"დავანახებთ ამ სისტემას, ხელოვანებს რა ძალა აქვთ", "იმედი მაქვს, ეს "ქაჯეთის ციხე" ოდესმე დაემხობა! ცინიკურად და გააზრებულად ასრულებენ თავიანთ გეგმას" - კვირის პალიტრა

"დავანახებთ ამ სისტემას, ხელოვანებს რა ძალა აქვთ", "იმედი მაქვს, ეს "ქაჯეთის ციხე" ოდესმე დაემხობა! ცინიკურად და გააზრებულად ასრულებენ თავიანთ გეგმას" - ხელოვანების პოლიტიკური პროტესტი

4 დეკემბერს ახალი თაობის გამორჩეული ახალგაზრდა, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. ამ ამბის რეზონანსულობის ერთ-ერთი მიზეზი, პოლიტიკური კონტექსტის გარდა, მისი პოპულარობაც არის. კინოსა და თეატრის ახალგაზრდა მსახიობს მაყურებელი კარგად იცნობს. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სპექტაკლებში თამაშის გარდა, შესრულებული აქვს არაერთი კინოროლიც ფილმებში: "შინდისი", "იუნკრები", "სოხუმი", "და მერე გათენდა". ანდროსთან ერთად დაიჭირეს კიდევ რამდენიმე მსახიობი. მათი საქმის განხილვა 5 მარტამდე გადაიდო, რასაც არაერთი ხელოვანის პროტესტი მოჰყვა.

"როცა ასეთ ადამიანს აპატიმრებ, დანაშაულია იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც შენი ქვეყნის მომავალია"

დათო დოიაშვილი, რეჟისორი:

- უპირველესად მინდა პირადად გადავუხადო მადლობა ლიკა გუნცაძეს, ანდრო ჭიჭინაძის დედას ამ არაჩვეულებრივი ბიჭის აღზრდისათვის. ვერც წარმომედგინა, ასეთი ადამიანები თუ კიდევ არსებობდნენ. აღარ არის საუბარი იმაზე,­ რომ ლამაზი, ნიჭიერი და საოცარი არტისტია. იმიტომაც ვამბობ ხშირად, ოქროს ფონდს ვანადგურებთ-მეთქი, და მართლა ასეა. როცა ასეთ ადამიანს აპატიმრებ, დანაშაულია ქვეყნის, იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც შენი ქვეყნის მომავალია. ანდრო ბაჯაღლო, ხალასი ოქროა. ახლა სწორედ ამ ვალუტით ვაჭრობენ ესენი, ამ ოქროთი, საუკეთესოთი გვევაჭრებიან. როგორ შეიძლება ასეთი ბიჭი ციხეში იჯდეს? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გამოვიყვანთ აუცილებლად. დავანახებთ ამ სისტემას, ხელოვანებს რა ძალა აქვთ.

"უცებ შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ"

ლევან წულაძე, რეჟისორი:

- ეს სისტემა უკვე გასულია კონსტიტუციიდან და ლოგიკიდან. ცინიკურად და გააზრებულად ასრულებენ თავიანთ გეგმას. რისთვის არის ეს, რა მიზანს ემსახურება? ვფიქრობ, ადამიანის ღირსების წელში­ გადატეხა სურთ! უნდათ დაუმტვრიონ სიამაყე! კი, ყოფილა მსგავსი­ შემთხვევები ისტორიაში, მაგრამ საბოლოოდ ამის მიღწევა ყოველთვის შეუძლებელი იყო და არის დღესაც. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, ამის გაფიქრებაც კი მზარავს. უცებ შეიძლება ქვეყანა, ერი დავკარგოთ. საჭიროა უფრო კონკრეტული პოლიტიკური იდეა, რომელიც უნდა დაიბადოს და დაიბადება კიდეც, ისე როგორც მსახიობების ხმა დაიბადა. ინტელიგენტი კაცი ყველაზე შუაშისტია, იმიტომ, რომ ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს და აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ყველაზე ძლიერმა ნაწილმა ამოიღო ხმა. თითქოს სისტემისათვის ყველაზე სუსტი და ჯიბეში ადვილად ჩასასმელი ნაწილი ყველაზე მებრძოლი აღმოჩნდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს "ქაჯეთის ციხე" ოდესმე დაემხობა! ოღონდ ეს მალე უნდა მოხდეს, სანამ ჩვენი ოქროს ფონდის ბიჭებს­ გადაჩეხენ, რომლის ძალიან კარგი და ნათელი მაგალითია ჩვენი საოცარი ბიჭი, ანდრო ჭიჭინაძე.

