"ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის“ - კვირის პალიტრა

"ტრამპი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოსთვის მოიცლის“

20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტობის მეორე ვადას იწყებს დონალდ ტრამპი, რასაც მსოფლიო დიდი ინტერესით და გარკვეულწილად სიფრთხილითაც ელოდება. მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, ცოტა არ იყოს, დააბნია ბევრი, შეიძლება ითქვას, მან 6 იანვრის საერთაშორისო ახალი ამბების ახალი წელი გახსნა - ჯერ დაიმუქრა, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევს, შემდეგ ისევ გრენლანდიის ყიდვაზე ილაპარაკა, მესამე დღეს კი ირწმუნებოდა, რომ აშშ, გრენლანდიის მსგავსად, პანამის ყურესაც უნდა აკონტროლებდეს.…საქართველოს ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავს, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები სულ უფრო აუფერულებს საამისო საფუძველს. სწორედ დონალდ ტრამპის მმართველობის სავარაუდო პოლიტიკაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchr.jpg

- ჩვენ ტრამპის 4-წლიანი მმართველობა გვახსოვს და შეიძლებოდა იქიდან გამომდინარეც გვემსჯელა, მაგრამ არ გამოგვივა, რადგან მის პირველ ვადას დაემთხვა პანდემიის ყველაზე ცხელი პერიოდი, რამაც მას, გარკვეულწილად, ხელი შეუკრა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მსოფლიო, ჩვენც და მგონი, თვითონ ტრამპიც, სრულ გაურკვევლობაში ვართ და დაბეჯითებით იმის თქმა, რას გააკეთებს ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციის მეორე დღიდან, რთულია. მას ბევრი მრჩეველი ჰყავს და ისინი, ჩემი აზრით, სხვადასხვა მიმართულებით უბიძგებენ. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც წინასაარჩევნოდაც ვისმენდით და არჩევნების შემდგომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საკმაოდ აგრესიული და ხისტი პოლიტიკის გატარებას აპირებს, რამაც მსოფლიოში შესაძლოა დიდი რყევები გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააგრძელებს მექსიკასთან კედლის მშენებლობას და, ალბათ, დაასრულებს კიდეც, ექნება ხისტი პოლიტიკა ემიგრანტების მიმართ და ამ მიმართულებით კანონმდებლობის შეცვლასაც მოინდომებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვფიქრობ, ექნება მკვეთრად გამოხატული ანტიჩინური და ანტიტირანული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ირანისა და ისრაელის ურთიერთობა ძალიან მწვავეა. ვფიქრობ, ისრაელი შეეცდება გამოიყენოს აშშ ბუფერად ამ დაპირისპირებაში და ყველაფერი გააკეთოს ირანის მმართველი რეჟიმის შესაცვლელად. ეს რით დასრულდება, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც რუსეთ-ამერიკის უახლესი მომავლის ურთიერთობა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენამდე ტრამპს უამრავი პრობლემა ხვდება, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას მისი მხარდაჭერის იმედი სულ ტყუილად აქვს. საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი საყრდენი სამხრეთ კავკასიაში, აშშ-ს ძალიან სჭირდება. მას სჭირდება ფორპოსტი ამ რეგიონში. ტრადიციულად ეს გახლდათ რესპუბლიკელების პოლიტიკა და დაუჯერებელი მგონია, ამ მიმართულებით, ტრამპმა რაიმე შეცვალოს. მეტიც, ჩემი აზრით, ის იქნება კიდევ უფრო ხისტი და თანამიმდევრული, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსთვის საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რყევები ელის. ტრამპი, სავარაუდოდ, მაშინ მოიცლის საქართველოსთვის.

- ჩვენი რუბრიკის წინა სტუმრის, მირიან მირიანაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ ტრამპი პუტინს სამხრეთ კავკასიას დაუთმობს და სწორედ ამით არის განპირობებული მისი ბოლოდროინდელი ანტიდასავლური ნაბიჯები...

- არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი რაშია დარწმუნებული, მაგრამ ეგ სრული აბსურდია. ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალ სამყაროს არც ერთ გოჯს რუსეთს არ დაუთმობს. სამხრეთი კავკასია გასაღებია ახლო აღმოსავლეთისკენ, იმავე ირანისკენ. თუ ტრამპს ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოლიტიკა ირანთან მიმართებით, მარტო ამის გამოც კი მსგავს­ ნაბიჯს არ გადადგამს. ტრამპმა თქვა, რომ ყველასგან და ყოველთვის დაიცავს აშშ-ის ინტერესებს და ასეც მოიქცევა.

მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ომიც უკრაინაში. ტრამპმა თქვა, რომ ის აპირებს­ დაასრულოს ეს უმძიმესი ომი, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს ამას. შესაძლოა ტერიტორიების საკითხი იქცეს ვაჭრობის საგნად. მოლოდინია, რომ ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს და ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება.

