ე.წ. ამერიკული საქმე, ანუ ხევსურთა საბედისწერო შეცდომა - კვირის პალიტრა

ე.წ. ამერიკული საქმე, ანუ ხევსურთა საბედისწერო შეცდომა

ამერიკა კეთილდღეობის გარანტად ქართველმა საზოგადოებამ ბევრად ადრე აღიარა, ვიდრე ქართულმა პოლიტიკამ. ამისთვის შეგვიძლია ქართველი ოქროსმაძიებლები ან თუნდაც გურული ცხენოსნები გავიხსენოთ. ასევე ცნობილია, ხევსურთა ე.წ ამერიკული საქმე - 1936 წელს დაწერილი ხევსურთა წერილი ამერიკის მთავრობისადმი, რომელსაც რელიგიისა და კერძო საკუთრების დაცვაში დასახმარებლად, ბოლშევიკების განსადევნად მიმართეს: "ბოლშევიკები გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრი ნალოგების გამორთმევა. მოდიან ხშირად, გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სულ არ დავიხოცებით მთელი ხევსურეთი, თანახმა არ ვიქნებით. მართალია, იარაღი კი არა გვაქვს, მაგრამ ხმლითა და ხანჯლით უნდა ვიომოთ მაგრად. ამერიკას გთხოვთ დიდი თხოვნით, ძლიერი სახელმწიფო ხართ მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწიეთ", - ეწერა წერილში, რომელიც საბჭოთა არქივების გახსნის შემდეგ იპოვეს. საბჭოთა დიქტატურისა თუ პროპაგანდის მიუხედავად, მთაშიც მშვენივრად იცნობდნენ ამერიკულ ღირებულებებს. თუმცა ხევსურებმა წერილის დაწერით მაინც საბედისწერო შეცდომა დაუშვეს: საბჭოთა იმპერიის ბოროტების მასშტაბი ვერ გაითვალისწინეს, რასაც შეეწირნენ კიდეც. ამ ხევსურთა შორის იყო დათვია ლიქოკელი - ხევსურეთის ეროვნული გმირი. დათვია ლიქოკელის შთამომავალი,­ გოგი ლიქოკელი, ათეული წლების განმავლობაში იცავდა ხევსურეთის საზღვარს რუსეთისაგან. ის ხევსურეთში, ბარისახოში ცხოვრობს, საიდანაც ე.წ. ამერიკული საქმის ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე მოგვითხრობს:

- ბატონო გოგი, თქვენ ბრძანდებით იმ ადამიანის შვილიშვილი, რომელიც დაუძინებლად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას და შეეწირა კიდეც, უფრო სწორად, ემსხვერპლა­ ე.წ. ამერიკულ საქმეს, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, სხვაზე მეტი იცით. საგულისხმოა, რომ ხევსურები საუკუნის წინ ირჩევდნენ ამერიკულ ორიენტაციას.

- ძლიერი სახელმწიფოს იმედი რომ უფრო უნდა გვქონდეს, ვიდრე ბოგანოსი,­ ეს რა გასაკვირია და ხევსურებისთვისაც ნათელი იყო. ამიტომაც დაიწერა ის წერილი, რომელმაც იმსხვერპლა კიდეც მისი შემდგენლები. ბედისწერაა, რომ თითქმის საუკუნის თავზეც იგივე თემა გვაქვს სამსჯელო. ერთ რამესაც დაბეჯითებით ვიტყვი:­ ჭკუათამყოფელი კაცი, რა თქმა უნდა, ძლიერს უნდა დაეყრდნოს, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ჩვენ - დახმარება­ გვინდა, საკუთარი თავის პატრონობა და შრომა კი არა. მუდამ ფოჩიანი კანფეტების შემყურე ვართ და შრომა­ გვიჭირს. სხვათა შორის, როდესაც ხევსურები ამერიკას დახმარებას სთხოვდნენ, იმას კი არ სწერდნენ, მხოლოდ დახმარება გვჭირდებაო, არამედ უთანხმდებოდნენ, თუ დაგვეხმარებით, თქვენთან ერთად ჩვენც ვიბრძოლებთო. მე თუ მკითხავთ,­ რაიმის იმედი გაქვსო? გიპასუხებთ, კი, მაქვს, იმიტომ, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, საქართველო საკუთარი­ შვილივით და ზოგჯერ იქნებ შვილზე მეტადაც გვიყვარს, როცა თავს ვწირავთ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ სად ვართ, სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ, მასზე ფიქრი მუდამ დაგვდევს. ისიც ხომ ვიცით, რომ უმეტესობას სამშობლოს დატოვება სიკვდილივით გვიჭირს, მაგრამ ცხოვრება­ გვხდის იძულებულს.

