შიში და იმედი - კვირის პალიტრა

შიში და იმედი

ვაშინგტონში 2025 წლის 20 იანვარს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის 47-ე პრეზიდენტად კურთხევის ინაუგურაცია გაიმართება და დონალდ ტრამპი მეორედ გამარჯვებული შეაბიჯებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში...მსოფლიოს უდიდეს ნაწილში დიდი ყურადღებით ელოდებიან, თუ რა პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის ახალი, 47-ე პრეზიდენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, თუ რით დაიწყებს თავის მეორე საპრეზიდენტო საქმიანობას დონალდ ტრამპი.ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგი დაახლოებით ასეთი გახლდათ: დავამთავროთ ძველი ომები, არ დავიწყოთ ახლები და ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით მტრები ერთმანეთს შევარიგოთო.თუ რას გულისხმობდა პრე­ზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, თავადვე გაშიფრა - რუსეთ-უკრაინის ომს ერთ დღეში დავამთავრებო.

ერთ დღეში ვერ, მაგრამ პირველ 100 საპრეზიდენტო დღეში თუ შეაჩერებს ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს?

ის, რომ ტრამპს მართლაც სურს ამ ომის შეჩერება, უპირველესად ამერიკული სტრატეგიული ინტერესებითაა განპირობებული, რასაც ქვემოთ გავშიფრავთ.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ პუტინს ბლიცკრიგი ჩაეშალა და კიევი, ხოლო შემდეგ მთელი უკრაინა, სწრაფად ვერ დაიპყრო, მაგრამ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მრჩევლების უცნაური ქმედებები ამ სამწლიანი ომის განმავლობაში ძალიან ბევრ პრობლემას სწორედ უკრაინის დამცველებს უქმნიდა, იქნებოდა ეს სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდება-არმიწოდებაზე თვეობით ყოყმანი, მათი უკრაინაში გაგზავნის დიდი ხნით დაგვიანება თუ უკვე მიწოდებული ბალისტიკური რაკეტებით აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვა.

იყო და არის დიდი ეჭვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და მის უკან მდგარი ძალზე გავლენიანი პოლიტიკური და ფინანსური წრეები თითქოს რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებით იყვნენ დაინტერესებული, რათა კრემლი ომის ჭაობიდან ვერ ამომძვრალიყო, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორ რუსეთთან წლობით გაგრძელებული ფართომასშტაბიანი ომი უკრაინელებისგან კიდევ მეტი სისხლის გაღებას მოითხოვდა.

3-tra-1737311790.png
რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომით გადაღლილი უკრაინელები როგორც იმედით (იქნებ ეს ომი რამენაირად შეაჩეროს, რომ ამოვისუნთქოთო), ისე შიშით (სულ არ შეგვიწყვიტოს სამხედრო დახმარება და პუტინის საოკუპაციო ძალებს მარტო არ შეგვატოვოსო) ელოდებიან ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებას...

ტრამპს სხვა სტრატეგიული გეგმები აქვს, რომლებშიც უკრაინის ომი არ შედის. ის უფრო გლობალურად განსჯის და ჩინეთთან აშშ-ის შემდგომი სავარაუდო სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება უფრო აღელვებს.

ამიტომაც ტრამპი შეეცდება ყველა ღონე იხმაროს რუსეთ-უკრაინის ომის "გასაყინად", მაგრამ აწყობს კი პუტინს ეს, თუკი მის საოკუპაციო ძალებს საბრძოლო ინიციატივა აქვთ ხელში ჩაგდებული და ფრონტის ხაზს ყოველდღიურად დასავლეთისკენ "მიაჩოჩებენ" უკრაინის ახალ-ახალი მიწების დაპყრობით?

მაშასადამე, თეთრმა სახლმა კრემლს რაიმე განსაკუთრებული უნდა შესთავაზოს, რათა პუტინი დაჰყაბულდეს ფრონტის ხაზის "გაყინვას".

კრემლის მოთხოვნები უკრაინის ფაქტობრივ უპირობო კაპიტულაციას ნიშნავს, მაგრამ თუკი ტრამპი პუტინის ამ სურვილებს გაითვალისწინებს, მოუწევს ოფიციალურ კიევზე ძლიერი ზეწოლა, რაც მთელ მსოფლიოში აღიქმება როგორც პუტინისთვის ძლიერი დათმობა და ეს პრეზიდენტ ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკის დიდ ფიასკოდ შევა მსოფლიო ისტორიაში.

თუკი პუტინი არ დათანხმდება ომის "გაყინვას", მაშინ ტრამპმა უნდა გააგრძელოს და გააორმაგოს ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიისთვის, რის გარეშეც უკრაინელებს ფრონტის ჩამოშლის ძალიან დიდი საფრთხე ელოდებათ, რაც ასევე წამგებიანად აისახება ტრამპის პოლიტიკურ იმიჯზე - ჩასაფრებული დემოკრატები მაშინვე ნიშნის მოგებით აყვირდებიან, ბაიდენმა სამი წელი აბრძოლა უკრაინა, ტრამპმა კი პუტინს დაუთმო ეს ქვეყანაო.