ისევ სამხრეთ კავკასიას რომ დავუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ, გეოპოლიტიკურადაც და მსოფლმხედველობრივადაც ჩვენი რეგიონით დაინტერესება სრულიად განსხვავებულია. უახლოეს მომავალში ეს უფრო ცხადად გამოჩნდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია გააძლიერებს ზეწოლას ივანიშვილის ხელისუფლებაზე. რისი იმედიც ივანიშვილს აქვს, სრულიად მცდარია. ტრამპის ადმინისტრაცია დამოკლეს მახვილივით კიდია ივანიშვილის ხელისუფლების თავზე და როგორც კი იქიდან წამოვა სერიოზული გზავნილები თუ ნაბიჯები, ივანიშვილი იძულებული გახდება უკან დაიხიოს. ამ თვალსაზრისით საგულისხმო იყო აბსოლუტურად აბსურდული გამოსვლა ბატონი მაჭარაშვილის, რომელმაც ე.წ. გლობალურ ომის პარტიასა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ლამის ტოლობის ნიშანი დასვა. ჯერ ეს "გლობალური ომის პარტია" ხომ სრული მარაზმია, მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ თურმე სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, გაუგონარი სისულელეა. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ტრამპი იმპულსური და არაპროგნოზირებადი პიროვნებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს.

- გრენლანდიის, ისევე როგორც პანამის არხის დაუფლებასა და კანადის შეერთებაზე ბოლოდროინდელი სურვილები, შეიძლება ტრამპის ექსცენტრიკულობასა და იმპულსურებას მიეწეროს?

- მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, განსაკუთრებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით...

დანიის შემადგენლობაში მყოფი ეს მყინვარული კუნძული, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ინტენსიური დნობის ფონზე, აშშ-ისთვის, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთისთვის, უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

ტრამპის განცხადებებიც ამას უკავშირდება, მაგრამ ეს საკმაოდ სახიფათო პოზიციაა, რამაც ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაძაბოს, თუმცა არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის შეცდომები აქამდეც დაუშვია, თუნდაც ირანის დღევანდელ მდგომარეობაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი ჯერ კიდევ ჰენრი კისინჯერის არასწორი პოლიტიკის შედეგად, როდესაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ მათ ალტერნატიული ნავთობის წყარო შექმნეს ირანის სახით და გაამაგრეს ეს სახელმწიფო ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით გააძლიერეს. შეცდომა დაუშვეს ავღანეთში, ჩინეთში, რომლის ეკონომიკური აღორძინებაც ამერიკის პოლიტიკის შედეგია. სწორედ მათ ჩადეს უზარმაზარი ინვესტიციები გასული საუკუნის მიწურულს, რასაც ჩინეთის დღევანდელი ტექნოლოგიური აღმავლობა უკავშირდება. ამ ქვეყანას ქმნიდნენ როგორც საბჭოთა კავშირის შემაკავებელს, მაგრამ დღეს აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, სამაგიეროდ, საფრთხედ იქცა ჩინეთი.

- როგორ ფიქრობთ, ანტიჩინური პოლიტიკის ჭრილში ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩვენი ხელისუფლებისადმი უნდობლობის კიდევ ერთ არგუმენტად ხომ არ გადაიქცევა ანაკლიის პორტი?

- რაც შეეხება ანაკლიას, კი შემოიყვანეს ჩინური კომპანია, მაგრამ მასთან გაფორმებული კონტრაქტი დღემდე არ იძებნება ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, არც არაფერი ხდება პროექტის განხორციელების მხრივ. ჩემი აზრით, ივანიშვილი იტოვებს ამას როგორც სავაჭრო ერთეულს, მაგრამ ამასობაში ისე გაჭიანურდა ეს პროცესი, რომ ვფიქრობ, ამერიკამ ინტერესი დაკარგა. შესაბამისად, ანაკლია სავაჭრო აქტივად როგორ გამოადგება ივანიშვილს, არ ვიცი.

- სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება აშშ-ში, ის ინაუგურაციაზე მიიწვიეს. როგორც ცნობილი გახდა, 17 იანვარს ტრამპის ვაჟის მიწვევით დაესწრო წინა საინაუგურაციო ღონისძიებას, სადაც შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივანს. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ეს არაფერს ნიშნავს და რომ ინაუგურაციას 220 000 კაცი ესწრება, იყიდება ბილეთები და ა.შ.

