"თუ ტკბილეულის მიღება კვებითი ქცევის აშლილობის ფორმას იღებს, მაშინ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩარევაა საჭირო. სწრაფი კლება არ ნიშნავს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას"
როგორ მოვერიოთ ტკბილეულზე დამოკიდებულებას
"ნამცხვრები, შოკოლადები, კანფეტები და სხვა ტკბილეული უზომოდ მიყვარს, მაგრამ ზედმეტი წონა მაქვს და ეს ძალიან მაწუხებს. მირჩიეთ, როგორ მოვერიო ტკბილეულზე დამოკიდებულებას?"", - ამ შეკითხვით ჩვენმა მკითხველმა მოგვმართა, თუმცა ეს პრობლემა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, უამრავ ადამიანს აწუხებს.
ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ მედიცინის დოქტორს, პროფესორ ქეთევან ბერიძეს.
- ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმი, ზომიერად მოხმარებული, სულაც არ არის ორგანიზმისთვის საზიანო, მით უმეტეს, რომ ე.წ. ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს, შესაბამისად, დადებითად მოქმედებს განწყობაზე; ამდენად, ტკბილეულის სრულიად აკრძალვა დადებითი ეფექტის მომტანი ვერ იქნება, ამიტომ, ამგვარი პროდუქტის მიღება არც უნდა ავკრძალოთ.
- მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეულში კალორიების დონე ძალიან მაღალია?
- ბოლო პერიოდში, მედიკოსებისთვის თვალშისაცემია, რომ მოსახლეობა მხოლოდ კალორიებს აქცევს ყურადღებას. ჭარბი კალორიების მიღება ნებისმიერი საკვებით შეიძლება. ზუსტად რომც იცოდეთ, რამდენი კალორია გესაჭიროებათ დღის განმავლობაში და კალორიების რაოდენობა ზუსტად დაიცვათ, არაფერს მოგცემთ, თუ თქვენი კვება დაბალანსებული არ არის. ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება გარკვეული რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმისთვის ძირითადი ენერგიის წყაროა. საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღებული ნახშირწყლები კი, ორგანიზმში ცხიმად გარდაიქმნება, გროვდება და წონის მატებას იწვევს. თუკი თქვენს რაციონში, წინასწარ იქნება გათვალისწინებული მარტივი ნახშირწყლების, მათ შორის, საკონდიტრო ნაწარმის წილი (რა თქმა უნდა, არა ყოველდღიურად), წონის მატების რისკი პრაქტიკულად არ იქნება.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკონდიტრო ნაწარმი არ უნდა მივიღოთ ყოველდღიურად და არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარდა ნახშირწყლებისა, ეს ნაწარმი სხვადასხვა, არცთუ უსაფრთხო კომპონენტებს შეიცავს.
- ქალბატონო ქეთი, ვინც რაციონიდან ტკბილეულის ამოღება შეძლო, წონაში ძალიან სწრაფად დაიკლო. ამაზე რას გვეტყვით?
- თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, რაციონიდან მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმის ამოღებით წონაში სწრაფად ვერ დაიკლებს; როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, რაციონში სხვა ცვლილებებიც შეაქვთ, თუმცა სწრაფი კლება არ ნიშნავს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ვინც წონას ამ გზით იკლებს, იცის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წონის კლება ჩერდება და ადამიანი წონაში ისევ იმატებს, უმეტეს შემთხვევაში, საწყის წონაზე მეტად. ამდენად, ამ გზით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.
ზოგადად, წონის კლების კარგ, უსაფრთხო მაჩვენებლად მიჩნეულია საშუალოდ, 2-4 კგ ერთ თვეში.
- გახდომის მიზნით, ზოგჯერ ადამიანები ერთგვაროვან კვებაზე გადადიან, მაგალითად: ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკვებებიან მხოლოდ წიწიბურათი ან შედარებით დაბალკალორიული ხილით. როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მიდგომაა?
- რა თქმა უნდა, არა. ერთგვაროვანი, ანუ მონოკომპონენტური კვება ორგანიზმისთვის სტრესია და ამაზე საპასუხო ერთ-ერთი რეაქცია წონის კლებაა. ასეთი კვება, მით უმეტეს, ხანგრძლივად, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ამ დროს ფერხდება ორგანიზმის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, ვითარდება ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მიკროელემენტების და სხვა მნიშვნელოვანი, შეუცვლელი ნივთიერებების დეფიციტი, რაც სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
ამიტომ ერთგვაროვან კვებას ადამიანისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.
