როგორ მოკლეს ცხინვალში პუტინი - ასე დაიწყო ომების პერიოდი პოსტსაბჭოთა სივრცეში - კვირის პალიტრა

როგორ მოკლეს ცხინვალში პუტინი - ასე დაიწყო ომების პერიოდი პოსტსაბჭოთა სივრცეში

1991 წელი მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, როგორც საბჭოთა კავშირის იმპერიის თვითდამხობის თარიღი...

დაწყებული ამ პერიოდიდან მშვიდობა აღარ სუფევდა პოსტსაბჭოთა სივრცეში-რუსეთმა საქართველოს ორი ომი გაუმართა, უკრაინას დღემდე ბომბავს, მოლდოვას ემუქრება...

და ეს ყველაფერი ცხინვალთან მომხდარი ერთი საინტერესო ფაქტით დაიწყო, რომელიც ალბათ არც რუსეთში ახსოვთ...

1991 წლის 31 მაისს ცხინვალის სიახლოვეს უცნობმა პირებმა ავტომატებიდან დაცხრილეს „უაზი“, რომელშიც სამხედრო ნაწილის-61902-ის სამხედრო მოსამსახურეები ისხდნენ...

ამ სამხედრო ნაწილის მეორე, საიდუმლო დასახელება გახლდათ 292-ე ცალკეული საშვეულმფრენო პოლკი, რომელიც ცხინვალის დასავლეთით, ზემო ნიქოზთან არსებულ აეროდრომზე ბაზირებდა.

1-cxi-1737110567.jpg
ცხინვალელი „მფრინავი ნიანგი“ ავღანეთის ცაში...

ეს ის საშვეულმფრენო პოლკია, რომლის მფრინავები და შვეულმფრენები ერთ-ერთი პირველი გადაისროლა კრემლმა ავღანეთში.

საბჭოთა არმია ავღანეთში 1979 წლის 25 დეკემბერს შეიჭრა, ხოლო 1980 წლის 7 იანვარს ანუ ორი კვირის შემდეგ ცხინვალის პოლკი განგაშზე წამოყარეს და ვაზიანში ამ პოლკის ორი ესკადრილიის „მფრინავი ნიანგები“-Ми-24А(პირველი მოდიფიკაციები) და Ми-24В გადმოაფრინეს.ვაზიანის აეროდრომზე შვეულმფრენებს ხრახნები და ფრთები დახსნეს, რის შემდეგ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში Ан-22-ებში ორ-ორი მოათავსეს და საქართველოდან უზბეკეთის კოკაიდის აეროდრომზე გადაისროლეს. ცხინვალელმა „მფრინავმა ნიანგებმა“ კოკაიდიდან (რომელიც 88 კმ-ითაა დაშორებული ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვრიდან)რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ავღანეთის ცაში, ხოლო 14 იანვარს უკვე ავღანეთის ჯერ ყუნდუზის,შემდეგ კი ჯალალაბადის აეროდრომზე გადაბაზირდნენ. აქ მათ დაემატათ ცხინვალის პოლკის მესამე ესკადრილიაც Ми-8Т სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებით.

ცხინვალის საშვეულმფრენო პოლკი სამივე ესკადრილიის შემადგენლობით ინტენსიურ საბრძოლო ფრენებს ახორციელებდა, რომლის დროსაც არანაკლებ ოთხი ერთეული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი დაკარგა. მათგან ერთ-ერთი Ми-24В-ე 1980 წლის 25 აგვისტოს ჯალალაბადთან მოჯაჰედებმა „დე-შე-კა“-ს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან გაშვებული ჯერებით დააზიანეს და „მფრინავი ნიანგი“ მიწაზე ავარიულად დაშვებისთანავე რამდენიმე წამში აფეთქდდა, რის შედეგაც დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის რადიოელელქტტრონული მოწყობილობების ავიამექანიკოსი პრაპორშჩიკი ი.გოლოშვილიც...

ცხინვალის საშვეულმფრენო პოლკის ეკიპაჟები 1981 წლის 23 აგვისტომდე ასრულებდნენ საბრძოლო ფრენებს ავღანეთში, რის შემდეგაც ცხინვალში დაბრუნდნენ,ოღონდ შვეულმფრენების გარეშე.

