"ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, სიმშვიდეს გამოვიგონებდი... ბევრი ტაბუ მაქვს - სოციალურიც და პირადიც, რომელსაც ფული ვერაფერს უზამს" - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, სიმშვიდეს გამოვიგონებდი... ბევრი ტაბუ მაქვს - სოციალურიც და პირადიც, რომელსაც ფული ვერაფერს უზამს"

"მრავალწერტილს მიღმა უამრავი წინადადებაა - ბევრი ტაბუ მაქვს - სოციალურიც და პირადიც, რომელსაც ფული ვერაფერს უზამს", - ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რისი ეშინია, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რას გამოიგონებდა, ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რით ამაყობს და რა ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1984 წლის 10 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ბევრი რამ, რაც მაშინ ყურს მოესმა: ფეხბურთელი, მღვდელი, დიპლომატი და კიბერნეტიკოსიც კი. ბოლოს მწერალი გამოვედი.

- ჩემზე ამბობენ...

- ყველაფერს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ფიზიკას და მათემატიკას უკეთ ვისწავლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- იყო, როცა მესამე კლასში შორეულ სკოლაში მარტო წავედი, მაშინ დავინახე დამოუკიდებლობის სირთულეც და ძალაც.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- წინააღმდეგობრივი განცდებით სავსე ბავშვობას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ბედნიერების განცდა მიჭირს, მარად მშფოთვარე ხასიათის გამო თუმცა მინდა დავისწავლო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- დანებების გადავადების ძალა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ვისწავლო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- შურისძიების სურვილის გაუქმების უნარი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ (შეიძლება არც ვცდილობთ) გამოვასწორო...

- სიჯიუტე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- რომ შეცდომები გარდაუვალია და ხვალაც დავუშვებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- სიტყვის ძალის მჯერა, ჩემთვის "ბოდიში" თითქმის ყველა შეცდომას აუქმებს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ვიბნევი.

- ვნანობ...

- რამდენიმე ადამიანთან უმცირეს კავშირსაც კი. ახლა ეს განცდა მაქვს, ხვალ შეიძლება ეგეც გამომადგეს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- სურებში, ჩემი ხის სახლის აივანზე, ზაფხულის ბოლოს. ეს სულ მინდა ასე იყოს და შესაბამისად, ახლაც.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- საკუთარ თავს.

- მეზარება...

- ეს ფუფუნება ცხოვრებამ წლების წინ გამიუქმა.

- სიყვარული ეს...

- არის ამბიცია, ცოცხალ არსებაზე მეტად ყოფნის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- საბავშვო ბაღში ვიყავი.

- მამად გახდომის მოლოდინი....

- ჯერაც ბუნდოვანი განცდაა.

- მაკვირვებს...

- ის, რაც კანტს აკვირვებდა და ეს გაკვირვებაც მაკვირვებს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- განცდამ, რომ სიცოცხლე საზღვრულია.

- ვრისკავ...

- ძალიან ხშირად, მათ შორის ჩემი მენტალური ჯანმრთელობის საზიანოდ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- მომწონს ჩემი სისუსტეები, ძალად და ადამიანად ყოფნის ნიშნად მიმაჩნია.

- ვამაყობ...

- რომ ბევრი ამბით სავსე ცხოვრება მაქვს, არასტერილური.

- ბოლოს ვიტირე...

- რომელიღაც ფილმის ფინალზე ან მუსიკაზე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- უცნაურია, მაგრამ მრცხვენია და მინდა სასწრაფოდ დასრულდეს, არადა, გარეგნულად, ალბათ, სოციალური ნარცისის შთაბეჭდილებას უფრო ვტოვებ.

- მეშინია...

- მიჯნის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- რომ ვჩქარობ.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ზომიერების სიმამაცის დაუფლება.

- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...

- უცხო ადამიანის ღიმილიც კი. ვინც ამას უარყოფს, ან ცრუობს, ან უღიმილობისთვის არის განწირული და თავს იიმედებს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- უკვე აღარაფერს.

- ვუფრთხილდები...

- აშენებულის ბზარებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- მშვიდად ორ წუთზე მეტს გავწვდე.

- ვიტყუები...

- იმ შემთხვევაში, თუ ტყუილი ვინმეს დიდ დარდს აარიდებს.

- პიროვნული თავისუფლება არის...

- თავისუფლების გაგებას გააჩნია და მერე პიროვნებას. პერსონალური ამბავი მგონია თავის უფლად ყოფნაც და თავის დაუფლებაც.

- ინტუიცია...

- ჩემზე მეტი ჩემს ძაღლებს აქვთ.

- როცა მარტო ვარ...

- ვცდილობ მტანჯველი ფიქრების ასხლეტაში ვივარჯიშო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- სიმშვიდეს გამოვიგონებდი.

- რამდენიც არ უნდა გადამიხადონ...

- ამ მრავალწერტილის მიღმა უამრავი­ წინადადებაა - ბევრი ტაბუ მაქვს: სოციალურიც და პირადიც, რომელსაც ფული ვერაფერს უზამს.

- მენატრება...

- დრო, როცა თოვას იწყებდა და მე ცას ავყურებდი, ღრუბლით სრულად რომ შევსებულიყო.

- ვაგროვებ...

- თავგადასავლებს.

- ბედისწერა...

- ვერაფერს გეტყვით, მგონი, ჩვენ ვართ მისი მჭედელი და ცოტაც შემთხვევითობაა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- სულ დაძაბული პერიოდია ჩემთან, ამიტომაც თანაცხოვრება ვისწავლე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- არ მახსოვს ასეთი არაფერი, ან ბევრი მახსოვს და მთავარი არც ერთი არ არის.

- დაბოლოს, გეტყვით...

- "რადგან კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა", - სიცოცხლე გვმართებს!

თამუნა კვინიკაძე