- მაგით თავს იმშვიდებენ. გაცილებით რთულად არის საქმე. კი, ათასობით ხალხი ესწრება ინაუგურაციას, მაგრამ იქ არის სპეციალური ლოჟა საპატიო სტუმრებისთვის და სწორედ იქ იქნება სალომე ზურაბიშვილი სხვა უმაღლეს ლიდერებთან ერთად. დააკვირდით, რა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა პირადად. როგორც წესი, ამის დაგეგმვა არცთუ ადვილია ხოლმე. აბა, წავიდეს კობახიძე და შეხვდეს... აშშ-ს სჭირდება დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორი ქვეყანაში და ამერიკელებმაც, როგორც დანარჩენმა თავისუფალმა მსოფლიომ, გადაწყვიტეს, რომ ეს არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი. როგორც აქამდეც მითქვამს, მიხეილ ყაველაშვილს არავინ ცნობს, დუშანბეში თუ წავა ვიზიტით, მეტი ვერსად. სალომე ზურაბიშვილს კი ისე იღებენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. ის ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებს, მშვიდობიანს, ლაპარაკობს ვადამდელ არჩევნებზე და, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევს.

- "ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ასევე ქვეყანაში. პროტესტი არ წყდება... განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ბოლო დროს არაერთხელ იძალადეს. უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესხმიან თავს მოქალაქეებს. გავიხსენოთ, თავდასხმები პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ მას ქუჩაში დაუპირისპირდნენ უცნობი პირები; საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვის დროსაც დაესხნენ თავს პროტესტანტებს, როგორც გაირკვა, თბილისის მერიასთან დაკავშირებული პირები... რაც ყველაზე ცუდია, ხელისუფლება ამას ამართლებს და ლამის იწონებს კიდეც. ამ ძალადობრივი ფაქტების გახშირებამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა?

- გამოდის, ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიიდან. ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებენ, როგორსაც 2007-2008 წლებში და მერეც იყენებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ასეთივე ბოროტებით ებრძოდა ისიც თავის ოპონენტებს და როგორც დაასრულა, კი ვნახეთ. იგივე ბოლო ელის "ქართულ ოცნებას". ნიუტონის კანონი ვრცელდება საზოგადოებაზეც - ქმედება უკუქმედების ტოლია, რა სიხისტითაც იძალადებს ხელისუფლება საზოგადოებაზე, იმავე და უფრო ხისტ პასუხს მიიღებს. 30 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ.

ხალხს ზეწოლა არ აშინებს, ამით უფრო მეტად ბრაზდება. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. იქ სხვა ვითარებაა, სულ სხვა მენტალიტეტისა და მისწრაფებების ხალხი ცხოვრობს.

დღეს რასაც ვხედავთ, ეს დამარცხებული ადამიანის პოლიტიკაა.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ამ ინფორმაციას ძალიან მძაფრად გამოეხმაურა "ქართული ოცნება", რომლის პოლიტიკურმა საბჭომ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. "უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს "დიპ სთეითმა", იმავე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი", - აცხადებს "ქართული ოცნება". განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ივანიშვილი არ დასანქცირდება.

- ეს იქნება ყველაზე ქმედითი ბერკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და აი, რატომ - ტრადიციულად, ლონდონის ბირჟა მსოფლიო გლობალიზებული ეკონომიკის ძირითადი ინსტრუმენტია, სადაც თავს იყრის მთელი მსოფლიოდან წამოსული ფულის ნაკადები. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი სწორედ ამ ბირჟასთან არის დაკავშირებული. თუ ეს გზა გადაეჭრება, თან ისე, რომ მოხდება ყველა მასთან დაკავშირებული კომპანიის იდენტიფიცირება, მაშინ ის დარჩება ეკონომიკური ბერკეტის გარეშე, დარჩება ერთგვარ ვაკუუმში. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან, რასაც ეს წერილიც მოწმობს, რაც, თავის მხრივ, მორიგი ბოდვაა გლობალურ ომის პარტიაზე. სიმართლე გითხრათ, "ოცნების" წარმომადგენლებს, ალბათ, არც ესმით ამგვარი სანქციების სიმძიმე. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ვფიქრობ, ივანიშვილს აღმოხდა, ვაიმე, ლონდონიო, და "ქართული ოცნების" იდეოლოგებმაც მაშინვე გაიმეორეს.

როდესაც კანონის აღსრულებას შეეხება საქმე, ორმაგი სტანდარტი იყო და არის ჩვენი ხელისუფლებების პრობლემა. პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი თავდასხმა, მათ შორის ჟურნალისტებზე, და ჯერაც არავინ დაუკავებიათ. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია ვითომდა პოლიციელზე თავდასხმის გამო. ამგვარი მიდგომებით საკუთარ მხარდამჭერებსაც აეჭვებენ. ის იმედი, რასაც ამყარებდნენ "ქართულ ოცნებაზე", ხალხს საპნის ბუშტივით ხელში უქრება. როგორც წესი, ბევრი მხარს ძლიერს უჭერს ხოლმე, მაგრამ როგორც კი ეს ძლიერი იშლება, მხარდაჭერაც ქრება. "ქართული ოცნების" იდეური მხარდამჭერია, ალბათ, 1%, დანარჩენი ამორფული მასაა, რომელსაც არა აქვს არანაირი მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტები. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება. თუ არადა, უმძიმესი წლები გველის, რომლის შედეგადაც შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ.