"ბათუმში შევამჩნიე, რომ მამაკაცები ქალებს დიდ პატივს სცემენ. რესტორანში მოკლე კაბითა და მაღალქუსლიანებით მივედი და არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მომ - კვირის პალიტრა

"ბათუმში შევამჩნიე, რომ მამაკაცები ქალებს დიდ პატივს სცემენ. რესტორანში მოკლე კაბითა და მაღალქუსლიანებით მივედი და არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მომისმენია მამაკაცებისგან"

საქართველოზე შეყვარებული 22 წლის იტალიელი ფლავია პიჩირილო თავისუფლად საუბრობს ქართულად, სახელიც ქართული დაირქვა - მთვარისა, ახლა სურს ისწავლოს ასომთავრული... ფლავია პოლიგლოტია, იცის ექვსი ენა, მეშვიდეს სწავლობს და კიდევ რამდენიმეს შესწავლას აპირებს. ის იტალიიდან გვესაუბრა, თუ რატომ გრძნობდა საქართველოში თავს როგორც სახლში...

- დავიბადე და გავიზარდე სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარში. ბავშვობიდან მიყვარდა სწავლა, ორი წლის ასაკში დედაჩემმა ინგლისური ენა შემასწავლა, მას შემდეგ შემიყვარდა უცხო ენები...

- პირველად საქართველოს შესახებ როდის გაიგეთ?

- ბალეტის ყოფილი მოცეკვავე ვარ და ნინო ანანიაშვილის იტალიაში ჩატარებული მასტერკლასის შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში მესწავლა. 2017 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი, მაგრამ მიზეზთა გამო მალე სამშობლოში დავბრუნდი.

საქართველო ერთი ნახვით შემიყვარდა. როცა თბილისში ვიყავი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში... ჩემს ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობს, დღეს ბევრთან ვმეგობრობ, იტალიურს ვასწავლი ქართულ ასოციაციაში. ჯანმრთელობის პრობლემის გამო დიდი ხანია აღარ ვცეკვავ, მაგრამ ქართველების დახმარებით მივხვდი, რომ მუსიკის ნიჭი მაქვს. არასდროს მიფიქრია სიმღერა პროფესიონალურად გამეგრძელებინა. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ქართველების ღონისძიებებში მონაწილეობა და ერთ დღეს ქართულის შესწავლა გადავწყვიტე. ეს ქართველი ხალხის ჩემს სიმღერაზე რეაქციამ გადამაწყვეტინა. ძალიან გამიჭირდა, რადგან ქართული და იტალიური გრამატიკა განსხვავებულია. საბოლოოდ დავამუღამე, ვფიქრობ, პრაქტიკაც დამეხმარა. ძალიან მიყვარს ქართული დამწერლობა, ახლა მსურს ასომთავრულის შესწავლა.

- რით იყო საქართველო თქვენთვის ამდენად შთამბეჭდავი?

- ძალიან მომეწონა საქართველოს არქიტექტურა, ეკლესიები, სხვადასხვა ძეგლი... ჰაერიც, ცაც სხვანაირია. ქართული სამზარეულოც ძალიან მომეწონა, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა ხომ საოცრებაა.

- საქართველოს სხვადასხვა კუთხეც მოიარეთ?

- დიახ, ერთი დღით მცხეთაში, სამი დღით კი ბათუმში ვიყავი... მცხეთაში ბევრი რამ გავიგე საქართველოს ისტორიის შესახებ, რადგან ძველი დედაქალაქია. რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა სვეტიცხოველი. ბათუმი სულ სხვანაირი ქალაქია, უფრო თანამედროვე, დუბაისა და ნიუ-იორკს ჰგავს. ბათუმში შევამჩნიე, რომ მამაკაცები ქალებს დიდ პატივს სცემენ. რესტორანში მოკლე კაბითა და მაღალქუსლიანებით მივედი და არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მომისმენია მამაკაცებისგან.

- რატომ აირჩიეთ ქართული სახელი?

- ჩემი ნამდვილი სახელი ქართულად სასაცილო გამოდის, ამიტომაც ქართული სახელი ავირჩიე. პირველად მედეა დავირქვი, რადგან მითოლოგიას უკავშირდება. შემდეგ ნაცნობმა შეცდომით მთვარისა დამიძახა და ვიფიქრე, რომ ეს სახელი უფრო მიხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელი ავირჩიე, ქართველებში ცნობილი ვარ როგორც ფლავიკო.

- ახსენეთ, რომ იტალიაში ბევრი ქართველი მეგობარი გყავთ...

- დედაჩემი უცხოელებთან ბინადრობის ნებართვის აღებაზე მუშაობდა და აღმოვაჩინე, რომ ქალაქ ბარში ძალიან ბევრი ქართველია. საქართველოდან რომ დავბრუნდი, ქართველებმა დიდი სიყვარულით მიმიღეს. ძალიან გაუხარდათ, ბევრ ქვეყანას შორის საქართველო რომ ავირჩიე. ჩემს დახმარებას ყველანაირად ცდილობდნენ. მათთან ერთად დავდიოდი რესტორნებში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, რათა არ მეფიქრა მომხდარზე, პრობლემებზე... ქართველებთან ყოფნამ ჩემზე დადებითად იმოქმედა, უფრო შემიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. ბევრი რამ ვისწავლე ქართული ფოლკლორის შესახებ. ძალიან მინდა ვისწავლო ფანდურის დაკვრა. გამორჩეულად მიყვარს ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა... მომწონს, თითოეულ რეგიონში რომ განსხვავებული ტრადიციებია (პრინციპში იტალიაშიც ეგრეა)... საქართველოს ისტორიით კიდევ უფრო დავინტერესდი. ახლა საკუთარი ბლოგი მაქვს, სადაც სტატიებს ვწერ საქართველოს ისტორიის შესახებ, მაქვს საავტორო სიმღერები, ერთ-ერთი ორ ენაზე დავწერე, იტალიურ-ქართული რეპია უპასუხო სიყვარულზე. სიმღერას ჰქვია "შორს ხარ", რომელსაც იუთუბზე შეგიძლიათ მოუსმინოთ... ქართველები ძალიან მეხმარებიან საკუთარი თავის პოვნაში, განვითარებაში, ამიტომ ვთვლი, რომ მეც ქართველი საზოგადოების ნაწილი ვარ.

ee75e9ad-8ad4-46d6-a7da-b74e7ebf90fd-1737308135.jpg

- ხელოვნებას აღარ გაჰყევით?

- ვინაიდან ქართული ემიგრაციის პრობლემებით დავინტერესდი, ამიტომაც გადავწყვიტე იურიდიულ ფაკულტეტზე მესწავლა. ახლა მეოთხე კურსზე ვარ, მომავალ წელს დავამთავრებ. ჩემი ოცნებაა საელჩოში მუშაობა, მით უმეტეს, თბილისის საელჩოში.

- თქვენს მშობლებს მოსწონთ თქვენი განსაკუთრებული სიყვარული საქართველოს მიმართ?

- ჩემს მშობლებს უყვართ საკუთარი კულტურა, მაგრამ ასევე უყვართ სხვა ქვეყნებისაც. დედაჩემი სამ ენაზე საუბრობს, ბევრი უცხოელი კლიენტი ჰყავს, მამაჩემი კი ახალგაზრდობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მშობლები ძალიან ბედნიერები არიან, რომ შევისწავლე ისეთი რთული ენა, როგორიც ქართულია.

- როგორც ვიცი, ხატავთ კიდეც...

- დიახ, მუსიკას ვწერ, ვხატავ... დედაჩემის ბიძა მხატვარია, მან მასწავლა ხატვა. ჩემი საყვარელი მხატვარია მონე, ცხადია, ფიროსმანის ხელოვნება ძალიან მიყვარს და კარანტინის დროს ფიროსმანის "მეთევზე" დავხატე...

- ახალ წელს ქართულ სუფრაზე ყოფილხართ?

- ახალ წელს საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი სხვადასხვა ტრადიციის შესახებ. რაც შეეხება ქართულ საახალწლო კერძებს, თითქმის ყველაფერი გასინჯული მაქვს. მომზადებაც კი ვცადე, მაგრამ ის ინგრედიენტები გამოვიყენე, რაც იტალიაში იყიდება და ამიტომ მგონია, რომ საქართველოში ამ კერძების გემო უკეთესია.

3a0e1d32-11f1-45de-a141-450efd98f1d9-1737308135.jpg

- რომელი კერძები მოამზადეთ?

- მე და ჩემმა მეუღლემ ხაჭაპური გამოვაცხვეთ, ქართული ყველის ნაცვლად მოცარელა და გალბანინო გამოვიყენეთ.

მინდა ვცადო გოზინაყის მომზადებაც. სხვათა შორის, გოზინაყის მსგავსი დესერტი ჩვენც გვაქვს ცროცცანტე (ხრაშუნა) ჰქვია. ნიგვზის ნაცვლად ნუშით მზადდება... ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვარ, ამიტომ ქართულ სუფრაზე ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან საინტერესო ტრადიციები გაქვთ, მაგალითად, ბედობა, რომელიც ძალიან მომწონს. იტალიელებს ერთი სახალისო ტრადიცია გვაქვს: ახალი წლის ღამეს ერთმანეთს წითელ საცვლებს ვჩუქნით. თუ ამ საცვლებს მთელი ღამე ჩავიცვამთ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება ფული და იღბალი.

- საუბრის დასასრულს რას ეტყვით ქართველებს?

- ერთი კითხვა მაქვს ემიგრანტებთან: რატომ აირჩიეთ იტალია და რა მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში?

- ამბობენ, რომ ხასიათით ვგავართ ერთმანეთს.

- დიახ, მაგრამ განვსხვავდებით კიდეც, მენტალიტეტი გვაქვს განსხვავებული. საქართველოში უფრო ტრადიციული ხალხია, რაც დასაფასებელია. ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს.