დაუსრულებელი დევნილობა - კვირის პალიტრა

დაუსრულებელი დევნილობა

ვინც ისტორია კარგად იცის, იმის აღიარებაც უწევს, რომ ზოგიერთი ხალხის ბედი საუკუნეთა განმავლობაში ისეთივე კატაკლიზმებით არის სავსე, როგორიც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრება. ამ შემთხვევაში ე.წ. თურქ მესხებს ვგულისხმობ, რომელთაც ბევრად ძნელი ბედი ერგოთ, ვიდრე ჩვენ, დანარჩენ ქართულ ეთნოსს. ყველაფერი დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ ოსმალეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის აწიოკება-დაპყრობით დაიწყო და რუსეთ-უკრაინის ომის ტრაგედიებით გრძელდება: სულ ახლახან რუსეთისაგან გადამწვარი უკრაინიდან, კერძოდ, დონბასის სოფელ ჩაპლინკიდან თურქეთმა 200-ზე მეტი თურქი მესხის ოჯახი გადაიყვანა თურქეთში სამშვიდობოს. მალე სხვა ოჯახების გამოყვანასაც გეგმავს, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი მოინდომებენ... ან რატომაც არა, ე.წ. თურქი მესხები საოცრად ერთგული და მშრომელი ხალხია - ერთ დროს სტალინის იმპერიიდან შუა აზიის სტეპებში გადასახლებულებმა იქაურობა სამოთხედ აქციეს. თუმცა ბედისწერა იქაც დაეწიათ და უმეტესობა აზიურმა კონფლიქტებმა ისევ აყარა საცხოვრებლებიდან. მათ შორის ნაწილი უკრაინაში დასახლდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ქართული ორიენტაციის ე.წ. თურქი მესხებისთვის, უკრაინიდან თურქეთში გადასახლება ტრაგედია აღმოჩნდა და ცამეტმა ქართულმა ოჯახმა ისევ უკრაინაში დარჩენა ამჯობინა.

რა ძალა აქვს ამ განწირული ხალხის ლოდინს, ამაზე სანდრო ხოზრევანიძე გვესაუბრება. ის იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, ვინც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით სამშობლოში დაფუძნდა.

adigeni-sop-kexovani-sandro-da-patima-xozrevanize-1736713735. 1943 წელს კეხოვანში დაბადებული.jpg

- 1944 წელს მესხეთიდან გადასახლებულ ე.წ. თურქ მესხთა შორის 92% ნაღდი ქართველი იყო, თუმცა ამჟამად ამის თქმა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, მათი შთამომავალი რა ჭკუაზეა, ვინ არის ქართული ორიენტაციის, რომ საქართველოში დაბრუნდეს. რამდენადაც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ათეული წლებია ამბობენ, რომ კომისია უნდა შეიქმნას და ქართული ორიენტაციის ხალხი დააბრუნონ, თუმცა საშველი ჯერაც არ ჩანს. არადა, ამ ხალხის დაბრუნება გაგვაძლიერებს. თავად მხოლოდ იმათზე ვაგებ პასუხს, ვისაც ვიცნობ და ვის ქართველობაშიც ეჭვი არ მეპარება. მათ შორის არიან უკრაინაში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებიც ქართველობენ, სწორედ მათ დამირეკეს, არ გვინდა თურქეთში, დაგვეხმარე, რომ საქართველოში დაგვაბრუნონო.

ჩვენი ტრაგედია დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ დაიწყო, როდესაც თურქეთმა მესხეთი დაიპყრო. რა ლაპარაკი უნდა, რომ დამპყრობმა იძულებით დაათმობინა ქრისტიანობა ქართველებს. თუმცა ამ ადამიანებმა თავიანთი მიწის სიყვარული და ქართული გენი არ დაკარგეს. უფრო დიდი ტრაგედია სტალინი და რუსეთი იყო. ორ დღეში 220 სოფელი გადაასახლეს შუა აზიაში, სტატისტიკით, 86000 კაცი მაინც. იმას აღარ მოვყვები, როგორ იხოცებოდნენ გზაში, პირუტყვის გადასაზიდ მატარებელში, მერე კი აზიაში.

1956 წელს, როდესაც სტალინური რეპრესიები დამთავრდა, ეს ხალხი სურვილის მიუხედავად უკან აღარ დააბრუნეს, მათში ისევ საშიშროება დაინახეს. მხოლოდ იმ ოჯახებმა მოახერხეს დაბრუნება, რომლებიც ცალ-ცალკე ჩამოდიოდნენ. თუმცა მესხეთში დასახლების უფლებას არც მათ აძლევდნენ, ამიტომ სხვადასხვა ადგილას დასახლდნენ: სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში... ისიც ძალიან მცირე ნაწილი. თუმცა, საბრალოები შემდგომში 90-იანმა წლებმა შეიწირა, როდესაც ზოგიერთი ვაიქართველი მათ რწმენის გამო დაუპირისპირდა და ნაწილი იძულებული გახდა ისევ აყრილიყო საქართველოდან.

ყველაფრის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნებაზე იმ ხალხს არასოდეს უთქვამს უარი, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს. მათ შორის ჩემი წინაპრებიც იყვნენ, ადიგენიდან, სოფელ კეხოვანიდან. პირადად ჩემი დაბრუნება ზვიად გამსახურდიას წყალობაა. ის მეგობრობდა 1944 წელს საქართველოდან გადასახლებული ქართველების ხსნის საზოგადოების თავმჯდომარესთან, ხალილ გოზალიშვილთან. ასე გადაწყდა, რომ ჩვენ, გადასახლებულ ქართველთა შთამომავლებს გვესწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მე აზერბაიჯანიდან ჩამოვედი, დანარჩენები სხვა ქვეყნებიდან, სადაც საქართველოდან გადასახლებულები ცხოვრობენ, და დავრჩი.

e18393e18394e1839ee1839d-1736713735.jpg

- და შექმენით ქართული ოჯახი.

