ფინანსთა სამინისტრო "არ იუწყება"... - კვირის პალიტრა

ფინანსთა სამინისტრო "არ იუწყება"...

მეწარმე იძულებული ხდება, ოფიციალურ შეტყობინებებს მთავრობის ვებგვერდებზე თვითონ მიაგნოს

"უნდა შებრძანდეთ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოძებნოთ ფანჯარა "სწრაფი ბმულები", ისრით გადახვიდეთ მარჯვნივ, კიდევ მარჯვნივ და საჯარო შეტყობინებებში, სადაც რამდენიმე ასეული განცხადებაა, მოძებნოთ თქვენთვის დატოვებული შეტყობინება" - ეს რამე თავსატეხი ან რებუსი არ გეგონოთ, ფინანსთა სამინისტროს მეწარმეებთან ურთიერთობის ვირტუალური მეთოდია, რომელიც, შესაძლოა, ბიზნესს დიდი პრობლემად ექცეს.

თუ ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყებიდან რამე შეტყობინებას ელოდებით, გირჩევთ, ყოველი შემთხვევისთვის, ზემოთ მოყვანილ ინსტრუქციას მიჰყვეთ და მრავალრიცხოვან ვირტუალურ შეტყობინებებს შორის, შესაძლოა, თქვენთვის განკუთვნილიც აღმოაჩინოთ. თუ უწინ, ფინანსური მაკონტროლებელი მეწარმეებს შეტყობინებას წერილობით, დაზღვეული ფოსტით უგზავნიდა, ახლა ბიზნესთან ურთიერთობები მთლიანად "გაავირტუალურა", რაც, შესაძლოა, კერძო სექტორს ძვირად დაუჯდეს. როგორც ჩანს, საჯარო მოხელეების კომფორტს ბიზნესის ინტერესები ეწირება.

ლევან ფანჯიკიძე (ინდმეწარმე): "რა ხერხებსაც დღეს მიმართავს შემოსავლების სამსახური მეწარმეებთან ურთიერთობისას, ეს რეგრესისკენ მიმავალი პროგრესია. კარგია და ვემხრობით, რომ შემოაქვთ ინოვაციები, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებსა და ელექტრონული ფორმით მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია. თუმცა ასე სწრაფად გადასვლა ამ მეთოდებზე და თან ისე, რომ ბიზნესს ამის შესახებ ინფორმაციას არ აწვდი, არაფერს ჰგავს. თუ ვინმეს განცხადება ან საჩივარი გვაქვს შეტანილი შემოსავლების სამსახურში, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ინფორმაციას მივიღებთ არა წერილობით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა, არამედ ელექტრონულად.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი განსახილველად 2012 წლის იანვარში შევიტანე. სხვა საკითხია, რომ ივნისამდე პასუხი არ მიმიღია, მაშინ, როცა საჩივარი ოცი დღის ვადაში უნდა განიხილონ და პასუხი გაგცენ.

დროდადრო ვცილობდი, რამე ინფორმაცია მომეპოვებინა ჩემს საჩივართან დაკავშირებით, რაზეც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი საკითხი განხილვის პროცესში იყო. ერთხელაც ისევ მოვიკითხე, რა ბედი ეწია ჩემს საჩივარს და განიხილეს თუ არა და მომიგეს: როგორ, ვებგვერდით არ გაეცანით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასო? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ვებგვერდზე გამოქვეყნდებოდა და თანაც არა შემოსავლების სამსახურის, არამედ ფინანსთა სამინისტროს "საიტზე". ხომ არ დამესიზმრებოდა, რომ ვებგვერდზე დადეს ჩემი საჩივრის პასუხი? იანვარში შეტანილ საჩივარზე პასუხს 1-ელ ივნისს უნდა ვიგებდე? და ისიც არ შემატყობინეს მანამ, სანამ არ მოვიკითხე. ამასობაში მთელი ანგარიშები მაქვს დაყადაღებული და ხელფეხშეკრული ვარ იმის გამო, რომ თვეობით ველოდები მათ პასუხებს. ვებგვერდზე დადებენ ინფორმაციას და თურმე უნდა დაესიზმროს მეწარმეს, ბიზნესმენს, რომ მათ რაღაც განათავსეს, უნდა შევიდეს ვებგვერდზე და ნახოს. რომ არ მომეკითხა, გადაწყვეტილებას ოცდღიანი ვადაც გაუვიდოდა და მისი გასაჩივრების უფლებაც არ მექნებოდა. რომ იტყვიან, ბეწვზე მივუსწარი, მაგრამ ვაი მათ, ვისაც ჯერ არ გაუგია ამ სიახლის შესახებ.

სხვა საკითხია, რამდენად რთულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე კონკრეტული გადაწყვეტილების მოძებნა და ატვირთვა. მათ სერვერზე დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი შედის და საძიებო სისტემა ტექნიკურად არ არის გამართული. მაგალითად, საიდან უნდა მცოდნოდა, კონკრეტულად როდის, რომელ რიცხვში გამოაქვეყნა შემოსავლების სამსახურმა ჩემთვის განკუთვნილი გადაწყვეტილება? 1-ელ ივნისს განთავსებულ შეტყობინებებში უნდა ვეძებო თუ 5 ივნისით დათარიღებულში? შეტყობინება ამის შესახებ მეწარმეს არც შMშ-ით ეგზავნება, არც ტელეფონით ატყობინებენ და არც მეწარმის ბარათზე აისახება. კარგი ჯანდაბას, იყოს ასე, მაგრამ თავად არ იცავენ დადგენილ ვადებს.

