„ტრამპს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის 80-წლიანი ისტორიის შემობრუნება სურს: მსოფლიოში ამერიკული მიდგომა მალე რადიკალურად შეიცვლება“ - The Economist
ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 18-27 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო მოწინავე სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის 80-წლიანი ისტორიის შემობრუნება სურს: მსოფლიოს მიმართ ამერიკული ზესახელმწიფოს მიდგომა მალე რადიკალურად შეიცვლება“.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
დონალდ ტრამპს კრიტიკოსები ხშირად უყენებენ ბრალს გადაჭარბებულ ბუფონარობასა და იზოლაციონიზმში, მაგრამ მან ჯერ კიდევ თანამდებობის რეალურად დაკავებამდე - 20 იანვრამდე აჩვენა, რამდენად შორს დგას მის არაკეთილმსურველთა კრიტიკული შეფასებები სინამდვილისაგან - თუ რას გააკეთებს იგი ყველასათვის მოულოდნელად პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში.
ამჟამად კი ჩვენ ვხედავთ, რომ ინაუგურაციის წინა დღეებში დონალდ ტრამპმა ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას ღაზას სექტორში. იგი არღვევს ტაბუდადებულ თემებს, აკრძალვებს და პრეტენზიებს აცხადებს კუნძულ გრენლანდიის გაკონტროლებაზე, მისი წიაღისეულისა და არქტიკაში სტრატეგიული მდებარეობის გამო. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა იქნება არამარტო უფრო დამანგრეველი, პირველ ვადასთან შედარებით, არამედ იგი ჩაანაცვლებს იმ საგარეოპოლიტიკურ ხედვას, რომელიც ამერიკაში დომინირებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მათი ხელისუფლება დაკავშირებულია მსოფლიოში მშვიდობის დაცვის პასუხისმგებლობასთან - იმ მსოფლიოში, რომელიც უფრო სტაბილური გახდა დემოკრატიის, საზღვრების დადგენისა და უნივერსალური ფასეულობების დანერგვით.
მისტერ დონალდ ტრამპი კი უარს იტყვის ფასეულობებზე და ყურადღებას გაამახვილებს ძალაუფლების დაგროვებასა და მის გამოყენებაზე. მისი მიდგომები მოსინჯულ-გამოცდილი და განსაზღვრული იქნება სამ კონფლიქტში - ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში და ჩინეთთან მიმდინარე ცივ ომში.
თითოეული მათგანის მიმართ მისი მიდგომა აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს და ესწრაფვის დონალდ ტრამპი კავშირი გაწყვიტოს ბოლო ათწლეულების ტრადიციებთან - თავისი არაორთოდოქსული მეთოდებით, ძალების დაგროვებით, ოპორტუნისტული გავლენის გამოყენებით და მისი რწმენით, რომ მშვიდობის დამყარება მხოლოდ ძალით შეიძლება.
მოამზადა სიმონ კილაძემ