გია ხუხაშვილი პოლიტიკურ ცემა-ტყეპაზე: აბუ-დაბის თავპირისმტვრევიდან გახარიაზე თავდასხმამდე - "ამას კარგი არაფერი მოჰყვება, მაგრამ..."
დასავლელი პარტნიორები, ოპოზიციური პარტიები, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საგამოძიებო სამსახურებს ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტების დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოუწოდებენ. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს - გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წუხელ, გვიან ღამით, სასტუმრო „შერატონში“ დაესხნენ თავს. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მან საავადმყოფო დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამავე სასტუმროში დაუპირისპირდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, ზვიად ქორიძეს. როგორც ქორიძემ თავად განმარტა, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, თუმცა სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა თავდამსხმელებს დროულად გაარიდეს.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და ირწმუნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი გაჩერდა და მაფიოზური მმართველობა ჩამოყალობდა.
გია ხუხაშვილი:
- ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, იმპერიაში შემდგომი ინტეგრაციის გამარტივების მიზნით, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ვერ მოახერხა - ქმნის მაფიოზური ტიპის სტერილურ, კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელშიც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების სისტემები ნიღბიან მაფიის ჯარისკაცებად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, მაფიის მხარდამჭერებად და მოთარეშე ბანდებად იქცნენ.
ერთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, აბუ-დაბიში ვნახეთ, ამას მალევე მოჰყვა გაგრძელება საქართველოში. საქციელწამხდარი, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსები, ბიზნესკლასის წარმომადგენლები და სპორტსმენები, ჯვრებსა და ხატებს ამოფარებულნი, ბანდებად დათარეშობენ და მხდალი ტურებივით, რიცხობრივი უპირატესობით ცდილობენ საკბილოს ხელში მოგდებას.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად გაითვალისწინებენ საგამოძიებო ორგანოები, როგორც საერთაშორისო, ასევე - ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს და რამდენად დროულად გამოიძიებენ თავდასხმის ფაქტებს?
- ერთი მხრივ, როგორ უნდა გაითვალისწინონ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები და მართლმსაჯულება მაფიოზურ დაჯგუფებად გადაიქცნენ, საკუთარ თავებს ხომ ვერ დაიჭერენ?! მაგრამ მეორე მხრივ, დანაშაული იმდენად ცხადია და კონკრეტული, დამნაშავეების შესახებაც უკვე ყველამ ყველაფერი გაიგო, არც კი ვიცი, როგორ უნდა შეძლონ ამ საქმის მიჩქმალვა. რაღაც ტიპის რეაგირება, ალბათ, მოუწევთ, მაგრამ არ მგონია, რაიმე სერიოზული იყოს. საქართველოში აბუ-დაბის სამართალს როგორ უნდა ვნატრობდეთ?
- ასეთი თავდასხმები სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ხომ არ გვიბიძგებს?
- ვერა, იმიტომ, რომ მოქალაქეები არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ სახეზე გვაქვს ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთდაპირისპირება. მმართველ პარტიაში ინტეგრირებული კრიმინალური ბანდები დათარეშობენ და არბევენ ხალხს.
- პროცესის როგორი განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?
- კარგი რომ არაფერი მოჰყვება ამას, ეს ცხადია, მაგრამ წინასწარ რამის თქმა ამ ეტაპზე ძალიან რთულია.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)