2022 წლის ნოემბერში პლანეტა დიდ კატასტროფას გადაურჩა?! - აპირებდა თუ არა პუტინი უკრაინაში "ბოლო ჟამის" იარაღის გამოყენებას - კვირის პალიტრა

2022 წლის ნოემბერში პლანეტა დიდ კატასტროფას გადაურჩა?! - აპირებდა თუ არა პუტინი უკრაინაში "ბოლო ჟამის" იარაღის გამოყენებას

2022 წლის 11 ნოემბერი...ამ ბლოგის სტატიაში „დნეპრთან, საპონტონე გადასასვლელებზე, რუსული ტანკების საცობების განადგურების დრო დაუდგათ უკრაინელ არტილერისტებს...“ ვწერ, რომ „ახლა უკრაინელ არტილერისტებს ყველაზე კარგი დრო დაუდგათ, მასობრივი საცეცხლე დარტყმები განახორციელონ მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, საცობში თავმოყრილი რუსი ოკუპანტების იმ მძიმე ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გასანადგურებლად, რომლებიც დროებით აგებული საპონტონე ხიდებისა და მცურავი ბარჟების მეშვეობით ცდილობენ, თავს უშველონ და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რაც შეიძლება მალე გადაბარგდნენ...“

უკრაინაში შეჭრიდან ექვს თვეში რუს ოკუნტებს მძიმე დღეები დაუდგათ, რადგან უკრაინის არმიამ თითქმის ერთდროულად წამოიწყო ორი მძლავრი და წარმატებული კონტრიერიში - პირველი ჩრდილოეთში, ხარკოვიდან აღმოსავლეთით კუპიანსკისკენ და მეორე სამხრეთში, ხერსონის გასანთავისუფლებლად და რუსების მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გასაყრელად...

თუკი ხარკოვის ოლქიდან განდევნილ აგრესორებს შეეძლოთ თავი შეეფარებინათ მანამდე ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, ხერსონის დაკარგვის შემდეგ მათ ასეთი გამოსავალი არ ჰქონდათ, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იქნებოდნენ მიმწყვდეულნი და ვერც ანტონოვსკის საავტომობილო და ვერც სარკინიგზო ხიდებით გადავიდოდნენ მარცხენა სანაპიროზე, რადგან ეს ხიდები უკრაინელ არტილერისტებს უკვე „დახვრეტილი“ ჰქონდათ „ჰაიმარსებით“...

1-xers-1736769937.jpg
2022 წლის ნოემბერში ხერსონიდან უკუქცეული რუსი ოკუპანტები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლას ჩქარობდნენ...

გამოდიოდა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის უკრაინისა არმიას შეეძლო მოეწყო თანამედროვე „სტალინგრადი“ და უდიდესი ზიანი მიეყენებინა, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპიროსთან ალყაში ექცეოდა 30 ათასამდე რუსი სამხედრო და მათი 5 ათასამდე საბრძოლო და სხვა ტექნიკა...

მაგრამ, ახალი „სტალინგრადი“ სამწუხაროდ არ შედგა - რუსმა ოკუპანტებმა დაჩქარებულად, ოღონდ დიდი პანიკის გარეშე შეძლეს სამი ათეული ათასი თავისი სამხედროსა და ტექნიკის ევაკუაცია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბის გავლით(რომელიც ჯერ არ იყო აფეთქებული), მოახდინეს მათი გადაჯგუფება, გადაიარაღება და წარმატებით გამოიყენეს 2023 წლის ზაფხულში დაწყებული უკრაინელების გენერალური კონტრშეტევის მოსაგერიებლად ზაპოროჟიეს ოლქიდან აზოვის ზღვის მიმართულებით...

მაშინ, 2022 წლის ნოემბერში გაკვირვებული ვიყავით - რატომ არ ურტყამს უკრაინული არტილერია „ჰაიმარსებითა“ და ჰაუბიცებით კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბაზე გამავალ იმ ვიწრო გზას, ,რომელთანაც ათასობით რუსი ოკუპანტი იყო შეჯგუფული, ხოლო მათ ჯავშანტექნიკას რამდენიმეკილომეტრიანი საცობი ჰქონდა მოწყობილი, ასეთ „მსუყე“ სამიზნეზე ხომ მხოლოდ ოცნება შეიძლება?!