"რის დაგეგმვა, რა დაგეგმვა, რას მეუბნება ხელისუფლება?"

ნინო კასრაძე, მსახიობი:

- ანდროს მსახიობობის გარდა, ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. მასავით წესიერი, კეთილშობილი, შემოქმედებითი ადამიანი იშვი­ათია. მართლა გამორჩეულ ზვარაკზეა ლაპარაკი, მართლა მსხვერპლად შეიძლება ამოარჩიო. ვერ წარმოიდგენთ, რა ჭკვიანი და ღრმა ადამიანია. შარშან ერთ დიდ პროექტში ვმონაწილეობდით, "მსახიობები­ ლიტერატურისათვის", და ანდრომ ურთულესი დოკუმენტური პროზა წარადგინა. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, რა დროს დოკუმენტური პროზააო, და სწორედ ამაშია საქმე. აფხაზეთის დაკარგვის ისტორიას განიხილავდა. ერთი თვე იმუშავა ზუსტად იმ წიგნზე. მეცნიერი ვერ გააკეთებდა იმ საქმეს, რაც ანდრომ გააკეთა: შეხვდა გამომძიებელს, უამრავ ადამიანს, უამრავი რამ მოისმინა, შეისწავლა და ისე ღირსეულად წარადგინა წიგნი, ყველა აღაფრთოვანა. ახლა ახალი პროექტი აქვს მოფიქრებული, მსოფლიოს მტრების დასალაშქრად ემზადება. მითხრა, როცა დავბრუნდები, მინდა ადამიანურ, ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე, სიჯანსაღეზე ვისაუბროო. ბიჭი, რომელიც ამდენი პრემიის ლაურეატია, როგორც საქართველოში,­ ისე საზღვარგარეთ, იმას იჭერთ? რის დაგეგმვა, რა დაგეგმვა, რას მეუბნება ხელისუფლება? იცით კი ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე? მინდა მივმართო იმ ჩემს კოლეგებს, ვინც ჩუმადაა - ხმა ამოიღეთ!

"ეს უკვე უთანასწორო ბრძოლაა"

ნიკა თავაძე, მსახიობი:

- ეს არის სასოწარკვეთილი პირების ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეაშინოს ხალხი. ანდროთი და სხვა ბიჭებით დასჯის მაგალითი შექმნას, მაგრამ უარეს მდგომარეობაში იგდებენ თავს. ყველა ჩვენგანისთვის მთავარი კანონია. როდესაც კანონს არღვევს ის ორგანო, რომელიც პირველი კანონის დამცველია, რაზე უნდა ილაპარაკო? თუ დამნაშავე ვარ, ვისჯები, მაგრამ თუ ეს არის მხარე, იქ კანონზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას ვაპროტესტებთ. სახელმწიფო შეიძლება ჩამოიშალოს იმის გამო, რომ სასამართლო უკვე მხარეს, ვიღაცის ინტერესებს წარმოადგენს. ეს უკვე უთანასწორო ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ მაგისთვის ვართ, რომ ხმა ამოვიღოთ და გავაპროტესტოთ, ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.­ უპირველესად ვიბრძვით ანდროსთვის, მაგრამ ასევე ვიბრძვით სხვებისთვისაც, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან დაპატიმრებული. ჩვენ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება გვინდა და არა აბსურდულ სიტუაციაში.

"იცით, ახლა რას ამბობენ? თურმე ხელყუმბარა ჰქონია ჯიბეში ჩემს შვილს"

ოთარ ჭიჭინაძე, ანდროს მამა:

- მე და ანდრო სახლში ვიყავით და რამდენჯერმე გაისმა ზარი. ანდრო მივიდა კარის­ გასაღებად. ისეთი ზარი იყო, ცუდი არაფერი მიფიქრია. კართან რომ მივედი­ მეც, გოგონას ხმა მომესმა. ანდრომ გააღო­ კარი და პოლიციელები დახვდა. ერთი შემოვიდა და უკან დაუდგა ანდროს. ვიკითხე, რაშია საქმე-მეთქი, ყველაფერს აგიხსნით, თქვენ არ ინერვიულოთო. ძალიან კორექტულად იქცეოდნენ. შემოვიდნენ, დასხდნენ და ერთი, როგორც მახსოვს, სასამართლოს წარმომადგენელი, ანდროს ეუბნება, თქვენ ხართ სამართალდამცავებისთვის ბრალდებული წინააღმდეგობის გაწევაში, გიფიქსირდებათ ჯოხის სროლაო... შემდეგ ანდროს ჰკითხეს, ფიზიკური დაზიანება ხომ არა გაქვსო? ანდრომ აჩვენა, რომ დაზიანება არ ჰქონდა. ეტყობა, შეეშინდათ, მერე რომ რამე აღმოჩენილიყო, მათვე შეექმნებოდათ პრობლემა. მხოლოდ ფეხზე მაქვს დაზიანება, თქვენი ნასროლი ბოთლი მომხვდაო, თქვა ანდრომ. ის დაუბრუნა მათ ანდრომ. ეს კადრიც არსებობს. იცით, ახლა რას ამბობენ? თურმე ხელყუმბარა ჰქონია ჯიბეში ჩემს შვილს.

