"აფრიკაში ქართველები, ძირითადად 1990-იან წლებში ჩამოვიდნენ, აქვთ საკუთარი სახლები და წარმატებული ბიზნესები, უმრავლესობა ცნობილი ექიმია" - რას ჰყვება ქართველი ქალი აფრიკულ ცხოვრებაზე?
ია მირიანაშვილი მეუღლესა და ორ ულამაზეს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი პირველი აფრიკული ახალი წელი ძალიან უჩვეულო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. "ეს ძალიან უჩვეულო იყო, იმიტომ, რომ ახალ წელს ზაფხულში ვხვდებოდი. ძალიან ცხელოდა და შორტი მეცვა, 40-გრადუსიან სიცხეში ნაძვის ხეც უცნაურად მეჩვენებოდა, საშობაო წითელი ქუდებიც. მეგონა, შობა არ მოვიდოდა, თუმცა ყველაფერმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა", - გვიყვება ია. უფრო ვრცლად, თუ როგორია აფრიკული ახალი წელი და როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალი აფრიკაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
- სამხრეთაფრიკელების უმრავლესობა კათოლიკეა, ამიტომ მათი მთავარი დღესასწაული შობაა, რომელსაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ. აქ შობა-ახალი წლის დღეები ზაფხულშია, ამიტომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სანაპიროზე მიდის, კემპინგს აწყობენ ან დასასვენებელ ადგილებში სასტუმროებს ჯავშნიან, ძალიან მცირე ნაწილი კი შინ რჩება. იმ მიზეზით, რომ ახალი წელი ზაფხულშია, ცხელ კერძებს არავინ ამზადებს, ძირითადად, ცივ კერძებს, სალათებსა და ნახევარფაბრიკატებს ამჯობინებენ. მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაული სასიამოვნოდ გაატარონ, ამიტომ არ უნდა დაიღალონ სხვადასხვა კერძის კეთებით. ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში მზადებას იწყებს - ნამცხვრებით დაწყებული ცივი და ცხელი კერძებით დამთავრებული. მეზობლები გაოცებულები მიყურებენ ხოლმე, მეკითხებიან, რად გინდა ამდენი რამეო.
ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო დეკორაციები. სახლებისა და მოლების მორთვას სექტემბრიდან იწყებენ. პატარ-პატარა დეკორაციებით საშობაო ქალაქებს აწყობენ. შობას ყველაზე მნიშვნელოვანი სუფრაზე სანთლებია. მეკვლეობის ტრადიცია არა აქვთ. მათთვის აუცილებელი პირობაა, რომ 24 დეკემბრის ღამეს ანუ შობის დადგომას, ოჯახი მარტო შეხვდეს, ხოლო მეორე დღეს, 25 დეკემბერს, ბებია-ბაბუებთან მიდიან, სადაც ბებიის მიერ ღუმელში შემწვარ საქონლის ფეხს ან ნეკნს და პუდინგ "მალვას" შეექცევიან.
- ფეიერვერკები არ იციან?
- არა, ჩემი მეუღლე ამბობს ხოლმე, რა ლამაზი ფეიერვერკები იციან ბათუმსა და თბილისშიო. პატარა შუშხუნები აქვთ, რომლებიც ორი მხრიდან უნდა გასწიო და შუა ნაწილიდან პატარა საჩუქარი ამოვარდება. ამ შუშხუნებს ძალიან დიდი ხნის ისტორია ჰქონია, "გუგლის" არსებობამდე სამხრეთაფრიკელები სწორედ ამ პატარა შუშხუნებზე დატანილი ბარათებიდან იგებდნენ საინტერესო ფაქტებს.
- სურვილების ჩაფიქრების ტრადიციაც არა აქვთ?
- სურვილების ჩაფიქრების ტრადიცია არა. საახალწლო რეზოლუციები - ასე ეძახიან ფურცელს, რომელზეც მთელი წლის გეგმებს წერენ. მაგალითად, წელს უნდა ვისწავლო ერთი უცხო ენა, უნდა წავიკითხო წიგნი, უნდა გავზარდო ჩემი შემოსავალი 5%-ით და ა.შ. 2014 წლიდან სურვილების ჩაფიქრების ნაცვლად რეზოლუციებს ვწერ.
