"დღეს ყველაფერი "მე"-ს ჭაობშია მოქცეული. სიცოცხლეს ვერ ვაფასებთ, ათასი მეთოდით ვანადგურებთ" - კვირის პალიტრა

"დღეს ყველაფერი "მე"-ს ჭაობშია მოქცეული. სიცოცხლეს ვერ ვაფასებთ, ათასი მეთოდით ვანადგურებთ"

"ჩვენი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ყველა ის საკითხია წინ წამოწეული, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ყურადსაღები და გამოსაფხიზლებელი", - ამბობს მწერალი ნინია სადღობელაშვილი და ჩვენს იმ მანკიერებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დღეს მისი კონფლიქტია რეალობასთან.

- ბოლო პერიოდში (ალბათ, კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე), რასაც შეიძლება ჩვენი მანკიერება, ბოროტება თუ თვითგანადგურებისკენ სწრაფვა ეწოდოს, ეს არის ჩვენი უკიდეგანო ეგოცენტრიზმი. როდესაც ილია ჭავჭავაძე ჩვენი ეროვნული თვითშეგნების რღვევაზე საუბრობდა, ყურადღებას ამახვილებდა ამ მანკიერებაზე, ამბობდა, ვაი იმ ერს, სადაც„მე“"ხშირია" და "ჩვენ" იშვიათიო. მერაბ კოსტავას სიტყვებიც გავიხსენოთ, "უნდა გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა შენში და არა საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში". ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ ეროვნული სულისკვეთებისგან შორს ვართ. დღეს ყველაფერი "მე"-ს ჭაობშია მოქცეული. ვიწროპარტიული, იდეოლოგიური, პიროვნული ხედვები გასაქანს აღარაფერს აძლევს. ქვეყანაში ტოტალური უპასუხისმგებლობაა, ჩვენ ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას მივეჩვიეთ, ყველაფერში სხვაა დამნაშავე, ჩვენ - არა. ეს ბადებს უნდობლობას, უსიყვარულობას, დამახინჯებულია აღქმა, რა რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს იმდენი ფეიკი ვრცელდება, ციფრულმა ეპოქამ ვირტუალური სამყაროს ქიმერები წინა პლანზე ისე წამოსწია, უკვე ძალიან რთულია აღქმა და გააზრება, როგორია ჩვენი სინამდვილე. ძალიან მძიმე სურათს ვხედავ, არ არის დიალოგი, სიყვარული, არის მცირედმორწმუნეობა. ამ ყველაფერს გლობალური ჭრილიდან როცა ვუყურებ, მაინც მიჩნდება იმედის ნაპერწკალი, მაქვს განცდა, რომ ამ ქვეყანაში მოიძებნება "10 მართალი", ვის გამოც ქვეყანა გადარჩება. იმედისა და ნუგეშის გარეშე ქრისტიანი არ არსებობს, ამ ნუგეშს კი საქმეები უნდა ამყარებდეს. სწორად უნდა შევხედოთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეებს და ურთიერთგანადგურებიდან ურთიერთდანდობაზე, სიყვარულზე გადავერთოთ.

- საკუთარ თავში ეს ძალა როგორ უნდა ვიპოვოთ?

- ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი რთულია. მე, ერთ ადამიანს, ჩემი პირადი კონსტიტუცია მაქვს, ამას მაინც გავაკეთებ, რა რეჟიმიც არ უნდა იყოს, მაგრამ საყოველთაო ფორმა როგორ უნდა მიიღოს? ალბათ, სათავიდან უნდა დაიწყოს, ნება გამოიხატოს, რომ განიფინოს ყველგან და ყველაფერში. ეს ეხება როგორც საერო,­ ასევე სასულიერო უმაღლეს შრეებს.­ ყველა პოლიტიკოსმა ამის ნება უნდა გამოხატოს, მოჯადოებულ წრეზე სიარული უნდა დასრულდეს. პერიოდულად კი ვამბობთ ხოლმე დავიწყოთ დიალოგიო, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ყველამ რაც შეიძლება მალე უნდა გადავაბიჯოთ ყველაზე მავნე პირად ამბიციებს.

- ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე. თქვენი აზრით, ამის გაცნობიერება რამდენად ხდება?

- ფაქტია, რომ ვერ ვაცნობიერებთ. ჩემ გარშემო ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან, მაგრამ ისეთები მრავლობენ, ვისაც ურჩევნია, ყველაფერში სხვა იყოს დამნაშავე და თავად არ აიღოს პასუხისმგებლობა, თუნდაც იმ სიტყვაზე, რომელიც თქვა, ვერ მოთოკა და ამით ძალიან ახლობელ ადამიანს გული ატკინა. თითოეულმა ჩვენგანმა ეს უნდა დავიწყოთ, სხვას არ უნდა დაველოდოთ, ვინ იცის, ეს ყველაფერი იმდენად დიდი ენერგიის იყოს, გაბევრდეს, სხვებსაც გადაედოთ.