პაპაჩემმა დათვიამ სულაც სიკვდილი­ არჩია სამშობლოს დატოვებას. პაპა ქაქუ­ცას­ რაზმელი იყო, მის გვერდით ებრძოდა­ ვეებერთელა სახელმწიფოს, რომელიც­ სისხლში ახრჩობდა მოწინააღმდეგეებს. 1922 წელს ხევსურების აჯანყებასაც მეთაურობდა, რის გამოც ბოლშევიკები მოსაკლავად დასდევდნენ. ამიტომაც ეუბნებოდა ხალხი, საზღვარგარეთ გაგაპარებთ, წადი, თავი გადაირჩინეო. მაგრამ ვერ დატოვა ქვეყანა და ისე იცოცხლა, სულ ბოლშევი­კების ნასროლ ტყვიას ელოდა, ვიდრე მართლაც არ ესროლეს და მოკლეს. პაპა 1936 წელს დაიჭირეს სწორედ ამერიკელებთან მიწერილი წერილის საქმეზე, 17 ხევსურთან ერთად აიყვანეს. დაპატიმრებული­ ხალხიდან 14 ჩვენი, ლიქოკელის გვარის იყო. მათგან არც ერთი არ გამოსულა ციხიდან ცოცხალი.

gerena-1737311244.jpg

- ხევსურთა წერილი ეპოქალური აღმოჩნდა. მისი ასლი 2006 წელს სიმბოლურად გადაეცა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. როგორ მოხდა, რომ ხევსურებმა მაშველს ამერიკაში დაუწყეს ძებნა, ან რატომ ჰქონდათ იმედი, რომ ამერიკა დაეხმარებოდა?

- მეორე მსოფლიო ომამდე, ვიდრე ამერიკასთან ურთიერთობას გაწყვეტდნენ, ბოლშევიკებს, ასე თუ ისე, კონტაქტები ჰქონდათ ამერიკასთან. მთაშიც ადიოდნენ ამერიკელი ტურისტები. ინფორმაციის და კონტაქტების სრული შეწყვეტა არავის შეუძლია, ვერც ბოლშევიკებმა შეძლეს, თანაც ამერიკიდან ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იწერებოდნენ გურულები, რომლებიც ამ წერილამდე მრავალი ათეული წლით ადრე გაემგზავრნენ ამერიკაში. ეს ხალხი წერილებში აღწერდა ამერიკის სიმდიდრესა­ და ძლიერებას და ცხადია, ეს ხევსურებმაც­ იცოდნენ. თანაც, ვნახოთ, უპირველესად რას ითხოვდნენ ხევსურები­ წერილში - ამერიკელებს სთხოვდნენ კერძო­ საკუთრების დაცვაში დაგვეხმარეთ, ბოლშევიკები მიწას გვართმევენ, კერძო საკუთრებას ანადგურებენო - ანუ ერთ-ერთი­ მთავარი ამერიკული ღირებულების, კერძო­ საკუთრების დაცვას ითხოვდნენ, რაზეც საერთოდ იდგა ამერიკა. ჰპირდებოდნენ, თუ მოგვეშველებით, ჩვენც ტყუილად კი არ ვიქნებით, ვიომებთო.

- წერილი ვისი ინიციატივითაც დაიწერა? ალბათ იცოდნენ, რამდენად სახიფათო საქმეს აკეთებდნენ.

- იცოდნენ და ფრთხილობდნენ კიდეც­. ამ ამბის მოთავე ღერანა ლიქოკელი­ იყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი. მან მშვენივრად იცოდა ინგლისური ენა, თარგმნიდა ქართულად და პირიქით. სწორედ ის თარჯიმნობდა ხევსურეთში ჩასულ ვინმე "ამერიკელ ტურისტს", რომელიც ხევსურებს წერილის ამერიკაში ჩატანას დაჰპირდა. ის კაცი სინამდვილეში საბჭოთა უშიშროების გამომძიებელი იყო, რომელმაც­ მზაკვრულად შეასრულა ბოლშევიკების გეგმა და სახელმწიფოს მოწინააღმდეგე ხევსურები გამოააშკარავა. ეს იყო ინგლისურის ბრწყინვალედ მცოდნე საბჭოთა გამომძიებელი, რომელიც­ ქალთან­ ერთად ჩავიდა ხევსურეთში და იქ სახელმ­წიფოს მოწინააღმდეგეების გამოა­შკარავებამდე დარჩა. როდესაც ხევსურეთში­ ამერიკელი "ტურისტები", ქალი და კაცი გამოჩნდნენ, ცხადია, ღერანას მიაკითხეს თარჯიმნობისა და გაძღოლისათვის. ღერანამ ისინი მთელი დღე ატარა, ბევრი რამ ანახა და ბოლოს, სუფრაზეც მიიწვია. სადაც სასმელმა თავისი ქნა და ხევსურებმა ღერანას პირით "ამერიკელ ტურისტს" თავიანთი გასაჭირი შესჩივლეს. "ტურისტიც" დაჰპირდა, თქვენ წერილი დაწერეთ, მე მაგ წერილს ამერიკაში წავიღებ, იქ დიდი გავლენა მაქვს მთავრობასთან, წერილს გადავცემო.