- საქართველოში ძალიან პოპულარული იყო და არის პოლ ბრეგის წიგნი - „შიმშილობის სასწაული“. რამდენად გამართლებულია შიმშილობა და საკვების ნაცვლად, გამოხდილი წყლის მიღება?
- ესეც აბსოლუტურად გაუმართლებელი გზაა, რადგან შიმშილი ადამიანის ორგანიზმისთვის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ არის. გაუგებარია, რისთვის შიმშილობენ ან გამოხდილ წყალს რატომ სვამენ, ეს ხომ ყველაფრისგან დაცლილი და გამორეცხილი წყალია? თუ მოგვწყურდება, ჩვეულებრივი წყალი უნდა დავლიოთ. მით უმეტეს, ცნობილი ფაქტია, რომ ეს პოპულარული ავტორი, ხანგრძლივი შიმშილობის დროს გადასხმებს იკეთებდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებები არ მოჰკლებოდა.
- ესე იგი, კვირაში ერთი დღეც არ უნდა ვიშიმშილოთ?
- არა, არ უნდა ვიშიმშილოთ და ზომიერი რაოდენობით ყველანაირი საკვები უნდა მივიღოთ, მათ შორის, ტკბილეულიც.
- ქალბატონო ქეთი, საზიანოა თუ არა ადამიანისთვის შაქრის მიღება? - ზოგიერთს სუფთა შაქარი ძალიან უყვარს.
- შაქარი თანამედროვე კვების რაციონში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია; მისი ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია ჯანმრთელობის მრავალ პრობლემასთან. ჭარბად მოხმარებული შაქარი ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას, რაც თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდის, ზრდის კარიესის განვითარების ალბათობას და ხელს უშლის იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას... მიუხედავად ამისა, შაქრის მიღებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერება აქაც უნდა დავიცვათ. რატომ? - საკვებ პროდუქტებში, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ (მაგ: პურში, კონსერვებში და სხვ...), ისედაც შედის გარკვეული რაოდენობით შაქარი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მას საკმარისი რაოდენობით მივირთმევთ, ამიტომ, მისი დამატებით მიღება აღარ არის საჭირო.
პაციენტებს მეც ვურჩევ, რომ უშაქრო ყავა ან ჩაი დალიონ. როგორც გითხარით, ნებისმიერი, ჭარბად მიღებული ნახშირწყალი ცხიმად გარდაიქმნება, ამიტომ ნახშირწყლების მიღებისას, ზომიერების დაცვა აუცილებელია.
- რამდენად მიზანშეწონილია შაქრის შემცვლელების გამოყენება?
- შაქრის შემცვლელების უსაფრთხოება საკამათოა. ზოგიერთი შაქრის შემცვლელის გამოყენება შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კვლევებითაც დადასტურდა. ასევე ვარაუდობენ, რომ შაქრის შემცვლელები კი არ ამცირებენ, არამედ, აძლიერებენ ტკბილეულზე მოთხოვნილებას.
უმჯობესია, შაქრის ამოღება რაციონიდან და მისი ბუნებრივი ალტერნატივით, მაგალითად, თაფლით ან ხილით ჩანაცვლება, რაც ქრონიკული დაავადებების პრევენციას და ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თუმცა, ზომიერება და დაბალანსებული კვების პრინციპების დაცვა აქაც არ უნდა დავივიწყოთ.
- და ბოლოს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც ტკბილეულზე დამოკიდებულება აქვს?
- ნებისმიერი დამოკიდებულება, დიეტოლოგიის სფეროს სცდება. საერთოდ, სტრესული მდგომარეობების დროს, ადამიანებს ხშირად უჩნდებათ „ტკბილის“ მიღების სურვილი, მაგალითად შოკოლადისა, რომელიც ორგანიზმში „ბედნიერების ჰორმონების“ გამოყოფას იწვევს. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ თუ ტკბილეულის მიღება კვებითი ქცევის აშლილობის ფორმას იღებს, მაშინ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩარევაა საჭირო.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)