"ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის, კვლავაც აქვს იმედი, რომ ხალხს შეაშინებს. რაც შეეხება ტრამპს, შეიძლება პუტინთან რაღაც პოზიციები დათმოს ჩვენს რეგიონშ - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის, კვლავაც აქვს იმედი, რომ ხალხს შეაშინებს. რაც შეეხება ტრამპს, შეიძლება პუტინთან რაღაც პოზიციები დათმოს ჩვენს რეგიონში, მაგრამ "ოცნებისთვის" სასიკეთო არაფერი მოხდება"

20 იანვარი, დღე, რომელსაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანი ელოდა - დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. რა იქნება ხვალ, ზეგ?! ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს, თუმცა არის ვარაუდები. საქართველო ამ მოვლენას მძიმე პოლიტიკური კრიზისით შეხვდა. მოსახლეობა დაახლოებით 2 თვეა ქუჩაშია გამოსული და ხელახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ანალიტიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ შეაფასა.

- "ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაკავება და მისდამი დამოკიდებულება სამარცხვინო და ყოვლად მიუღებელია. ამან ყველას გაახსენა მაკა სახურიას შემთხვევა - მან მეგის­ ქარდავას სილა გააწნა იმ დროს, როდესაც ყველაზე სუსხიანი ავტორიტარიზმი იყო საქართველოში, და მაშინაც კი იმდროინდელმა ხელისუფლებამ თავი შეიკავა მაკა სახურიას დაპატიმრებისგან. დღესაც "ქართულ ოცნებას" შეეძლო მზია ამაღლობელი გაეთავისუფლებინა ადმინისტრაციული სახდელით, მაგრამ არა! მაქსიმალურად ამწვავებენ მდგომარეობას. განახლებული დაპატიმრებებიც ამაზე მეტყველებს. "ქართულ ოცნებას" კვლავაც აქვს იმედი, რომ შეაშინებს ხალხს. ვერ გაიგეს, რომ მსგავსი ქმედებები პროტესტს გაამწვავებს.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას. გიორგი გახარიასთან ივანიშვილს ძველი ანგარიშები აქვს. მან თავის უკანასკნელ ინტერვიუშიც თქვა, რომ ვერ უპატიებია მისთვის ოპოზიციაში გადასვლა. გახარიას ცემით "ქართული ოცნება" საქართველოს მოსახლეობას ეუბნება, მე ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დავინდე, ის, ვისაც მსოფლიოში საერთაშორისო კავშირები აქვს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და შენ, რიგით მოქალაქეს, ხომ წარმოგიდგენია, როგორ გაგანადგურებო.

ის, რომ თავად გახარიას შეიძლება ბრალი წაუყენონ, ზღვარგადასული უტიფრობაა. სურთ თქვან, ვინც დაასისხლიანეს, ის იყო აგრესიული და მოძალადეო. წესით, გახარიას ბრალი არ უნდა წაუყენონ, მაგრამ ამათგან არაფერია გასაკვირი.

publika-1737298515.ge-462577824-1790386385127895-3083104762210485978-n-1024x576.jpg

- წინა კვირას განხილვის თემა იყო აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბი, რომლის დროსაც "ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაუპირისპირდნენ.

- სპეციალურად მოვძებნე ფაქტი, რომელიმე ქვეყნის მოქმედი პარლამენტარები ხულიგნობის ან დებოშის გამო თუ დაუკავებიათ საზღვარგარეთ. აღმოჩნდა, რომ ასეთი ორი ქვეყანაა - ბანგლადეში და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ესვატინი. ამ ორი ქვეყნის პარლამენტის წევრები ჰყავთ დაპატიმრებული დებოშისა და არეულობის გამო ქვეყნის გარეთ. ამ ქვეყნების სიის ჩამონათვალს ახლა საქართველო შეემატა. ის იქნება მესამე ქვეყანა, რომლის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები რესტორანსა და სასაუზმეში დებოშს ტეხენ, არცხვენენ ქვეყანას.

კონსტიტუციით პარლამენტის წევრი მთელი საქართველოს წარმომადგენელია. ამათ კი ჰგონიათ, პარლამენტარობა მხოლოდ 11-ათასლარიანი ხელფასი და სხვა პრივილეგიებით სარგე­ბლობაა. წარმოიდგინეთ, სასტუმროში რომ იკითხავენ დამსვენებლები, რა მოხდაო, და უპასუხებენ, არის ასეთი ქვეყანა, საქართველო,­ მისი დეპუტატები კი ხულიგნებივით იქცევიანო.

ახლა რაც შეეხება კობახიძის ვიზიტს - ვიზიტი დაგეგმილი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სწორედ ამ სკანდალის გამო გაუქმდა. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა გააუქმებდა ასეთი დებოშისა და პროვოკაციის მომწყობი ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტს. დიპლომატიურ კავშირს, რა თქმა უნდა, არ გაწყვეტენ, თუმცა ვიზიტის გაუქმება ნიშნავს, რომ აღშფოთებული არიან მათ ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტართა ქცევით­ და სურთ ცოტა ხნით მაინც არ დაელაპარაკონ იმ ქვეყნის პერმიერ-მინისტრს. ბუნებრივია, თანაპარტიელების დაცვას შეეცდებოდა­ პრემიერი, ხოლო საამიროების პოზიციაა, დაიცვას კანონმდებლობა და მკაცრი პასუხი მოსთხოვოს ამ ხალხს, რათა აღარავინ გაბედოს ასეთი არეულობა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ნავთობსა და ტურიზმზე დგას, თანაც საკმაოდ ძვირად ღირებულზე. სურთ მთელ მსოფლიოში წარმოჩნდნენ როგორც ყველაზე მაღალი რანგის ტურისტული ცენტრი და ამისთვის აუცილებელია მშვიდობიანი გარემო და ქართველი დეპუტატები სწორედ ამ კონცეფციას დაესხნენ თავს.

kadri2-1737298515.jpg

- ბრიტანული სანქციები რა საფრთხეს შეუქმნის ივანიშვილის ბიზნესს?