ხევსურებს ყველაზე მეტად სერგო ორჯონიკიძე სძაგდათ, მას მიაწერდნენ ყველა ბოროტებას და როგორც მე ვიცი, "ტურისტთან" ამაზე ლაპარაკიც იყო. თუმცა წერილში ის დაწერეს, რაც არსებობის შენარჩუნების საფუძვლად მიაჩნდათ, საკუთრებისა და რელიგიის დაცვას ითხოვდნენ. როგორც გადმოცემით ვიცი, ხევსურთა შეკრება დაიწყეს, მხოლოდ ლიქოკის ხეობაში ამისთვის 48 ხევსური შეაგროვეს.

datvis-lkiokeli-cixeshi-1737311244.jpg

- ხევსურთა 1922 წლის აჯანყების სისხლში­ ჩახშობიდან სულ 14 წელი იყო გასული და ხევსურებმა ისევ აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს?

- ასე წერია იმ დოკუმენტებშიც, რომლებიც საბჭოთა არქივების გახსნის შემდეგ აღმოჩნდა. მეამბოხეებში, რა თქმა უნდა, პაპაჩემი დათვიაც იყო, სწორედ მისი და კიდევ ხუცეს მინდია ლიქოკელის ეშინოდა ყველაზე მეტად მთავრობას. პაპაჩემი ხევსური დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის ვაჟი იყო და ეს მის სანდოობას უფრო ამძაფრებდა. ბოლოს ყველანი ერთად აიყვანეს. ღერანა თბილისში, როდესაც "ამერიკელ ტურისტთან" მივიდა, დანარჩენების ადგილსამყოფელიც იცოდნენ. თავად პაპაჩემს მეგობარმა უღალატა, სასმელში დასაძინებელი წამალი გაურია. ასე უგონოდ მიძინებული გაკოჭეს და მილიციას ჩააბარეს. ამ ამბავმა თავზარი დასცა ხევსურებს. თურმე იმას გაიძახოდნენ, მორჩა, წავიდა ჩვენობა ანუ ჩვენი საქმე წასულიაო.

დათვიას აყვანის შემდეგ ქობულოში მისი სახლი გაჩხრიკეს და ვერაფერი სიმდიდრე უპოვეს, იარაღის გარდა. მუდამ მებრძოლი ადამიანისთვის იარაღი კი მწირიც­ იყო: ოთხი ხმალი, ვერცხლის ჩერქეზული ქამარი, ორი უბრალო და ერთიც მოვერცხლილი ხანჯალი, აღვირი, ბინოკლი, ორი სავაზნე; დაჟანგული მაუზერი, ბერდენკის ვაზნები, სულ 89 ცალი. ასე წერია დათვიას ქონების აღწერის ამ დოკუმენტში. იქვე მიწერილია. დოკუმენტზე დათიას ცოლმა თამარმა ხელი არ მოგვიწერაო.

- ლეგენდარული ხევსური დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შთამომავალი ყოფილხართ. მგელიკა ლიქოკელი ლეგენდაა, თვითნა­სწავლ კაცს თავის ქალის 200 ტრეპანაცია ჰქონდა გაკეთებული. მასზე წერდნენ უცხოელი მოგზაურები, მსგავსი არაფერი გვინახავსო.

- მხოლოდ მოგზაურები კი არა, მეცნიერებიც აღტაცებული იყვნენ. სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ძველ დედაქალაქში­, ნამდვილად არის გახსნილი პაპაჩემის სახელობის სამედიცინო კვლევის ცენტრი. ერთხელ ჩემთანაც იყვნენ სტუმრად იქაური­ მეცნიერები. სხვათა შორის, მგელიკა ლიქოკელი მხოლოდ თავზე ოპერაციებით როდი კურნავდა, ბალახებისგან წამლებსაც ამზადებდა. მგელიკამ ბოლო თავის ტრეპანაცია 97 წლის ასაკში­ გააკეთა­ და მალე თავი მოიკლა, როცა შეიტყო, ჩემს შვილს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯაო. ჩვენს სოფელ ქობულოში დღემდე დგას მგელიკა ლიქოკელის სახლი, სადაც პაპაჩემი და მამა-ბიძა დაიბადნენ. პაპაჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემი მამა-ბიძა იმ სახლს გამოარიდეს. მეც ბარისახოში ვცხოვრობ.

- თქვენ თუ გინახავთ პაპის საფლავი?

- ე.წ. ამერიკელთა საქმის განხილვისას პაპაჩემს დახვრეტა მიუსაჯა დუშეთის სასამართლომ და არავინ იცის, სად დახვრიტეს. როგორც გვეუბნებიან, განაჩენი თბილისში აღასრულეს. დანარჩენი 13 ლიქოკელისთვის სასამართლოს დახვრეტა არ მიუსჯია, მაგრამ ციხიდან არც ერთი არ გამოსულა. იმხანად ციხეში ტიფი გავრცელდა, ცხადია, პატიმრების გადასარჩენად ბოლშევიკები არ იზრუნებდნენ, ამიტომ ყველანი ამოწყდნენ.

დარწმუნებული ვარ ის დრო არასოდეს­ დაბრუნდება. თუმცა სიფხიზლე, რომ ქვეყანა­ ისევ ვინემ არ წაგვართვას, ისევე გვჭირდება, როგორც ყოველთვის.