- ამ პირად პასუხისმგებლობასთან ერთად არსებობს ხელისუფლების პასუხისმგებლობაც მისი მოქალაქეების წინაშე.

- უდიდესია ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს იმდენად რთული დროა, ახალ მსოფლიო გადანაწილებაში მართლაც ფიზიკური გადარჩენის საკითხი გვიდგას. ახლა აქ ყოველგვარი არეულობა კიდევ დამატებით დიდი საფრთხეა. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გარკვეულ საკითხებში არასწორად იქცევა, როცა თითოეული ადამიანის ხმა მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მხოლოდ გლობალურ საკითხებზე ჩამოკიდება და ამ ეგზისტენციალური საფრთხის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელების მიჩქმალვა არასწორი მგონია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ მაქსიმალურად გონივრულად უნდა ითამაშოს, რომ ქვეყანას საფრთხე აარიდოს, მაგრამ, იმავდროულად, უნდა ხედავდეს, რომ ერთი თანამდებობის პირს რამდენიმე ათასი­ აქვს ხელფასი, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სიღარიბეში ცხოვრობს, დაბალია პენსია. კარგმა ხელისუფალმა ასეთი შეუსაბამობა არ უნდა დაუშვას, სოციალური უთანასწორობა ძალიან ცუდია. განათლების სისტემაშიც ბევრი პრობლემაა, სოფლის მეურნეობაში თვითწარმოებაზე რატომ ვერ გადავდივართ? ჩვენ ხომ მიწათმოქმედი ერი ვართ, რატომ უნდა იყოს ასეთი ძვირი პროდუქტები? ბევრი რამ გაკეთდა, ამის დაუნახაობაც არ შეიძლება, მაგრამ კიდევ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ხელისუფალი შენი ქვეყნის მოსახლეობის მთავარ სათქმელს უნდა იცნობდე. არა მგონია, ახლა მაინცდამაინც იმის მოთხოვნა იყოს მთავარი, რომ ერთი მავნებელი ოპოზიციური პარტია გასამართლდეს. თუმცა ესეც მისი ამომრჩევლის ნაწილის მოთხოვნაა და მიცემული დაპირებაც.

ოპოზიციაზე არც ვიცი, რა უნდა ვთქვა, ეს ჩვენი დიდი სატკივარია, ქვეყნისთვის კი უბედურება და ამით ძალიან მოითბო ხელი "ქართულმა ოცნებამ". წლების განმავლობაში ახალი ძალა არ გამოჩნდა. დიდი იმედით შევყურებ დროს, როცა მართლა ამოიზრდება ჯანსაღი ძალა, რომელიც ადეკვატურ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას და ახლოს იქნება მოსახლეობასთან.

არ მომწონს ისიც, რომ სიცოცხლეს ვერ ვაფასებთ, იმ საჩუქარს, რომელიც ღვთისგან მოგვეცა, ათასი მეთოდით ვანადგურებთ,­ მექანიკურ ფორმირებას ვახდენთ, შინაარსით ვეღარ ვამდიდრებთ. მთავარი დავივიწყეთ, რა არის სიცოცხლე და რისთვის მოგვეცა? ეს ყველაფერი სიმულაციურ არსებობაში გადავიდა. ადამიანი ამ სამყაროში დროებით არის მოსული. ეს დროებითობა ადებს სიცოცხლეს დიდ ფასს. დრო, რომელიც ჩვენ მოგეცა, უნდა დავმუხტოთ სიკეთისა და სინათლის ენერგიით.

- თქვენ სოცქსელი გააუქმეთ, რატომ?

- 2 წლის წინ დამეწყო დისკომფორტის შეგრძნება, მიუღებლობა, თითქოს ნაძალადევად ვიყავი იმ სივრცეში მხოლოდ იმისთვის, რომ საქმისთვის მჭირდებოდა. სოცქსელი თანდათან გადავიდა ტოტალური სიძულვილის, ზიზღის მორევში, ისეთ გარემოში, სადაც აზროვნება და ფიქრი მარგინალიზებულია. შენს აზრს თავს ესხმის­ "აზრის პოლიცია" და გიკეთებს კორექტურას, გაგდებს სააზროვნო ველიდან. სოცქსელისგან ბევრი სიკეთეც მახსოვს, ბევრი სიყვარულიც მიმიღია, მაგრამ ბოლო დროს ისე გაბევრდა ცუდი, რომ 4-5 თვეა აღარ ვიყენებ. იქ ყოფნით მაინც ვერაფერს ვცვლიდი, ისევ მე ვიხევდი უკან. საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში არ მომწონდა, მუდმივად სიმულაციურ ფრონტის ხაზზე ყოფნა არ მესიამოვნა, ამიტომ ტოქსიკური გარემო დავტოვე, მგონი, სამუდამოდ.

- როგორია ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე?

