რას ასაიდუმლოებს ვიქტორ ორბანი 2040 წლამდე - "მუდმივი ბუა": როგორ აშინებენ უნგრელებს ხელისუფლებაში ყოფილი პრემიერის - დიურჩანის დაბრუნებით?
დღეს გეოპოლიტიკური განვითარების „უნგრულ მოდელზე“ საუბარი გავაგრძელოთ . ვიქტორ ორბანის, ამ მართლაც რომ ნიჭიერი და მოხერხებული პიროვნების „პოლიტიკური ეკვილიბრისტიკის“ შესწავლა-ანალიზი საინტერესოცაა და აუცილებელიც. მთავარი კი ისაა, რომ ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, 2010 წლიდან, ყველასთვის მოულოდნელად, რატომ შეიცვალა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი: დაბალანსებული ურთიერთობა ევროპასა და რუსეთს შორის (რაც 2022 წლის 24 თებერვლამდე საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ავსტრიის და ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერების ძირითადი სტრატეგიული ხაზი იყო) აშკარა, გამოკვეთილი და „აღტაცებული“ პრორუსული კურსით? ვარაუდები და ვერსიები ბევრი არაა: ეს იყო ვიქტორ ორბანის პირადი არჩევანი და ხელისუფლების შენარჩუნების მისეული ტაქტიკა ან უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე „კრემლიდან“ ფარული ზემოქმედებისა და დაშანტაჟების შედეგი.
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ხელისუფლებაში მეორედ მობრუნებული ვიქტორ ორბანი პოლიტიკურ კონკურენტებს „რუსეთის აგენტების“ ბრალდებით უსწორდებოდა და სატუსაღოში ამწესებდა.
დაახლოებით ისე, როგორც მ. სააკაშვილის „ეპოქაში“, როდესაც მტრის აგენტურას, ვითომდა, „პოულობდნენ“ ჟურნალისტებში, ექსპერტებსა და ფოტოგრაფებში, ამ დროს კი რეალური აგენტურა საქართველოს მთავრობასა და სპეცსამსახურებში, ფაქტობრივად, შეუზღუდავად მოქმედებდა. ზოგადად, ავტორიტარულ მმართველებს უყვართ გარეშე მტრებისგან „ქვეყნის დაცვა“. ვიქტორ ორბანიც წარმატებით იყენებს ამ მეთოდს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ.
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფერენც დიურჩანი: „მუდმივი ბუა“
2011 წლის ივნის-ივლისში უნგრეთში მოულოდნელად „რუსი ჯაშუშები“ დააკავეს, თანაც ისინი „უბრალო“ აგენტები კი არ აღმოჩნდნენ, არამედ უნგრეთის მთავარი სპეცსამსახურის - უნგრეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს (NBH) ყოფილი ხელმძღვანელები: გენრალ-მაიორი ლაიოშ გალამბოში (რომელიც 2004-2007 წლებში ხელმძღვანელობდა ამ სპეცსამსახურს), ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიერდე სილვაში (2007 წლის ივლისიდან 2009 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა NBH-ს) და ბრიგადის გენერალი შანდორ ლაბორცი (2009 წლის აპრილიდან 31 აგვისტომდე ხელმძღვანელობდა NBH-ს). სამივე მათგანი იმ პერიოდში ვიქტორ ორბანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფერენც დიურჩანის დანიშნულები იყვნენ ამ პოსტზე და ამ გარემოებამ თავიდანვე ეჭვი აღძრა წაყენებული ბრალდებების ობიექტურობაში.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უნგრეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შეძლო ოპოზიციისგან „მტრის ხატის“ შექმნა და უკვე წლებია, ამ ქვეყანაში დიდსა და პატარას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფერენც დიურჩანის პოსტზე დაბრუნებით „აშინებენ“.
უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად (აბა, რა იქნებოდა, როდესაც ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილები ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელები იყვნენ!), საქმე გამოსაძიებლად უნგრეთის სამხედრო პროკურატურას გადაეცა და თავიდანვე „გრიფით საიდუმლო“ მიენიჭა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ მასმედიას „შემთხვევით“ ჩაუვარდა ხელთ იმ ბრალდებების ნუსხა, რისთვისაც ეჭვმიტანილები დააკავეს. იქ კი, „ჯაშუშობის“ ნაცვლად მხოლოდ დაუნდობელი შიდაპოლიტიკური ბრძოლის ბატალიები ჩანდა. თავად განსაჯეთ, გალამბოშსა და სილვაშს ბრალად ედებოდათ სამთავრობო უწყებებზე "ჰაკერული თავდასხმების" ორგანიზება და პოლიტიკური პარტიების კომპიუტერულ ქსელებზე არასანქცირებული წვდომა. ასევე, მათი ხელმძღვანელობით, ვითომდა, ხდებოდა პარტია „ფიდესის“ ლიდერების თვალთვალი და პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. შანდორ ლაბორცის კი ადანაშაულებენ ვიქტორ ორბანის ოჯახის თვალთვალსა და ფარულ მიყურადებაში. კულუარებში სამივე ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდნენ, რომ ისინი 2004-2009 წლებში ცდილობდნენ უნგრეთის ეროვნული უშიშროების ბიურო პარტია „ფიდესის“ ფარული მომხრე თანამშრომლებისგან „გაეწმინდათ“. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმითა და დოზით ხდებოდა, ხდება და, ალბათ, მომავლშიც მოხდება. დაკავებიდან რამდენიმე დღეში სამივე მათგანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ეს ფაქტიც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმე „პოლიტიკური თეთრი ძაფებით“ იყო „შეკერილი“.
2013 წლის 5 ივლისს უნგრეთის ქალაქ დებრეცენის სამხედრო ტრიბუნალის სასამართლო კოლეგიამ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა : „ჯაშუშობისთვის“ გენერალ ლაიოშ გალამბოშსა და დიერდე სილვაშს 2 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დამატებით მათ სამი წლით აეკრძალათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. შანდორ ლაბორცის „ჯაშუშობის ხელშეწყობისა და სამსახურებრივი დანაშაულის ჩადენის წაქეზებისთვის“ ერთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ორი წლით გადავადდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი საიდუმლოდ დარჩა და საქმის მასალები 2040 წლამდეა გასაიდუმლოებული. ბუნებრივია, კითხვები მაშინაც იყო და ახლაცაა: თუ ჯაშუშობა დაუმტკიცდათ, სასამართლომ ასეთი რბილი სასჯელი რატომ გამოიტანა? კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა? რატომ არ გააპროტესტა „კრემლმა“ ჯაშუშობაში დადანაშაულება? ამ „წარმატებული სპეცოპერაციის“ შემდეგ უნგრეთში რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება შესუსტდა თუ გაიზარდა?
ამ კითხვებზე პასუხს ვიქტორ ორბანის ხელისუფლების შემდგომი გადაწყვეტილებები იძლევა. ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის ვაჟი - ანდრეი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად წლების მანძილზე
რუსეთის „მთავარი მზვერავი“ (ბუნებრივია, პუტინის შემდეგ) სერგეი ნარიშკინი
რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ოროთახიან ბინაში, მისამართზე: ბეჩის ქუჩა, ბინა 5. გაირკვა ისიც, რომ ანდრეი ნარიშკინს უნგრეთში ბინადრობის ნებართვა მოპოვებული ჰქონდა „ოქროს ვიზის“ პროგრამის მიხედვით, რაც უნგრეთის ეკონომიკაში ინვესტირებას გულისხმობს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღების პროგრამა უნგრეთში 2013 წელს დაიწყო. „ოქროს ვიზის“ შესაძენად საჭირო იყო 300 ათასი ევროს ინვესტიცია უნგრულ ობლიგაციებში უნგრეთის ხელისუფლების მიერ ავტორიზებული კომპანიის მეშვეობით. კიდევ 60 ათასი ევრო იყო ადმინისტრაციული მოსაკრებელი. ეს ინვესტორსა და მისი ოჯახის წევრებს - მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებს, ბინადრობის ნებართვის გარანტიას აძლევდა. ანდრეი ნარიშკინზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა კი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელ და „ოქროს ვიზის“ პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორ ანტალ როგანთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნოდა. ბუნებრივია, ვიქტორ ორბანი თავიდან ბოლომდე იქნებოდა გარკვეული ამ საქმის დეტალებში.
