„თუ ტრაგედიების დასრულება გვინდა, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ!“
ახალი წლის დღეებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში არაერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არაერთი ოჯახი გაანადგურა ავტოავარიამ. მაგალითად, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიაში, ბარჯისხევთან მიმავალმა ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგი უმძიმესია - დაიღუპა 4 კაცი: ერთი ოჯახის სამი წევრი, რომან ოსიტაშვილი და მისი ორი ვაჟი, დავით და ნიკა ოსიტაშვილები, ასევე რომანის ქვისლი, დავით ჭუაძე. ჯერ კლინიკაშია რომანის 20 წლის დისშვილი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს. ახლობლების თქმით, ოსიტაშვილების ოჯახი კლინიკაში მიდიოდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.
საჭესთან რომანის უმცროსი ვაჟი, 21 წლის დათო იჯდა, მას მამა მიჰყავდა კლინიკაში - იმ საბედისწერო დღეს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.
ნინო ოსიტაშვილი, რომანის ბიძაშვილი: - ჩვენ სამაჩაბლოდან დევნილები ვართ, ზნაურიდან, სოფელ თიღვიდან. რომანის მშობლები ცხინვალში ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში, როცა სამაჩაბლოს ომი დაიწყო, იქაურობის დატოვებამ მოგვიწია. შემდეგ ოჯახი ისევ დაბრუნდა ზნაურში, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევ ხელახლა გახდნენ დევნილები. შვილებსა და მეუღლესთან ერთად რომანი ჯერ საბავშვო ბაღის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, მერე პატარა ბინა მისცა სახელმწიფომ სურამში და იქ იყვნენ. სამი შვილი გაზარდეს - ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ბევრს შრომობდნენ, რომ შვილებს ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონოდათ. რომანის მეუღლე ახმეტელია და რადგან კახეთში უფრო არის ფიზიკური სამუშაო, ოჯახმა კახეთში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა. ნათესავმა ათხოვა სახლი. მეოთხე წელია რომანის მეუღლე იტალიაშია წასული სამუშაოდ, ისევ თავისი შვილების კარგი მომავლისთვის და იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. როგორ უნდა ანუგეშო, რა უნდა უთხრა დედას, როცა მონატრებული შვილები ასეთ დღეში დახვდება. რომანი 47 წლის იყო, მას მოულოდნელად ფეხი დაეთრომბა და ოპერაცია გაუკეთეს, მერე კი ხელი დაეთრომბა. იმ საბედისწერო დღეს საავადმყოფოში მიდიოდნენ გომბორის გზით. გომბორთან პოლიციას გაუჩერებია მანქანა და უკან გაუბრუნებია, როგორც ვიცი, უამინდობის გამო, თურმე ხილვადობა არ იყო გომბორზე კარგი. ბარჯისხევთან კი დიდი ტრაილერი დაეცა მათ მანქანას. ვიდეო ვნახე, ერთიანად დაპრესილია მანქანა, გადარჩენის შანსი არ იყო, მიკვირს ან როგორ ამოიყვანეს იქიდან ცხედრები. რომანის და მისი უმცროსი ბიჭის ამოცნობა ჭირს, ისე არიან დაშავებული. მათთან ერთად იყო რომანის ქვისლი, დათო ჭუაძე და რომანის დისშვილიც. ეტყობა, დისშვილი შუაში იჯდა და გადარჩა, თუმცა ჯერ მძიმეა მისი მდგომარეობა. იმავე სოფელში ცხოვრობდა რომანის ქვისლიც, რომელსაც მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც გავიგეთ, ტრაილერის მძღოლი თურქია, ის დააკავეს. მამას და შვილებს სურამში მივაბარებთ მიწას. ხათუნა და მისი გოგონა სურამში გადავლენ საცხოვრებლად. ბიჭები დაოჯახებულები არ იყვნენ. უმცროსი 21 წლის იყო, უფროსი - 25 წლის. რომანის მშობლები ზნაურში არიან ახლაც, იქ ცხოვრობენ. რომანის მამამ ვერ მოახერხა ზნაურიდან გამოსვლა და შვილის და შვილიშვილების დატირება. ბებიას, რომანის დედას, აღმოაჩნდა საბუთი და მხოლოდ ის გადმოვიდა საზღვარზე...
14 იანვარს კიდევ ერთი უმძიმესი ავარია კახეთში მოხდა, რასაც 20 წლის ძიუდოისტი გიგი ხარებაშვილი ემსხვერპლა. გიგი ყვარელში ცხოვრობდა.
"გუშინ საღამოს ყვარლის ახალგაზრდობა როგორი ხალისიანი და ბედნიერი იყო, ტაძართან შეკრებილები ერთმანეთს ათბობდნენ, საოცარი იყო მათი ერთობა. მაღაზიაშიც კი ერთად შედიოდნენ, მათი ანთებული სახეები არასდროს დამავიწყდება. გიგი სიცოცხლით სავსე თვალებით იყურებოდა და დღეს აღარ არის, სიტყვები არ მოიძებნება, რითიც ანუგეშებ ნაზის, მარის, ბესოს და მათ ახლობლებს. თითქოს დრო გაჩერდა, დღეს ყვარელში სამარისებური სიჩუმეა, ბიჭებო, ერთად გაუძელით ამ საშინელ ტკივილს", - წერს ამ ტრაგედიით შეძრული ახლობელი სოცქსელში.
ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზეც, რის გამოც დაიღუპა 55 წლის მამაკაცი, 5 პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ამ დღეებში ლილოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას მეხუთეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
15 იანვარს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 2 თანასოფლელი ახალგაზრდა დაიღუპა. გლოვაა მათ სოფელშიც. მსხვერპლით დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა - ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი 65 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩას კვეთდა.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ ავტოსაგზაო შემთხვევებისა, რაც ამ დღეებში მოხდა. ძირითად მიზეზად ისევ სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით მანქანის გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.
"ბევრი ახალგაზრდა გამოუცდელობის გამო იღუპება"
მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს ამ პრობლემაზე.
- ბატონო მევლუდ, ექსპერტები მუდმივად საუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ არაფერი იცვლება.
- თუ ამ ტრაგედიების დასრულება გვინდა, სასწრაფოდ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, უპირველესად, განათლებით. ბევრს არა აქვს გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას. ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უფრო უნდა გაღრმავდეს. მძღოლობა სახიფათო პროფესიაა, შეიძლება პატარა შეცდომაც კი სავალალოდ დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, სათანადო კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. დღევანდელი ავტოსკოლები, გარდა გამოცდის ჩაბარებისა, არაფერს ასწავლიან. გამოცდის ჩაბარებაში იგულისხმება დაზეპირებული ბილეთები, მერე კი დაერევიან ქუჩაში მანქანებსა თუ ქვეითებს. უცოდინარი მძღოლები გვყავს, ყველა თვითნასწავლია და მაღალ კლასს როგორ მოსთხოვ?! არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ ის პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. პრევენცია, ჭკვიანი კამერა, ჯარიმების გამკაცრება კარგია, მაგრამ უპირველესად ცოდნაა საჭირო. საზოგადოებრივი შეგნება უნდა იყოს მაღალ დონეზე. პარლამენტში დიდი ხანია შეტანილია 300-გვერდიანი ნაშრომი, სადაც გაწერილია, რა როგორ უნდა იყოს. ამ კანონპროექტზე სპეციალისტებმა ვიმუშავეთ, ის კი დღემდე თაროზე დევს. არადა, დღესვე რომც დავიწყოთ რეფორმა, 10 წლის შემდეგ თუ გვექნება შედეგი. ჩვენთან საგამოცდოდ კონკრეტული მარშრუტებია შერჩეული, რაც არასწორია. სულ არარაობას სჯობია, მაგრამ ჯობდა არ ყოფილიყო ცნობილი, წინასწარ რა გზის გავლა მოუწევს გამოცდაზე გასულ პირს. კარგია, რომ იმდენჯერ გადიხარ გამოცდაზე, სანამ სრულყოფილად არ ჩააბარებ. სულ ცოტა, 20 გაკვეთილი უნდა გქონდეს გავლილი, როცა გამოცდაზე გადიხარ. ამაში შედის მაგისტრალიც, ღამით მანქანის ტარებაც და ა.შ. მთავარი პრობლემა ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამი მძღოლია. როცა დაბალი სიჩქარით მოძრაობ და ამ დროს მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე შედეგისგან მაინც ხარ დაცული, გადაჭარბებულ სიჩქარეს კი ხშირად ლეტალური შედეგი აქვს. თანამედროვე ავტომობილები ძალიან სწრაფია, როცა დიდია სიჩქარე, ტრაგედიაც გარდაუვალია. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი ახალგაზრდა გამოცდილების უქონლობის გამო იღუპება. უცხოეთში აპრობირებული მეთოდია - ახალგაზრდებს ავტოავარიების შესახებ მძიმე ვიდეომასალას აჩვენებენ. ეს ღრმად ილექება ქვეცნობიერში და ნებისმიერ სიტუაციაში ამოტივტივდება, ამუშავდება კონტროლის მექანიზმი და მძღოლი უფრო ფრთხილობს გზაზე. ამან მთელ ცივილიზებულ სამყაროს გარკვეულწილად უშველა და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ.
ისევ მწვავეა სიმთვრალის პრობლემაც. ნასვამი მძღოლი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავსაც და სხვების სიცოცხლესაც. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არც ეკონომიკის სამინისტროს, არც შსს-ს არ დაექვემდებარება. მან უნდა გადაწყვიტოს, სად როგორ უნდა იყოს გზები მოწყობილი, როგორი უნდა იყოს საგზაო უსაფრთხოება. ამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს და ამას გულგრილად არ უნდა ვუყუროთ. უცოდინარობის გარდა, ავტოავარიების მიზეზი არის ინფრასტრუქტურის მოუწყობლობაც. გზების გაყვანასაც ცოდნა სჭირდება. ერთია ავტომობილის მართვა, მეორე - სიტუაციის შეფასება. ორივე რგოლი სუსტი გვაქვს და ამას ემატება ჩვენი ხასიათი, სიჩქარე გვიყვარს. სწრაფად მიმავალი ავტომობილის დამორჩილება მარტივი არ არის. მთვრალი მძღოლი საჭესთან და გადაჭარბებული სიჩქარე სიკვდილის მომტანია და ამისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა იყოს.
- კახეთში ტრაილერი დაეცა ავტომობილს და ერთი ოჯახის 4 წევრი შეიწირა. როგორც ვიცით, მძღოლი თურქია, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა იყო ავარიის მიზეზი?
- დეტალები არ ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს მიზეზს. ტრაილერის უცხოელი მძღოლები ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს. ამიტომ მეტი სიმკაცრე უნდა იყოს ქვეყანაში. უცხოეთში არავინ გაპატიებს დანაშაულს. ერთხელ იმის გამო დამაჯარიმეს 120 ევროთი, რომ ნელა მივდიოდი ავტობანზე, რადგან რაღაცას ვეძებდი. მითხრეს, ამით საფრთხე შეუქმენი სხვა მანქანებსო.