"აბუ-დაბის პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, უშვებენ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძესაც" - რადიო "თავისუფლება" - კვირის პალიტრა

"აბუ-დაბის პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, უშვებენ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძესაც" - რადიო "თავისუფლება"

აბუ-დაბიში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. პარალელურად, პოლიციიდან უშვებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას; წყაროს ცნობით, ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა.

წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.

მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ოფიციალურ სტრუქტურებთანაც.

ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდიც.

ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

„გამოკითხვა“

წინა საღამოს საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამბობდა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები აგრძელებდნენ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარის შესწავლას.

საელჩოში აცხადებდნენ: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“.

ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ რადიო თავისუფლებას 14 იანვარს უთხრა: „ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“.

ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ 13 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და თქვეს, რომ „ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს“.

მას შემდეგ ისინი საჯაროდ აღარ გამოჩენილან.

ზარქუამ და სანიკიძემ ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.

განაგრძე კითხვა