ტრამპს კი წაგება არ უყვარს, ამიტომაც რუსეთ-უკრაინის ომის მალე დამთავრება, ჯერჯერობით ძალიან ძნელი იქნება და ტრამპს პირველ ეტაპზე მოუწევს სამხედრო დახმარების გაგრძელება უკრაინისთვის.

ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე გაილაშქრებს... ტრამპის წახალისებით

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის გამარჯვებამ მსოფლიოში ყველაზე მეტად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაახარა.

ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა არაერთხელ გამოამჟღავნა თავისი კეთილგანწყობა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, იქნებოდა ეს იერუსალიმის მის დედაქალაქად აღიარება და იქ აშშ-ის საელჩოს გადატანა, "ცახალისთვის" მრავალმილიარდიანი ამერიკული სამხედრო დახმარება თუ ისრაელის მთავარი მტრის, ირანელი გენერლის სულეიმანის ლიკვიდაციაზე ბრძანების გაცემა.

ახლაც, როდესაც ტრამპი ბრუნდება აშშ-ის ლიდერად, ისრაელს კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს თავისი მთავარი ჩანაფიქრის, ირანული ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად.

საქმე ის არის, ისრაელმა ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, მოუგო ომი "ჰეზბოლას" სამხრეთ ლიბანში, ხოლო "ჰამასს" - ღაზის სექტორში. ამასთან, მეზობელ სირიაში დამხობილია ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელიც ირანელებს ეხმარებოდა რაკეტებისა და სხვა შეიარაღების "ჰეზბოლასთვის" მიწოდებაში.

ის, რომ ისრაელ-"ჰამასის" შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების დაწყებაზე მიღებულ იქნა სწორედ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ, შემთხვევითი არ არის, ამით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ერთგვარი მეგობრული ჟესტი გაუკეთა სწორედ ტრამპს და არა ბაიდენს - ღაზასა და სამხრეთ ლიბანში ცეცხლი შეწყვეტილია, ახლა დადგა დრო ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივი ძალისხმევით ირანის ბირთვულ ობიექტებზე გავილაშქროთო.

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ისრაელი ყველაზე მეტად სწორედ ირანის ბირთვულ პროგრამას უფრთხის, რადგან ირანს უკვე აქვს ისრაელამდე მისაღწევი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები (რომლებითაც ორჯერ უკვე მიიტანა მასირებული იერიში ისრაელის ქალაქებზე უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან) და რჩება ბირთვული ქობინების დამზადება მათზე დასაყენებლად.

ისრაელის ხელისუფლების შიში კიდევ უფრო გაორმაგდებოდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მოსკოვში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასაც ითვალისწინებს - თუკი მოსკოვი თეირანს გადასცემს ბირთვული ქობინების დამზადების ტექნოლოგიას, ირანს უკვე დაგროვილი აქვს იმ რაოდენობის გამდიდრებული "ურან-235", რომ მაქსიმუმ ერთ წელში გახდეს "ბირთვული ქვეყნების კლუბის" წევრი.

პუტინმა ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ხელშეკრულების გასაფორმებლად შემთხვევით როდი მიიწვია მოსკოვში ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე. ამით ის აშშ-ის ძველ-ახალ პრეზიდენტ ტრამპს სიგნალს აძლევს, რომ უკვე შეიკრა რუსეთ-ჩრდილო კორეა-ირანის სამხედრო-პოლიტიკური ღერძი, რომელიც ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება აშშ-ისა და მთელი ნატოსთვისაც.

ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება, თუ რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი, შეუერთდება პუტინის "ღერძს", თუ ოფიციალური ჩაურევლობის პოლიტიკას გაატარებს აშშ-თან სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე.

ის, რომ ტრამპს ძალიან სურს სი ძინპინის "გადაბირება", ინაუგურაციაზე ჩინელი პოლიტიკური ლიდერის პირადად მიწვევაშიც გამოიხატა - მართალია, სი ძინპინი არ ესტუმრება ვაშინგტონს, მაგრამ ტრამპისთვის პრეზიდენტობის მისალოცად ჩინეთის მაღალი დონის დელეგაციას გზავნის.

აშშ-ჩინეთის შემდგომი ურთიერთობა ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს უახლოეს მომავალში და თუკი ტრამპმა და სი ძინპინმა მეტ-ნაკლებად გაუგეს ერთმანეთს, პუტინი ერთგვარ ოფსაიდში შეიძლება აღმოჩნდეს, მით უმეტეს, თუკი რუსეთი ისევ უკრაინასთან ომის ჭაობში იქნება "ჩაძირული" და მისი ეკონომიკა კვლავ ამ ომის "გამოკვებაზე" დაიხარჯება.