და, აი, ორი წლის შემდეგ ამ კითხვას პასუხი ეცემა...

2-xers-1736770070.jpg
კახოვკის ჰიდროელექტროსადურის დამბის ვიწრო გზაზე გადასასვლელად, რამდენიმეკილომეტრიან საცობში მოხვედრილი რუსი სამხედროები საუკეთესო „მსუყე“ სამიზნე გახლდნენ უკრაინელი არტილერისტებისთვის, მაგრამ...

ამერიკელი ავტორი ბობ ვუდვორდი თავის ახალ წიგნში Woodward Bob: War, წერს:

ამერიკელმა მრჩევლებმა გააფრთხილეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ თუკი უკრაინის არმია მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე ევაკუაციის მოლოდინში შეჯგუფულ რუს სამხედროებს, მაშინ პუტინი 50%-იანი ალბათობით ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო...

ამის შემდეგ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსების კომიტეტის მაშინდელი მეთაური მარკ მილი თურმე ურეკავს თავის რუს კოლეგას, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და ეს უკანასკნელიც უდასტურებს, რომ ხერსონიდან ევაკუაციის დროს, თუკი რუსეთის არმია დიდ დანაკარგს მიიღებს, მაშინ რუსეთი მართლაც გამოიყენებს ბირთვულ იარაღსო...

საქმეში ისევ ერთვებიან პრეზიდენტ ბაიდენის მრჩევლები და ვაშინგტონი კიევს კულუარულად აიძულებს შეწყვიტოს ძლიერი შეტევები და საარტილერიო დაბომბვები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ვიწრო გადასასვლელში თავმოყრილი 30 ათასამდე რუსი ოკუპანტისა და მათი სამხედრო ტექნიკის მიმართულებით...

როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია - ამერიკელმა ავტორმა ბობ ვუდვორდმა უბრალოდ გააჟღერა(ბუნებრივია, პირველ წყაროებზე დაყრდნობით) ის, რასაც ისედაც ვხვდებოდით-პუტინმა თავისი „ბირთვული შანტაჟით“ მაშინ პირველად მოუგო ამერიკელ კოლეგას და ეს „ბირთვული ტაქტიკა“ მოგვიანებითაც წარმატებით გააგრძელა...

3-xers-1736770012.jpeg
უშუალოდ ხერსონთან არსებული ანტონოვსკის საავტომობილო ხიდი უკრაინელმა არტილერისტებმა წინასწარ გამოიყვანეს მწყობრიდან, რადგან უკრაინის გენშტაბს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მიმწყვდეული რუსი ოკუპანტებისთვის ახალი „სტალინგრადის“ მოწყობა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ პუტინის „ბირთვული შანტაჟით“ დაშინებულმა ბაიდენმა ზელენსკის ამის გაკეთება აუკრძალა...

მალე მოვა დრო, განსაკუთრებით ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტობის შემდეგ, როდესაც „ამოტივტივდება“ კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი, როდესაც ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი გაუბედაობისა თუ უბრალოდ შიშის გამო, რუსეთ-უკრაინის ომი ამდენხანს „გაწელეს“ და რუს დიქტატორ პუტინს მისცეს დრო და საშუალება, რომ სამარცხვინოდ ჩაშლილი ბლიცკრიგის შემდეგ,მოეხდინა რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაირაღება, მობილიზაციის ჩატარება, რუსეთის სამხედრო მრეწველობის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა, სანქციებისგან თავის დაღწევა...

შედეგი - ომის მესამე წლის თავზე პუტინის არმია ისევ ფლობს საბრძოლო ინიციატივას და აგრძელებს ახალ-ახალი უკრაინული მიწების დაპყრობას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი თითქოს უფრო მეტ შეიარაღებას აწვდის უკრაინის დამცველებს...

უბრალოდ, რუსეთთან ომის გახანგრძლივობის პოლიტიკა, რომელიც რიგი დასავლელი პოლიტიკური ლიდერების ინტერესში ჯდებოდა, რათა კრემლი რაც შეიძლება დიდხანს ჰყოლოდათ დიდი ომის ჭაობში ჩაფლული, თუნდაც უკრაინელების სისხლის ხარჯზე, ფიასკოს განიცდის...