სხვათა შორის, როგორც საქართველოში, აფრიკაშიც ორჯერ აღვნიშნავთ შობას. კერძები აფრიკულიც გვაქვს და ქართულიც. ქართულ კერძებს მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ. მაგალითად, ტოლმა ერთად შევახვიეთ, გოზინაყიც გავაკეთეთ და ძალიან კარგი გამოგვივიდა. რაც შეეხება აფრიკულ კერძებს, არის ასეთი ტრადიციული კერძი, ბობოტი, რომელიც საქონლის ფარშით, ყვითელი ბრინჯის გარნირით, კვერცხითა და ქარის სოუსით მზადდება და ღუმელში ცხვება. აქაური წესის მიხედვით, სუფრაზე უნდა იყოს 5-6 სახეობის სალიამი, ყველი, ცივად მოხარშული ხორცი. სხვათა შორის, წელს პირველად შევწვით მწვადი.
- თქვენს მეუღლეს თუ მოსწონს ქართული კერძები?
- კი, მაგრამ არ მოსწონს, როდესაც ბევრს ვაკეთებ, იმდენი კერძი რატომ უნდა გააკეთო, რომ ვერ მოერიო და გადაყაროო. თუმცა, ძალიან უყვარს, როდესაც ჩემს ქართულ სამზარეულოს სიამოვნებით შეექცევიან მისი მეგობრები.
- როგორ გაიცანით თქვენი აფრიკელი მეუღლე?
- ჩემი აფრიკელი მეუღლე საქართველოში გავიცანი. 2010 წელი იყო, მაგისტრატურას ვამთავრებდი და პარალელურად მოსწავლეები მყავდა ინგლისურ ენაში. "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროექტის ფარგლებში საქართველოს ინგლისურენოვან მასწავლებელთა ჯგუფი ესტუმრა, მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ და საჯარო სკოლებში ასწავლიდნენ. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც. ჩვენ გახლდით მისი მასპინძელი ოჯახი კახეთში. ენდი მალევე წავიდა საქართველოდან, თუმცა სოციალური ქსელის საშუალებით მუდმივად ვწერდით ერთმანეთს. ეს მიწერ-მოწერა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
აფრიკაზე კარგი წარმოდგენა არ მქონია, თუმცა ვიცოდი, რომ სამხრეთი აფრიკა ყველაზე განვითარებული ქვეყანაა ამ კონტინენტზე და ასეც აღმოჩნდა. აქ ძალიან თბილი ხალხი დამხვდა, მრავალფეროვანი ეთნიკური წარმომავლობის, სადაც ოფიციალურად 11 სახელმწიფო ენაა. ძირითადი მოსახლეობა ზულუს და ქოსას ტომია, ასევე ჰოლანდიიდან ჩამოსულები, რომლებიც ცალკე აფრიკანელ რასად ჩამოყალიბდნენ. ასევე შეხვდებით პორტუგალიელებს, ბერძნებს, ინდოელებს, აფრიკის კოლონიზაციის დროს ჩამოსული ევროპელების შთამომავლებს. სამხრეთ აფრიკაში დამხვდა ულამაზესი ლანდშაფტები, თვალუწვდენელი მდელოები, ორ ოკეანეს შორის მოქცეული ქვეყანა, ტურიზმის დიდი პოტენციალით, თბილი კლიმატითა და გრძელი მზიანი დღეებით. ჩემი მეუღლის წინაპრები დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ ჰოლანდიიდან სამხრეთ აფრიკაში. მამა ჰოლანდიელი ჰყავს, დედა კი ცნობილი გერმანული გვარის წარმომადგენელია.
- როგორი ტრადიციებითა და კულტურით ზრდით შვილებს?
- ქრისტიანულად, არ ვკარგავ მნიშვნელოვან ქართულ ტრადიციებს. ორივე ჩვენს მშობლიურ ენებს ვასწავლით და თანაბრად ვართ ჩართული მათ განათლებასა და განვითარებაში. ბავშვებს ვუნერგავ მშობლებისა და უფროსების პატივისცემას. ხასიათზე რომც არ იყოს, ვალდებულია გაიღიმოს და უფროსს მიესალმოს, მოიკითხოს. ეს არ უნდა ხდებოდეს ნაძალადევად, ამის მაგალითს მშობლები უნდა ვაძლევდეთ. მთავარი ბალანსის დაცვაა, ჩემს ქართულ სიმკაცრეს, მტკიცე ხასიათს მეუღლე ანეიტრალებს და ცდილობს ბავშვებს უფრო მეტი თავისუფლება მისცეს.
- აფრიკაში აბორიგენების და შემდეგ ჩამოსული ხალხის ურთიერთობა როგორია?
- 1994 წლამდე მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკაში იყო აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერის მიხედვით, წლების შემდეგ კი მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ნელსონ მანდელას სათავეში მოსვლის მერე ფერადკანიანებმა თავიანთი მიწები დაიბრუნეს და თეთრკანიანების შევიწროება დაიწყეს. ბოლო 17 წლის განმავლობაში რასობრივ ნიადაგზე 3 000 ბური მოკლეს, რის გამოც ისინი 22 ქვეყანაში გაიფანტნენ. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა მაინც ღარიბულად ცხოვრობს და თეთრკანიანებს ჰყავთ დასაქმებული. დღეს მოსახლეობის ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს, რომ კონფლიქტური სიტუაცია იშვიათად იყოს. ბავშვები ერთად სწავლობენ სკოლებში, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ... ის, რაც აერთიანებთ, არის რაგბი. მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს. სხვათა შორის, წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
- მაგრამ, ალბათ, რაღაც მაინც არის თქვენთვის მიუღებელი.
- ფერადკანიანთა კულტურაში არსებული რამდენიმე სტიგმა. მაგალითად, აიფონი თუ არა გაქვს და ბრენდულ სამოსში არა ხარ გამოწყობილი, ოქროს სამკაულები თუ არ გიკეთია, არაფერს წარმოადგენ. სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება საქართველოშიც მაღიზიანებდა. ბევრი საერთო ვიპოვე ქართველებსა და სამხრეთაფრიკელ ფერადკანიანთა შორის. მაგალითად, ფერადკანიანებს არასოდეს არსად ეჩქარებათ, ჩართავენ ე.წ. აფრიკულ დროს და უნდა ელოდო მოთმინებით. ეს ჩემთვის გამაღიზიანებელია, გამეფებულ კორუფციაზე რომ არაფერი ვთქვა... ძალიან მომწონს სადა და უბრალო ჰოლანდიელები, რომლებიც სხვის მოსაჩვენებლად არაფერს აკეთებენ. ისინი ქმნიან თავისუფალ და კომფორტულ გარემოს ურთიერთობისთვის. სამხრეთ აფრიკაში ჩამოსულმა ჰოლანდიელებმა, იმავე ბურებმა, რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა განვლეს, სანამ საკუთარ დასახლებებს შექმნიდნენ და ცალკე აფრიკანელ რასად ჩამოყალიბდებოდნენ. მათ უწევდათ როგორც ადგილობრივ ტომებთან, ასევე ბრიტანეთის უზარმაზარ იმპერიასთან გამკლავება. ეს დაპირისპირება ისტორიაში შესულია ანგლო-ბურების ომით. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სამხრეთ აფრიკის სათავეში ფერადკანიანთა მმართველობაა და თეთრკანიანები დიდი უფლებებით არ სარგებლობენ, მათ განავითარეს ძალიან ძლიერი კერძო სექტორი. სახელმწიფოს გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას და თვითონ აგვარებენ ყველა პრობლემას. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ელექტროენერგია გრაფიკით მოგვეწოდება. ბურებმა ყველა სახლის სახურავზე მზის ენერგიის პანელები დააყენეს და არ ელოდებიან, სახელმწიფო როდის მიაწვდით ელექტროენერგიას, უფრო მეტიც, მათ იმხელა მზის ენერგიის ჰაბი შექმნეს, სახელმწიფომ მათგან დაიწყო ელექტროენერგიის ყიდვა. ბურები დაზიანებული გზების მშენებლობასაც საკუთარი სახსრებით ახერხებენ. აქ საჯარო სკოლები უფასოა, თუმცა სკოლის საბჭოს ინიციატივით ვიხდით მინიმალურ გადასახადს, რათა სკოლაში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ძალებით იქმნიდე პირობებს ქვეყანაში და სახელმწიფო რას გაგიკეთებს, არ ელოდებოდე. ვფიქრობ, გასათვალისწინებელი პრაქტიკაა ჩვენი ქვეყნისთვის.
- ქართველები თუ არიან აფრიკაში და აფრიკელებმა რა იციან საქართველოს შესახებ?
- სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, პრეტორიაში, არის სამხრეთ აფრიკის საელჩო, სადაც ხშირად ვხვდებით ქართველები ერთმანეთს. აქ ქართველები, ძირითადად 90-იან წლებში ჩამოვიდნენ, აქვთ საკუთარი სახლები და წარმატებული ბიზნესები, უმრავლესობა ცნობილი ექიმია.
ხათუნა ბახტურიძე