„რუსეთი საპყრობილედ უნდა გადავაქციოთ და მას მაღალი კედელი უნდა შემოვავლოთ“ - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სკანდალური სტატია - კვირის პალიტრა

„რუსეთი საპყრობილედ უნდა გადავაქციოთ და მას მაღალი კედელი უნდა შემოვავლოთ“ - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სკანდალური სტატია

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთი საპყრობილედ უნდა გადავაქციოთ და მას მაღალი კედელი უნდა შემოვავლოთ“, რომლის ავტორია ბენ უოლესი - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პრემიერ ბორის ჯონსონის მთავრობაში. პუბლიკაციაში ექსმინისტრი რადიკალურ ანტიპუტინურ და ანტირუსულ პოზიციას გამოხატავს: მისი აზრით, რუსეთს დასავლეთი ისე უნდა მოეპყროს, როგორც დამნაშავეს და იგი საზოგადოებისაგან იზოლირებული უნდა იყოს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინმა თავისი, თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი მმართველობით რუსეთის მდგომარეობა კი არ გააუმჯობესა, პირიქით - გააუარესა. მან საკუთარ ამბიციებს ასი ათასობით თანამემამულის სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა. მან უარი განაცხადა კანონის უზენაესობის პრინციპზე, დევნიდა თავის ოპონენტებს, მისი ბრძანებით, რუსეთის არმია სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე იჭრებოდა და დასავლეთის წინააღმდეგ ფარულ ომებს აჩაღებდა.

გასაკვირი არაა, რომ ასეთი პოლიტიკის შედეგად რუსეთი გაღარიბდა, მისი ძლიერება გამოიფიტა - ანუ უფრო დასუსტდა იმდროინდელ რუსეთთან შედარებით, რომელსაც იგი სათავეში 25 წლის წინ ჩაუდგა.

კრემლის რეპუტაცია იმდენად დაეცა, რომ დღეს მოსკოვი იძულებულია, მუხლებზე დაჩოქილი მიხოხდეს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორთან და დახმარება სთხოვოს ახალი საზარბაზნე ხორცისათვის.

დღეს რუსეთი ისეთ ქვეყნად გადაიქცა, რომელიც ჩინეთზეა დამოკიდებული, თუმცა ამას ვლადიმერ პუტინი არ აღიარებს.

ამას წინათ ვესაუბრე რუსეთის ერთ-ერთი ყოფილი მოკავშირე ქვეყნის დღევანდელ ლიდერს, რომელმაც კრემლის ბინადარი ასეთნაირად დაახასიათა: „ვლადიმერ პუტინი, უბრალოდ, ბენზინგასამართი სადგურის („ბენზოკოლონკის“) მფლობელი განგსტერია“.

როცა რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაზე თავდასხმის სულელური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო, ყველა, ჩვენს მთავრობაში, განსაკუთრებით - საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუდმივად იმეორებდა: „ამას რუსი ხალხი კი არ აკეთებს, არამედ - კრემლში მოკალათებული ველურების ხროვა“ და „ჩვენ რეჟიმის შეცვლას არ ვცდილობთ“.

არადა, ომის სამმა წელმა კარგად აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის დანაშაულებრივი და ფაშისტური რეჟიმი მხოლოდ სამიოდე გაბოროტებული ბებერი „კაგებეშნიკით“ არ შემოიფარგლება.

გამოდის, რომ რუსეთის მოსახლეობა არა მარტო მხარს უჭერს ომს, არამედ - ემხრობა მასობრივ წამებას, მასობრივ მკვლელობას და კიბერთავდასხმებს.

ისევე, როგორც გერმანიის შემთხვევაში, ადოლფ ჰიტლერის დროს, რუსეთის მოქმედება ბევრად არის დამოკიდებული მისი მოქალაქეების ფართო მხარდაჭერაზე. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი თავისებურება ის იყო, რომ კომუნისტურ რეჟიმს ქვეყნის შიგნით უამრავი დისიდენტი ჰყავდა, ხოლო საზღვარგარეთ განდევნილები საბჭოთა რეჟიმის საწინააღმდეგო კამპანიას გარედან გაბედულად აწარმოებდნენ. ამჯერად კი ასეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებთაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია. საზღვარგარეთ მყოფი რუსების უმრავლესობა - კვიპროსზე იქნება ეს თუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ანდა - ევროპულ დედაქალაქებში, დარწმუნებულნი არიან ვლადიმერ პუტინის სწორ მოქმედებაში [„პრეზიდენტი რუსეთის ინტერესებს იცავს“], თუმცა, იმავდროულად, საკუთარი შვილების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნა არ სურთ.

