კაპიტან პაშკოვის შეცდომა - როგორ ჩამოაგდო რუსულმა რაკეტამ რუსულივე შვეულმფრენი - კვირის პალიტრა

კაპიტან პაშკოვის შეცდომა - როგორ ჩამოაგდო რუსულმა რაკეტამ რუსულივე შვეულმფრენი

სამხრეთ კორეის, მალაიაზიისა თუ აზერბაიჯანის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება კრემლის სამხედროების მიერ ძირითადად შეცდომით მოხდა, როდესაც რუსი მეზენიტეები ვერ ახდენდნენ საფრენი აპარატების ზუსტ იდენტიფიკაციას(1993 წლის სექტემბრის ბოლოს სოხუმის აეროპორტთან ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება და ორის უშუალოდ აეროპორტში განადგურება რუსმა სამხედროებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა მიზანმიმართულად განახორციელეს), მაგრამ როგორც აღმოჩნდა „მეგობრული ცეცხლით“ ისინი საკუთარ მფრინავებსაც არ ინდობენ...

კაპიტან პაშკოვის შეცდომა

ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის გარნიზონის რუსულმა სამხედრო სასამართლომ სასჯელი დააკისრა რუსეთის არმიის კაპიტან იგორ პაშკოვს შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის...

1-rus-1737020400.jpg
რუსული Ми-8МТВ-5–1 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, რომლის მსგავსი კაპიტან პაშკოვის შეცდომამ შეიწირა თავის სამკაციან ეკიპაჟთან ერთად...

ყირიმში განთავსებული რუსული საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილის სამეთაურო პუნქტის ოპერატიული მორიგის უფროსს თანაშემწეს კაპიტან პაშკოვს ალბათ ჯილდო ელოდებოდა იმისთვის, რომ მისი ხელმძღვანელობით გაშვებულმა პირველივე საზენიტო რაკეტამ საფრენი აპარატი ჩამოაგდო, მაგრამ ორიდე წუთშივე ცნობილი გახდა, რომ რუსული ТОР-М2ДТ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებულ საზენიტო რაკეტას უკრაინული კამკაძე-დრონი კი არა, არამედ რუსულივე Ми-8МТВ-5–1 ტიპის შვეულმფრენი უმსხვერპლია...

რატომ მალავდნენ რუსები ამ ფაქტს?!

ეს შემთხვევა ჯერ კიდევ 2023 წლის 18 ოქტომბრის დილას მომხდარა, მაგრამ მაშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ეს ფაქტი დამალეს, შეიძლება იმიტომაც,რომ წინა დღეს მოხდა ის, რისიც კრემლს მანამდე ძალიან ეშინოდა - ამერიკულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა 17 ოქტომბერს რუსებს შავი დღე გაუთენეს...

17 ოქტომბრის გამთენიისას, უკრაინის მხარემ ოკუპირებული ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომებს ზუსტი სარაკეტო დარტმები მიაყენა ამერიკული 165 კმ-ზე მფრენი MGM-140A ATACMS Block 1-ი ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, რის შედეგადაც რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს სხვადასხვა ტიპის არანაკლებ 9 შვეულმფრენი, საჰაერო თავდაცვის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და აეროდრომებზე განთავსებული სპეციალური ტექნიკა, ამასთან მოხდა იქ დასაწყოებული საავიაციო რაკეტებისა და ბომბების დეტონაციაც, რამაც საერთო ჯამში რამდენიმე ათეული ოკუპანტის დაღუპვა და დაჭრა გამოიწვია...

ასეთი სერიოზული საბრძოლო დანაკარგის ფონზე იმის აღიარებას, რომ მეორე დღეს რუსმა მეზენიტეებმა შეცდომით თავისივე შვეულმფრენი ჩამოაგდეს, თვით რუსული პროპაგანდაც კი ვეღარ „გააპრავებდა“ და ეს ინციდენტი მიჩუმათდა...

2-rus1-1737020516.jpg
რუსული ТОР-М2ДТ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომლიდანაც გაშვებულმა რაკეტამ „მეგობრული ცეცხლით“ იმსხვერპლა რუსულივე შვეულმფრენი - ეს „ტორის“ არქტიკული მოდიფიკაციაა, მაგრამ უკრაინასთან ომში რუსეთის საოკუაპაციო ძალებს ისე გაუჭირდათ, რომ „არქტიკული ტორები“ (რუსეთს სულ 9 ასეთი საზენიტო დანადგარი აქვს) ჩრდილოეთის ფლოტიდან ანექსირებულ ყირიმში გადაისროლეს...

მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩივილს აგრძელებდნენ შვეულმფრენში დაღუპული ეკიპაჟის სამი წევრის ოჯახის წევრები, რომლებიც დამნაშავეების დასჯასა და მორალური კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრული იყო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ერთი წელი ვერ „პოულობდა“ დამნაშავეს, სანამ 2024 წლის მაისში თავად კაპიტანი პაშკოვი არ გამოცხადდა და არ აღიარა საბედისწერო შეცდომა...

მისი განცხადებით, საზენიტო გათვლის მეთაურმა რადიოეთერში მას თავისი რადისახმისი მოახსენა, რაც პაშკოვმა არასწორად აღიქვა და გასცა ბრძანება ამოუცნობი საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტში მიიღო დამატებითი ინფორმაცია -ამოუცნობი საფრენი აპარატი დაბალ სიმაღლეზე მფრენი მაშუქებჩართული შვეულმფრენი იყო. „ტორის“ საზენიტო რაკეტამ კი შვეულმფრენის სამკაციან ეკიპაჟს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა...

ბრალდების მხარე შვეულმფრენის განადგურების გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ზარალის ანაზღაურების სახით 204 მლნ რუსულ რუბლს(დღევანდელი კურსით ეს თითქმის 2 მლნ დოლარია) ითხოვდა, ხოლო შვეულმფრენის დაღუპული ეკიპაჟის სამივე წევრის ოჯახებისთვის კი 3-3 მლნ რუბლის გადახდას.

ბრალდებული რუსი კაპიტანი 2 მლნ დოლარს რომ თავისი სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეაგროვებდა, ამას მოსამართლეებიც ხვდებოდნენ და განაჩენით ის დაავალდებულეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ჩამოგდებული შვეულმფრენის სანაცვლოდ მხოლოდ 5 მლნ რუსული რუბლის(50 ათას აშშ დოლარამდე) გადახდაზე, ხოლო დაღუპულთა ოჯახებისთვის კი თითო-თითო მლნ რუბლის კომპენსაციის გაცემაზე.

თავად პაშკოვს სასამართლომ ორი წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ოღონდ კოლონია-დასახლებაში,სადაც...თავისი ფეხით უნდა გამოცხადდეს.

3-rus1-1737020474.jpg
25 მლნ დოლარად შეფასებული ერთი რუსული ТОР-М2ДТ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინელებმა ხერსონის რაიონში ააფეთქეს...

ტრაგიკომიკური შემთხვევა 2008 წლის აგვისტოს ომში

P.S. რუსეთ-უკრაინის ომში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც რუსი მეზენიტეები რუსულივე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს აგდებდნენ „მეგობრული ცეცხლით“(რამდენიმე ასეთი შეცდომა უკრაინელ მეზენიტეებსაც მოუვიდათ), მაგრამ ყველაზე ტრაგიკომიკული შემთხვევა მაინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში მოხდა, რომელიც აუცილებლად შევა მსოფლიო ომების ისტორიაში...

იმის გამო, რომ 8 აგვისტოს გამთენიისას ხუთმა ქართულმა „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა საჰაერო შეტევები განახორციელა როკის გვირაბიდან ჯავისკენ მიმავალ რუსი ოკუპანტების ჯავშანკოლონაზე, ამის შემდეგ ცაში გამოჩენილი ყოველი Су-25-ი რუს ქვეითებსა და მედესანტეებს ქართული ეგონათ(მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი საბრძოლო გაფრენის შემდეგ ქართული მოიერიშეები აეროდრომებზე იქნა გადამალული და აღარ უფრენიათ, რადგან ცას მთლიანად აკონტროლებდნენ რუსული გამანადგურებლები და მათგან თავის დაღწევის მცირე შანსიც აღარ რჩებოდა), ხოლო რუს მფრინავებს კი გზებზე გაწელილი ჯავშანკოლონები კი ქართული არმიის...

9 აგვისტოს ჯავასთან ჩამოგდებული იქნა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25-ი, რომლის მფრინავი მაიორი ვლადიმირ ედამენკო დაიღუპა.

რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა ედამენკოს რუსეთის ფედერაციის გმირობა მიანიჭა, ისევე როგორც სხვა რუს სამხედროს,რომელმაც იმავე დღეს მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო ჯავასთან...

არადა, 8 აგვისტოს დილის 9 სთ-ის შემდეგ ქართულ მოიერიშე თვითმფრინავებს აღარ უფრენიათ და ნეტავ ვისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს 9 აგვისტოს ჯავასთან?!