აფხაზური ოპოზიცია არმენოფობიურ სკანდალში გაეხვია: "სომეხი ელექტორატი" ან "მძინარე სომეხი ამომრჩეველი" - ოპოზიციური პრესა სულ უფრო ხშირად იყენებს ამ ტერმინებს"
"გალელი ქართველები მეტწილად გაანეიტრალეს ე.წ. პასპორტების ჩამორთმევით, მაგრამ სომხების საკითხი კვლავაც მწვავედ დგას. ასევე იბრძვიან, რომ არ გაიზარდოს რუსების რაოდენობა"
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა, რომელიც 15 თებერვალს გაიმართება, ცხელ ფაზაში შევიდა და ოპოზიციური შტაბი არმენოფობიურ სკანდალშიც გაეხვია. დე ფაქტო ხელისუფლების მომხრე ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ჩანაწერი, სადაც ოპოზიციის კანდიდატ ადგურ არძინბას შტაბი ანტისომხურ განწყობებში დაადანაშაულეს, ეს კი კრემლის მიერ ანტირუსულ ძალად მონათლულ აფხაზ ოპოზიციას კიდევ ერთ თავსატეხს უმატებს და მოსკოვის პოლიტელიტის შემდეგ მრავალრიცხოვანი და ფინანსურად გავლენიანი ეთნიკური ჯგუფის გადამტერება ამ "არჩევნებზე" შესაძლოა ოპოზიციისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
9 იანვარს ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ადგურ არძინბა და მისი ე.წ. პრემიერობის კანდიდატი ალხაზ ჯინჯალია ვეტერანებთან შეხვედრას მართავდნენ. გამომსვლელთა შორის იყო აფხაზეთის ომში დაკარგული მოხალისის დედა ვალენტინა უშაკოვა. დე ფაქტო ხელისუფლების მომხრე ტელეგრამარხებზე გავრცელდა მისი გამოსვლის ფრაგმენტი, სადაც უშაკოვა აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს მიმართავს: "მოგმართავთ თქვენ, სომხებს. თქვენ უფრო მეტნი ხართ, ვიდრე მშობლიურ მიწაზე დარჩენილი ერთი მუჭა აფხაზები. თქვენ აირჩიეთ [ასლან] ბჟანია და თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება დღეს". მის გამოსვლას მხურვალე ტაშიც მოჰყვა. სწორედ ეს მიმართვა გახდა დიდი აღშფოთება-გამოხმაურებების საგანი სხვადასხვა ტელეგრამარხზე, სახელისუფლებო არხებზე კი ოპოზიცია არმენოფობიაში დაადანაშაულეს.
ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენა ე.წ. სახელისუფლებო კანდიდატის ბადრა გუნბას შტაბმა და განაცხადა, რომ "არჩევნების" წინ აფხაზი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დაყოფის მზარდი შემთხვევა შემაშფოთებელია. "ოპოზიციური პრესა სულ უფრო ხშირად იყენებს ტერმინებს, როგორიცაა "სომეხი ელექტორატი" ან "მძინარე სომეხი ამომრჩეველი". ჩვენ არ გამოვარჩევთ ამომრჩეველს ეროვნებით. ქვეყნის პრეზიდენტს ხმის მიცემის უფლების მქონე აფხაზეთის მოქალაქეები ირჩევენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სომხური სოფლების მოსახლეობის დაშინების, მათზე ზეწოლისა და ამით მათ არჩევანზე ზემოქმედების ცდებზე", - აცხადებს გუბნას შტაბი.
თავის მართლებამ მოუწია ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას. მისი შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტექსტიდან ამოღებულმა ფრაგმენტმა გამოიწვია "ორაზროვანი რეაქცია საზოგადოებაში, განსაკუთრებით სომეხ თანამემამულეებში".
