"ხელისუფლებაში საბედისწერო სიჩუმეა, მალე რაღაც მოხდება და ეს არ იქნება სასიამოვნო სიურპრიზი" - სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე: ვახტანგ ძაბირაძის პ - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებაში საბედისწერო სიჩუმეა, მალე რაღაც მოხდება და ეს არ იქნება სასიამოვნო სიურპრიზი" - სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე: ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი

"სრული კატასტროფა, მსგავსი არაფერი მსმენია, არც ერთი ხელისუფლების პირობებში" - ამგვარად ეხმაურება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას. „თუ პარლამენტში, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჩავთვლით, პოლიტიკოსებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება არასდროს ყოფილა", - აღნიშნავს ძაბირაძე და დასძენს, რომ ასეთი ფაქტების მომრავლება, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიგვაქანებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ფლანგზე ისეთი ავბედითი სიჩუმეა, აშკარაა, რომ ძალიან მალე აუცილებლად მოხდება რაღაც. რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე საკუთარ ვერსიებს გვიზიარებს:

- „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ მის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ხვდება იმასაც, რომ პროტესტი ვერ ჩაახშო და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ 20 იანვრის მოახლოებასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უფრო და უფრო გააძლიერებს ზეწოლას. აი, ამიტომ გადავიდნენ ქუჩაში მუშტი-კრივზე. ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება, მუშტი-კრივი გაგრძელდება ქუჩაშიც, დაპირისპირებამ შეიძლება უფრო მძაფრი ხასიათიც მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს საკუთარი მოქალაქეები ერთმანეთთან დაპირისპირებას.

- რა იგულისხმეთ, როდესაც თქვით, რომ „ქართული ოცნების“ ფლანგზე საბედისწერო სიჩუმეა?

- გახსოვთ, საპროტესტო აქციები ახალი დაწყებული რომ იყო, პრემიერი კობახიძე ყოველდღე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე მართავდა ბრიფინგს? რამდენი ხანია, მისი ბრიფინგი არ გვინახავს?! არც სხვა ლიდერები აკეთებენ განცხადებებს. არავის ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ მოეშვა... პირიქით, სხედან კაბინეტებში სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. მე ვფიქრობ, სიურპრიზი მალე იქნება და ეს ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო სიურპრიზი...

ბევრი რამის მომსწრე ვარ, პროცესების მონაწილეც ვყოფილვარ და დამკვირვებელიც. შემიძლია გითხრათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება ყოველთვის ასე იწყება - განუკითხაობით. თავად ნახავთ, რომ გახარიასა და ქორიძის თავდასხმის ფაქტებს შესაბამისად არ გამოძიებენ, პროცესს დაიწყებენ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დეპუტატები იმუნიტეტით სარგებლობენ, საკითხის განხილვა გადაინაცვლებს პარლამენტში და გაგრძელდება უსასრულოდ... დიმიტრი სამხარაძეს სამართლებრივად პასუხს არავინ აგებინებს. ვფიქრობ, ამბავი ამით არ დასრულდება და ძალიან მალე გააქტიურდებიან ე.წ. ტიტუშკები, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ზონდერები, მათ ქმედებებს მოჰყვება შესაბამისი პასუხი და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან რთულ ვითარებამდე მიგვიყვანს.

- რამდენად ობიექტურად მიგაჩნიათ ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლების შეფასება, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაიშალა და ტოლობის ნიშანი დაისვა?

- ობიექტურად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ქართული ოცნებაც“ მოძალადე ხელისუფლებაა და „ნაციონალური მოძრაობაც“ მოძალადე იყო. რომელი უფრო მაღალი ხარისხის მოძალადეა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ სააკაშვილის და სხვა „ნაციონალების“ განცხადებებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ დღემდე მოძალადეებად რჩებიან. ამ ვითარებაში მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნა ძალიან რთულია. „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტო რამ გააკეთა, ხუთი თუ ექვსი ღამის განმავლობაში გამუდმებით არბევდა მიტინგებს. დღეს რომ მიტინგებს აღარ არბევენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეპრესიებს არ გააგრძელებენ. მმართველმა გუნდმა ნახა, რომ აქციების დარბევას უკუშედეგი მოჰყვა, ხალხი შეშინების ნაცვლად გაბრაზდა და ყოველ დარბევაზე უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ქუჩაში გამოსვლა. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა და მეთოდების შეცვლა გადაწყვიტა. ახლა გუნდში ძალიან დიდი მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, რა გააკეთონ ისეთი, რომ სასურველი შედეგი მიიღონ. კომპრომისი რომ არ იქნება, ეს ცალსახაა. არაფერი ეტყობა მმართველ გუნდს საამისო, რომ საკუთარი ხალხის მოსმენას აპირებდეს. ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ წავა კომპრომისზე, თუ ის დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილებებში. თუ დამოუკიდებელი არ არის, მაშინ გამოდის, რომ მთლად უარესი გვჭირს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE