მამუკა არეშიძის პროგნოზი: დაიწყება თუ არა ახალი დიდი ომი კავკასიაში?! - "არ გამოვრიცხავ სამხედრო ოპერაციის დაწყებას..." - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის პროგნოზი: დაიწყება თუ არა ახალი დიდი ომი კავკასიაში?! - "არ გამოვრიცხავ სამხედრო ოპერაციის დაწყებას..."

ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთს "ფაშისტური სახელმწიფო" უწოდა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ესკალაციის შესაძლო მუქარად აღიქვა. იგეგმება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა და შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირება ვიხილოთ, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- სომხეთის ხელისუფლება არანაირი ფაშისტური რეჟიმი არ არის. მოლაპარაკება და მშვიდობის მიღწევა, რომელიც სურთ სომხებს, რთული იქნება. დოკუმენტში, რომელსაც თავის დროზე ხელი მოაწერეს, წერია, რომ ზანგეზურის კორიდორი გარეშე ძალამ უნდა გააკონტროლოს, ეს კი ახლა სომხებს აღარ აწყობთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ასე ვერ გადაწყდება, მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული. ზოგიერთ სახელმწიფოს არ აწყობს ზანგეზურის იმ პრინციპით ამუშავება, როგორც დოკუმენტშია, უპირველესად რუსეთსა და ირანს. ამიტომ ალიევის განცხადება, რომ "სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა" და ის "საფრთხეა რეგიონისთვის" იმას უკავშირდება, რომ მას სურდა, ერთი მხრივ, რუსეთისთვის ესიამოვნებინა, ხოლო მეორე მხრივ, გაეფრთხილებინა დასავლეთი, რომ არ შეურიგდება შექმნილ ვითარებას და აუცილებლად გააგრძელებს ზეწოლას, რათა მიიღოს ზანგეზურის კორიდორი.

ალიევი იმ კატეგორიის პოლიტიკოსია, რომელიც კარგად იყენებს აღმოსავლური დიპლომატიის ინსტრუმენტებს - რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად თამაშობს.

ეს ერდოღანის დამახასიათებელი თვისებაა, ალიევიც ცდილობს იგივე მეთოდები გამოიყენოს და გამოსდის კიდეც. ალიევი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის, ასწრებს გეოპოლიტიკური გამოწვევის გაჩენას. 2022 წელს შეარჩია ისეთი მომენტი, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომის გამო არ ეცალა. ამასთან, მოსკოვი უაღრესად გაბრაზებული იყო ფაშინიანის პოლიტიკურ ნარატივზე. შემდეგ პერიოდებშიც ის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომ ნაწყენი რუსეთი აზერბაიჯანისკენ მიბრუნებულიყო. მაგალითად, პუტინის ბაქოში ბოლო ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო რუსული ენერგომატარებლების გატარება თავის მილებში როგორც აზერბაიჯანული ენერგომატარებლებისა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც ენერგოტრასებში. თუმცა ორ ქვეყანას შორის კულუარული თანამშრომლობა არ არის მთლად სანდო.

რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც პეტერბურგიდან ინდოეთში, დელიში მიდის. ეს გზა რამდენიმე­ ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანის, რის გამოც,­ რაც დრო გადის, აზერბაიჯანი თავს სიტუაციის მაკონტროლებლად გრძნობს. ამ გზის ფართომასშტაბიანი ამუშავება უახლოესი მომავლის საკითხია, რადგან ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ინდოეთს ხანგრძლივი პერიოდით გადაეცა ერთ-ერთი ირანული პორტი, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის ბოლო წერტილი იქნება ირანის ტერიტორიაზე, საიდანაც საზღვაო მარშრუტით ტვირთი ინდოეთში უნდა წავიდეს.

რაც შეეხება ფაშინიანს, ის იმ "რომანტიკულ" ორმოშია ჩავარდნილი, რომელშიც­ თავის დროზე იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთზე და პრაქტიკულად მიტოვებული ჰქონდა რეგიონული პოლიტიკა.

როდესაც ფაშინიანმა პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, მაშინვე ჩანდა, რომ მოსკოვს ზურგს შეაქცევდა. ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ დაემარცხებინა სარგსიანის მთავრობა და თვითონ მოსულიყო იმ პერსპექტივით, რომ რამდენიმე წელიწადში დაიწყებდა დასავლეთისკენ სვლას.

ამერიკის სპეცსამსახურები და პოლიტიკური გუნდი ერევანში ყოველთვის აქტიურად მუშაობდნენ. სომხეთში ამერიკელებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი საელჩო აქვთ, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სამხრეთი კავკასია, მათ შორის თბილისი და ერევანი, დასავლეთის განსაკუთრებულ საყრდენად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი მაშინ რუსეთის უახლოესი მოკავშირე იყო და დასავლეთს არ ჰყოფნიდა რესურსები, რომ ეს ვითარება შეეცვალა. მაგრამ წლების განმავლობაში დასავლეთმა მაინც მოახერხა ამ მიდგომის შეცვლა. ეს არის გეოპოლიტიკური თამაში, რომელშიც უფრო ძლიერი და ჭკვიანი გაიმარჯვებს.

რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის დაფუძნებული იყო ძალაზე და არა ჭკუაზე. კრემლისთვის მთავარი იყო, მოკავშირე ქვეყნებში ჰყოლოდა მისი მთავრობა, თუნდაც კაცისმკვლელი და კორუფციაში ჩაძირული. ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ჯერ გადაიმტერა ქართველები, მერე სომხები, დიდი ბზარი გააჩინა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში და ბოლოს მიიღეს ის, რომ ფეხი ამოიკვეთეს სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან.

ახლა რუსეთი გააფთრებული ცდილობს კვლავ დაბრუნდეს სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში.

მიმდინარეობს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო - ეს არის შავი ზღვა, სავაჭრო კორიდორები და ის რესურსები, რომლებიც ცენტრალურ აზიაშია. რუსეთი არ შეეგუება იმას, რომ სამხრეთი კავკასია თურქეთმა გააკონტროლოს. რაც არ უნდა აქტიური იყოს დღეს ერევანში დასავლეთი, ეს მაინც ვერ შეაკავებს რუსეთს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდეს დიპლომატიურად თუ სამხედრო ძალით.

როგორც საერთაშორისო ექსპერტები აფას­ებენ, ტრამპის პოლიტიკას შეიძლება­ ორი განსაკუთრებულობა ჰქონდეს - ერთია­ ორიენტირება შიდა პოლიტიკაზე, ისეთი საკითხების გარკვევაზე, როგორიცა კანადის მიერთება, გრენლანდიის საკითხის მოგვარება, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ძველი ფასეულობების აღდგენასთან არის დაკავშირებული და ასევე გულისხმობს ბრძოლას ბიუროკრატიულ აპარატთან; იმ ძალებთან, რომელთაც თვითონაც დეეპ სტატე-ს უწოდებს, სავაჭრო ომი ჩინ­ეთთან. თუ ამ საკითხებით იქნება­ დაკავებული, რუსეთს მიეცემა სამხრეთ კავკასი­აში გააქტიურების საშუალება.

თუ ტრამპმა­ მოინდომა გრენლანდიისა და კანადის მიერთება, რუსეთს რა შეუშლის ხელს, რომ იგივე სურვილები ჰქონდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? მით უმეტეს, გავიხსენოთ, რომ რუსეთს ხელი გაუხსნა­ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კოსოვოს მაგალითმა, თანაც მსოფლიო წესრიგი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ბალანსი დარღვეულია.

- როგორც ფაშინიანმა თქვა, ალიევს სურს, აზერბაიჯანის შესაძლო ესკალაციის "ლეგიტიმაცია". რამდენად რეალურია, რომ ახლა ამ ორ ქვეყანას შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს?

- არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც სამხედრო ოპერაციას. სომხეთი აქტიურად მარაგდება იარა­ღით, ამაში საფრანგეთია ჩართული.­ საქმე იქამდე მივიდა, რომ სომხეთში საფრანგეთის ელჩი მოლაპარაკებას აწარმოებს ირანის ელჩთან იმისთვის, რომ ირანის ტერიტორიიდან შევიდეს შეიარაღება სომხეთში. სასაცილო ფაქტია - ირანი ევროკავშირმა დაასანქცირა, თავის მხრივ, საფრანგეთმაც. ასე რომ, იმდენად მოშლილია მსოფლიო წესრიგის პრინციპები, რომ მსხვილი მოთამაშეები არც დათქმების გადათქმას ერიდებიან. ყველა ცდილობს სწრაფად მოიპოვოს, რაც შეიძლება "უკეთესი ადგილი მზის ქვეშ".

წაიკითხე ვრცლად