"სომხები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და სრული უფლება აქვთ აფხაზეთს სამშობლო უწოდონ. ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი მებრძოლების ხსოვნას, რომლებიც ადგნენ აფსნის დასაცავად. დღეს კი სომხები ჩვენთან ერთად აგრძელებენ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შენებას. სომხების როლსა და წვლილს ჩვენს საერთო გამარჯვებაში" - განაცხადა აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ. მისი თანამებრძოლი იყო აფხაზეთის გმირი ალბერტ ტოპოლიანი. "ვერავინ შეძლებს აფხაზი მოქალაქეების ეროვნების საფუძველზე დაყოფას. ჩვენ ყოველთვის ერთიანი ვიქნებით. ჩვენს გუნდში მრავალი სომეხი პატრიოტია, ასევე რუსი და ბერძენი თემის წარმომადგენლები, რომლითაც ჩვენ გულწრფელად ვამაყობთ", - წერია განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ ვალენტინა უშაკოვას გამოსვლის ჩანაწერი გაავრცელეს ოპოზიციურმა ტელეგრამარხებმაც, სადაც სომხების შესახებ სკანდალური ფრაგმენტი ამოჭრილია და უშაკოვა ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერი ეროვნების ხალხს, ვინც იბრძოდნენ აფხაზეთის მხარეს: "ჩემთვის სულერთია, ვინ არის სომეხი, ქართველი, თუნდაც ის ქართველი, რომელიც აფხაზეთის მხარეს იბრძოდა".
სომხები ამ "არჩევნებზე" ოპოზიციას ხმას არ მისცემენ
ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი:
- აფხაზეთში ანტისომხური განწყობები და სომხური ექსპანსიის შიში ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა უფრო ფართო მასშტაბი მიეცა. ადგურ არძინბას მხარდამჭერი ქალის განცხადების გარდა ღია წყაროებით ოპოზიციის ლიდერების არმენოფობიური განცხადებებიც გვინახავს. მაგალითად, კან კვარჭიას, რომელიც ახლა ადგურ არძინბას მხარდამჭერია, ნათქვამი აქვს, უნდა მივიღოთ ზომები, რათა აფხაზეთში სომხების რაოდენობა შემცირდესო. ეს სომხებს კარგად ახსოვთ. რამდენი სომეხი ცხოვრობს აფხაზეთში, ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ზოგადად, სეპარატისტების დემოგრაფიული მონაცემები გაყალბებულია. ნებისმიერი დემოგრაფი მათემატიკურად დაამტკიცებს, რომ აფხაზებს იმხელა დემოგრაფიული ზრდა ვერ ექნებათ, როგორც წერენ. აფხაზეთში დაახლოებით იგივე შობადობაა, რაც სამეგრელოში, თუმცა აფხაზური სტატისტიკით აფხაზების რაოდენობა მზარდია, რაც სიყალბეა. სეპარატისტების სტატისტიკით, აფხაზი მოსახლეობა დაახლოებით 125 ათას კაცს შეადგენს, 51%-მდე, ხოლო სომეხი მოსახლეობა 42 ათასამდეა, დაახლოებით 17%. ამ მონაცემებში სომხების რაოდენობა შემცირებულია, როგორც გალელი ქართველებისა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 60-70 ათასი სომეხი ცხოვრობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის მუდმივად მოძრავი მოსახლეობა და შესაძლოა ვიღაც სომეხი ჩაწერილი იყოს სოჭში ან კრასნოდარის ოლქის სხვა ქალაქში, მაგრამ ფიზიკურად ცხოვრობდეს გაგრაში. აფხაზეთისა და კრასნოდარის შავიზღვისპირეთის სომხობა წარმომავლობით ჰემშინი სომხები არიან, მე-19 საუკუნეში თურქეთის შავიზღვისპირეთიდან გამოსახლებულები, რომლებმაც მუჰაჯირობის დროს აფხაზთა საცხოვრისები დაიკავეს და მას შემდეგ აფხაზეთსა და კრასნოდარის ოლქში ცხოვრობენ. მათ შორის არსებობს ნათესაურ-კლანური კავშირები. ამდენად მოძრავი მოსახლეობაა და ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტი არიან, ვიდრე 70 000 კაცი. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცით და რასაც აფხაზი სეპარატისტების სტატისტიკაც ვერ უარყოფს, ის არის, რომ აფხაზეთის სამ რაიონში, გაგრაში, სოხუმის რაიონსა და გულრიფშის რაიონში სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ სომხები ბევრნი არიან, დე ფაქტო პარლამენტში, სადაც არჩევა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ხდება, სომხებს მხოლოდ 3 ადგილი აქვთ, რაც სეპარატისტების აპარტეიდულ პოლიტიკას წარმოაჩენს.
