„თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხმები ალალად მიიღო, მაშინ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები...“ - კვირის პალიტრა

„თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხმები ალალად მიიღო, მაშინ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები...“

სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ქვეყანაში არსებულმა უკიდურესად დაძაბულმა გარემომ, თავიანთ მოსაზრებებს პოლიტოლოგები გვიზიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე: - ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით წავიდა: თავიდან შეეცადა ძალმომრეობით ჩაეხშო საპრო­ტესტო ტალღა... მერე ნახეს, რომ ხალხი კი არ დაშინდა, პროტესტანტთა რაოდენობამ მოიმატა. შემდეგ იყო მეორე ეტაპი­ - ხელისუფლება აღარ არბევდა მომიტინგეებს, ისინი ნებაზე მიუშვა, იფიქრა, ზამთარია, სიცივე, ახალი წელი და თავისთავად გაიწოვება აქციებიო. შედეგად კი პროტესტის არეალი უფრო გაფართოვდა. ხელისუფლებას ჰქონდა არჩევანი, ან ისევ ძალა­დობას დაჰბრუნებოდა, ან გამოეყენებინა არცთუ ისე ახალი მეთოდი - ცალკეული­ პირებისა თუ ჯგუფების ცემა-ტყეპა, დაშინება, ზონდერებისა და "ტიტუშკების" მიგზავნა. ბოლო პერიოდში ძალზე გააქტიურდა ეს მხარე...

- რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ?

- ყველაზე ცუდი ის შეიძლება მოხდეს, რომ ისევ დაიწყოს მასობრივი ძალადობა, რადგან მუხტის ჩახშობას მშვიდობიანი გზით ვერ ახერხებენ. არ გამოვრიცხავ დაიწყოს პოლიტიკური ლიდერების რეპრესირება. ემუქრებიან "ნაციონალებს", რომ სადამსჯელო კომისიას შექმნიან, გახარიას ცემის ფაქტიც ისე შეატრიალეს, შესაძლოა პირიქით დასდონ ბრალი, რომ ის დაესხა თავს სამხარაძეს და ისიც დააპატიმრონ... ეს სადამდე მიგვიყვანს, რთული სათქმელია. პროტესტი უკვე გავიდა კონტროლის ზონიდან და მასზე კონტროლის აღდგენას მასობრივი რეპრესიები სჭირდება.­ ყველა, ვინც კი პროტესტს გამოხატავს, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, აშკარად.

ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ - ან არჩევნებს ვატარებთ და შემდეგ 4-წლიანი­ პერიოდი დგება, სადაც მეტ-ნაკლებად თავისუფალია საზოგადოება, ან პირდაპირ მივდივართ ბელარუსიზაციისა და დიქტატურის დამყარებისკენ. რამდენად მოხერხდება საქართველოში დიქტატურის დამყარება, ეს უკვე სხვა საკითხია.

- ალბათ, ეს იმაზეცაა დამოკიდებული,­ რა მასშტაბს შეიძენს წინააღმდეგობა და როგორი წნეხი იქნება დასავლეთიდან...

- კი, მაგრამ საქართველო ცოტა უცნაური ქვეყანაა - როცა გგონია, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ იცის ხოლმე მოულოდნელად აფეთქება. რა თქმა უნდა, ეს არც ქვეყანას აწყობს და არც არავის, მაგრამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, წავა ამ გზით თუ არა, სადამდე იმუშავებს და იმუშავებს თუ არა რეპრესიული მანქანა...

არც ერთი ხელისუფლება არ არის სამოქალაქო დაპირისპირების მოსურნე, მოქმედებაზეა დამოკიდებული, რას იზამს თავად ხელისუფლება. "ოცნებას", რა თქმა უნდა, არ სურს სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ უნდა ძალაუფლების შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომლის გამოც ეს ხალხი ქუჩაშია. ხელისუფლებამ ან უნდა შეცვალოს პოლიტიკა, ძალის გამოყენებით აიძულოს ხალხი, რომ გაჩუმდეს, ან არჩევნები დანიშნოს.

- ბათუმში ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის ასამართლებენ. თუმცა დაშავებული და ნაცემი ჟურნალისტების საქმეები აქამდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა...

- ჯერ ხელისუფლება აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჰქონდა. მასობრივი დარბევებიდან ინდივიდუალურზე გადავიდა, ან მცირე ჯგუფებზე, რადგან არჩევნებისთვის მზად არ არის, ამიტომ ცდილობს ამ მეთოდით დააშინოს საზოგადოება. ჯერჯერობით "ქართული ოცნება" არ არის უკანდამხევი, მაგრამ თუ ამ მეთოდებს გააგრძელებს, გაზაფხულზე მივიღებთ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ დიდ ეკონომიკურ კრიზისს, რაც დაარტყამს ყველა მოქალაქეს. შეიძლება მარტო ელიტა გადარჩეს, ვისაც ფინანსები არ აკლია, მაგრამ საშუალო-სტატისტიკური ქართველი, მიუხედავად იმისა, ვისი მხარდამჭერია, ძლიერ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს. სხვათა შორის, ამ დარტყმაში მოჰყვება საჯარო სექტორიც. ღმერთმა დაგვიფაროს და, წარმოგიდგენიათ, ლარის კუპონიზაცია რომ დაიწყოს, რა მოხდება? არადა, იქით მიდის საქმე.

ყველაფერი ხელისუფლების ხელშია. იმას თავი რომ დავანებოთ, არჩევნები გაყალბდა თუ არა, ხომ ფაქტია, არის კრიზისი, რომლის ძალით მოგვარებაც ვერ მოხერხდა. ნებისმიერმა ნორმალურმა ადამიანმა მარტივი კითხვა დაუსვას თავს: თუ ხელისუფლებამ მართლა მიიღო მილიონზე­ მეტი ხმა, რა პრობლემაა ახალი არჩევნები? სხვათა შორის, როდესაც საპარლამენტო­ მმართველობაზე გადასვლაზე იყო ლაპარაკი, არგუმენტი იმისა, რომ საპარლამენტო მმართველობა უფრო მოქნილია და კრიზისებისადმი უფრო მდგრადი, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი კრიზისების დროს ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.­ გერმანიის მაგალითს გეტყვით - ხელისუფლება რომ ამბობს, დაიღუპა გერმანია, არჩევნებს ნიშნავენო, ასე არაა. გერმანია კი არ დაიღუპა, მან კრიზისის დაძლევის ფორმა მონახა. ისრაელში რამდენჯერ ჩატარდა არჩევნები, იტალიაში ერთხანს ლამის ყოველ წელს იყო. ამიტომ პრობლემური რა არის? თუ "ოცნებამ" ეს ხმები ალალად მიიღო, მაშინ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და დამთავრდება კრიზისიც, ოღონდ არა ისე, ახლა რომ შემოგვასაღეს, გაყალბება არ ყოფილა, პროკურატურამ გამოიძიაო. პროკურატურის სანდოობა ნულის ტოლია. თუ ხელისუფლებას ამის გამოძიება უნდოდა, მოეწვია საერთაშორისო ექსპერტები და ისინი დაწერდნენ დასკვნას.

