მივიწყებული ფსტა მომგებიან ბიზნესად გადაიქცა
ჩვენს ქვეყანაში ფსტის პლანტაციების გაშენება მიუთითებს, რომ კულტურას აქ შესაფერისი პირობები ხვდება. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ საყოველთაოდ პოპულარული ეს მცენარე არც აქამდე ყოფილა უცხო საქართველოსთვის. პირიქით, წარსულში ფსტა იმდენად იყო გავრცელებული, რომ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელიც ერქვა. კუთხეების მიხედვით მას ბუსტუღს, ფისტიღს, ფისტუღსა და ასევე ფისტას ვეძახდით და არც მოვლას ვაკლებდით. ეს გასაგებიც არის, რადგან ფსტის სამშობლოდ მეზობელი ირანის ტერიტორია მიიჩნევა, სადაც მას არა მხოლოდ საკვებად, არამედ სავაჭროდაც იყენებდნენ და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ამ ტერიტორიებიდან კულტურა ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდა გემოვანი თვისებების თუ სარგებლიანობის გამო. ფსტა კაკლის ერთ-ერთი ჯიში და მთელ მსოფლიოში ძვირად ღირებული ნედლეულია, რომელსაც კულინარიაში დიდი გამოყენება აქვს. დღესაც ასეა, ფსტა ბევრს უყვარს, თუმცა ძვირადღირებულობის გამო ხშირად ბევრი შეძენას ვერ ახერხებს.
რატომ გაქრა საქართველოდან ეს კულტურა, ცალკე თემაა. იყო პერიოდი, როდესაც იგი საბაზრო ღირებულების მქონე სხვა, ფართოდ გავრცელებულმა კულტურებმა ჩაანაცვლეს, მათ შორის ქართულმა კაკალმაც. თუმცა უკვე დღეს გაზრდილი მოთხოვნის გამო ფსტა კვლავ გვიბრუნდება. მართალია, ამჟამად საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი პლანტაციებია, მაგრამ მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
კასპში, სოფელ ხოვლეში გონიერი მეურნის გელა ლელაშვილის პლანტაციაა, რომელიც ამ კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო პლანტაციად შეიძლება ჩავთვალოთ. ამის საფუძველი ფერმერის გამოცდილება და პრაგმატიზმია, რომელმაც ემიგრაციაში, კერძოდ, თურქეთში 6 წლის განმავლობაში, სწორედ ფსტის პლანტაციებში იმუშავა. კულტურის მოვლის იქ შეძენილი გამოცდილების შემდეგ გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონა და ფსტის გაშენება სამშობლოში, სოფელ ხოვლეში მოიფიქრა. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ მუშაობს იმ კულტურის მოვლაზე, რომლითაც შემოსავლის მიღებას ცდილობს.
- საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეთ, რაც კაცმა სოფლის მეურნეობაში შეიძლება მოიფიქროს, თანაც ეს გადაწყვეტილება ემიგრაციაში ფსტის კულტურაზე 6-წლიანი მუშაობის გამოცდილებას ეფუძნება. ვფიქრობ, შეცდომები არც პლანტაციის გაშენებაში უნდა მოგივიდეთ და არც ნაყოფის რეალიზაციაში.
- ვცდილობ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ რაც უფრო ბევრს სწავლობ, მით მეტად ფიქრობ, რომ ცოდნა გასრულებული არა გაქვს და წარმატებისთვის კიდევ მეტი უნდა გეფიქრა. სხვათა შორის, თურქეთში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ კიდევ დამატებით გავიარე ფსტის მეურნეობის კურსები, კმაყოფილი ვარ. საბედნიეროდ, რჩევებს არ მამადლიან, რისთვისაც მადლიერი ვარ. რაც შეეხება ჩემს პლანტაციას, როდესაც ემიგრაციიდან დავბრუნდი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამითა და თანადაფინანსებით 9 ჰექტარი მიწა შევიძინე და ფსტის პლანტაცია გავაშენე, სულ 3500 ძირი. ამას არ ვნანობ, პირიქით, მომავალ წლებში სულ უფრო მეტად გამომადგება ცხოვრებაში. პლანტაციის გასაშენებლად რჩევები ჩემმა თურქმა მეგობრებმაც მომცეს: მათ შემაძენინეს გენეტიკურად ჯანსაღი თესლი, რომელიც სადედედ დავთესე, ამოვიყვანე და შემდეგ ამავე საძირეებზე ისევ ფსტა დავამყენი.
- ანუ საძირეებადაც იგივე კულტურა გამოიყენეთ?
- დიახ. ჩვეულებრივი მეთოდია. როდესაც აღმოცენებული ნათესები 5-6 თვის გახდა, მათზე მყნობა დავიწყე. მე რომ თესლზე ამოსული კულტურა მსხმოიარობამდე მიმეყვანა, მაშინ 10 წელიწადს უნდა მეცადა. მოკლედ, გზა გავიადვილე, თუმცა არა პლანტაციის მოვლაში. ფსტის პლანტაციას წვეთოვანი სისტემა არ სჭირდება, რადგან გვალვას ადვილად იტანს. სამაგიეროდ, თუ მიჯრილი წვიმებია, მაშინ პლანტაცია აუცილებლად უნდა შეიწამლოს სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ასე რომ, წლეულს პლანტაცია არაერთხელ შევწამლე. რაც შეეხება კრეფას, მუშახელს ვქირაობთ, თუმცა წლეულს პირველი და პატარა მოსავალი მაქვს. სრული მსხმოიარობისას კი ბევრი მუშახელი დამჭირდება, თუმცა კრეფა სპეციალური საშუალებით მიმდინარეობს. მას შემოახვევ ხეს, დაამაგრებ, ხეს გაარხევ და ნაყოფი ამ საშუალებაზე იფერთხება.
- როგორც მივხვდი, ფსტის ხეები მაღალი არ იზრდება.
- თუკი გაუშვებ, 7-8 მეტრს მიაღწევს. შელამაზება და ფორმის მიცემა ნერგს ზრდის პირველ ოთხ წელიწადს სჭირდება. ამის შემდეგ მცენარე გასხვლას არ საჭიროებს.
- რა საინტერესო კულტურაა: გემრიელი და თანაც მეურნის არა გამწვალებელი. როგორც ვხედავ, მის მოვლა-მოყვანაზე იმდენი შრომა არ იხარჯება, რამდენიც სხვა კულტურებზე.
- შრომა აბსოლუტურად ყველაფრის მოყვანას სჭირდება. ფსტასაც ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს, ის ადვილად იტანს სიცხეს, დაახლოებით +50°ჩ-მდე, იტანს სიცივეს დაახლოებით -15°ჩ-მდე, მაგრამ ვერ იტანს მიჯრით მიწყობილ წვიმებს. როდესაც რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმს და მცენარე არ შრება, მაშინ ფსტას სოკოვანი დაავადებები ემართება. ასეთი საშიშროება ჩემს პლანტაციას სწორედ გასულ ზაფხულს ჰქონდა, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში პლანტაცია ოთხჯერ შევწამლე. რაც შეეხება გვალვებს, ფსტა იტანს, თუმცა გააჩნია კლიმატსაც. მაგალითად, ირანში, ფსტის სამშობლოში, უზარმაზარი პლანტაციებია, თუმცა რადგანაც ამ ქვეყანაში წყალმა მიწის ზედაპირიდან ძალიან ღრმად დაიწია, ფსტის პლანტაციებს გაუჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურას მიწაში ძალიან ღრმა, თითქმის 2 მეტრის სიღრმეზე მიმავალი ფესვები აქვს. დღეს უკვე ფსტისთვის საქართველოს აღმოსავლეთი ბევრად უკეთესი სამყოფელია, ვიდრე მისი სამშობლო ირანი. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ მისი პლანტაციების გაშენებაზე. რაც უფრო მეტი პლანტაცია გვექნება, მით უკეთესი, უფრო კარგად მოვახერხებთ ფსტაზე ირანივით სხვადასხვა ქვეყნიდან შეკვეთის მიღებას.
- გეთანხმებით, რახან კულტურის ფესვთა ღრმა სისტემა ახსენეთ, ე.ი. ფსტა ნიადაგის ეროზიებსაც ებრძვის.
- უეჭველად. ამიტომაც იქნება საუკეთესო აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი, ეროზირებული ნიადაგისთვის, მით უფრო, რომ მსოფლიოში ფსტაზე მოთხოვნაა და პარალელურად, ფასიც იზრდება. თავად ფსტის პირველი მოსავალი მართალია, მცირე მივიღე, მაგრამ მაინც ღირდა, რადგან 1 კილოგრამი 35 ლარად ჩავაბარე, თან კლიენტებიც გამოჩნდნენ. მთავარია ფსტის მოსავალი მოვიდეს, თორემ მისი შესყიდვა არაერთ სავაჭრო ობიექტს სურს. ფსტის კულტურას სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა აქვს და ეს კარგია, კარგი მოვლით პლანტაციებიც დიდხანს შენარჩუნდება.