თუ მეცოდინება, რომ ოცი დღის განმავლობაში მივიღებ პასუხს, ოცი დღის განმავლობაში ყოველდღე შევამოწმებ ვებგვერდს. მაგრამ როცა ამ ვადებს არ იცავენ და ოცი დღის კი არა, ორი, სამი და ხუთი თვის განმავლობაში არ მაძლევენ პასუხს, ამდენ ხანს უნდა შევდიოდე საიტზე და ვამოწმებდე, რა პასუხი გამცეს? ადრე წერილობით გვიგზავნიდნენ ასეთ გადაწყვეტილებებს "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით დაზღვეული ფოსტით და სანამ მიმღები ხელს არ მოაწერდა, არ დატოვებდნენ. თუ ფოსტა უკან დაბრუნდებოდა ფინანსთა სამინისტროში, მე უნდა მივსულიყავი, ამის შესახებ ფოსტა შეტყობინებას მიგზავნიდა. ახლა კი თურმე მეწარმეებს ეს ყველაფერი უნდა დაგვესიზმროს, რომ თურმე განუთავსებიათ თავის ვებგვერდზე რაღაც. რომ არ დამერეკა და მომეკითხა, ამოიწურებოდა გასაჩივრების ვადა და სადავო გახდებოდა, მივიღე თუ არა".

აუდიტორები განმარტავენ, რომ საგადასახადო კოდექსში მართლაც არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმად, თუ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მიიჩნევა, რომ ის მეწარმეს ჩაბარდა. "ეს ერთგვარი ხრიკია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მიმართავს. ამ მეთოდით მეწარმე დროშია შეზღუდული. მაგალითად, თუ დროულად ვერ ნახა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრება ვერ მოასწრო, შემდეგ უკვე სასამართლოში უნდა გაასაჩივროს, იქ მეწარმეს ბაჟის გადახდა მოუწევს და არც უღირს სასამართლოში დავა. მეწარმე ვერც იმის გადამოწმებას შეძლებს, ნამდვილად მითითებულ რიცხვშია განთავსებული ვებგვერდზე განცხადება თუ შემოსავლების სამსახურმა განგებ შეამცირა ვადები. ვინც ინფორმირებულია და იციან ამ ახალი წესის შესახებ, იძულებული არიან, ფოტო გადაუღონ ვებგვერდს, რათა აღიბეჭდოს განცხადების განთავსების თარიღი. შემდეგ თავისი სიმართლის დამტკიცება რომ შეძლონ", - ამბობენ აუდიტორები.

საგადასახადო კოდექსში არის მუხლი, რომელიც არეგულირებს ფინანსური უწყების ურთიერთობებს გადასახადის გადამხდელებთან. 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ პირისთვის წერილობითი დოკუმენტების ჩაბარება კოდექსით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, მაშინ შემოსავლების სამსახურის უფროსი, მოადგილე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით. თუმცა რატომ ვერ ხერხდება ამ ბოლო დროს მეწარმეებისთვის წერილობით გადაწყვეტილებების ჩაბარება, მეწარმეებისთვის გაუგებარია. "მოვიდნენ მისამართზე და ვერ გვიპოვეს, რატომ ვერ ბარდება დოკუმენტები პირადად, ჩვენ ხომ ყველა რეკვიზიტს ვუთითებთ?" - ჩივიან ამ პრობლემით შეწუხებული მეწარმეები.

თუმცა კოდექსი, როგორც ყოველთვის, ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. იქვე ნათქვამია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს წერილობით ან ელექტრონული ფორმით და ის ჩაბარებულად ითვლება, თუ გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით, ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს. ამგვარი ცხადი მოთხოვნის მიუხედავად, იმის მომიზეზებით, რომ წერილობით დოკუმენტების ჩაბარება "ვერ ხერხდება", ბიუროკრატია საქმეს იადვილებს. ფაქტობრივად, საშუალო რგოლის მოხელეების "კომფორტულ ცხოვრებას", რაც სულაც არ არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, შესაძლოა მეწარმეების სისხლხორცეული ინტერესები შეეწიროს - ისე, რომ საყვედურის გამოთქმის საშუალებაც კი არ მიეცეთ.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს ყოველთვის ჰქონდა ვალდებულება მეწარმეების წინაშე, გაეგზავნათ წერილობითი გადაწყვეტილება და შემდეგი ქმედებების საფუძველი სწორედ ეს იყო. თუ მეწარმეს შეტყობინება არ ჩაბარდა, ცოტა უხერხულია მისთვის იძულების დაწესება, რომ ფინანსთა სამინისტროს ან შემოსავლების სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღიურად ეძებოს, რამე შეტყობინება გამოუგზავნა შემოსავლების სამსახურმა თუ არა. ეს პირდაპირი მცდელობაა, რომ განაგრძონ მეწარმეების გამოჭერის პოლიტიკა, ხოლო დანაშაულის პრევენცია და დანაშაულის აღმოფხვრა მეწარმეების დანაშაულზე ხელოვნურად "წამოკიდების" მცდელობად აქციონ".