მშვიდობით, ჯულიეტა! - კვირის პალიტრა

მშვიდობით, ჯულიეტა!

2024 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა­ 73 წლის ოლივია ჰასი - "ჯულიეტა". "ოლივია ჰასი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა", - ასე წერია განცხადებაში, რომელიც ოჯახმა გაავრცელა. ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა უცხოური მედია წერს, რომ მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.

ფრანკო ძეფირელის უკვდავ ფილმში "რომეო და ჯულიეტა", ჯულიეტა ოლივია ჰასის პირველი როლი იყო, რომელიც მან 15 წლის ასაკში შეასრულა.

2023 წლის იანვარში ოლივია ჰასმა და ლეონარდ უაითინგმა საჩივარი შეიტანეს კომპანია Paramount Pictures-ის წინააღმდეგ. ისინი 500 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვდნენ ფილმში სასიყვარულო სცენის გამო, სადაც მსახიობები ჯერ კიდევ მოზარდები არიან. რომეო და ჯულიეტას როლის შემსრულებლებმა ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში სექსუალური ძალადობის, სექსუალური ზეწოლისა და თაღლითობის ბრალდებით უჩივლეს Paramount Pictures-ს. 2023 წელს საქმე დახურა ლოს-ანჯელესის სასამართლომ, რომელმაც მიიჩნია, რომ კონკრეტული შემთხვევა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოზარდთა პორნოგრაფიად, მსახიობებმა კი ძალიან გვიან აღძრეს საქმე.

ოლივია ჰასს ჯულიეტას როლმა მოუტანა მსოფლიო აღიარება. ეს გენიალური რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის დამსახურება იყო, რაზეც ოლივიას არაერთხელ უსაუბრია ჟურნალისტებთან, მათ შორის "კვირის პალიტრასთან". გთავაზობთ ამონარიდებს 2020 წლის ინტერვიუდან, რომელსაც "კვირის პალიტრის" არქივი ინახავს.

img-0737-1736709217.jpeg

"ყველაზე რთული სასიყვარულო სცენა იყო"

"არც ერთ როლზე ასე თავდადებით არ მიმუშავია, როგორც ჯულიეტას როლზე ვიმუშავე. ყველაზე რთული სასიყვარულო სცენა იყო - იმდენი ადამიანის წინაშე უნდა გავშიშვლებულიყავი, მეკოცნა ლეონარდისთვის, ამიტომ ფილმის რეჟისორმა ეს სცენა ბოლოსთვის მოიტოვა. ლეონარდი ჯერ კედელზე უნდა ამოცოცებულიყო და შემდეგ იწყებოდა სასიყვარულო სცენა. ძალიან ბევრი დუბლი ჩავწერეთ. საწყალი რომეო ძალიან დაიტანჯა. ფრანკოს ცოტა მეტი უნდოდა ამ სცენისთვის, თუმცა არასდროს ჩავუყენებივარ უხერხულ მდგომარეობაში, მე თავად ვთხოვდი მეტს საკუთარ თავს, მინდოდა ეს სცენა სრულყოფილი ყოფილიყო. ბოლოს ვთხოვე, კიდევ ერთი დუბლი ჩაგვეწერა. წინაღამეს ლეონარდის "ფიატით" გავისეირნეთ, ბევრი დავლიეთ, სანაპიროზე ვისეირნეთ, ვიცინეთ, გავერთეთ და უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მეორე დღეს კი ეს სცენა გადავიღეთ, რომელიც ბოლო დუბლი აღმოჩნდა. დღესაც, ფილმის გადაღებიდან 52 წლის შემდეგ, მეკითხებიან, იყო რამე თქვენსა და ლეონარდს შორისო. იყო, თან არც იყო - ესაა ჩემი პასუხი. ორივე ძალიან ახალგაზრდა ვიყავით, გამოუცდელი, ამ ფილმმა დაგვაახლოვა. მაშინ ლეონარდი ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს - ეს ორივესთვის თითქოს მოვალეობა იყო, მერე კი ძალიან კარგ მეგობრებად დავრჩით და ახლაც ვმეგობრობთ. ფლირტს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მე კი ამისთვის არ მეცალა, თანაც ლეონარდი 18-დან 35 წლამდე ასაკის ყველა იტალიელი ქალის მოხიბვლას ცდილობდა.

ერთ დღეს ფრანკო ძეფირელიმ კვლავ დამირეკა, ტექსტით: "ძვირფასო, რას იტყვი, კვლავ ქალწული რომ ითამაშო? ქრისტეს სერიებს ვიღებ და მინდა ღვთისმშობელი განასახიერო". რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ფილმის გადაღება რვა თვის განმავლობაში მაროკოში მიმდინარეობდა და უბედნიერესი ვიყავი, რადგან ისევ ფრანკოსთან მიწევდა მუშაობა. ერთხელ იესოს როლის შემსრულებელმა მკითხა, ოლივია, როდის ახერხებ ფრანკოსთან შენს როლზე საუბარსო. ვატყობდი, უჭირდა ფრანკოს მუშაობის სტილისთვის ფეხის აწყობა. რობერტმა მართლაც საოცრად განასახიერა თავისი როლი, რეჟისორის დამსახურებაა, როცა როლზე სწორად არჩევს მსახიობს, ფრანკო კი ამის უბადლო ოსტატი იყო. ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი. ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის. გადაღება საღამოს დავიწყეთ და შუაღამისას შევისვენეთ. ფრანკო ასეთი სცენების გაცოცხლებაში გენიალური იყო. ძალიან ვნერვიულობდი და მარიამ მაგდალინელის როლის შემსრულებელს შევჩივლე, მან კი მირჩია ორიოდე ჭიქა ღვინო დამელია. მართლაც სამი ჭიქა დავლიე და ისე განვიცადე ყველაფერი, ცრემლების ზღვა მომდიოდა, როცა იესოს დავტიროდი. მახსოვს, როგორ ავიტაცე მისი სხეული.M მეორე დღეს ფრანკომ მითხრა: "ოლივია, ბრავო! ძალიან კარგად გაართვი თავი ამ როლს, მაგრამ გირჩევ, გადასაღებ მოედანზე აღარ დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციურად ურთულეს სცენას თამაშობ".

jesus-of-nazareth-franco-zeffirelli-robert-powell-jesus-olivia-hussey-1-1736709217.jpg

"ჩემი ბოლო სიყვარული"

- ჩემს ცხოვრებაში სამი დიდი სიყვარული იყო: დინო მარტინი, აკირა ფუზი და დეივიდ გლენ ეშლი. დეივიდი ჩემი ბოლო სიყვარულია, ერთმანეთი დანახვისთანავე შეგვიყვარდა. 1991 წელს ვიქორწინეთ და მას შემდეგ ერთად ვართ. ისევე როგორც დინო და აკირა, დეივიდიც უსაზღვროდ კეთილი ადამიანია. ძალიან გამიმართლა სიყვარულში.

2008 წლის მაისში მკერდის კიბოს მეოთხე სტადია აღმომაჩნდა, მანამდე ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. საბედნიეროდ, მეტასტაზები წასული არ იყო. დეივიდი ყველაფერში გვერდში მედგა.

ხშირად მაგონდება ფრანკოს ვილა, "რომეო და ჯულიეტას" გადაღება. წარმოვიდგენ, თითქოს ჯულიეტა აივანზე დგას, ზემოდან დამცქერის, ხელს მიწვდის და მეკითხება: "იცი, რომ ეს ყველაფერი ამ როლით მოგეცა? იმედია, ღირდა". "რა თქმა უნდა, ღირდა და გმადლობ ამისთვის", - ვპასუხობ მე.