სამხედრო სკანდალი უკრაინაში - რატომ ყიდულობს ეს ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს?!
ომში ჩართული ქვეყნისთვის შეიარაღების შესყიდვის დეტალები წესით დიდად გასაიდუმლოებული უნდა იყოს, მაგრამ უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები იძულებულნი ხდებიან გაასაჯარონ ის ფაქტები, რომლებიც მათი აზრით ბევრად უფრო ავნებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას, ვიდრე აგრესორ რუსეთთან ბრძოლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს...
სკანდალი, რომელიც სამხედრო ექსპერტმა ააგორა
ამჯერად, სერიოზული სკანდალი, დაკავშირებული უკრაინის მიერ კონკრეტული შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით, ააგორა უკრაინელმა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა სერგეი ზგურეცმა „ესპრესოში“ გამოქვეყნებული საავტორო სტატიით „ძვირფასი რარიტეტი: თავდაცვის სამინისტროს სააგენტო რატომ ყიდულობს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს“.
ერთი შეხედვით, ამ სტატიის სათაურიც კი ერთგვარ ნონსესად აღიქმება - მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალე 80 წელი შესრულდება და ასეთი რა შეიარაღება შეიძლება არსებობდეს, რომ რვა ათეული წლის შემდეგაც შეძლოს თავისი საბრძოლო ფუნქციის შესრულება?
მაგრამ, სერგეი ზგურეცი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასული წლის ბოლო დღეს, 2024 წლის 31 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შიდა სტრუქტურებს შორის გაიგზავნა წერილი, რომელშიც თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს უფროსი სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსს სთხოვს, სასწრაფოდ შეთანხმდეს ბულგარულ ფირმასთან რამდენიმე ასეული ათასი M6A2 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის შეძენა თავის ამფეთქებლებთან ერთად-თითოეულის 600 ევროდ...
რაში სჭირდება უკრაინას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმები?!
ის, რომ უკრაინის არმია ბოლო წელი თითქმის მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს რუსი ოკუპანტების მუდმივი შეტევების შესაჩერებლად და ამისთვის აუცილებლად სჭირდება რაც შეიძლება მეტი ტანკსაწინააღმდეგი და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი(მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ორი ათეული წლის წინ ნატომ კიევთან შეთანხმებით უკრაინის არმიას ასი ათასობით ასეთი ნაღმი გაუნადგურა ზედმეტო რაოდენობის მომიმიზებით), არახალი ამბავია.
თუმცა, ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 600 ევროდ შეძენა ნამდვილ სიგიჟეს წარმოადგენს, რადგან საინჟინრო ნაღმები ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ შედარებით იაფ, მაგრამ ამასთანავე ეფექტიან საბრძოლო საშუალებად, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რასაც სხვა ომებიც დაემატა, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ფასები იარაღის მსოფლიო ბაზარზე კატასტროფულად გაიზარდა, რითაც ძალიან კარგად სარგებლობენ ათასი ჯურის შუამავალი და გადამყიდველი ფირმები.
მაგრამ ერთია ეს კოსმოსური ფასი და მეორე ის, როდესაც ცნობილი ხდება, რომ M6A2 არის აშშ-ეს მიერ ჯერ კიდევ 1944 წლიდან წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი!
გამოდის, რომ უკრაინელ გენერლებს რუსი ოკუპანტების მეტ-ნაკლებად თანამედროვე ტანკების აფეთქება იმ 80 წლიანი ნაღმებით სურთ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში თვით გერმანულ მძიმე „ვეფხვებსა“ და „პანტერებსაც“ ბოლომდე ვერ უმკლავდებოდნენ, რადგან ამ ნაღმებში მხოლოდ 5,4 კგ ტროტილი იყო მოთავსებული, რაც საკმარისი არ გახლდათ. ამიტომაც 1960-იანი წლებში პენტაგონმა M6A2 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები მთლიანად ამოიღო შეიარაღებიდან და ისინი М15-ებით ჩაანაცვლა, რომელშიც უკვე 10 კგ ტროტილი იდო.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი სპეციალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამერიკული სტანდარტით ტროტილი 35 წელი ინარჩუნებს თავის საბრძოლო თვისებებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებში, საბჭოთადროინდელი გათვლები „ტროტილის დაბერების“ ზღვრულ ასაკს 60 წლით განსაზღვრავენ. ორივე შემთხვევაში 80 წლიანი ნაღმები წესით უკვე უვარგისი უნდა იყოს - ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათი ლითონის კორპუსი ყველა ვარიანტში დაჟანგდებოდა და მეორეც, ამ ნაღმებზე დაყენებული ამფეთქები, რომლებიც თავდაპირველად გათვლილი იყო 200 და მეტი კილოგრამის ზეწოლის შემდეგ ინიცირებაზე, „დაბერების“ შედეგად შეიძლება ამოქმედდეს ათიოდე კგ-ის ზეწოლაზეც ანუ ადამიანის ფეხის დაბიჯებაზე და „გადაიქცეს“ ისეთ ერთგვარ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმად, რომლის დაყენებაც კი სახიფათო გახდება.
უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მომავალი, 2025 წლის სამხედრო შესყიდვების დაგეგმვისას სავარაუდოდ გამორჩათ ტანკსაწინააღმდეგიო ნაღმების შეძენაზე დროული განაცხადის გაკეთება და წლის ბოლოს დღეს ავრალურ რეჟიმში სასწრაფოდ ჩაწერეს ის, რაც მათ მაშინ შუამავალმა ბულგარულმა ფირმამ ოთუსბირად-ცალი 600 ევროდ შესთავაზა...
ომებში რომ დიდი ფული კეთდება ძალიან შორს წასვლაც არ გვინდა. ჩვენი მწარე რეალობაც გვეყოფა 2008 წლის აგვისტოს ომის სახით, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მილიარდების სამხედრო ტექნიკა და სამხედრო საჭურველი ჩამოწერა, როგორც საბრძოლო მოქმედებების დროს განადგურებული და რუსი ოკუპანტების მიერ ალაფად წაღებული, მაგრამ გამოიკვლია კი ვინმემ ზუსტად თუ რა გაბერილი ფასებით იყო ისინი შეძენილი ან მათი ნაწილი საერთოდ განადგურდა და ალაფში ნამდვილად წავიდა, თუ საერთოდ არც იყო ნაყიდი და ისე ჩამოიწერა?
P.S. 1992 წლის 13 აგვისტოს სოფელ კლდესთან არსებულ ახალციხის რუსული მე-10 კადრირებული დივიზიის საინჟინრო საწყობში ჩვენ მენაღმეებთან ერთად მომიწია 25 ათასი TM-57 და TM-62 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის დათვლა-მიღება-ეს კი 5 ათასი ყუთის შემოწმება გახლდათ...
თან მიკვირდა, ასე რამ შეცვალა ეს რუსი გენერლები, რომ იქით გვაჩქარებენ ქართული არმიისთვის შეიარაღების მოცემასო...
რა ვიცოდი, რომ მეორე დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი იწყებოდა და კრემლი ქართველებსაც და აფხაზებსაც თურმე წინასწარ სწრაფად გვაიარაღებდა-ერთი მაგრად დასცხეთ ერთმანეთსო...