„ხანძარი და პოლიტიკა: რატომ აღმოჩნდა ლოს-ანჯელესის ხანძარი გამანადგურებელი და რა უნდოდა ქალაქის მერს ხანძრის დაწყებისას აფრიკაში?“ - BBC
BBC (დიდი ბრიტანეთი):
„ხანძარი და პოლიტიკა: რატომ აღმოჩნდა ლოს-ანჯელესის ხანძარი გამანადგურებელი? რა უნდოდა ქალაქის მერს ხანძრის დაწყებისას აფრიკაში?“
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ხანძარი და პოლიტიკა: რატომ აღმოჩნდა ლოს-ანჯელესის ხანძარი გამანადგურებელი?“, სადაც გაანალიზებულია აშშ-ის „ანგელოზთა ქალაქში“ დაწყებული ხანძრის მიზეზები და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პოლიტიკური მომენტი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„6 იანვარს ლოს-ანჯელესში დაწყებულმა ხანძარმა უკვე 24 ადამიანი შეიწირა. ძლიერი ქარის პირობებში ცეცხლის ჩაქრობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. უკვე დაიწვა ქალაქის ელიტური კვარტლები - პალისეიდსი და ითონი, ხანძრის არეალი ფართოვდება. ევაკუირებულია 180-ათასი ადამიანი. რა გახდა ხანძრის მიზეზი და იყო თუ არა ქალაქი მომზადებული? რა როლი შეასრულა კლიმატის ცვლილებამ? როგორ მოქმედებს აშშ-ის ფედერალური და კალიფორნიის შტატის ხელისუფლება?
რა გახდა ხანძრის სავარაუდო მიზეზი?!
გამოძიება უკვე დაწყებულია. აშშ-ში ხანძრის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - მეხის დაცემა თავიდანვე გამოირიცხა. ჯერჯერობით, ასევე, არ არის არანაირი ოფიციალური მტკიცებულება იმისა, რომ ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს ან ელექტროგადამცემი ხაზების გაუმართაობის გამო გაჩნდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 და 2023 წლები კალიფორნიაში ძალიან ნოტიო იყო და ატმოსფერული ნალექი ჭარბად მოვიდა. წვიმებმა ბალახისა და მცენარეების სწრაფი ზრდა გამოიწვია, რომელიც 2024 წლის გვალვიან წელიწადში გახმა და „ფეთქებად საწვავად“ გადაიქცა.
მშრალი პერიოდისა (ლოს-ანჯელესში გასული წლის ოქტომბრიდან წვიმა თითქმის არ ყოფილა) და ძლიერი ქარის (რომელიც „სანტა ანას“ სახელითაა ცნობილი) შეთავსებამ ქალაქის შემოგარენში ტყის ხანძრებისათვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. მხოლოდ შემთხვევითი ნაპერწკალი იყო საჭირო, რომ...
იყო თუ არა ქალაქი მზად?
პოლიტიკური დავა ქალაქის სახანძრო მზადყოფნაზე მაშინ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა - ზოგიერთ ხანძარსაწინააღმდეგო ქვედანაყოფს ცეცხლის ჩასაქრობად... წყალი არ აღმოაჩნდა. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს სპეციალური გამოძიება, თუ რატომ იყო დამშრალი ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ხელოვნური წყალსაცავი „სანტა-ინესი“ (თითქოსდა სარემონტოდ). „სახანძრო ჰიდრანტებში წყლის არარსებობამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი შენობების დაცვას ცეცხლისაგან, „უსაფრთხო დერეფნების“ შექმნას და მოსახლეობის ევაკუაციას“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
თუმცა ორი დღის წინ ლოს ანჯელესის ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსმა ებრონი მარონემ უარყო ინფორმაცია, რომ მისი დეპარტამენტი მზად არ იყო ხანძრისათვის. „ჩვენ ყველანაირად მზად ვიყავით, როცა ხანძრები დაიწყო, გვქონდა პირველი ეტაპის სამყოფი რესურსი და გვყავდა საჭირო პერსონალიც... მაგრამ შემდეგ რესურსების დეფიციტი გაგვიჩნდა. ეს კატასტროფა მოუმზადებლობის ბრალი არ არის, ეს არის სტიქიური უბედურება“, - განაცხადა ოლქის მთავარმა მეხანძრემ.
სად დადის ქალაქის მერი ხანძრის დროს?
ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ მან კრიზისულ სიტუაციაში აუცილებელი ლიდერული მონაცემები და თვისებები ვერ გამოავლინა.
მართლაცდა, ლოს-ანჯელესელებისთვის სასიამოვნო არ იყო იმის გაგება, რომ მათი ქალაქის მერი, ქალბატონი კარენ ბასი ხანძრის დაწყების დროს შორეულ აფრიკულ სახელმწიფოში იმყოფებოდა - განაში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.
ქალაქის მერის პოლიტიკური მეტოქეები გაკვირვებას ვერ მალავენ იმის გამო, თუ რატომ წავიდა იგი საერთაშორისო ვიზიტით განაში მაშინ, როცა ლოს-ანჯელესის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაფრთხილება გამოსცა „ექსტრემალური ამინდისა და მოსალოდნელი ხანძრების შესახებ“. ქალაქის ასი ათასზე მეტმა მცხოვრებმა მოაწერა ხელი პეტიციას კარენ ბასის გადადგომის მოთხოვნით, რადგან მან მათი იმედები ვერ გაამართლა და მოსახლეობას ექსტრემალურ პირობებში აუცილებელი დახმარება ვერ გაუწია.
რა თქმა უნდა, მერმა, თავის მხრივ, უარყო ბრალდებები, რომ თითქოსდა მას ლიდერისათვის დამახასიათებელი მონაცემები, ხასიათი არ აქვს და რომ იგი უძლური აღმოჩნდა. კარენ ბასმა თავი იმართლა ხანძრის უპრეცედენტო სიმძლავრით და მისი სწრაფი გაფართოებით: „ახლა ყველაზე მთავარია კრიზისის გადალახვა, რომლისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ“, - თქვა მან, თუმცა... ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ გამონახა საკმარისი რეზერვები მოსახლეობისათვის თავშესაფრის მისაცემად.
რა როლი შეასრულა კლიმატის ცვლილებამ?
მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ბუნებრივ მიზეზებად, ჩვეულებრივ, ძლიერი ქარი და ატმოსფერული ნალექების უკმარისობა ითვლება, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გარემოებებს ქმნის ხანძრების ბუნებრივად გამოწვევისათვის.
აშშ-ის დასავლეთი ნაწილი, კალიფორნიის ჩათვლით, ხანგრძლივი ათწლიანი გვალვის რეგიონად ითვლება (2022-23 წლების გამოკლებით). გამოკვლევების მიხედვით, უკანასკნელ წლებში კალიფორნია და მისი მოსაზღვრე შტატები მოწყვლად ტერიტორიას წარმოადგენენ.
„კლიმატის ცვლილება, ტემპერატურის მატება, ნალექების უკმარისობა გახდა ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის ალბათობას აშშ-ის დასავლეთში“, - განაცხადა ამერიკის საოკეანო და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სამმართველომ.
ითვლება, რომ კალიფორნიაში ხანძრების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, მაგრამ ახლა ხანძრები უკვე მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. „სეზონურობა უკვე გაქრა. ხანძრები ყოველთვის არის მოსალოდნელი“, - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