ანტალ როგანი
რა ხდება? ან სერგეი ნარიშკინია სამშობლოს მოღალატე და მისი ვაჟი ნატოს წევრ ქვეყანაში ყიდულობდა უძრავ ქონებას, რათა შემდეგ რუსეთიდან გაიქცეულიყო, ან თავად უნგრეთი არ არის ნატოს სრულფასოვანი წევრი.
ფაქტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ძალზე თავისუფლად მოქმედებენ უნგრეთში და ეს ქვეყანა ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომელსაც არ გაუძევებია რუსი დიპლომატები 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
პირიქით, მას შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა კიდეც. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბუდაპეშტში, საშუალოდ, 45-დან 48-მდე რუსი დიპლომატი იმყოფებოდა, ამჟამად კი მათი რიცხვი 56-მდე გაიზარდა. დიდი მკითხაობა არ უნდა იმის გარკვევას, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ უკანასკნელ წლებში ნატომ უნგრეთთან დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად შეზღუდა. „ალიანსის“ გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უნგრეთი ნაკლებ ინფორმაციას იღებს მოკავშირეებისგან, როგორც ორმხრივ, ასევე - ნატოს ცენტრალური არხებით. ნატოს ხელმძღვანელობა შიშობს, რომ საიდუმლო ინფორმაცია ჯერ ვიქტორ ორბანის, შემდეგ კი - ვლადიმერ პუტინის მაგიდაზე აღმოჩნდება.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა უნგრეთის საგამოძიებო ჟურნალისტური ცენტრის - „Direkt36“-ისა და ბელგიური გამოცემა „De Tijd“-ის ერთობლივი გამოძიების შედეგები, საიდანაც ირკვევა, რომ უნგრეთის სპეცსამსახურები ქვეყანაში ჩასული ევროკავშირის ოფიციალური პირების წინააღმდეგ წლების მანძილზე ჯაშუშობდნენ. კერძოდ, სასტუმროს ოთახები, სადაც იმყოფებოდნენ ევროკავშირის ოფიციალური პირები, აღჭურვილი იყო ფარული მოსმენის ტექნიკით და, ასევე, ხორციელდებოდა სტუმრების სატელეფონო საუბრების ჩაწერაც.
არპად ჰაბონი და ანტალ როგანი: ორი დასანქცირებული მეგობარი
2025 წლის 7 იანვარს აშშ-მა სანქციები დაუწესა ვიქტორ ორბანის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს ანტალ როგანს, რომელიც, ამ დოკუმენტის თანახმად, აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე პირადი კონტროლის მოპოვება იყო. როგანმა ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას, უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა უნგრეთში უფრო ფართო დაუსჯელობის კლიმატის სიმბოლოა, სადაც სახელმწიფოს საკვანძო ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა მიიტაცესო, – ნათქვამია ამ გადაწყვეტილების ტექსტში.
ანტალ როგანი ფინანსური სქემების შექმნისთვის დასანქცირდა, თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ 2014 წელს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი სტრატეგიული მრჩეველი არპად ჰაბონი დაასანქცირა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ. ვიქტორ ორბანის „იდეოლოგიური ექსპანსიის“ ერთ-ერთი შემოქმედი არპად ჰაბონი, როგორც პოლიტტექნოლოგი, აქტიურად იყო და არის ჩართული სერბეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საპრეზიდენტო და საპარლამნტო არჩევნებში. და არა მარტო არჩევნებში!
(მეშვიდე ნაწილის დასასრული)