- რამდენად გავლენიანია სომეხთა თემი აფხაზეთში?
- დიდი გავლენა აქვს. აფხაზეთის ომის დროს სომეხმა მოსახლეობამ მეტწილად სეპარატისტების მხარე დაიკავა, ომში აქტიურად იყვნენ ჩართულები სომეხი საველე მეთაურები, ტრაპიზონიანი და ყველასათვის ცნობილი ბაგრამიანის ბატალიონი. ომის შემდეგ სომეხთა თემსა და აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტებს შორის ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება დაიდო - სომხები არ ერეოდნენ აფხაზთა შიდა პოლიტიკასა და ძალაუფლების გადანაწილებაში და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ყველასთან, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, ხოლო აფხაზები მათ ბიზნესებში არ ერეოდნენ. აფხაზები, ვისაც ფული აქვს, პარაზიტული ბიზნესებით არიან გამდიდრებული, მაგალითად, ბიტკოინებით, კრიპტოვალუტით, ტენდერებით, ასევე ქართველებისგან წართმეული სახლების ტურისტებზე გაქირავებით, სომხები კი ბიზნესს აკეთებენ. თუკი რაიმე სასტუმრო ან კვების ობიექტია აფხაზეთში, სომხების ხელშია. შესაბამისად, ბიზნესში სომხები დომინირებენ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთის სომხები კრასნოდარის ოლქის სომხებთან არიან გადაჯაჭვული, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ყველასათვის ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და ახლახან გარდაცვლილი მისი ქმარი ტიგრან კეოესიანიც კრასნოდარელი სომხები არიან და ძლიერ კლანებთან აქვთ ურთიერთობა რუსეთშიც და აფხაზეთის სომხებშიც. თუკი ადრე რუსეთი არ ერეოდა აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ კლანების დაპირისპირებაში და ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იჭერდა, ახლა რუსეთმა პრინციპული პოზიცია დაიკავა. რუსული პროპაგანდისტული არხები წერენ, რომ ბადრა გუნბა რუსეთისთვის სასურველი კანდიდატია, ხოლო ოპოზიციასთან წითელი ხაზი აქვთ გავლებული. შესაბამისად, სომეხი თემი დადგა ე.წ. სახელისუფლებო კლანის, გუნბას მხარეს, რამაც ძალიან გაზარდა ანტისომხური განწყობა ოპოზიციურ ფლანგზე, ამიტომაც დაუკრეს ტაში იმ ქალის ანტისომხურ გამოსვლას. ახლა ცდილობენ პირი მოიბანონ, მოიბოდიშეს, კამპანიაში სომეხი ეროვნების დე ფაქტო დეპუტატები ერიკ რშტუნი და ლევონ გალუსტიანიც ჩართეს, მაგრამ... სომხები ოპოზიციას ხმას არ მისცემენ, დიდი ნაწილი მხარს ბადრა გუნბას დაუჭერს. ამას აძლიერებს ისიც, რომ რუსეთის პროპაგანდისტული არხები ოპოზიციურ ძალებს თურქულ სპეცსამსახურებთან აკავშირებენ, რაც სომხებისთვის მიუღებელია. მათ თურქული ექსპანსიის ძალიან ეშინიათ. ამას უნდა დავუმატოთ პირადი კონფლიქტებიც. მაგალითად, კრიმინალური ავტორიტეტი რუბენ ტატულიანი, რომელიც დიდ ბიზნესებს ფლობს, დაპირისპირებულია ადგურ არძინბასთან, რომელსაც "ქერტლი" უწოდა. ეს ყველაფერი გუნბას მხარდაჭერას განაპირობებს... სომეხი ელექტორატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გალის ელექტორატი განეიტრალებულია, ქართველებს საბუთები არა აქვთ.
