„პოსტკომუნისტური მაფიოზური სახელმწიფოს ანატომია“ - სკანდალური წიგნი ვიქტორ ორბანზე ანუ საით "გადაუხვია" უნგრეთმა?!
უნგრეთის უახლესი ისტორია, უფრო ზუსტად კი - ბოლო 15 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მიზეზთა გამო, ძალზე აქტუალურია საქართველოსთვის. იქ მიმდინარე პროცესები გასათვალისწინებელია ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. თუმცა უკვე ჩანს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა (ხელისუფლებისგან განსხვავებით) კარგად ვერ შეისწავლეს ვიქტორ ორბანის მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, ასევე, უნგრელი „კოლეგების“ შეცდომები, რათა სათანადოდ მომზადებულიყვნენ.
2010-2024 წლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ მიღებული საგარეო და საშინაო გადაწყვეტილებების ობიექტური ანალიზი და რეალისტური შეფასება ბევრმა უნგრელმა პოლიტოლოგმა მოახდინა. მათგან განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი პოლიტიკოსისა და სოციოლოგის, ბალინტ მადიარის ხედვა. თავად ბალინტ მადიარი უნგრეთის ანტიკომუნისტური დისიდენტური მოძრაობის აქტივისტი და 1988 წელს დაარსებული უნგრეთის ლიბერალური პარტიის - “თავისუფალი დემოკრატების ალიანსის“ თანადამფუძნებელი არის. ის 1990-1994 წლებში უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, ხოლო 1996-1998 და 2002-2006 წლებში უნგრეთის განათლების მინისტრი გახლდათ. თითქმის ოთხი ათეული წელია, რაც ბალინტ მადიარი უნგრეთის პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში ტრიალებს და ზედმიწევნით კარგად იცის „შიდასამზარეულო“.
„პოსტკომუნისტური მაფიოზური სახელმწიფოს ანატომია“
ვიქტორ ორბანის (ანუ ვლადიმერ პუტინის) ქართველმა „ფანებმა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ ბალინტ მადიარის წიგნი: „პოსტკომუნისტური მაფიოზური სახელმწიფოს ანატომია“, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიცა. ეს სამასგვერდიანი ნაშრომი სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური კვლევაა თანამედროვე უნგრეთის შესახებ, სადაც ავტორმა ქრონოლოგიურად აღწერა ვიქტორ ორბანის „საქმენი საგმირონი“ და დაწვრილებით გააანალიზა უნგრეთის უკუსვლა დემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ. შემდეგ წლებში გამოცემულ ნაშრომებსა და ინტერვიუებში ბალინტ მადიარმა ვიქტორ ორბანის მიერ შექმნილი რეჟიმის კიდევ უფრო ღრმა ანალიზი ჩაატარა. მაქსიმალური ობიექტურობისთვის ხშირად დავესესხები ამ უნგრელ პოლიტიკოსსა და მეცნიერს.
ბალინტ მადიარი, ისევე, როგორც სხვა უნგრელი პოლიტიკოს/პოლიტოლოგები, ფიქრობს, რომ როდესაც უნგრეთი შეუერთდა ჯერ ნატოს, შემდეგ კი - ევროკავშირს, არსვინ ელოდა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობაში ამგვარი
ბალინტ მადიარი
კატასტროფული უკუსვლა მოხდებოდა. რუსეთისა და პუტინის რეჟიმის კრიტიკით გამორჩეულმა ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმდენი „შეძლო“, რომ ახლა უნგრეთი ინსტიტუციურად და პიროვნულად სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. პარადოქსია, როდესაც დღეს ორბანი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის სლოგანს „ეფარება“, რათა თავიდან აიცილოს ევროკავშირის კრიტიკა და, ამავე დროს, ქვეყნის სუვერენიტეტს პუტინს აბარებს.
რა გააკეთა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ?!
ბალინტ მადიარის აზრით, 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ფიდესის“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ვიქტორ ორბანს გზა გაეხსნა ლიბერალური დემოკრატიის სისტემის გასანადგურებლად და საკუთარი ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად.
ორი, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლებზეც „ფიდესმა“ კონტროლი თავიდანვე დაამყარა, იყო პროკურატურა და საკონსტიტუციო სასამართლო. დღეს ორივე „ფიდესის“ საარჩევნო კამპანიას ემსახურებაო, - აღნიშნავს მადიარი. 2010 წლის შემდეგ, როდესაც ვიქტორ ორბანმა მოახდინა ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტების თანდათანობითი შევიწროება/ლიკვიდაცია, უნგრეთში შეიქმნა ახალი რეჟიმი, რომელიც ყველაზე მეტად პუტინის რუსეთის დღევანდელ ავტორიტარულ მოდელს წააგავს. ამიტომაც იყო, რომ როდესაც 2014 წელს ვიქტორ ორბანმა ლიბერალური დემოკრატიის გაუქმება და „არალიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს“ შექმნა გამოაცხადა, მან მისაბაძ ქვეყნებად ისეთი ავტოკრატიული სახელმწიფოები დაასახელა, როგორიცაა: რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი წლის „დაუღალავი“ მცდელობის შემდეგ, ორბანმა შეძლო უნგრეთის საზოგადოების ფართო ფენებში ლიბერალური დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მარგინალიზება. ასეა, ხომ გაგიგიათ: "შეძახილმა ხე გაახმოო".
"უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდა, უნგრეთში 2017 წელს მიიღეს ანალოგიური კანონი. ესეც ერთი თამაში იყო.
