ის თანამედროვე საფრთხეებიც, რაზეც იუნესკო მიუთითებდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა. მეტალის სახურავი დახვრეტილი, ამორტიზებული იყო, საიდანაც წყალი ჩადიოდა, ამის გარდა, არ ხდებოდა აორთქლებაც, გარდა იმისა, რომ სახურავი უნდა შეცვლილიყო ადეკვატური დაცული სახურავით, უნდა მოწყობილიყო სახურავქვეშა სივრცეც, ისე, რომ განიავება შესაძლებელი ყოფილიყო. უნდა გაეთვალისწინებინათ ისიც, რომ თავად ტაძარში, ისევე როგორც საზოგადოდ იმ ადგილას, ძალიან მაღალი ტენიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ ტენიანობა გელათისთვის ბუნებრივი გარემოა, მაინც უარყოფითად მოქმედებს ძეგლზე, გვიანდელ ჩარევებს კირხსნარზე კი ტენიანობის გამო შეიძლება გამომარილება დაეწყო.
2008 წლის 27 ოქტომბერს მომზადებული პროექტები კულტურის სამინისტროში წინარექრისტიანული და შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საბჭომ განიხილა, დადებითი შეფასება მისცა და მოგვიანებით პროექტი იუნესკოს წარუდგინეს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - პროექტში იდო სახურავის მოჭიქული კრამიტით გადახურვის იდეა, რომელიც გელათში არქეოლოგიური გათხრებისას კრამიტის აღმოჩენისას დაიბადა. პროექტის ავტორებმა იმხანად ბევრი კრამიტი შეისწავლეს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნისაც. ჩატარდა უამრავი კვლევა, საგანგებოდ შექმნილი პროფესიული ჯგუფი ირანშიც კი ჩავიდა ფერის (ფირუზისფრის) ტექნოლოგიის შესასწავლად. სწორედ იქ გაირკვა, რომ ტექნოლოგია, რომელსაც მსოფლიო ირანულად მიიჩნევს, საუკუნეების წინ სპარსელ ოსტატებს ქართველი ტყვე ოსტატებისგან შეუსწავლიათ.(?!) მოჭიქული კრამიტის იდეას პროექტში თან სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაც ახლდა. ინიციატივა იუნესკომ მოიწონა!
2010 წელს კიდევ ერთი გაფრთხილება გაისმა მაღალი ტრიბუნიდან. იმ წელს ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის საკონსერვაციო მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრ "იკომოსისა" და "იკრონის" რეაქტიული მონიტორინგის მისია ჩამოვიდა. მისიის ანგარიშში დადებითად იყო შეფასებული გელათის აკადემიის სამუშაოები, რომ "მაღალ დონეზე აღდგენილ-რესტავრირებულ იქნა". თუმცა იქვე აღნიშული იყო, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარში მთავარი პრობლემა ისევ ნესტი იყო, "რაც დაზიანებული სახურავიდან, საწვიმარი მილებიდან, ფანჯრის ბუდეებიდან, სადრენაჟე მილებიდან შენობაში წყლის შეღწევის გამო იქმნება". ასევე მითითებული იყო, რომ ქვის სერიოზული სტრუქტურული პრობლემების გამო გუმბათი და ტაძრის ჩრდილოეთი ნაწილი ნაწილობრივ რეკონსტრუქციას საჭიროებდა.
მისიის ანგარიში კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმ რისკს, რომელსაც თუნუქის სახურავი ქმნიდა. "ძლიერი ქარის დროს ლითონის ქვეშ შესაძლოა დიდი წნევა წარმოიშვას ან ლითონის ფურცლოვანი გადახურვა გადახადოს. მართალია, ამ რისკების შესამცირებლად ლითონის სახურავი კარნიზის ქვებზე რკინის სამაგრებით არის დამაგრებული, თუმცა იმის გამო, რომ ქვებს აწვება, მრავალმხრივ დაზიანებებს იწვევს".
როდესაც ჯერი მხატვრობაზე მიდგა, მისიამ, პირდაპირი მნიშვნელობით, განგაში ატეხა...
„მხატვრობის დაცულობა საგანგაშოა“!
"საკონსერვაციო ზომების გაუტარებლობა, ფერის დაკარგვა-გამოხუნება, დაფერილი ზედაპირების ჩამოშლის შემთხვევაში ქვედა სიღრმისეული ფენების დაუმაგრებლობა, მკვეთრი განსხვავება კედლის დაუზიანებელ მონაკვეთებსა და დაზიანებულ ნაწილებს შორის, როდესაც პირველ შემთხვევაში ფერები იმდენად მკაფიოა, რომ ნახატი სულ ახლახან შექმნილს ჰგავს, ხოლო უკანასკნელში სინესტისგან დაზიანებული მხატვრობა თითქმის მთლიანად არის გამქრალი ან ქრება. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ კარგა ხანია იგი უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული, რომ კედლის მხატვრობის დაცვა-კონსერვაციაზე არავის უზრუნია. ანალოგიური მდგომარეობაა წმ. გიორგის ეკლესიაშიც... წყლის შეღწევის მინიმუმამდე შემცირება უპირველესი პრიორიტეტია, რისთვისაც აუცილებელია გადახურვის მოგვარება და სარკმლების აღდგენა".
დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ იმხანად გელათის კომპლექსში შემავალი ცალკეული ნაგებობების სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა ან დასრულებული იყო (სასულიერო აკადემია, სამრეკლო), თუმცა გელათის მთავარ ტაძარზე, რომლის უმძიმეს მდგომარეობაზე ყველა მისია განგაშს ტეხდა, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ჩარევებს.(?!)
„დასჯილი ძეგლები“
ამასობაში მოვლენები დრამატულად განვითარდა ბაგრატის საკათედრო ტაძარზე. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიამ გადაწყვიტა ბაგრატი და გელათი (როგორც ერთიანი ნომინაციის ფორმატი) შეეტანა მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში. ამის მიზეზი იუნესკოსთან შეთანხმების გარეშე 2008 წელს ძეგლზე უნებართვოდ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო...
მიუხედავად გამაფრთხილებელი ღონისძიებისა, ხანმოკლე შეჩერების შემდეგ ბაგრატზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა, რამაც 2012 წელს გელათი, ბაგრატთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების რეალობის წინაშე დააყენა, რაც ქვეყნის იმიჯისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნებოდა...
2012 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატ-გელათის საკითხის განხილვა ტექნიკური მიზეზების გამო გადადო...
როგორც 2013 წელს იუნესკო აღნიშნავდა, ქართულ მხარეს ჰქონდა პროგრესი გელათში გამოსასწორებელი ღონისძიებების აღსრულებაში.
ასევე გაითვალისწინა, რომ ბაგრატისგან განსხვავებით, გელათის საკითხში ყველაფერი კონვენციურად, შეთანხმებებით მიმდინარეობდა, და ქართულ მხარეს კიდევ ერთი შანსი მიეცა - 2014 წლის 1-ლ თებერვლამდე წარედგინა საზღვრების მოდიფიკაციის შესახებ განაცხადი, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ გელათს ეძლეოდა საშუალება დამოუკიდებლად დაბრუნებულიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ასევე სახელმწიფოს უნდა შეემუშავებინა ძეგლის მართვის გეგმა. ერთი მხრივ, ეს იმედისმომცემი გადაწყვეტილება ნიშნავდა იმასაც, რომ ბაგრატის საკითხი უკვე გარკვეული იყო. ძეგლი, რომელიც „დიდწილად შეიცვალა, რითაც მისი ავთენტურობა შეუქცევადად დაზიანდა და წვლილი ვეღარ შეაქვს იმ კრიტერიუმის დასაბუთებაში, რომლის გამოც ნუსხაში იყო, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ვეღარ მოხვდებოდა.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო-სარესტავრაციო პროექტი 2008-2014 წლებში იყო იმხანად ყველა არსებული სამეცნიერო საბჭოს (სხვადასხვა წელს სხვადასხვა შემადგენლობით), ექსპერტთა ჯგუფების თუ ინსტიტუციის მსჯელობის საგანი, რომ არაფერი ვთქვათ იუნესკოს ავტორიტეტული ექსპერტების აქტიურ ჩართულობაზე. საბოლოოდ, 2014 წლის იანვარში, ყველასგან ერთხმად მოწონებულ პროექტზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძარზე სამუშაოების ნებართვა გასცა (მერაბ ბოჭოიძე). მეტიც, როდესაც ჩუბინაშვილის ცენტრმა კულტურის სამინისტროს დავალებით გელათის რენომინაციისთვის ძეგლის მართვის გეგმაზე მუშაობა დაიწყო, სადაც მთავარი ნაწილი რამდენიმეკომპონენტიანი სამოქმედო გეგმაა, კონსერვაციის კომპონენტში ჩაიდო ზემოხსენებული პროექტი, რომელიც იუნესკოსთან შეთანხმებით უკვე დაწყებული იყო და 10 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო.
2015 წელს სახელმწიფომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს განსახილველად წარუდგინა გელათის განახლებული კონსერვაციის გეგმა, რომელსაც იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისთვის უნდა ეპასუხა. მოპასუხე მხარის კითხვები, ძირითადად, იმ საკითხებს შეეხებოდა, რომელთა გადამოწმებაც სასურველი იყო. მაგალითად, ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ყელის გამაგრება და გუმბათის გადახურვა. იმავე წელს მსოფლიო ბანკმა (სარესტავრაციო სამუშაოების დაფინანსებას აპირებდა) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ორი ავტორიტეტული ექსპერტი მოიწვიეს და საკონსულტაციო მისიამ დადებითად შეაფასა მთავარი ტაძრის არქიტექტურული რეაბილიტაცია.