- სომხებმა აფხაზების მხარეს იბრძოლეს და არ უფასებენ აფხაზები?
- უფასებენ, მაგრამ მაინც აქვთ უნდობლობა, ეშინიათ, რომ ერთ დღეს შეიძლება ისინი უმრავლესობა გახდნენ და ძალაუფლება მოითხოვონ. აფხაზები მონოეთნიკურ სახელმწიფოზე ოცნებობენ, საამისოდ კი ორი გზა არსებობს: ან უნდა დააბრუნონ დიასპორა თურქეთიდან, ან გაყარონ ეთნიკური უმცირესობები - გალელი ქართველები და სომხები. გალელი ქართველები მეტწილად გაანეიტრალეს ე.წ. პასპორტების ჩამორთმევით, მაგრამ სომხების საკითხი კვლავაც მწვავედ დგას. ასევე იბრძვიან, რომ არ გაიზარდოს რუსების რაოდენობა და "აპარტამენტების შესახებ" კანონის წინააღმდეგ სწორედ ამიტომ იბრძვიან.
- დღეს, ძირითადად, ადგურ არძინბასა და ბადრა გუნბას შორის არის დაპირისპირება და ვინ როგორი მხარდაჭერით სარგებლობს?
- არძინბას კლანს უფრო მეტი ნაციონალისტი უჭერს მხარს, მათ შორის თურქეთიდან რეპატრიანტები და გუდაუთის მოსახლეობა, ხოლო ბადრა გუნბას მხარეს უფრო ადმინისტრაციული რესურსი, მისი კლანის წევრები და ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობა არიან. ახლა მას დაემატა სომხების ხმებიც.
- ნაციონალისტური მიდგომები როგორი აქვთ? ადრე არძინბას კლანი ქართველი მოსახლეობის მიმართ მეტად მტრულად განწყობილი იყო, ანქვაბის გუნდი კი მეტად ლოიალური. ახლა როგორ ლაგდება ეს დამოკიდებულებები და რა ელით ქართველებს?
- განწყობა, რა თქმა უნდა, იგივე დარჩება, მაგრამ რუსეთს აქვს ნათქვამი, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნება ახალი პუტჩი და შესაძლოა აფხაზეთი ბლოკადაში მოაქციონ, რის შემდეგაც აფხაზები იძულებული გახდებიან ოფიციალური თბილისის აზრი გაითვალისწინონ და თბილისის მინიმალური წინა პირობა იქნება გალში ტერორის შემსუბუქება და ქართველების უსაფრთხოების საკითხი. რუსები თავიანთ არხებზე წერენ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს რუსებთან სავაჭროდ ხელში დამატებითი კოზირი ექნება. არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ რუსები ქართული ფაქტორით აშინებენ აფხაზებს, წითელ ხაზებს უწესებენ, რომ აფხაზებმა ოპოზიციას ნაკლებად მისცენ ხმა. მაგალითად, რუსები ატრიალებენ "დეპუტატ" ადგურ ხარაზიას განცხადებას. ეს ის ხარაზიაა, რომელმაც დეკემბერში "დეპუტატი" მოკლა და მიიმალა. ხარაზიას აქვს ნათქვამი, მადლობა რუსეთს, რომ გვიცავს საქართველოსგან, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბევრ ჩვენს ტერიტორიას იყენებენ უფასოდ და ფულის გადახდა უნდა მოვითხოვოთო.
ამ საარჩევნო კამპანიაში მთავარია ისიც, რომ ახრა ჯოპუა, ვინც ხაჯიმბას დაცვის უფროსი და კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული, მათ შორის მკვლელობასა და ხალხის გატაცებაში, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა აფხაზეთში და ოპოზიციურ კამპანიაში აქტიურობს. დე ფაქტო ხელისუფლების მომხრე აფხაზები ამბობენ, რომ ჯოპუა ამ ხნის განმავლობაში ენგურს გაღმა, არაოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ახლა "საქართველოდან" დაბრუნებული კაცი დგას ოპოზიციის გვერდითო.
ეკატერინე ბასილაია