ee-1737301449.png.jpg

იმ დღეს, სასამართლოში რაღაც პატარა პროცენტი, ილუზია გამიჩნდა, რომ გამოუშვებდნენ, მაგრამ 5-წუთიანი შესვენება 40 წუთს რომ გაგრძელდა, დავეჭვდი­. 1 პროცენტი სინდისი მაინც რომ ჰქონოდა­ მოსამართლეს, რაღაცაზე მაინც რომ ეფიქრა, გამოუშვებდა. მან გააკეთა ის, რაც დაავალეს.

პოლიციელები რომ იგინებოდნენ, ძალიან ბრაზობდა. მეუბნებოდა, მეგაფონებით გვაგინებენ, სპეცრაზმის ერთ-ერთი შეფი გვაგინებდა პირდაპირო. ანდროს ხასიათი რომ ვიცი, შეიძლება ვეღარ მოითმინა და ის ჯოხი თუ რაც იყო, გამწარებულს ესროლა. მას არც ერთ ჩხუბში, არც ერთ ძალადობრივ აქტში არ მიუღია მონაწილეობა. სულ ტელეფონით მქონდა კავშირი. სულ ვეუბნებოდი, ნუ გახვალ წინა ხაზზე, ან მოიწამლები გაზით, ან დაგასახიჩრებენ-მეთქი. 10 კაცში ერთი მაგათიანი დგას აქციებზე. აბა, ასე კარგად გადაღებული როგორ არის ის კადრები?!

თურმე ჰქონიათ უფლება, რომ 9 თვემდე­ გაწელონ პროცესი. აბსოლუტურად­ არაფრის გარანტია არ არის, მოსამართლე ზის, არც უყურებს ამათ, რაღაც ტექსტი­ აქვს ზემოდან ნაკარნახები და იმასაც ვერ კითხულობს წესიერად.

იმ დღეს ჩემი მეგობრებიც იყვნენ პროცესზე და ხუმრობდნენ, შეიძლება ახლა კაფკაც დაიჭირონო, მაგრამ იციან კი, ვინ არის კაფკა? პროცესზე ყველაზე დიდი სიხარული, რაც მივიღე, მისი ნახვა იყო. იღიმებოდა, ყველას თავისი წილი სითბო არგუნა. გამიჭირდა ის მომენტი, როდესაც გვითხრეს, ახლა ციხეში გადაიყვანენო.

მე მართლა არა მაქვს იმდენი წიგნი წაკითხული, რაც ანდროს. ახლაც ვუგზავნი წიგნებს. ხან ერთ ავტორს მთხოვს,­ ხან მეორეს. როცა სახლშია, სულ კით­ხულობს. სულ რაღაცით ინტერესდება.­ ბოლოს მთამსვლელობა შეუყვარდა. ამით ბაბუას ჰგავს. ჩაფიქრებული აქვს 7 მწვერვალის დაპყრობა. რა ვიცი, ძნელია­ ასე შვილზე საუბარი... ერთხელ სანადიროდ წავიყვანე. ვინადირეთ, ფრინველი დავჭერი და დაჭრისას ფრინველმა რაღაცნაირი ხმა ამოუშვა. ამ დროს დავინახე მისი სახე, აბსოლუტურად გათეთრებული იდგა. მივხვდი, რომ იმ ფრინველის ტკივილი გაიგო. მითხრა, სანადიროდ აღარ წამოვალო.

aleko.jpg

"ვერავინ დამაჯერებს, რომ ანდრომ რამე დააშავა"

ალეკო ბეგალიშვილი, მსახიობი:

- ვისაც კი ვიცნობ დედამიწის ზურგზე, ანდრო ერთ-ერთი ყველაზე უპატიოსნესი­ ადამიანია. ვერავინ დამაჯერებს, რომ ანდრომ რამე დააშავა. თუ ის დანაშაულია,­ რის გამოც ბიჭები დააკავეს, უფრო სწორად, დაატყვევეს, მაშინ თვითონ რასაც სჩადიან, ის რა გამოდის?! მეტს არაფერს ვიტყვი.

რუსუდან შაიშმელაშვილი