ბათუმში ბიჭს ეძებენ! - "მიშველეთ, მაპოვნინეთ შვილი! ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე ვნახეთ" - კვირის პალიტრა

ბათუმში ბიჭს ეძებენ! - "მიშველეთ, მაპოვნინეთ შვილი! ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე ვნახეთ"

ბათუმში, სკოლის მოსწავლეს, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. მოზარდი წუხელ დაიკარგა და მას შემდეგ, მის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. სკოლამ მომხდარზე განცხადება გამოქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

"2025 წლის 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა ბათუმის წმინდა ანდრიას სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე.

img-2454-1737107669.jpeg

გთხოვთ, ნებისმიერისახის ინფორმაცია მიაწოდოთ შესაბამის ორგანოს, ან ოჯახს 555105500 ან 599 4511 22", - ნათქვამია განცხადებაში.

მეტი დეტალის გასარკვევად, ჩვენ სკოლის დირექტორს, დეკანოზ იაკობ ბენიძეს დავუკავშირდით, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ასევე, დავრეკეთ მითითებულ ნომერზე, რომელზეც ტირილით გვიპასუხა ალექსანდრეს დედამ და გვითხრა, რომ ჯერ არ უპოვია შვილი.

დედა საზოგადოებას შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.

"ამ დრომდე ბავშვი არ გვიპოვია, ინგლისურის გაკვეთილიდან გამოვიდა მარტო და მას შემდეგ დაიკარგა, ვიპოვეთ მისი ქურთუკი, ჩანთა და ტელეფონი. მეტს ვერაფერს გეტყვით, ვეძებთ ყველგან და ვერ ვპოულობთ. მე დედა ვარ, არ ვიცი, რა ვქნა, მიშველეთ, მაპოვნინეთ", - გვითხრა ტირილით და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საქმეში ჩართულია პოლიცია, სავარაუდოდ, უკვე ამოღებულია კამერების ჩანაწერები. რა ინფორმაციას ფლობენ სამართალდმცველები, ამაზე ოჯახმა ჯერ არაფერი იცის.

"მუშაობენ, რა ინფორმაციას ფლობენ, ამ ყველაფერზე ჩვენც არ ვართ ინფორმირებული ჯერ", - ამბობს ოჯახი.

იმედია, მალე იპოვიან ალექსანდრე მიქელაძეს და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდება.

თუ ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამ ბიჭზე ან სადმე შეგხვდათ, გთხოვთ, სასწრაფოდ პოლიციაში დარეკოთ, ან მითითებულ ნომრებზე 555105500 ან 599 4511 22.

(სპეციალურად საიტისთვის)