დაბრუნება
2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა განიხილა საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დამოუკიდებელ ძეგლად შეყვანას ითვალისწინებდა. იმ დროისთვის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა - წმ. ნიკოლოზისა და წმ. გიორგის ეკლესიების გუმბათები უკვე მოჭიქული კრამიტით იყო გადახურული, მიმდინარეობდა ქვისა და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებიც.
იუნესკოს შეფასებითი დოკუმენტის მთავარი ნაწილი მართლაც იმედისმომცემი იყო: "2009 წლის შემდეგ სამუშაოები მიმდინარეობს 2008 წლის კონსერვაციის გეგმის მიხედვით. მათ შორის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის საფრები ჩანაცვლდება მოჭიქული კრამიტით, რომლის ფრაგმენტები აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების დროს". დოკუმენტში მითითებული იყო, რომ ქვის საკონსერვაციო სამუშაოები "მინიმალური ინტერვენციის" პრინციპით მიმდინარეობდა, რაც დადებითად შეფასდა. ასევე ხაზგასმული იყო, რომ "ინტერიერის მხატვრობა მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს. მათი კონსერვაციის ცუდი მდგომარეობა, ძირითადად, გამოწვეული იყო სახურავიდან და ზემო ფანჯრებიდან წყლის შეღწევის გამო, რაც ამჟამად შეჩერებულია. ასევე კონდენსანტის ზემოქმედებით. ამჟამად ხორციელდება სასწრაფო ღონისძიებები... უმაღლესი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად".
სწორედ ზემოთხსენებული შეფასებითი დოკუმენტი გახდა საფუძველი იმისა, რომ 2017 წელს გელათი დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას. ამიტომ ცოტა გაუგებარია, 2020 წელს, როდესაც ძეგლზე უკვე ცნობილი პრობლემები გაჩნდა, რატომ იყო ერთხმად საუბარი, პროექტი ცუდია და მასზე ნებართვის გაცემა არ შეიძლებოდაო, როცა ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის წინ იმავე აქტორებმა მოიწონეს და დაამტკიცეს? საქმე ის არის, მხოლოდ სამწუხარო მოვლენების დროს გაირკვა, რომ გადახურვის ქვეშ მოწყობის საკითხები არ ყოფილა დაანგარიშებული. იცოდნენ თუ არა პროექტის ავტორებმა კრამიტის შიგნით გადახურვა როგორი უნდა ყოფილიყო? თუ თვალს ხუჭავდნენ პროექტის ამ მნიშვნელოვან ხინჯზე? სახელოვნებათმცოდნეო საბჭოებში, სადაც გაცხოველებული კამათი მიდიოდა კრამიტის ფერზე, რათა ზედმეტად ჭრელი არ გამოჩენილიყო, კრამიტის ქვეშ მოწყობაზე კითხვა არ ისმოდა. ძნელია დღეს გაარკვიო, რა იყო ეს, გულგრილობის შედეგი თუ ექსპერტთა ცოდნის კრიზისი. თუმცა დავუბრუნდეთ 2017 წელს - იმ საყოველთაო ზეიმის დროს იუნესკოს შეფასებითი დოკუმენტის ერთი თითქოს იმხანად არაფრისმთქმელი ჩანაწერი ყველას უყურადღებოდ დარჩა: "არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია, მოხდა თუ არა დოკუმენტაციის წარმოების ნათელი სისტემის დანერგვა კონსერვაციისა და რესტავრაციის ყველა ღონისძიებისთვის და მოხდა თუ არა სამგანზომილებიანი გაზომვისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მონასტრის სხვადასხვა შენობის საერთო სტაბილურობის უკეთ დადგენას" (ეს ზომები თავის დროზე სწორედ იუნესკოს რეკომენდებული იყო).
2018-2019 წლებისთვის უკვე დასრულებული იყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის სტრუქტურების რესტავრაციის პროექტი - დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე არსებული კარნიზებისა და აფრების რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მთავარი ტაძრის გადახურვა (პროექტი განხორციელდა აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით), ასევე მთავარი ტაძრის ქვის კონსერვაცია, მონასტრის გარეთ ვიზიტიორთა სახლის მშენებლობა, ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლისა და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია (მგფ-ის ფინანსური მხარდაჭერით).
ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს უწევდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, პროექტის დამფინანსებლის, მსოფლიო ბანკის დაქირავებული კომპანია "ეპტისა", რაც დიდი ფუფუნება იყო და არის, და თავად იუნესკო, რომელსაც მოთხოვნის შესაბამისად 2019 წელს ანგარიშიც წარედგინა.
გაჩნდა განცდა, რომ 800-წლიანი ბრძოლა "ყოვლად შუენიერისა და ყოვლითურთ უნაკლულო" ადგილის წინააღმდეგ საბოლოოდ ძეგლის გამარჯვებით დასრულდა. ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების შედეგად გელათის მონასტერი ბუნებრივი პროცესებისგან დაცული უნდა ყოფილიყო. თუმცა 2020 წლის თებერვალში გელათის სახურავზე მოჭიქული კრამიტი დასკდა.
(გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში)