აბუ-დაბიდან ბათუმამდე - თავპირისმტვრევის კვირა და ავის მომასწავებელი აჩრდილი საქართველოში - კვირის პალიტრა

აბუ-დაბიდან ბათუმამდე - თავპირისმტვრევის კვირა და ავის მომასწავებელი აჩრდილი საქართველოში

გასულ კვირას ბევრი ისეთი მოვლენა მოხდა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს: იყო მოსამართლეთა ქეიფი, ჟურნალისტის დაკავება და ცემა-ტყეპის სერია - აბუ-დაბიდან ბათუმამდე.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს, პროკურატურა მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავება. ჟურნალისტს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა-მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 14 იანვარს ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა.

როდესაც მოსამართლე პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს, ის ითვალისწინებს­ რამდენიმე ფაქტორს: არის თუ არა პირის მიმალვის, დანაშაულის განმეორების, მოწმეებზე ზეწოლის ან საქმის მასალების განადგურების საფრთხე. საინტერესოა, ამ კუთხით რა საფრთხეები დაინახა მოსამართლემ? მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს ისევ მიადგებოდა, მოწმე პოლიციელებზე ზეწოლას მოახდენდა თუ ქვეყნიდან გაიქცეოდა? კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ - თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა. სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი და თავისი გადაწყვეტილებებით ესკალაციას კი არ უნდა შეუწყოს ხელი, არამედ სიტუაციის განმუხტვას. სასამართლო პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო, ხშირად გაგვიგონია. თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები სწორედ რომ პოლიტიკაში ჩარევაა. მზია ამაღლობელის გულშემატკივრები ამბობენ, რომ მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. კი მაგრამ, ეს ხომ პირდაპირ ურტყამს ხელისუფლებას? თუ მართლაც ვინმე "მაღალ ეშელონებში" ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებებით რაიმეს მიაღწევს, ძალიან შემცდარა - იჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის... იმედია, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგება. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ საიამ შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა +- კერძოდ, მათი თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაფურთხა. თუ ეს მართალია, სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება და ასეთ ადამიანს პოლიციის უფროსის თანამდებობაზე არაფერი ესაქმება.

მოსამართლეთა ქეიფი

11 იანვარს ერთ-ერთ ფბ-ჯგუფში დაანონსდა, რომ მოსამართლეები 12 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იკრიბებოდნენ. დაიწყეს საპროტესტო აქციების ორგანიზება. დაახლოებით უკვე ნათელი იყო, რაც მოხდებოდა რესტორანთან, თუმცა მოსამართლეებმა კორპორატივი მაინც არ გადაიფიქრეს. საოცარია... შედეგად ვიხილეთ მძიმე კადრები. თქვენი მონა-მორჩილი არ არის ადამიანებისთვის კვერცხების სროლისა და მათი დამცირების მომხრე, თუმცა ამ სუპერდაძაბულ და სუპერპოლარიზებულ გარემოში მორალის კითხვის დრო არ არის, მით უმეტეს, თავად კორპორატივის ორგანიზატორებს შეეძლოთ საქმე აქამდე არ მიეყვანათ. სხვა საქმეა, რომ ასეთ ვითარებაში რა გექეიფება, როდესაც მთელი ქვეყანა დანის პირზე დავდივართ და ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილი გვადგას თავზე.

აქამდეც არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - სასამართლოს რადიკალური რეფორმის გარეშე, სანამ საზოგადოების ყველა წევრი, "იქითაც" და "აქეთაც", დარწმუნებული არ იქნება სასამართლოს სამართლიანობაში, ობიექტურობასა და მოსამართლის კეთილსინდისიერებაში, პოლიტიკური კრიზისები არ გამოგველევა, რადგან საარჩევნო დავები ყოველთვის ქუჩაში გადაწყდება და არა სასამართლო დარბაზებში - ანუ ქვეყნის სტაბილურობა-არასტაბილურობა პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს რეფორმის ჩატარება-არჩატარებაზე.

სხვათა შორის, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულებიც (მაგალითად, გახარიას გუნდი) ამბობენ, რომ დღეს სასამართლო უფრო თავისუფალია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. სიტყვის "უფრო" გამოყენება არარელევანტურია. სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, ყოველგვარი­ "უფროებისა" და "მაგრამების" გარეშე. რაც მთავარია, ნდობა უნდა მოიპოვოს - ამისკენ მიმავალი გზა კი გრძელი და რთულია.

photo-1-1736760176.png

ცემა-ტყეპა აბუ-დაბიში

ქართველებმა არაბები "გავაოცეთ" - ჩვენდა ჭირად, იქ "ქოლდფლეის" კონცერტი ჩატარდა, ბევრი ქართველი ჩავიდა და პოლიტიკურმა დაძაბულობაც გაიყოლა.

12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი გადაეყარა პარლამენტის დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს, და აგინა. ვალში არც ზარქუა დარჩა. მოვლენების შემდგომი განვითარება კი "რადიო თავისუფლებამ" ქრონოლოგიურად კარგად აღწერა: "აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს. ადგილზე ასევე იყო "ოცნების" პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ ასევე მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო "რედისონის" რესტორან Lა თერრაზზა­-ში.­ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც. საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. კადრში ჩანს, რომ თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე საუზმობს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.

ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს. "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: "კაი, გამოდი, გამოდი". შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: "თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოვ...ავ შენი მოღალატე დედას შე...***ცი, - ამბობს გაბიტაშვილი. ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს, - წერს "რადიო თავისუფლება".

შემდეგ გაბიტაშვილიც, ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბის პოლიციაში გადაიყვანეს, გაბიტაშვილი კი გამოუშვეს. როდესაც ეს სტატია იწერება, ჯერ უცნობია, როდის გამოუშვებენ ზარქუასა და სანიკიძეს, როდის გაიმართება სასამართლო ან გაიმართება თუ არა საერთოდ.

საქართველოში ამ ამბავზე ყველა ხალისობდა - "იმის მომხრეებიც" და "ამის მომხრეებიც".­ ყველაფერი განიხილეს,­ ვინ როგორ ჩხუბობდა და ვის რა ეცვა. ორთა­ბრძოლების სპეციალისტმაც კი მიმო­იხილეს­ ვიდეო. არადა, რა გვეხუმრება - აბუ-დაბის ცენტრში ერთმანეთს უბრაგუნებენ ქართველები ყველას დასანახავად, მათგან ორი პარლამენტის წევრია და შემდეგ ჩხუბის ყველა მონაწილეს იჭერენ და გადა­ჰყავთ პოლიციაში. რაც მოხდა აბუ-დაბიში, ქვეყნის სირცხვილია და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვისკენ არის და ვის უჭერს მხარს.

გასაგებია, რომ ერთი მეორეს ვერ იტანს და მეორე მესამეს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას უნდა სცე პატივი. წარმოიდგინეთ, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში არაბ მოქალაქეებსა და იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ეჩხუბათ. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ვიტყოდით მათზე...

თავდასხმა გახარიაზე

dbtzi0cc-1737298278.jpg

15 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბათუმის "შერატონში" კონფლიქტი მოხდა "ოცნების" დეპუტატ დიმიტრი სამხარაძესა და გახარიას შორის. გახარიას გუნდის ვერსია ასეთია - სამხარაძე და რამდენიმე პირი თავს დაესხნენ ყოფილ პრემიერს და წიხლები ურტყეს. "ოცნების" ვერსია ასეთია - გახარიამ ჭიქა ჩაარტყა სამხარაძეს და დეპუტატმაც პასუხი გასცა. რა მოხდა სინამდვილეში, ალბათ, სრული ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ვნახავთ. მანამდე მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ დიმიტრი სამხარაძე მასზე თავდასხმასაც ცდილობდა, მაგრამ სასტუმროს დაცვამ უშველა... ასეთი შემთხვევები წამახალისებელია ამ უკიდურესად დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში. საქართველოში ეს ცემა-ტყეპა თუ გაგრძელდა, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ. ასეთი შემთხვევები ჯერ უფრო გახშირდება, შემდეგ კი უფრო მასობრივი გახდება და აქედან ერთი ნაბიჯია დიდ უბედურებამდე, ქაოსისა და დესტაბილიზაციის უფსკრულში გადაშვებამდე, საიდანაც თავის დასაღწევად ათწლეულები დაგვჭირდება.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია

222-72761-1-1737298327.jpg

15 იანვარს ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიისა და ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში არსებულ რეალობას ვერ აცნობიერებს ან არ სურთ გააცნობიერონ. მათ შეუძლიათ ჩაატარონ ძალიან მარტივი ექსპერიმენტი. იციან, რომ პარლამენტის წინ ყოველდღე აქცია იმართება. მივიდნენ ამ აქციის მონაწილეებთან და უთხრან, მოდი, მხარი დაგვიჭირეთ მიშას გათავისუფლებაშიო. ნახავენ, რა პასუხსაც მიიღებენ. ამ აქციებზე ვინც სცადა მიშას თემის წინ წამოწევა, მათ გარშემო ტერიტორია დაცარიელდა, ზოგი კი კარგად გალანძღეს კიდეც. სხვათა შორის, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით თავად "ნაცმოძრაობაც" გაყურსულია. რეზოლუციებში სააკაშვილის თემის ჩაკვეხებით ევროპელები აღიზიანებენ ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს.

არსებული ხელისუფლება რომ ასე იქცევა, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულები წარსულს ჩაბარდა ან ვინმეს დაავიწყდა - სადისტური მეთოდებით დაწყებული და ბიზნესრეკეტით დასრულებული.

არანაირი პოლიტპატიმარი სააკაშვილი არ არის. ის კიევიდან ან ოდესიდან არავის მოუტაცია, მანქანის საბარგულში არ ჩაუსვამს და ასე არ აღმოჩენილა პატიმრობაში. უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი 2021 წელს თავად შეგნებულად შემოიპარა არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში კონკრეტული მიზნით - რევოლუციის მოსაწყობად. უბრალოდ, ვერ გათვალა თავისი ძალა და მომხრეების რაოდენობა. ამის დანახვა დღემდე არც სააკაშვილს სურს და არც მის უცხოელ მეგობრებს.

გიორგი კვიტაშვილი