ლაშა ძებისაშვილი: - "ქართულ ოცნებას" შემაკავებელი მუხრუჭები აღარ აქვს, პასუხსაც არავინ სთხოვს და, შესაბამისად, ისეთი ინციდენტებიც მოსდით, რისი "გაპრავებაც" შემდგომ უწევთ. ყოველ ჯერზე ცდილობენ ფსიქოლოგი­ური და საინფორმაციო უპირატესობა მოიპოვონ, საბოლოოდ კი მძიმე დარტყმას თავად იღებენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გუნდში ნერვიულობის დონე და გაურკვევლობა მაღალია, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო რაღაცებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" გააძლიერებს რეპრესიებს, სწორედ გაურკვევლობა და კონსოლიდაციის ნაკლებობა დააშვებინებს მეტ შეცდომას ბზარგაჩენილ პარტიას. რასაც აქამდე "ოცნება" აკეთებდა, იმ შეცდომების დამსახურებაა, რასაც უმრავლესობა ყოველდღე უშვებდა, დაწყებული ე.წ. რუსული კანონის შემოღებით, რომელიც მას არაფერში სჭირდებოდა და რითაც ააყირავა სიმშვიდე ქართველ საზოგადოებაში, მასობრივი მობილიზება გაუკეთა ახალგაზრდობას და საზოგადოების ის სეგმენტი დაიპირისპირა, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული­ პოლიტიკური აქტივიზმით. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ" არჩევნები გააყალბა, ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოვიდა. ამიტომ იფიქრეს, ევროპული ინტეგრაცია უნდა მოვსპოთ დღის წესრიგიდან, პროტესტიც მასობრივი არ არის, ე.ი. მოვერიეთ, ფსიქოლოგიურად გადავტეხეთ ეს ხალხი და ბარემ ესეც დავაყოლოთო. ხალხი ისევ გამოვარდა, ააყირავეს მთელი საქართველო და ეს "ოცნების" დამსახურებაა.

- რატომ შეცვალა ხელისუფლებამ ტაქტიკა და რა არის ახლა მისი ამოცანა?

- მასობრივი აქციების დარბევისას დე ფაქტო ხელისუფლება უკუშედეგს იღებდა და უფრო მძლავრად გამოდიოდა მოსახლეობა. ახლა მათი ამოცანაა ერთგვარად გაახანგრძლივონ ეს პროცესი. გათვლაა ასეთი - რადგან მოსახლეობა ისედაც იკრიბება, მიაჩნიათ, რომ მარშები ნელ-ნელა აქტუალურობას დაკარგავს, ხალხი დაიღლება და როცა დროთა განმავლობაში ეს რუტინა დაისადგურებს, სულ უფრო ნაკლები ხალხი მიიღებს მასში მონაწილეობას. ამას თან უნდა სდევდეს ის მომენტი, რომ ოპოზიციასა და საზოგადოებაში უნდა დაიწყოს აქტიური ფიგურების დაშინება გნებავთ "ტიტუშკების" ან მათი სახით გამოყვანილი მერიის თანამშრომლებით, სხვადასხვა სიპ-სა და აიპ-ში გაფორმებული პირებით თუ უბნის "ბირჟავიკებით". დაშინების ტაქტიკას თავისი მეთოდიკა აქვს - ზოგს პირდაპირ ურტყამენ, ზოგს იწვევენ ჩხუბში, მერე რაღაცაში რომ დაადანაშაულონ.

- რა წაიყვანს დათმობაზე "ოცნებას"­?

- დე ფაქტო ხელისუფლების ბერკეტები იწურება. პროტესტი თუ გაძლიერდა, ხელისუფლება მხოლოდ "ტიტუშკებით" ვერაფერს გახდება და პროტესტის ჩასახშობად შეეცდება სხვა მეთოდებს მიმართოს - ხისტი ძალის ფართომასშტაბიანად გამოყენებას ვგულისხმობ. პოლიტიკურ იზოლაციას დასავლეთისგან მოჰყვება ეკონომიკური და ფინანსური იზოლაცია, რაც შეარყევს "ქართულ ოცნებას". ვფიქრობ, ახლა გარდამავალ პროცესში ვართ: ერთი მხრივ, საპროტესტო მოძრაობა იძულებული­ იქნება დაფიქრდეს, რა იქნება პროტესტის ახალი ფორმა. ჩემი აზრით, მარშებმა თავი ნელ-ნელა ამოწურა. ამ იდეამ ფანტასტიკურად შეასრულა თავისი მისია, მაგრამ ამოწურა პოტენციალი. მუდმივი პროტესტი და დგომა რუსთაველზე, მათ შორის მარშების სახით, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ წარმოადგენს ზეწოლის მთავარ ბერკეტს "ოცნებაზე". პარტიის მთავარი შემაწუხებელი ახლა სანქციებია, რაც მის მომხრე ელიტებში დიდ ბზარებს გააჩენს. ასევე საპროტესტო მოძრაობის მასშტაბის უფრო გაზრდა, რასაც უნდა დაემატოს პერმანენტული საყოველთაო მასობრივი გაფიცვა თბილისში, რომლის მასიურობის და უწყვეტობის გამო ქალაქი შეიძლება სრულიად გაჩერდეს. ეს თუ არ მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ იგრძნობს თავს წნეხში და გააგრძელებს ამ რეჟიმში ფუნქციონირებას იმის მოლოდინით, რომ საქართველოს მოსახლეობა, ბოლოს და ბოლოს, შეეგუება ამ ვითარებას, ზოგიც წავა ქვეყნიდან და ხახვივით შერჩებათ ხელისუფლება.

