„უცხოელი“ მობალახე ღორები სოფელ ლეძაძამედან - კვირის პალიტრა

„უცხოელი“ მობალახე ღორები სოფელ ლეძაძამედან

საქართველოში შობა-ახალ წელს ღორი გამორჩეულად ფასდება. ტრადიციულად ასეა, წლის განმავლობაში გულდაგულ ნასუქ-ნაზარდ ღორებს სწორედ ამ პერიოდში კლავენ, რათა სადღესასწაულო სუფრაზე ღორის ხორცის კერძებმა საპატიო ადგილი დაიკავოს. ჯამბულ ძაძამია სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეს მკვიდრია და მეუღლესთან ერთად საოჯახო მეურნეობას უძღვება. მისი ზრუნვის ერთ-ერთი საგანი დიუროკის ჯიშის ღორებია. ეს ჯიში აშშ-ში XIX საუკუნის შუა წლებში გამოიყვანეს, ევროპაში კი პირველად 1977-1979 წლებში შეიყვანეს. თავიდან საქონედ აშენებდნენ, მაგრამ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სელექციის მიმართულება შეიცვალა და ახლა სახორცეა.

611d726b-c22d-4cf2-9da3-133227ad4c8d-1737019086.jpg

ჯამბულ ძაძამია:

- სოფლის ღორები სულ მყავდა და ვიცი, რას ნიშნავს ციმბირული ცხელება, ღორების ავადმყოფობა, რომელიც მათთან წელიწადში 2-3-ჯერ ჩნდება. ღორი თითქოს კარგადაა, მაგრამ საჭმელს არ ჭამს, მერე კი 1-2 საათში კვდება... ბოლო წლებში გადავწყვიტე ჯიშიანი ღორები შემეძინა, კონკრეტულად დიუროკის მოშენებით დავინტერესდი, რათა სახლში შემოკავებულ ფართობზე მყოლოდა. დიუროკის ჯიშის ღორი გავრცელებულია ამერიკასა და ევროპაში.

ძალიან დიდი იზრდება, 350 კგ-მდე. მათ არ აქვთ ქონი, არც ქოლესტერინი, ხორცი რბილი და გემრიელია.

მას შემდეგ, რაც გამრავლდნენ ჩემი ღორები, გასაყიდად მათი ბაზარში წაყვანა არ დამჭირდა. ინფორმაციას სოციალური ქსელით ვავრცელებ და მყიდველი სახლში მოდის. ძირითადად, სანაშენოდ იძენენ, ზოგი საშობაოდ ზრდის. ცოტა პრობლემა ის არის, რომ ღორი ჩაკეტილ სივრცეში გვყავს, ვიტამინებს ბალახიდან ვერ იღებს და ეს აკლდება.

16168bae-53a3-440b-a48a-7000ae93ac75-1737019086.jpg

- ბაგურ კვებაზე გყავთ?

- კი. ამჟამად ოთხი დედა ღორი მყავს, ორიც წამოზრდილი, მაგრამ ამ რაოდენობის შემცირებას ვაპირებ, რადგან ღორის რჩენა ცოტა გაძნელდა. ერთი დედა ღორი 12-14-ს ბადებს, ზოგჯერ 12-ს დაყრის და 10-ს ზრდის, ან 10-ს დაყრის და 8-ს ზრდის. თუ ხელი არ შეუწყვე, შეიძლება ყველა დაიხოცოს. გოჭებს რკინის ნაკლებობა ახასიათებთ და წამალი სჭირდებათ. წამალს დედას ვაძლევთ და გოჭები რძისგან იღებენ, დამოუკიდებლად ჭამას კი თვე-ნახევარში იწყებენ. დაღერღილი სიმინდითა და ხორბლით ვკვებავთ. მინდა ღორები საბალახოდ გავუშვა შემოფარგლულ ადგილას, რადგან როცა დედა ღორს გოჭი არა ჰყავს, ბალახს ჭამს.

- ბალახს ჩვეულებრივად ჭამენ?