2-cxin-1737110760.png
რუსი მფრინავი ლეიტენანტი ალექსეი პუტინი 1991 წელს ცხინვალთან მანქანაში ჩაცხრილეს...

მაშინ მოსკოვმა დააფასა ცხინვალის ცალკეული საშვეულმფრენო პოლკის ავღანური მისია და ის საბრძოლო წითელი დროშის ორდენით დააჯილოვა, პირველი ყველა საბჭოთა საავიაციო სამხედრო ნაწილებს შორის.

ათი წლის შემდეგ,1991 წლისთვის ცხინვალის 292-ე საშვეულმფრენო პოლკის, ისევე როგორც ასევე ცხინვალში დისლოცირებული 37-ე საინჟინრო-მენაღმეთა პოლკის მეთაურობა ასრულებდა რა ცენტრის დავალებას, ყველანაირად ხელს უწყობდა ადგილობრივი სეპარატისტების გაძლიერებას, როგორც საბრძოლო მასალით, ისე მათ ინტერესებში შემავალი აქტიური ქმედებებით, რომლებიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად.

და სწორედ ამ დაძაბულ პერიოდში, როდესაც ცხინვალის მისადგომებთან არცთუ იშვიათი იყო სროლები, მოხდა ეს ინციდენტიც, რითაც დავიწყეთ თხრობა-ცხინვალთან ჩაცხრილეს „უაზი“, რომელშიც მსხდომებიდან დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა...პუტინი...

პუტინი ალექსეი არკადის ძე, დაბადებული 1964 წელს ქალაქ პერმში,1989 წელს დაამთავრა სარატოვის მფრინავების უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და ლეიტენანტის ჩინით მსახურობდა ცხინვალის 292-ე საშვეულმფრენო პოლკში სამხედრო მფრინავად...

3-cxi-1737110656.png
ცხინვალის ყოფილი საშვეულმფრენო პოლკის აეროდრომი ასე გამოიყურებოდა 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებამდე...

მაშინ გვარი პუტინი არავის არაფერს ეუბნებოდა, რადგან „კა-გე-ბე“-დან წამოსული(ალბათ ფორმალურად, თორემ ყოფილი „კა-გე-ბე“-შნიკები არ არსებობენ) ვლადიმირ პუტინი 1991 წელს სანკ-პეტერბურგის მერიაში მოეწყო და მერის, ანატოლი სობჩაკის ჩემოდნებს ათრევდა გახარებული სახით...

ცხრა წელში პუტინმა თავბრუსდამხვევი კარიერა გაიკეთა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და მას შემდეგ მეოთხედი საუკუნეა სისხლს, დიდ სისხლს ღვრიდა და ღვრის ჩეჩნეთში,საქართველოში, უკრაინაში...

იქნებ, როგორც ყველაფერი დაიწყო 1991 წელს მფრინავი პუტინის ცხინვალთან დასასრულით, ასევე, დამთავრდეს პრეზიდენტ პუტინისთვისაც და მსოფლიომაც ამოისუნთქოს, ისე სიმბოლური იქნება, თუკი ეს ისევ ცხინვალთან მოხდებოდა...

rid19i0m65z51-1737112853.jpg
1991 წელს ყველასთვის უცნობი პუტინი სანკ-პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის ჩემოდნებს ათრევდა

P.S. მფრინავი პუტინის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ რამდენიმე კვირის გატარება მომიწია ქართულ სამშვიდობო ბატალიონის შტაბსა და ყაზარმაში, რომელიც სწორედ ცხინვალის საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული, სოფელ ზემო ნიქოზთან.ერთ დღეს, როდესაც თბილისიდან ცხინვალის გავლით ორი Т-72 ტიპის ტანკი შემოვიყვანეთ, რომელთა კოშკურებზე მაშინდელი სამფეროვანი ქართული დროშები ფრიალებდა, ორი რუსული „მფრინავი ნიანგი“ იქვე აეროდრომიდან აფრინდა და საბრძოლო შემოსვლებს აკეთებდა ჩვენი სამშვიდობო ბატალიონის თავზე, საბედნიეროდ საქმე რაკეტების გაშვებამდე არ მივიდა...