არ დაგვავიწყდეს, რომ "ქართული ოცნების" ამოცანაა პოზიციის გამყარება, მათი სტრატეგიული მიზანია ჭანჭიკების უფრო მოჭერა. ხელისუფლება გაცილებით მკაცრად დაერევა როგორც თავისუფალ მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმიტომ, რომ ფიქრობს, რეალურად აამოქმედებს რუსულ კანონს. მათი გადმოსახედიდან ყველა ჯაშუშია, ვინც გარედან იღებს დაფინანსებას. რომ ამბობენ, დაველოდოთ 20 იანვარსო, ეს პირობითი თარიღია და რეალურად 20 იანვრიდან მოყოლებული, "ქართული ოცნება" რეპრესიული ნორმების უფრო მკაცრად გატარებას დაიწყებს, განსაკუთრებით მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყოველთვის ცუდ სცენარებზე, რათა მერე გაგვიხარდეს, თუ განვითარდება უფრო მსუბუქი ან კარგი ვარიანტი. არც ერთი ავტორიტარული რეჟიმი ნებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას არ თმობს და ის ყოველთვის შეეცდება ბოლო მომენტამდე იმოქმედოს კიდევ უფრო კონსოლიდაციისა და გამყარებისთვის. ამიტომ ბრძოლა ამ მიმართულებით უფრო გამძაფრდება. ის შეეცდება აქ რუსეთის მსგავსი რეჟიმის დამყარებას და ეს წარმოუდგენელია მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გაძლიერების გარეშე. ამ პროცესის პარალელურად იქნება სამოქალაქო წინააღმდეგობა და ეს ორი პროცესი ერთმანეთს შეეჯიბრება­ - რამდენადაც გამკაცრდება რეპრესიები, ამის პირდაპირპროპორციულად თუ გაიზარდა სახალხო და სამოქალაქო პროტესტი, მაშინ გამოჩნდება, ვის ეყოფა რესურსი და ფსიქოლოგიურ-მორალური გამძლეობა, რომ გაუძლოს მეორე პროცესს.

არ არის გამორიცხული, სანქციების, ეკონომიკური და ფინანსური უკუსვლის ფონზე უკვე ხელისუფლებაში დავინახოთ რესურსებისა და ნების გამოლევა­, შეიძლება სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესმა აჯობოს ხელისუფლების რეპრესიების გამძაფრებას. შესაძლოა პირიქით იყოს, თუ აქეთ მხარეს, სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის მხარეს ვერ მოხერხდა სათანადო კოორდინაცია, მოქმედებისა და რესურსების მობილიზება, მასების ჩართვა პროტესტში, ვიხილავთ აქეთ მხარეს ნაკლებ ენერგიას, მეტ დათმობას, რეალობასთან შეგუებას და ეს იქნება ერთგვარი ინდიკატორი, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იგებს. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება კონკურენციაში მყოფ ამ ორ პროცესს შორის, სად უფრო მეტი ნება, რესურსი, კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერაა შიგნით თუ გარეთ. ეს ინგრედიენტები განაპირობებს რომელიმე მხარის წარმატებას.