- წარსულის გამოცდილება გვკარნახობს, რომ როდესაც შტატები შეიყვანს ვინმეს "მაგნიტსკის სიაში" ან ხაზინა დაასანქცირებს ვინმეს, პირველი ქვეყანა, რომელიც შეერთებული შტატების ამგვარ ნაბიჯს ეხმაურება, დიდი ბრიტანეთია. ეს ანგლოამერიკული სივრცეა, ევროპაში ამერიკის პირველი პარტნიორი ბრიტანეთია და აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ თემთა პალატის 15 დეპუტატის მიმართვას გაიზიარებს მინისტრთა კაბინეტი.

ბრიტანული სანქციები ხანდახან ამერიკულზე საშიშია, ვინაიდან მის გავლენაში რამდენიმე ოფშორული ზონა, მათ შორის ბრიტანეთის ვირჯინისა და კაიმანის კუძულები. იქ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და სხვა ქართველ ოლიგარქებს­ უამრავი ქონება აქვთ დაბანდებული, რათა გადასახადები არ გადაიხადონ საქართველოს ბიუჯეტში. ამ ქონებას ურტყამს ყველაზე მეტად ბრიტანული სანქციები. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა რეგისტრირებული ის კომპანიები,­ რომლებიც მართავენ "ქართუ ბანკს", "ქართუ ფონდს" "ელიტა ბურჯს" - ივანიშვილის სამშენელო კომპანია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანიაც იქ არის დარეგისტრირებული - ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის კომპანია. სანქციებში მოექცევა ივანიშვილის სასტუმროებიც.

- სალომე ზურაბიშვილი ხვდება ოპოზიციას და საზოგადოების წევრებს, რათა ახალი საარჩევნო კანონი შეიმუშაონ...

- რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი ქალბატონ სალომესთან ზუსტად ამ საკითხზე. მას ძალიან მაღალი კლასის იურისტები ჰყავს. მე შევთავაზე ევროპული გამოცდილება, სადაც არის დაფინანსების ტრადიცია - პოლიტიკურ პარტიებს უწესდებათ ფინანსების ზედა ზღვარი, რომლის დახარჯვაც წინასაარჩევნო კამპანიაში შეუძლიათ. პირობითად, ერთ პარტიას მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვა არ უნდა შეეძლოს, რათა პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებს შორის კოლოსალური სხვაობა არ იყოს. მაგალითად, მმართველმა პარტიამ თუ 20 მილიონი დახარჯა წინასაარჩევნო კამპანიებში, გახარიამ - 200 000. "ოცნებას" 10-ჯერ მეტი დაფინანსება ჰქონდა. ეს თანასწორობის პრინციპს არღვევს. ამიტომ შეიძლება კანონმდებლობაში შეიქმნას რეგულაცია, რომელიც­ ამ ზედა ზღვარს დააწესებს. ეს "ოცნებას" დიდ პრობლემას შეუქმნის, რომელსაც ძალიან ძვირი უჯდება ერთი ხმის მოპოვება.

როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება, ასევე ექნება შეხვედრები დასავლეთში. მას ჰყავს თავისი ადმინისტრაცია, რომელიც მუშაობს ამ დოკუმენტზე და საბოლოოდ შეათანხმებს იმ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება შევიდეს საარჩევნო კოდექსში, რითაც შეიცვლება საარჩევნო გარემო. სალომე ყველა მხარეს უსმენს და ცდილობს ოპტიმალური ვარიანტები გამოძებნოს.

სალომე არის ერთადერთი, რომელსაც­ აღიარებს ყველა - "ნაციონალიც" და "არანაციონალიც", სხვა პოლიტიკოსებიც და საზოგადოების წარმომადგენლებიც. უამრავი განსაცდელი გამოიარა, კერკეტი კაკალი გამოდგა, ვერ შეაცვლევინეს პოზიცია და ამან მოიტანა მისი ავტორიტეტიც.

"ქართული ქარტია" ისევ ძალაშია და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ის ამოქმედდება. მეც, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, კვლავ ერთგული ვარ "ქარტიის" მთავარი პრინციპის - როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, საქართველოს მომავალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს არა პარტიული ნიშნითა და პარტიული ლიდერებით, არამედ პროფესიონალური ნიშნითა და დარგობრივი სპეციალისტებით. პოლიტიკური პარტიები უნდა მოქმედებდნენ არა მთავრობაში, არამედ პარლამენტში. სანამ ევროკავშირთან არ აღდგება მოლაპარაკება, ქვეყანას უნდა მართავდეს სპეციალისტებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა.

- რას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში შევიდა...

- "ოცნებისთვის" სასიკეთო არაფერი მოხდება. შეიძლება ჩვენს რეგიონში ტრამპმა რაღაც პოზიციები დათმოს პუტინთან, თუმცა რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ და როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი, საქართველოს ხელისუფლებას სანქციების ახალი ტალღა არ ასცდება. შესაძლოა შტატებმა ჩვენს რეგიონში რუსეთის ძალზე შევიწროება ვერ შეძლოს, მაგრამ ავტორიტარულ ლიდერებს არ დატოვებს რეაგირების გარეშე...

სოფო კაჭარავა