ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია?! - "ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაწყებული აქვს ამერიკულ კომპანია "მოდერნას" - კვირის პალიტრა

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია?! - "ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაწყებული აქვს ამერიკულ კომპანია "მოდერნას"

"კოვიდ-19"-ის აფეთქებიდან მეხუთე წლისთავზე ჩინეთში დაფიქსირდა ახალი ვირუსი, რომელსაც მეტაპნევმოვირუსს უწოდებენ. რა ვიცით მეტაპნევმოვირუსზე და რამდენად საფუძვლიანია ალბათობა იმისა, რომ ის ახალი პანდემიის მიზეზად იქცეს, ამ თემაზე სასაუბროდ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, თსსუ პროფესორ ივანე ჩხაიძეს დავუკავშირდით.

- მეტაპნევმოვირუსი კარგადაა ცნობილი ექიმების, პედიატრების ფართო ჯგუფისთვის, რადგან ძირითადად ბავშვებს ასნებოვნებს. ეს ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევია ისეთი პრობლემისა, რომელსაც გაციება ჰქვია.

- ანუ ახალი არაა, ნაცნობი ვირუსია...

- ეს ვირუსი 2001 წელს აღმოჩდა ჰოლანდიაში ბავშვებში და არა მოზრდილებში. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ლუგარის უმაღლესი დონის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაში უკვე არაერთი წელია გვხვდება მეტაპნევმოვირუსის შემთხვევები. განსაკუთრებით ხშირია ხოლმე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური მატების პერიოდში ანუ ნოემბრიდან მარტის ბოლომდე. ეს არის რესპირაციული ვირუსული ინფექციების კლასიკური სეზონი. შესაბამისად, ეს ვირუსი არ არის სიახლე. მიმდინარე სეზონზეც მეტაპნევმოვირუსის შემთხვევები ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით 5-10% საქართველოში ფიქსირდება.

- მართლა ასეთი საშიშია ეს ვირუსი?

- როდესაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ზუსტად მეხუთე წლისთავზე ისევ ჩინეთში გამოჩნდა ვითომ ჩვენთვის უცნობი ვირუსი და გაზრდილია მიმართვიანობა ჩინეთის საავადმყოფოებში, რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია, რაც შეიძლება გაჩნდეს მოსახლეობაში, ხომ არ იქნება ახალი პანდემია?.. ხომ არ გაჩნდა ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა პანდემიას დაუდოს საფუძველი?

ალბათ, რამდენიმე მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი. კერძოდ, მეტაპნევმოვირუსი არ იწვევს მაღალ ლეტალობას, ძირითადად გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს. ესაა დაბალი ტემპერატურა, 37,5-38,5 გრადუსის ფარგლებში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ან ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ყელის ტკივილი - ესაა და ეს.

მას ნაკლებად შეუძლია ფილტვების ანთების, სუნთქვის უკმარისობის გამოწვევა, ისეთი გართულების გამოწვევა, როგორიც კორონავირუსმა იცოდა 2020 წელს, ან ისეთი მძიმე გართულების, როგორიც შეუძლია გრიპს.

გრიპს შეუძლია იმოქმედოს გულზეც, თავის ტვინზეც, ფილტვებზეც... მეტაპნევმოვირუსი, თვითონ სახელიდან გამომდინარე, ძირითადად სასუნთქ სისტემას აზიანებს და მან შეიძლება 2 გართულება გამოიწვიოს: ბრონქების ან ფილტვების ანთება. ერთი აუცილებელი დამატება - ეს არ ეხება ყველა ასაკობრივ ფენას. გართულება მეტაპნევმოვირუსს შეუძლია გამოიწვიოს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის და ასევე 65 წელს გადაცილებულ პირებში. ეს ნიშნავს, რომ ასაკობრივი ფაქტორი ერთ-ერთი წამყვანია. ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე მიმდინარეობა 2 სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებში - ესაა ბრონქული ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ასევე შეიძლება გართულება გამოიწვიოს იმუნიტეტდაქვეითებულებში, მაგალითად, ქიმიოთერაპიაზე მყოფ პირებში. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საშიში ვირუსია, რომ შეიძლება თუნდაც ლეტალური მაჩვენებლის ზრდა გამოიწვიოს, არასწორი იქნება.

როდესაც 2019 წელს კორონავირუსი გამოჩნდა, არ იყო არც ერთი ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება ჰქონდა გადატანილი. შესაბამისად, მსოფლიოში არ იყო არცერთი ადამიანი, რომელსაც ექნებოდა იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, მეტაპნევმოვირუსი კი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ბავშვებს, გადატანილი აქვთ და მათ აქვთ იმუნიტეტი მის მიმართ.

სხვადასხვა კვლევაში ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების - თითქმის 100%-ს - სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვთ. 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ მოსახლეობის სწორედ იმ ფენას, რომელსაც იმუნიტეტი საკმაოდ მაღალი აქვთ და მეტაპნევმოვირუსთან კონტაქტის შემთხვევაში ეს დაავადება აღარ დაემართებათ. თუმცა არსებობს ხელახალი ინფიცირების შემთხვევები. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ამ ვირუსმა შესაძლოა პანდემია გამოიწვიოს, არასწორია - პანდემია ვერ განვითარდება, თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. ეს ნახსენები არც ყოფილა არც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და არც ჯანმოს კომენტარებში.