- ახალი წლის საღამოს, როგორც ადამიანების უმრავლესობას, პატარა რიტუალი მეც მაქვს. რომ განვმარტოვდი და გავიხსენე, რა იყო 2024 წელს ჩემი წარმატება, წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი, სწორედ პირად გამარჯვებებში მივიწერე სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების დამარცხება. ეს არის დიდი ენერგიის, დროის გამოთავისუფლება და ნერვების გაფრთხილება. ძალიან კარგად ვარ, არანაირ დანაკლისს არ ვგრძნობ, ინფორმაციის მიღება სხვა გზებითაც არის ხელმისაწვდომი.

- ონლაინსაზოგადოება უფრო დაუნდობელია, უფრო გამმეტებელი, ცუდის მკადრებელი... რამდენად ხედავთ საფრთხეს, რომ ონლაინსისასტიკე რეალურ ცხოვრებაშიც გადმოვიდეს?

- ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი - იქ არსებობს ტროლებისა თუ ბოტების დიდი ქარხანა და ეს მეტად ქმნის ყალბ და ფსევდოაღქმებს. იდეები ზვავივით გორდება და ბაბლებს მოიყოლებს ხოლმე, მერე ამ აზრების ჭიდილია (თუმცა "ჭიდილი" ლაღი სიტყვაა). არ ვიცი, ამას როგორ უნდა მოერიო, იქ ვის ელაპარაკები, რთულია გარკვევა. ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას - რეალურ ცხოვრებაში ხვდები ადამიანს, მონსტრი გეგონა და თურმე სულ სხვაგვარი ყოფილა. თავად მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთმანეთსაც კი გავუღიმეთ და ადამიანური სიტყვა გავცვალეთ. მსგავსი ფაქტი ბევრისგან მსმენია.

სოციალური ქსელი ადამიანის მართვის მექანიზმია, ყველაფერი, რაც ადამიანის მართვას ეხება, ცოტათი მაშინებს, უფრო სწორად, შინაგანი მიუღებლობა და განდგომა მაქვს. როგორ შეიძლება ადამიანი მართო. ეს კეთილთა ხელში არ არის, ადამიანების მართვა ბოროტებას უყვარს.

- დღეს ძალიან მარტივად უწოდებენ ერთმანეთს "მოღალატეს", "ქვეყნის გამყიდველს". თითქოს ამ სიტყვების სიმძიმეს ვერც იაზრებენ, იჯერებენ, რომ მხოლოდ ისაა ჭეშმარიტება, რასაც თავად ფიქრობენ. იქნებ ვცდები? ამ შეკითხვას საკუთარ თავს ადამიანები ნაკლებად უსვამენ. ეს რა პრობლემაზე მიანიშნებს?

- ეს უკულტურობის მაჩვენებელია, ზედმეტი თავდაჯერებულობაც თამაშობს როლს. დაინახავ ადამიანს, ჩიტის და ძაღლის ბედი აღელვებს და ამ დროს შეუძლია­ ახლობელს ისეთი "ტყვია" ესროლოს, ენით მოკლას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ენით დაკოდილს ვეღარაფერი შველის, თორემ დატორილ დათვს ჭრილობა ურჩება. საბოლოოდ პასუხისმგებლობის გრძნობასთან მივდივართ. აღელვებულ ადამიანს შეიძლება რაღაც შეეშალოს, მაგრამ ხომ შეიძლება მერე იმ ადამიანს ბოდიში მოუხადო,­ პირადში მისწერო რაღაც და საჯაროდ არ გამოუქვეყნო. ჯანსაღი სივრცეები უნდა გაჩნდეს დისკუსიისთვის, სოციალური ქსელი კი ჯანსაღი სივრცე ნამდვილად არ არის.

ამხელა მოდელირებულ და ფეიკინფორმაციის ნაზავში ძალიან გაჭირდა გაცნობიერება, რა არის რეალობა. ამაში ჟურნალისტიკასაც უდიდესი როლი აკისრია. დღევანდელი ტელევიზიების უმრავლესობა იდეოლოგიურ მანქანად არის გადაქცეული, არადა, ყველა პირუთვნელად უნდა ემსახუროს საკუთარ პროფესიას. დღეს ყველა ითხოვს პოზიციის გულწრფელად გამოხატვას, თუ რომელ მხარეს ხარ, ვფიქრობ, ამას წინ უნდა აღვუდგეთ. "აზროვნება", "პირუთვნელობა", "თავისუფლება" - ეს სიტყვები თავის ნამდვილ მდგომარეობაში უნდა დავაბრუნოთ. არსებობს ობიექტური რეალობა, თითქოს ძნელი დასანახია, მაგრამ არა შეუძლებელი. პიროვნული "მე"-დან ამოსვლა, ეგოცენტრიზმის დაძლევის ჭეშმარიტ რეალობასთან შეხება შეიძლება ცოტათი მტკივნეული იყოს, მაგრამ აუცილებელი და ძალიან საინტერესოა.

თამუნა კვინიკაძე