- კი, როგორც ძროხა ძოვს, ამ ჯიშის ღორებიც ასევე ბალახობენ. ბალახის დათესვას ვაპირებ, შემოვღობავ და ღორებს იქ გადავიყვან. ჯერ ასე ორი ღორი მყავს. ვაკვირდები და ნაკლებ დანამატ საკვებს ითხოვს, ვიდრე ბაგაში ყოფნისას. შემოღობილში კარგად უნდა იყოს დაცული, ფართობი შემოღობილია ეკლიანი მავთულით, ადგილი საკმარისად არის, რათა ღორმა გაიაროს, მზეზე დაწვეს, იქვე აქვს წყალიც... თავად საღორე ფიცრის იატაკია. კარგია კაპიტალური და მობეტონებული, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, მომავალში ვნახოთ. კარგი გეგმები მაქვს.

b74cf354-f15f-4188-a5d9-188c4eeb870e-1737019086.jpg

- ღორების შემცირებას ვაპირებო, რას გულისხმობთ?

- დედა ღორების რაოდენობის შემცირება მინდა, თან საშიშიცაა, შეიძლება ღორი ერთ დღეში გოჭებიანად მოკვდეს. მერე 4 თვე უნდა, რომ დედა ღორმა გოჭები დაყაროს. ეს დრო ხომ უნდა აჭამო, თან ბაგურზე მყავს. მოკლედ, შემცირებაა საჭირო, მაგრამ ჯერ ვერ ველევი.

- დიუროკის გოჭი რამდენ ხანში იზრდება?

- 45-50 დღეში 15-დან 20 კგ-მდე იზრდება, ზოგჯერ 2 თვეც სჭირდება. 10-კილოგრამიანის დაკვლა უკვე შეიძლება. შარშან ცოტა ადრე გავყიდე - კილოგრამი 15 ლარად, ზოგიც 18 ლარადაც.

- დიუროკის ღორებს დაავადებებისგან მეტ-ნაკლებად რა იცავს?

- ჩემს ქუჩაზე მეზობლის ღორები დაავადდნენ და დაიხოცნენ. ჩემები იზოლირებულად რომ არიან, ალბათ, ეს შველით. ჭირზე აცრას 6 თვეში ერთხელ ვუტარებ. ჩვენთან მტაცებელიცაა, მგელმა მოზარდი პირუტყვიც ბევრი დამიგლიჯა.

c218576e-e78e-4b02-82fb-87d801cca7cc-1737019086.jpg

- როგორ უნდა მოვუაროთ დიუროკის ჯიშის ღორს?

- ჩვენებური ღორის მოვლისგან არაფრით განსხვავდება, სათუთი მოსავლელი არ არის. როგორც ვთქვით, კარგად იზრდება, ხორციანია და მეტი მჭლე ხორცი აქვს. ისეთია, როგორიც ძროხის ხორცი, გემრიელი, უცებ იხარშება და რბილია.

- ვიცი, რომ ძალიან დაფასებულია მეგრული გოჭი, თან საახალწლოდ და საშობაოდ. როგორია ის რეალურად?

- თუ სამეგრელოშია გაზრდილი, მეგრულს ეძახიან, თუმცა შეიძლება არც იყოს სამეგრელოდან, მაგრამ მაინც მეგრულს არქმევენ. არადა, მეგრული გოჭი, რაც ჩვენს წინაპარს ჰყავდა, ისეთივეა. ისე ჩვენებურ ღორებს რაიმე გამორჩეული ჯიში არა აქვთ და ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, უჯიშოს ვეძახით. არის ასევე ვიეტნამური ჯიშის ღორებიც, დიდი არ იზრდება, მაგრამ დიუროკებზე მეტად სასარგებლო ხორცი აქვთ, ოღონდ, ცოცხალი წონა 80 კილოგრამამდეა, მეტი არა. მისი ხორცი ინსულტგადატანილ ავადმყოფს ეჭმება.

- მეგრული გოჭი ვახსენეთ და, გოჭის შეწვა თითქოს სხვანაირად გამოგდით მეგრელებს. ხომ არ გაგვიმხელთ მისი შეწვის თქვენეულ მეთოდს?