4000-1736711725.jpg

- ჩინეთში რატომ გამრავლდა ასე?

- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომენტარი ძალიან მოკლეა, ეს ვირუსის სეზონური მატებააო.

- მეტაპნევმოვირუსის წილი რამდენია წლევანდელ სტატისტიკაში?

- 50-ე კალენდარული კვირის მიხედვით, ანუ დეკემბრისთვის მეტაპნევმოვირუსი შეადგენდა ლაბორატორიულად დადასტურებული რეგისტრირებული ვირუსების 6%-ს -ანუ 100 შემთხვევიდან 6 მეტაპნევმოვირუსი იყო. სხვადასხვა მონაცემებით, 10-დან 1%-მდეა გაციებით მიმდინარე დაავადებებში მეტაპნევმოვირუსის ხვედრითი წილი.

ჩინეთის სხვადასხვა ნაწილსა და მის მეზობელ ქვეყნებშიც შემთხვევები დაფიქსირდა, მაგრამ არა აფეთქებების სახით. ჩინეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ტურიზმი შეუზღუდავია.

- ჩვენს ქვეყანაში რა სიტუაციაა, ვირუსების გავრცელების აქტიური სეზონია, პიკი დადგა თუ ჯერ წინ გვაქვს?

- მნიშვნელოვანი იქნება იანვრის პირველი ნახევრის მონაცემები, ვინაიდან პიკს სწორედ იანვარში ველოდებით. ახლა ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველკვირეულად გრიპის დადასტურებული შემთხვევების მატება გვაქვს. კალენდარული წლის ბოლო კვირას 40% იყო. ანუ ყველა 100 შემთხვევიდან 40 გრიპით იყო გამოწვეული. ეს ნიშნავს, რომ დეკემბრის ბოლო 2 კვირაში გრიპი დომინანტური ვირუსი გახდა. გვაქვს მოლოდინი, რომ შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს.

- მით უმეტეს, რომ მალე სკოლებში სწავლა დაიწყება...

- ამასთანაც არის დაკავშირებული და საბავშვო ბაღების გახსნასთანაც, მაგრამ მთლიანობაში 2024-25 წლის სეზონზე ჯერ ავადობის მაჩვენებელი ზუსტად ისეთივეა, როგორიც შარშან იყო, და ორჯერ ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. რთული სათქმელია, რა იქნება იანვრის ბოლოს და თებერვლის განმავლობაში.

- წელს რომელი ტიპის ვირუსია დომინანტური?

- გრიპის ვირუსებს შორის დომინანტურია H1 ტიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი.

- გადადება როგორ ხდება და როგორ დავიცვათ თავი?

- გადადების 2 ძირითადი გზა არსებობს: ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური. მათგან დაგვიცავს ნიღბის ტარება და ხელების ჰიგიენა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. გრიპისა და მეტაპნევმოვირუსის რისკჯგუფის შემადგენლობა განსხვავებულია. გრიპის შემთხვევაში რისკჯგუფში შედიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაბიჯებულები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, როგორიცაა დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსუქნე და სხვა. შესაბამისად, თუ ვინ უნდა გაიკეთოს ვაქცინაცია, პირველ რიგში ეს ეხება სწორედ იმ პირებს, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

- ამ ეტაპისთვის დაგვიანებული არ არის ვაქცინაცია?

- აცრებისთვის იდეალური პერიოდია ოქტომბრის ბოლო და მთელი ნოემბრის თვე. ახლა, ალბათ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის აცრა დაგვიანებულია, თუმცა თუ ვისაუბრებთ რისკის ჯგუფებზე, მათთვის აცრის გამოტოვების შემთხვევაში ახლაც შესაძლებელია ვაქცინაციის გაკეთება, იმიტომ, რომ გრიპის სეზონი კიდევ 2-3 თვეს გაგრძელდება. ასე რომ, რისკჯგუფის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ აცრა. ერთი განსხვავებაა ნოემბერს და იანვარს შორის აცრისგან. როცა ნოემბერში იცრები, თქვენ გარშემო ინფიცირებული არავინაა, ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არა გაქვთ, ამიტომ ვაქცინაციის შემდეგ ცხოვრობთ ჩვეული რიტმით.

თუ ახლა აპირებთ ვაქცინაციას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედებას იწყებს ვაქცინაციიდან 2 კვირის თავზე.

ასე რომ, 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოთ მაქსიმალურად იზოლირებული და მოერიდოთ კონტაქტებს.

- გრიპის ვაქცინა მეტაპნევმოვირუსისგან დაგვიცავს?

- არა. მეტაპნევმოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაწყებული აქვს ამერიკულ კომპანია "მოდერნას".

- აცრის შემდეგ გრიპის ვირუსი აღარ შემხვდება?

- 100%-იანი დაცვა არც ერთ ვაქცინას არა აქვს, მაგრამ თუ შეგხვდებათ, გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობით გადაიტანთ. გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ ორი მიზეზით - რომ არ შეგვხვდეს გრიპი, ან თუ შეგვხვდა, არ გაგვირთულდეს.

TOP.GE