- კი, ასეა. გულითა და სულით ვცდილობ საქართველოში დაბრუნდეს მესხეთიდან გადასახლებული ის ქართველობა, რომელიც საქართველოს გააძლიერებს, მაგრამ არ გამომდის. მათ შორის არის იმ ოჯახების ნაწილი, რომლებიც უკრაინაში, დონბასში ცხოვრობენ.

ალბათ, ისიც საინტერესოა, შუა აზიაში გადასახლებულები უკრაინაში როგორ მოხვდნენ. მაშინ შუა აზიაში, უზბეკეთში, ფერღანაში ცხოვრობდნენ, როდესაც იქ ეთნიკურ ნიადაგზე ტრაგედია დატრიალდა. ჭრელი ეთნოსით დასახლებულ ადგილებში უზბეკებმა უზბეკების სახლები მონიშნეს და მათ გარდა, ყველას სახლები გადაწვეს. ამიტომ ჩვენი ხალხი ისევ აიყარა და გაიფანტა. ნაწილი უკრაინაში მოხვდა, იქ ცხოვრობდა 35 წლის განმავლობაში, ახლა კი ომის გამო იქიდანაც აიყარნენ.

- ვიდეოფირი ვნახე, როდესაც ისინი თურქეთს გადაჰყავს. ალბათ, ზოგს თავადაც უნდოდა თურქეთში გადასვლა და ომის გარიდება.

- ნაწილს კი. საშველი რომ არ იყო, თურქეთს სთხოვეს დახმარება, თუმცა არა ქართული ორიენტაციის ხალხმა. როდესაც სხვები წავიდნენ, ზოგი იმის ლოდინში, რომ საქართველო შეიფარებდა, ისევ უკრაინაში დარჩა, მათ შორის, ცამეტი ოჯახი. ამ ხალხმა თანასოფლელების წასვლის შემდეგ კიდევ ორი თვის განმავლობაში ბავშვებთან ერთად ტყვიების წვიმაში იცხოვრა იმედით, ეგებ საქართველოში შეგვიცოდონო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

- ვის მიმართეთ დასახმარებლად?

- მას შემდეგ, რაც თავის დროზე არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას და არაფერი გამოვიდა, ბატონ გოგა ხაინდრავას ვთხოვე, უკრაინაში 13 ქართულ ოჯახს არ უნდა თურქეთში წასვლა, იქნებ ხელისუფლებიდან ვინმეს სთხოვო, რომ ისინი მაინც დავაბრუნოთ, მრავალშვილიანებიც არიან მათ შორის, საქართველოს გააძლიერებენ-მეთქი. სამ დღეში მოგიგვარებ მაგ საკითხსო, მაგრამ აღარ დაურეკავს, ასე დაიკარგა ათი დღე. როდესაც კვლავ ველაპარაკე, მითხრა, იქნებ ისე ჩამოვიდნენ, როგორც უკრაინელი ლტოლვილები და მერე დავეხმარებიო, მაგრამ ეს აბსურდია, მრავალშვილიანი ოჯახის ლტოლვილად ქცევა, თუ სახელმწიფო ვერ ეხმარება, ბავშვების გაწირვაა.

- ახლა სად არის ის ხალხი, ისევ უკრაინაში?

- ახლახან ისევ აიყარნენ და თურქეთში წავიდნენ. თუმცა მერე თურქეთიდანაც დამირეკეს, აქ ვერ გავჩერდებით, გერმანიაში მივდივართ, მაგრამ თუ საქართველო მოიფიქრებს, საქართველოს შვილები ვართ და დავბრუნდებით, სხვაგან ცხოვრება არ გვინდაო.

- ასეთ ხალხს როგორ არ უნდა დაეხმარო სამშობლოში დაბრუნებაში?! არსებობს მათ შორის ოჯახები, რომლებიც 21-ე საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ?

- წინა ხელისუფლებამ ექვსი ოჯახი გორთან ახლომდებარე სოფელში დააბრუნა, 18 წელია აქ ცხოვრობენ, მაგრამ ბინადრობის უფლებაც არა აქვთ, ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება, ყველას აქვს განსაზღვრული პერიოდი, როდესაც მოქალაქეობას ანიჭებენ, მით უმეტეს, ეთნიკურ ქართველს, როგორ არ უნდა მიანიჭო საქართველოს მოქალაქეობა ხალხს, რომელიც 18 წელიწადია შენს სახელმწიფოში ცხოვ­რობს, ქვეყნისთვისაც შრომობს და შვილებს ქართულად ზრდის?

ჯერ მხოლოდ ის შევძელი, რომ სახელმწიფო სამსახურებს გადავეცი იმ 13 ოჯახის სია, რომლებიც უკრაინიდან თურქეთში გადავიდა. იმედი არა მაქვს, მაგრამ მაინც ველოდები, რომ რაიმეს მოიმოქმედებს ჩვენი ხელისუფლება. არა მხოლოდ ეს ხალხი, სხვა ქართველებიც უნდა დააბრუნოს სამშობლოში. სხვანაირად ვერ გაძლიერდება.