ორბანის "ეშმაკობა"
ბალინტ მადიარი განსაკუთრებით აღნიშნავს ვიქტორ ორბანის რეჟიმის ერთ „ეშმაკობას“: უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ „ვერ დაინახა“ რაიმე დისკრიმინაცია იმაში, რომ უნგრეთში მცხოვრებ, მაგრამ საზღვარგარეთ მომუშავე უნგრეთის მოქალაქეებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლება ფოსტით და ეს პირადად უნდა გააკეთონ, უნგრეთის დიპლომატიურ მისიებში. ამის გამო, დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში მომუშავე უნგრეთის ათასობით მოქალაქეს, პრაქტიკულად, არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლების გამოყენების შესაძლებლობა: ზოგჯერ მათ ათასობით კილომეტრის გავლა, ასობით დოლარის დახარჯვა და ხმის მისაცემად საათობით რიგებში დგომა უწევდათო.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ 2010 წლიდან ორბანის რეჟიმი ოპოზიციის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს „ტიტუშკებს“: უნგრული საფეხბურთო გუნდის „ფერენცვაროშის“ ყველაზე თავზეხელაღებულ ახალგაზრდა გულშემატკივრებს, რომელთაც „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტი გაბორ კუბატოვი ხელმძღვანელობს. უნგრული მასმედია აღნიშნავს, რომ ეს „გულშემატკივრები“ აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ საქმიანობაში: უმთავრესად ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევასა და პოლიტიკოსებზე თავდასხმებში. თუმცა უნგრეთის პოლიცია ამას „ვერ ამჩნევს“. გაბორ კუბატოვი „ფერენცვაროშის“ სპორტული კლუბის პრეზიდენტია და სწორედ მისი გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბერში გუნდის მთავარ მწვრთნელად რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი მიიწვიეს, თუმცა წლინახევრის შემდეგ , ცუდი შედეგების გამო, პოსტიდან გადააყენეს. გაბორ კუბატოვი „ფიდესის“ ახალგაზრდული დაჯგუფებების კურატორია და აქტიურადაა ჩართული ყველა დონის არჩევნებ/გარჩევებში.
გაბორ კუბატოვი
2010 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უნგრეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაუყოვნებლივ დაიწყო უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეორგანიზაცია, რათა შესუსტებულიყო საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი და სპეცსამსახურები მაქსიმალურად აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში ყოფილიყვნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის კონტროლის ქვეშ მოექცა კონსტიტუციის დაცვის ბიურო და ეროვნული უშიშროების სპეციალური სამსახური, ასევე, გაფართოვდა პოლიციის უფლებამოსილება ინფორმაციის ფარული შეგროვების განსახორციელებლად. ვიქტორ ორბანი განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამიტომ სპეციალურად შექმნილი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად მან სანდო ადამიანი - იანოშ ჰაიდუ დანიშნა.
ვიქტორ ორბანი და იანოშ ჰაიდუ
2003 წელს ყოფილი სპეცრაზმელი და სამსახურებრივი გადაცდომებისთვის თადარიგში გაშვებული მაიორი იანოშ ჰაიდუ, როგორც სამოქალაქო პირი, პარტია „ფიდესის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. ბუნებრივია ეს პარტიის ლიდერის, ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება იყო. ჰაიდუ მის პირად დაცვასაც ხელმძღვანელობდა. გავიდა შვიდი წელი და ორბან/“ფიდესის“ აღზევებას მაიორ ჰაიდუს დაწინაურებაც მოჰყვა: ის ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად დანიშნეს და ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭეს. ბედი მწყალობსო, იანოშ ჰაიდუმ უნდა თქვას: 2013 წლის 15 მარტს უკვე პოლიციის გენერალ-მაიორია, ხოლო რვა წლის შემდეგ კი -პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი. ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც ფორმალურად უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რეალურად მხოლოდ ვიქტორ ორბანს ემორჩილება.
ვიქტორ ორბანი ყველაზე მეტად იანოშ ჰაიდუს ენდობა
ანტიტერორისტული ცენტრის ფუნქციებია : უნგრეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და კანონით გათვალისწინებული სხვა პირების პირადი დაცვა, ასევე სახელმწიფო ობიექტების დაცვა. ანტიტერორისტულ ცენტრს დებულებით ტერორიზმთან ბრძოლაც ევალება, თუმცა დღეს იანოშ ჰაიდუ, ორბანის დავალებით, უნგრეთის ყველა სპეცსამსახურის საქმეშია ბოლომდე ჩახედული. იქნებ ამიტომაცაა, რომ ჰაიდუ მოსკოვის ხშირი და სასურველი სტუმარია? 2010 წლიდან უნგრეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრებში, რომელსაც ოფიციალურად ასე ჰქვია: „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პარტნიორი უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა“. ტრადიციულად უნგრეთის სპეცსამსახურებს იანოშ ჰაიდუ წარმოადგენს, ალბათ იმიტომ, რომ განსაკუთრებით ენდობიან „ლუბიანკაზე“. უნგრეთი და რუსეთი: ქვეყნებიც მეგობრები არიან (ღმერთმა ხელი მოუმართოთ) და სპეცსამსახურებიც - პარტნიორები! ჩვენ კი ეფ-ეს-ბეს მეგობარ/ პარტნიორი სპეცსამსახურების თანამშრომლების ნდობა რამდენად შეგვიძლია?
(მეექვსე ნაწილის დასასრული)