სირია რუსულ ხომალდებს ტარტუსის პორტში არ უშვებს, რუსები იძულებულნი არიან სარემონტო ჯავშანტრანსპორტიორები თავად დაწვან...
თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე უკვე მერამდენე დღეა ძალიან საინტერესო სიტუაცია ფიქსირდება სირიის ტარტუსის პორტის სიახლოვეს, სადაც სამი რუსული მცურავი საშუალება დრეიფობს...
ესენი არიან 11711 პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი „ივან გრენი“ და 775 პროექტის დიდი სადესანტო „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“, აგრეთვე მშრალტვირთმზიდი გემი „სპარტა“...
არადა, მაშინვე, როგორც კი პროთურქულმა „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ სამხედრო დაჯგუფებამ სულ რაღაც ათიოდე დღეში დაამხო თითქოს უძლეველი ბაშარ ასადის რეჟიმი, რუსეთის გენშტაბმა ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტებიდან ეს ხომალდები და გემი სასწრაფოდ გააგზავნა ხმელთაშუა ზღვაში იმისთვის, რომ მათი დახმარებით დაუყოვნებლივ მომხდარიყო სირიიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის ნაწილის ევაკუაცია მაინც.
ამისთვის ტარტუსის პორტის ნავმისადგომებთან მთელი სირიიდან თავი მოუყარეს რუსულ სამხედრო ბორბლებიან ტექნიკას, მაგრამ რათ გინდათ, რუსულ ხომალდებს სირიის ახალი ხელისუფლება ტარტუსის პორტის ნავმისადგომებთან ღუზის ჩაშვების ნებას, უკვე ერთი კვირაა, არ რთავს...
ერთი მხრივ, სირიის ახალი ხელისუფლება იქით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ თავისი ქვეყნის ტერიტორია რაც შეიძლება მალე დაატოვებინოს იმ რუს სამხედროებს, რომლებიც 2015 წლიდან მოყოლებული ეხმარებოდნენ ბაშარ ასადს რეჟიმის შენარჩუნებაში, რისთვისაც დაუნდობლად ბომბავდნენ მის ყველა მოწინააღმდეგეს, მათ შორის „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ სამხედრო დაჯგუფების მეთაურობასა და რიგით მებრძოლებსაც.

მარტო იმისთვის, რომ სირიის ახალმა ხელისუფლებამ დამასკოს დაკავებისთანავე არ შეუტია და მიწასთან არ გაასწორა რუსული საჰაერო ბაზა ჰმეიმიმიში და საზღვაო ბაზა ტარტუსში, პუტინი დიდად უნდა უმადლოდეს მათ, თუმცა აქ მოსკოვსა და ანკარას შორის გამართულმა საიდუმლო მოლაპარაკებებმა ითამაშა თავის როლი, რადგან პრეზიდენტ ერდოღანს დიდი გავლენა აქვს სირიის ახალ ხელისუფლებაზე.
სანამ რუსულ დიდ სადესანტო ხომალდებსა და მშრალტვირთმზიდ გემს ტარტუსის პორტში არ უშვებენ, რუსები იძულებულნი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა ჰმიემიმის აეროდრომიდან მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გაიტანონ, როგორც უშუალოდ რუსეთში, ისე ლიბიის აეროდრომებზე, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი სირიის ჰმეიმიმისა და ტარტუსში არსებული რუსული სამხედრო ბაზების ლიბიის იმ ნაწილში გადაბაზირებას ახორციელბს, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი აკონტროლებს, სწორედ ის ლიბიელი ფელდმარშალი, რომელიც „ლიბიის ნაციონალური არმიის“ მთავარსარდალია და აქამდე რამდენჯერმე ესტუმრა მოსკოვს იარაღის სათხოვნელად.
ამ ლიბიელმა ფელდმარშალმა კი შეიძლება შეიფაროს სირიიდან გამოსული რუსული სამხედრო კონტინგენტის ნაწილი, მაგრამ იმ სამხედრო ტექნიკას, რომელიც სარემონტოა და მათი ევაკუაცია გართულებულია, რუსი სამხედროები უბრალოდ...წვავენ!

თავად განსაჯეთ, ერთ რუსულ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს Ил-76МД-90А-ს კი შეუძლია 60 ტ ტვირთის 4 ათას კმ-ზე გადატანა, მაგრამ მისი სატვირთო კაბინის სიგრძე არაუმეტეს 24,5 მ-ია, რაც მხოლოდ ორი, გაჭირვებით სამი ჯავშანტრანსპორტიორის გადაყვანის საშუალებას იძლევა, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში რუსეთმა სირიაში ათასზე მეტი ჯავშანმანქანა და სხვა ბორბლებიანი ტექნიკა ჩაიტანა და იქ დააგროვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ Ан-124 «Руслан»-ის ტიპის ათიოდე ზემძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს მაქსიმუმი-120 ტონის გადატანა ანუ შვიდი 15,4 ტონიანი БТР-82А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის წაღება ძალუძს, მაგრამ ეს თეორიულად, პრაქტიკაში, ბოლომდე სატრანსპორტო თვითმფრინავებს არ ტვირთავენ.
დიდი სადესანტო ხომალდებისა და მშრალტვირთმზიდი გემების გარეშე, რუსეთი თავისი სამხედრო კონტინგენტის დროულ და უდანაკარგო ევაკუაციას სირიიდან ვერ შეძლებს.

თუკი 775 პროექტის დიდ სადესანტო ხომალდს „ალექსანდრ ოტრაკოვსკის“ 13 ჯავშანტრანსპორიორისა და 150 მედესანტის გადაყვანა შეუძლია, 11711 პროექტის დიდი სადესანტო ხომალდის „ივან გრენის“ შესაძლებლობები ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება- მის სატანკო გემბანზე 36 ჯავშანტრანსპორტიორი ან 13 ძირითადი საბრძოლო ტანკი ეტევა.
მაგრამ, სირიელებმა თუგინდ ხვალვე შეუშვან ტარტუსის პორტში ეს რუსული მცურავი საშუალებები, მათ თვეები დასჭირდებათ ყველა ტექნიკის გასატანად რუსეთის ბალტიისა თუ ჩრდილოეთ პორტებში, რადგან შავ ზღვაში მათ თურქეთი არ შეუშვებს მონტროს საზღვაო კონვენციის თანახმად.
თუმცა, თუკი ლიბიელი ფელდმარშალი მთლიანად „შეიფარებს“ სირიიდან გამოგდებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტს, მაშინ ეს პროცესი ბევრად დაჩქარდება, რადგან სირიის ტარტუსის პორტიდან ლიბიის ბენგაზის პორტამდე, რომელსაც ფელდმარშალი ჰაფტარი ჯერ კიდევ აკონტროლებს, პირდაპირი ხაზით მხოლოდ 930 საზღვაო მილი(1 500 კმ)-ია...
მაგრამ იგრძნობენ კი თავს დაცულად ლიბიაში რუსი სამხედროები,თუკი მათ „შემფარებელ“ ფელდმარშალ ხალიფა ჰაფტარზე სამკვდრო-სასიცოცხლოდაა გადაკიდებული...თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი,სწორედ ის ერდოღანი,რომლის ხელისუფლების ფარულმა სამხედრო დახმარებამ „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ სამხედრო დაჯგუფებას სირიაში ათიოდე დღეში ჩამოაგდებინა ასადის რეჟიმი...