- კარგად რომ შეიბრაწოს, გოჭი 10-12 კილოგრამი უნდა იყოს. მდუღარე წყალში ვპუტავთ, ვასუფთავებთ, შიგნეულობას ვაცლით და კარგია, თუ შუაცეცხლზე ჯოხზე აცმულს შევწვავთ დატრიალებით. კარგად რომ შეიწვას, 1,5-2 საათი და მუდმივი ტრიალი სჭირდება.

- შეწვამდე აჯიკას არ უსვამთ?

- ზოგი უსვამს, მე მხოლოდ მარილს ვუსვამ. ზოგჯერ უკვე შემწვარ გოჭს გათქვეფილ კვერცხის გულსაც წაუსვამენ ხოლმე დასარბილებლად.

- თქვენს საოჯახო მეურნეობაში ვინ არის ჩართული?

- მე და მეუღლე. გვყავს ქათმები, ბატები, იხვები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც - ძროხები (რძის ნაწარმსაც ვამზადებთ), ცხენი. გვაქვს თხილი, მაგრამ კარგა ხანია ფაროსანა გვიფუჭებს. ჩვენი სახსრებით ვებრძვით ამ მავნებელს. ვწამლავთ, ეს კი ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ფაროსანას გამო ბევრმა თხილის ხეები აჩეხა და დაფნის გაშენებაზე გადავიდა, მით უმეტეს, მოთხოვნაც არის. ადრე პირიქით იყო, დაფნა ამოყარეს და თხილი დარგეს.

- ცხენები მყავსო, ტურისტულად ხომ არ იყენებთ მათ?

- ძლიერი ცხენები მყავს თავისი აღკაზმულობით, შემიძლია ტურიც მოვაწყო ტურისტებისთვის. რამდენჯერმე გვყავდა კიდეც სტუმრები. ამის გამოცდილება უკვე მაქვს.

- კმაყოფილი ხართ გასული 2024 წლით?

- 2024-ში, წინა წელთან შედარებით, მოსავალიც მეტი იყო. მარცვლოვანი კულტურიდან ჩვენთან სიმინდი მოდის და გაცილებით უკეთესი მოსავალი ავიღეთ. უკმაყოფილო არც პირუტყვის მატებით ვართ და არც დიუროკის ღორებით. ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად იყო. ყველაფერი შედარებითია, მე კი ვარ კმაყოფილი, მაგრამ შეიძლება გლეხს შრომა არ დაუფასდეს. უამინდობაში, ტალახში, სიცივეში, წვიმაში გვიწევს შრომა. ზოგჯერ იტყვი, არ მიღირსო, მაგრამ საქმე გაქვს წამოწყებული, თან გიყვარს კიდეც, გენანება და თავს ვერ ანებებ. პირუტყვი უნდა გიყვარდეს, ისინი გრძნობენ მოფერებას, ესმით შენი ლაპარაკი, ღორს ხომ განსაკუთრებულად უყვარს მოფერება... რა საქმესაც აკეთებ, იმ საქმესთან ახლოს უნდა იყო. ასე რომ, სხვა გზა არა გაქვს, უნდა მოხნა, დათესო, პირუტყვი იყოლიო, იშრომო, წვიმაში დასველდე კიდეც, ტალახშიც დაისვარო, თუ გინდა პატიოსნად იცხოვრო.

- ამ ახალ, 2025 წელს ფერმერებს, საოჯახო მეურნეობებს, მათ, ვინც შეუპოვრად შრომობენ, რას უსურვებთ?

- მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ, შობა-ახალი წელი ყველასთვის კარგის მომტანი იყოს, დაუღალავი შრომის შედეგი არ მოეშალოთ. ჯანმრთელობა, ბარაქა ჰქონდეთ და რა საქმესაც წამოიწყებენ, გამართლებოდეთ.

- რა იქნება საშობაოდ გაშლილ მეგრულ სუფრაზე თქვენი პირველი სადღეგრძელო და კერძი, რომლის გარეშეც თქვენთან ეს დღესასწაული ვერ ჩაივლის?

- უფლის სადიდებელი. დიდება უფალს, რომ ეს რწმენა შემოგვრჩა.

რაც შეეხება კერძს, რა თქმა უნდა, საცივი და ღომი... მრავალი შობა-ახალი წელი გაუთენდეს ჩვენს ქვეყანას.