რა უნდა ვუყოთ ასეთ ბანდიტურ სახელმწიფოს?

ხატოვნად თუ ვიტყვით, ვფიქრობ, რომ რუსეთის, ისევე, როგორც სხვა ბანდიტების ადგილი მხოლოდ საპყრობილეშია - იმ დილეგში, რომელიც მან თვითონ შექმნა. დღეისათვის, უამრავი სანქციის მიუხედავად, რუსეთი ისე მოქმედებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენს დასავლურ დედაქალაქებში არსებულ კერძო სკოლებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში ვლადიმერ პუტინს კვლავ ძალიან ბევრი მდიდარი მხარდამჭერი ჰყავს. რუსეთი კვლავ მართავს თავის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვან“ ფლოტს (თუმცა აშშ-ის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულმა სანქციებმა რუსული ნავთობის ექსპორტს გარკვეული სიძნელეები მართლაც შეუქმნა - რედ.), აზიანებს წყალქვეშა კაბელებს და დასავლური პროდუქციის კონტრაბანდას ეწევა. მოსკოვში ძველებურად იყიდება ცნობილი ბრიტანული ბრენდები, რომელთა მიმართ, [ბრიტანეთის] მთავრობამ, ალბათ, ჯარიმები უნდა დააწესოს.

ამიტომაც ჩვენ 2025 წელს უნდა დავრწმუნდეთ, რომ დასავლეთი რუსეთის მიმართ მაღალი კედლების აშენებას დაიწყებს - ისე, როგორც ციხეებშია. უნდა ამოვქოლოთ ყველა ღრეჩო და ნახვრეტი, ყველა ბზარი და კარი მჭიდროდ დავხუროთ; უნდა ვისარგებლოთ დასავლური კოლექტიური დიპლომატიით, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ისეთი ქვეყნების მთავრობებზე, როგორებიცაა: კვიპროსი, არაბული საემიროები, შვეიცარია და სხვები, იმ მიზნით, რომ მათ თავიანთ ტერიტორიაზე რუსული ელიტის საქმიანობა აღკვეთონ.

ასევე, იგივე უნდა გავაკეთოთ რუსეთის მიმართ, როგორც დამნაშავეებს ვექცევით - მათი საზოგადოებისაგან მოკვეთით და ჩამოშორებით. თუ რუსეთს ერთ დიდ საპყრობილედ გადავაქცევთ, ამით გაბათილდება მოსკოვის ნარატივი, რომ, თითქოსდა, ნატოს რუსეთზე თავდასხმა სურს. მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: განა ნატოს რომელიმე ქვეყანა მოისურვებს საპყრობილეზე თავდასხმას და მასში შეჭრას?

როცა ყველა დაინახავს, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მეგობრები არავინ ჰყავს, „ნათლიმამა“ ძალიან დასუსტდება და როგორც ნებისმიერ მაფიოზურ ოჯახში ხდება ხოლმე, მისი სიცოცხლის დღეები დათვლილი იქნება.

ალბათ, გამოჩნდებიან ისეთი ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ პუტინი არსადაც არ წავა და ხელისუფლებაში დარჩებაო, მაგრამ მე მათ გავახსენებდი სირიის დიქტატორისა და სამხრეთკორეელი პრეზიდენტის ბედს, თალიბების გამარჯვებას ავღანეთში, სადაც ნატოს სამხედრო ძალები თითქოსდა სიტუაციას მტკიცედ აკონტროლებდნენ.

თუ ჩვენ ამ სამმა წელმა რაღაც მაინც გვასწავლა, ისაა, რომ პირველი - დემოკრატიული საზოგადოებები უფრო მყიფეა, ვიდრე გვეგონა და მეორე - დიქტატორების დამხობა შესაძლებელია.

უინსტონ ჩერჩილს ერთხელ უთქვამს: „ვეფხვებზე ამხედრებული დიქტატორები აქეთ-იქით დადიან და მათი ზურგიდან ჩამოსვლას ვერ ბედავენ. დადგება დრო და ვეფხვებს მოშივდებათ...“. ვფიქრობ, რომ რუსი ქვრივი ქალები და ომში შვილმოკლული დედები მალე ვეფხვებივით იმოქმედებენ...

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო