ესპანელთა ტრიუმფალური სვლა ნახევარფინალისკენ (ევრო 2012, XVI დღე) - კვირის პალიტრა

ესპანელთა ტრიუმფალური სვლა ნახევარფინალისკენ (ევრო 2012, XVI დღე)

"მიკროფინალი" ნამდვილად არ შედგა. ის კი არა და, გერმანია - საბერძნეთის მატჩში შესაძლოა მეტი დაძაბულობა შეინიშნებოდა, ვიდრე ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების გუშინდელ დაპირისპირებაში.

მატჩის გმირად ჩაბი ალონსო იქცა, რომელმაც მე-100 სანაკრებო მატჩი დუბლით აღნიშნა. ზინედინ ზიდანს კი 40 წლის იუბილე თანამემამულეებმა უნიათო თამაშით "მიულოცეს".

უჩვეულოა, მაგრამ თითქოს გულშემატკივართათვისაც მაინცდამაინც საინტერესო არ ყოფილა წუხანდელი შეხვედრა, რადგან "დონბას არენაზე" 3000-მდე ადგილი დარჩა შეუვსებელი.

ნუთუ კვლავ განხეთქილების წინაშეა საფრანგეთის ნაკრები და შვედებთან წაგებული მატჩის შემდეგ მათ გასახდელში მომხდარმა ინციდენტმა გარკვეული გავლენა იქონია სამფეროვანთა ასეთ უფერულ თამაშზე? ფრანგთა თავკაცმა ლორან ბლანმა, თითქმის უიმედო სიტუაციაში, დაივიწყა ნასრისთან კონფლიქტი, შემოუშვა რა იგი მოედანზე შეხვედრის 65-ე წუთზე, მაგრამ ამან ფრანგებს ვერც ვერაფერი შემატა, დელ ბოსკეს მიერ ჩატარებული ცვლილებებისაგან განსხვავებით, რასაც ტრადიციულად დადებითი შედეგი მოაქვს ხოლმე...

"ჩვენ მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და სრულიად სამართლიანად აღმოვჩნდით ნახევარფინალში. იკერ კასილიასს თითქმის არ უწევდა მატჩში ჩართვა და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ხოლო ჩაბი ალონსო კი დიდი ფეხბურთელია" - აღნიშნა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ.

ესპანეთის ნაკრებს ნახევარფინალში პორტუგალიის ეროვნული გუნდი ელის, რომლის შემადგენლობაშიც ვერ ვიხილავთ ელდერ პოშტიგას. თავდამსხმელი ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრაში დაშავდა და სამწუხაროდ, მისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.

ალბათ უნდა ითქვას, რომ აქამდე ჩატარებული სამი მეოთხედფინალური შეხვედრიდან, ყველაზე მეტი დაძაბულობა ისევ პორტუგალიისა და ჩეხეთის ეროვნულ გუნდებს შორის მატჩში შეინიშნებოდა. სეირის მოყვარულთათვის ტრადიციული ძირითადში 0-0 ან 1-1, შემდეგ გოლი დამატებით დროში ან პენალტების სერია კი ჯერჯერობით არ ჩანს. ფეხბურთის მრავალი მოყვარული და ექსპერტი ასეთ ამბავს დღევანდელ საღამოს ელის, რადგანაც ინგლისი-იტალიის წყვილი მეოთხედფინალებიდან თითქოს ყველაზე თანაბარია. ამაზე საბუკმეიკერო კანტორების მიერ დაწესებული კოეფიციენტებიც მეტყველებს მეტოქეებზე დაახლოებით 2,7-დან 2,8-მდე ვარირებით. ფრეც აქ შედარებით "დაბალია" და 2,9-დან 3,1-მდე მერყეობს.

თერთმეტმეტრიანების სერიას გაურბის იტალიელთა გამოცდილი გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი: "აქამდე იტალიის ნაკრების მაისურით სამ თერთმეტმეტრიანების სერიაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან ორში გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, მაგრამ სასურველია, რომ მატჩი იქამდე მოვიგოთ, რადგან ეს ყველაფერი ძალზედ მავნებელია გულსისხლძარღვთა სისტემისათვის" - აღნიშნავს "სკუადრა აძურას" ვეტერანი კარის დარაჯი.

ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ ბოლო ასეთი სერია იტალიელთათვის სავალალო სწორედ ევროპის ჩემპიონატზე აღმოჩნდა, 2008 წელს. მაშინ მათი მეტოქე მომავალი ევროპის ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები იყო.

ალბათ მკითხველი დაინტერესდება, ამგვარი დაძაბული და საინტერესო შეხვედრის წინ, რამდენიმე სტატისტიკურ მომენტსაც თუ შევეხებით: იტალიის ნაკრებს ჩეზარე პრანდელის ხელმძღვანელობით აქამდე ჩატარებული 13 შეხვედრიდან 9 მოგებული აქვს, ხოლო 4 მატჩი კი ფრედ დასრულებული; ინგლისის ნაკრებს იტალიელებთან ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან 1 აქვს მოგებული. გუნდები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 1980 წელს შეხვდნენ და მაშინ "სკუადრა აძურამ" მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა. სამაგიეროდ ინგლისელებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საგოლე მომენტების გამოყენების საუკეთესო მაჩვენებელი (21,7%) აქვთ. უცნაურია, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატზე ამ გუნდებიდან 2 გოლი ჯერ არავის გაუტანია.

"ორი მატჩის გამოტოვებამ ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა. თავს დასვენებულად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ იტალიის ნაკრებთან გაცილებით უკეთ ვითამაშებ, ვიდრე ეს უკრაინელებთან გამომივიდა. იტალიის ნაკრები ტრადიციულად ძლიერი გუნდია და მეოთხედფინალურ მატჩს უაღრესად სერიოზულად ვეკიდებით" - განაცხადა ინგლისელთა ფორვარდმა უეინ რუნიმ.

საინტერესოდ დაახასიათა მეტოქე გუნდი იტალიელთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ: "ჩემი აზრით ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრები უფრო ჩვენ გუნდს დაამსგავსა. მან სათამაშო სქემა 4-4-2 სისტემით ააწყო, ძირითადი ყურადღება კი დაცვაზე და უოლკოტ-რუნი-უელბეკის მიერ შემუშავებულ სწრაფ კონტრიერიშებზე გადაიტანა. სახიფათოა კეროლიც. როი ჰოჯსონის ხელში კი ბევრი არაფერი შეცვლილა."

"იტალიას ტრადიციულად თანაბრად ბალანსირებული ძლიერი გუნდი ჰყავს. ისინი თავს შესანიშნავად იცავენ და იციან ბურთის დაჭერა" - თავის მხრივ განაცხადა მეტოქის შესახებ ინგლისელთა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.

სანამ მეტოქე გუნდები ერთიმეორის დაზვერვას აწარმოებენ, უეფა დინჯად განაგრძობს "დამსჯელ ოპერაციებს" და ამჯერად მისი მსხვერპლი კვლავ რუსეთის ნაკრებია. ევროპის უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ რუსები კონტინენტის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 ქულის დაკლებას არ აკმარა და ახლა იგი უკვე 35000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი მარტივია: რუსი გულშემატკივრები საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის დროს, გარდა იმისა, რომ ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მიუღებელი შინაარსის ტრანსპარანტებსაც ჰკიდებდნენ, რასაც ასე მკაცრად ებრძვის უეფა.

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)