"ცეზარები" ფაშინიანისთვის: სომხეთი ფრანგულ ჰაუბიცებს ყიდულობს - რისთვის ემზადება ერევანი და რას აპირებს ილჰამ ალიევი - კვირის პალიტრა

"ცეზარები" ფაშინიანისთვის: სომხეთი ფრანგულ ჰაუბიცებს ყიდულობს - რისთვის ემზადება ერევანი და რას აპირებს ილჰამ ალიევი

ყარაბაღისთვის ბოლო ომში აზერბაიჯანის არმიამ სომხეთს მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღება გაუნადგურა, მათ შორის საარტილერიო დანადგარებიც.

მას შემდეგ სომხეთი ცდილობს აანაზღაუროს ეს დანაკლისი და თავისი არმია ახალი, ამჯერად ნატოს სტანდარტის კალიბრის ჰაუბიცებით გადააიარაღოს.

1-ind-1737206703.jpg
სომხეთის არმია ინდური წარმოების არტილერიით ძლიერდება...

ერევანსა და მოსკოვს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის „გაცივების“ პარალელურად, სომხეთმა ძალზე გააქტიურა თავის სამხედრო პარტნიორობა ნატოს წევრ საფრანგეთთან, რაც არც იყო მოულოდნელი ამ ქვეყანაში ძლიერი სომხური ლობის არსებობის გათვალისწინებით.

ერევანმა და პარიზმა უკვე შეათანხმეს 36 ერთეული 155 მმ-ინი კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარით Caesar-ით სომხეთის არმიის გაძლიერება უახლესი 15 თვის განმავლობაში.

2-ind-1737206703.png
Trajan-ის ნახევრადმობილური ჰაუბიცის სატრანსპორტოდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასაყვანად სულ 90 წმ-ია საჭირო,რის შემდეგაც ის პირველ სამ ჭურვს 60 წმ-ში ისვრის, შემდეგომი 12 ჭურვის გასროლისთვის კი 3 წთ-ი სჭირდება...

ფრანგული „ცეზარები“ საფრანგეთიდან სომხეთში დიდი ალბათობით არა ჩვენი საქართველოს, არამედ ირანის გავლით გადაინაცვლებენ, რისთვისაც ფრანგი დიპლომატები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს თეირანთან. სავარაუდოდ, ეს ოფიციალური ბაქოს გაღიზიანების შედეგადაა გამოწვეული, როდესაც გასულ წელს „ბასტიონის“ ტიპის ფრანგული ჯავშანმანქანები ფოთის პორტიდან საქართველოს რკინიგზით გადაიზიდა სომხეთში და მას შემდეგ ალბათ ბაქომ თბილისს სთხოვა აღარ გაეტარებინა სომხეთის არმიისთვის განკუთვნილი დასავლური შეიარაღება საქართველოს ტერიტორიაზე...

მაგრამ, სანამ ფრანგული „ცეზარები“ გამოჩნდებიან სომხეთის მიწაზე, მათ შეიძლება ამავე „ცეზარების“ „შვილობილმა“ ინდურ-ფრანგულმა ნაწილობრივმობილურმა Trajan-ებმა დაასწრონ ჩასვლა.

3-ind-1737206703.jpg
სომხეთის არმია 36 ერთეულ ასეთ თვითმავალ Caesar-ს მიიღებს საფრანგეთიდან,ოღონდ სავარაუდოდ ირანის და არა საქართველოს გავლით...

ლულიანი საარტილერიო დანადგარები არსებობს სტაცინალური, ბუქსირებადი და თვითმავალი. ნაწილობრივმობილური დანადგარი ფაქტობრივად ასევე ბუქსირებადია შორს მანძილზე გადასატანად, მაგრამ საარტილერიო ცეცხლის წარმოების შეუძლია პოზიციის თავად შეცვლაც -რამდენიმე ასეულ მეტრზე გადანაცვლება, მასზე დამონტაჟებული მცირე სიმძლავრის ძრავის გამოყენებით.

Trajan-ი Caesar-ის „შვილობილი“ კი იმიტომ არის, რომ მანამდე არსებული ფრანგული ბუქსირებადი ჰაუბიცის TR F1-ის ბაზაზე „ცეზარის“ საარტილერიო ნაწილია დამონტაჟებული, რამაც გააიაფა ეს სისტემა, რადგან საარტილერიო დანადგარის ბაზად აღარ არის გამოყენებული სპეციალური, ძვირდღირებული საავტომობილო შასი.

4-ind-1737206703.jpg
სომხეთის პოლიგონზე უკვე გამოიცადა ექვსი ინდური 152 მმ-იანი ATAGS-ის ტიპის ჰაუბიცა, რის შემდეგაც ერევანმა ინდურ მხარეს კიდევ 84 ასეთი დანადგარი დაუკვეთა...

Trajan-ი 13 ტ-ს იწონის და 155 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს მაქსიმალურ-42 კმ-მდე ისვრის (აქტიურ-რეაქტიულ ჭურვს კი 55 კმ-მდე), რაც სომეხი არტილერისტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეირაღებაში შემორჩენილი ანალოგიური კლასის საბჭოთადროინდელი Мста-Б 152 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს მხოლოდ 24,7 კმ-მდე აღწევს (აქტიურ-რეაქტიულს-28,9 კმ-მდე).

არტილერისტებისთვის კი ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რაც შეიძლება შორს და ზუსტად მოეხვედრებინათ ჭურვები მიზანში. იქიდან გამომდინარე, რომ Trajan-ს „ცეზარის“ დამიზნების სისტემა უყენია, ის სროლის დიდი სიზუსტითაც გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა აქამდე უკვე დადო კონტრაქტი ინდური 155 მმ-იანი ATAGS-ის ჰაუბიცების (რომლებიც ასევე ნახევრადმობილურია) შეძენაზე-ექვსი მათგანი უკვე წარმატებით გამოიცადა უშუალოდ სომხეთის პოლიგონზე, რის შემდეგადაც ერევანმა ინდოეთს დამატებით კიდევ 84 ჰაუბიცა შეუკვეთა.

სომხეთის არმიის არტილერიის გაძლიერება ნატოს კალიბრის ბუქსირებადი და თვითმავალი ჰაუბიცებით, რომლებსაც 155 მმ-იანი ჭურევების მიღწევა 50 კმ-ზე შორსაც შეუძლიათ, არცთუ შემთხვევით ძაბავს აზერბაიჯანს, რადგან მისმა პრეზიდენტმა ალიევმა არ გამორიცხა მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთთან, თუნდაც ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით...